13:40 29 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5071
  • 100 RUB4.4949
  • USD3.1865
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
55210

„მე ვთხოვე ხეს, მომიყევი რამე ღმერთზე, და ხე აყვავდა" - როგორ წარმოგიდგენიათ ბენგალიელი პოეტის თაგორის ეს ცნობილი ფრაზა ქართული ასოებით დახატული? ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა ის საკუთარი ფანტაზიით წარმოიდგინა და დახატა.

ეს კალიგრამებია, შეიძლება ითქვას, ლამაზად დაშიფრული და რთულად შესასრულებელი ნახატები...

მარი შილაკაძემ საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. კალიგრამებით, ანუ ასოებით ნახატების შექმნით ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაინტერესდა. მას შემდეგ იმდენად დაოსტატდა, რომ 2016 წელს მოეწყო მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა და იმავე წელს კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.

დღეს სკოლა-ლიცეუმი „ცოდნის“ დაწყებითი კლასის მასწავლებელია და ოცნებობს, რომ კალიგრამებით საქართველოში ბევრი დაინტერესდეს და ის მხოლოდ წარსულის ხელოვნებად არ დარჩეს...

მარი შილაკაძე
Photo: courtesy of Mari Shilakadze
მარი შილაკაძე

- მარი, რატომ დაინტერესდით ასეთი არქაული, ამავე დროს რთული პროფესიით?

- კალიგრაფია მხოლოდ ლამაზად წერას არ ნიშნავს, ასეთი სტილით შესრულებულ ნახატებს კალიგრამები ჰქვია. ყოველთვის მომწონდა სიძველე, რადგან ვთვლი, რომ მას რაღაც ამოუცნობი ძალა გააჩნია. მე თვითნასწავლი ვარ, ხატვაც, ასე თუ ისე, ჩემით შევისწავლე. ერთხელ, უნივერსიტეტში როცა ვსწავლობდი, ჩვენთან ლექციაზე შემოვიდა ახალგაზრდა კალიგრაფი, რომელმაც გვაჩვენა მის მიერ შექმნილი კალიგრამების ნიმუშები. პირველად მაშინ დავინტერესდი და ამ ინტერესის გაღვივება ალბათ სიძველისადმი ჩემმა სიყვარულმა გამოიწვია.

მარი შილაკაძის შემოქმედება
Photo: courtesy of Mari Shilakadze
მარი შილაკაძის შემოქმედება

- პირველი ნამუშევარი რა თემაზე იყო?

- ჩემი პირველი ნამუშევარი, როცა კალიგრამებით დავინტერესდი, იმავე წელს შევასრულე. ის უკვე გაჩუქებული მაქვს. ეს იყო მაცხოვარი, რომელიც მთაზე ადის და ზურგით ჯვარი მიაქვს. საერთოდ, ესა თუ ის ტექსტი, რასაც ვიყენებ, თემატურად აუცილებლად ნახატთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა პოეტის ლექსი, მწერლების ფრაზა სხვადასხვა ნაწარმოებიდან. ამგვარი ნახატების შესაქმნელად იშვიათად, მაგრამ საკუთარ მოსაზრებებსაც ვიყენებ.

მარი შილაკაძის შემოქმედება
Photo: courtesy of Mari Shilakadze
მარი შილაკაძის შემოქმედება

- შეგიძლიათ იმ ფრაზების გახსენება, რომლებიც შემდეგ ასოებით დახატეთ?

- რამდენიმეს ჩამოგითვლით: ერთ-ერთი კალიგრამი მაქვს შექნილი რაბინდრანათ თაგორის ფრაზაზე: „მე ვთხოვე ხეს, მომიყევი რამე ღმერთზე, და ხე აყვავდა", სიყვარულის თემაზე კალიგრამი დავხატე ცნობილი მოსაზრებით „სიყვარული გადაარჩენს სამყაროს", მაქვს ასოებით დახატული ოთარ ჭილაძის ლექსი „მერჩია სულ არ შეგხვედროდი“ და ბევრი სხვა...

მარი შილაკაძის შემოქმედება
Photo: courtesy of Mari Shilakadze
მარი შილაკაძის შემოქმედება

- ტექნიკურად როგორ, რით ხდება მათი ხატვა?

- ძირითადად ვხატავ ადამიანების პორტრეტებს და ბუნების ფრაგმენტებს. ვხატავ ყველაფერს, რაც მელამაზება. ნახატი იქმნება სხვადასხვა ზომის, ფორმისა თუ ფერის ფორმატზე, მასალად ვიყენებ სხვადასხვა ფერის კალამს. შავ ფორმატზე ხშირად თეთრი კალამი და მარკერიც გამომიყენებია. შეკვეთებზე ყოველთვის უარს ვამბობ ხოლმე, თუმცა გამონაკლისის სახით მაინც მომიხდა რამდენიმე პორტრეტის შესრულება.

მარი შილაკაძის შემოქმედება
Photo: courtesy of Mari Shilakadze
მარი შილაკაძის შემოქმედება
 

- სულ რამდენი ნამუშევრის ავტორი ხართ და სად გაიტანეთ ისინი გამოფენაზე?

- სიმართლე გითხრათ, ჩემი ნახატების ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, დაახლოებით ას ნამუშევრამდე მექნება. რაც შეეხება გამოფენას, ის მქონდა ათონის წმინდა მთის სახელობის დარბაზში და საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში.

მარი შილაკაძის შემოქმედება
Photo: courtesy of Mari Shilakadze
მარი შილაკაძის შემოქმედება

- ფსიქოლოგების აზრით, კალიგრაფიით ადამიანი საკუთარ ხასიათს ამჟღავნებს, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს თუ დააკვირდით ამ ფაქტს?

- ვფიქრობ, რომ კალიგრაფიაში ადამიანის ხასიათი მართლა კარგად ჩანს. რაც შეეხება ჩემს მოსწავლეებს, ისინი ძალიან ლამაზად წერენ, ამა თუ იმ თემას თავისი ფანტაზიით, სხვადასხვანაირად აფორმებენ. ვაკვირდები და მახარებს ის, რომ ისინი ამა თუ იმ ნამუშევარს დიდი მოთმინებით ასრულებენ. მიხარია, რომ ჩვენს ლიცეუმში არიან არაქართულენოვანი მოსწავლეებიც, რომლებიც სასწაულად ხატავენ ქართულ ასოებს და ეს ძალიან მახარებს.

მარი შილაკაძის შემოქმედება
Photo: courtesy of Mari Shilakadze
მარი შილაკაძის შემოქმედება

- მომავალში კალიგრამებთან დაკავშირებით რას აპირებთ?

- მომავალში სურვილი მაქვს, რომ გამოვცე ალბომი, სადაც ძველი და ჩვენ დროში შექმნილი კალიგრამებიც იქნება შესული, რადგან არ მინდა, რომ ქართული ასოებით ხატვა მხოლოდ ფურცლებზე და წარსულში დარჩეს. დარწმუნებული ვარ, რომ ლამაზად წერით, კალიგრამებით ადამიანი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს თავისი ანბანის, მშობლიური ენის, უფრო მეტიც, მისი ქვეყნის კულტურის მიმართაც...

 

მთავარი თემები