13:19 29 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5071
  • 100 RUB4.4949
  • USD3.1865
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
159610

გურიაში, სოფელ შრომაში ანა კალანდაძემ მეუღლესთან იაკობ კუკასიანთან ერთად მარწყვის ახალი ბაღი გააშენა. ანას და იაკობს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. იაკობი პატრული-ინსპექტორია. ამასთან წყვილი საკმაოდ დიდ მეურნეობას უძღვება.

როგორ გააშენა ცოლ-ქმარმა ბაღი, რა სირთულეებს წააწყდნენ პანდემიის დროს და როგორ ახერხებენ მოსავლის რეალიზებას, ამის შესახებ ანა გვესაუბრა.

ანა კალანდაძე
ანა კალანდაძე

- ჩემი „პროფესია“ მხოლოდ ოჯახში დიასახლისობით შემოიფარგლებოდა, ჩემი მეუღლე კი პატრული-ინსპექტორია. ამ დიდ პასუხისმგებლობას გვინდა ფერმერობაც შევუთავსოთ და უკვე ჩვენს პროფესიად ვაქციოთ.

- მიწის და მცენარეების სიყვარული ბავშვობიდან მოდის?

- ძალიან მიყვარს მცენარეები, ყვავილები. სადაც უცხო და ლამაზ ყვავილს ვნახავდი, ყველაფერი სახლში მომქონდა. მომწონს მათი მოვლა. ახლა კი ჩემ ინტერესებს მარწყვიც დაემატა.

მარწყვის ბაღი
მარწყვის ბაღი

- როდის და რატომ გადაწყვიტეთ მარწვის ბაღის გაშენება?

- ჩვენი და მარწყვის ურთიერთობა დაიწყო 2018 წელს, როდესაც ნაცნობთან ვნახეთ მარწყვის ბაღი. თავიდან გაგვიკვირდა ამ პატარა ნაყოფს რამხელა სარგებლის მოტანა შეეძლო. გადავწყვიტეთ ჩვენც გვეცადა ბედი. დავიწყეთ ფინანსური სახსრების მოძიება და შევუდექით ჩვენი იდეის განხორციელებას.

- მხოლოდ თქვენ და მეუღლე უძღვებით მეურნეობას?

- ბაღს მე და ჩემი მეუღლე მარტო ვუვლით, გასუფთავება იქნება ეს, თუ სხვა ფიზიკური სამუშაო, არასოდეს დამხმარე არ აგვიყვანია. ყველაფერს დიდი მონდომებით და დაუღალავი შრომით ვუძღვებით. იაკობისთვის განსაკუთრებით რთულია, როდესაც 24 საათის განმავლობაში ცდილობს თავის ქვეყანას ემსახუროს, შემდეგ კი გამოუძინებელი და ენერგიაგამოცლილი მოდის და ძალინ დიდი დატვირთვით მუშაობს. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მიწასთან მუშაობა ამშვიდებს და ახალი ენერგიით ავსებს.

მარწყვის ბაღი
მარწყვის ბაღი

- ქალისთვის რთული არ არის მიწაზე მუშაობა?

- ქალისთვის მიწასთან მუშაობა რთულია, თუმცა შეჩვევა იცის ყველაფერმა და როდესაც მიზანი გაქვს და გინდა გეგმა ბოლომდე მიიყვანო, ეს დამატებით ძალას გმატებს.

- რა პირობები უნდა შეუქმნა მარწყვს, როგორ უნდა მოუარო, რომ მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღოთ?

- მარწყვსაც, როგორც ყველა მცენარეს, დიდი ყურადღება და მოვლა სჭირდება. მთავარია მისთვის საჭირო დროს შეწამლო, ნერგი მოაცალო, ბალახისგან გაწმინდო, რასაც ჯერჯერობით ვახერხებთ და ვფიქრობ ხარისხიანი მარწყვიც მოგვყავს, ამას ჩვენი მომხარებელი ადასტურებს.

- რა მავნებლები შეიძლენა გაუჩდეს მარწყვს და სასუქად რა საშუალებებს იყენებთ?

- მარწყვი საკმაოდ სათუთი კენკროვანი ხილია და უამრავი დაავადება თუ მავნებელი უჩნდება. ჩვენ უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს და ყოველთვის მზად ვხვდებით ყველა შესაძლო გართულებას. ყველა დაავადებასთან და მავნებელთან ბრძოლა ხდება ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატებით.

- რამდენად შემოსავლიანია საქართველოში მარწყვის წარმოება?

- მარწყვს დიდი შრომა სჭირდება, თუმცა „უპატივცემულოდ“ არც ის გტოვებს. ზოგადად ვიტყვი, რომ მიწაზე შრომა და სოფლის მეურნეობა ყველაზე მომგებიანი ბიზნესია.

ანა კალანდაძის მეუღლე იაკობ კუკასიანი
ანა კალანდაძის მეუღლე იაკობ კუკასიანი

- როდის იწყება და რა სიხშირით კრეფთ მარწყვს?

- 20 აპრილიდან დავიწყეთ. თავიდან იწყება სამ დღეში ერთხელ, შემდეგ ყველა მეორე დღეს, ახლა უკვე ყოველდღე ვკრეფთ. რაოდენობრივადაც თავიდან 10 კგ, შემდეგ 20, შემდეგ უკვე დღეში 150-200 კგ-ზე უნდა ავიდეს. მთავარია მზიანი დღეები იყოს.

- კორონავირუსის გამო ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა თქვენ საქმინობაზეც იქონია გავლენა?

- ცოტა შევშინდით, თუმცა დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ახლა გაჩერება ნამდვილად არ შეიძლება. მით უმეტეს, ამ პერიოდში ასმაგად საჭიროა მიწასთან კავშირი და მეტი შრომა.

- წელს როგორ მოსავალს ელოდებით და როგორ აპირებთ მარწყვის რეალიზებას?

- წელს 3-4 ტონას ველოდებით. იმის გათვალისწინებით, რომ მარწყვი დიდი რაოდენობით შემოდის  თურქეთიდან და ძირითადად სწორედ თურქული მარწყვი იყიდება, დიდი ბაზარი არ გვეთმობა. სასურველი იქნებოდა პირველ რიგში რეალიზებულიყო საქართველოში წარმოებული მარწყვი. თუმცა გარკვეულწილად უპირატესობას მაინც ვფლობთ, რადგან ეს ქართულია და ჩვენია.

ახლახან შევქმენით ფეისბუქ-გვერდი „გურული მარწყვები“, რომლის საშუალებითაც ძალიან ბევრი მყიდველი მოვიზიდეთ, თუმცა ამ გვერდის შექმნა არ არის ორიენტირებული მხოლოდ გაყიდვაზე, დროდადრო გვინდა ჩვენი გამოცდილება იქნება, თუ რჩევები, გავუზიაროთ დაინტერესებულ და დამწყებ ფერმერებს. მაქსიმალურად შევეცდებით მათ ყველა შეკითხვას გავცეთ პასუხი.

 

მთავარი თემები