17:58 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
98140

მაღაროელის ოჯახში დაიბადა. ცხოველები ბავშვობიდან უყვარდა, განსაკუთრებით უპატრონო ძაღლები ებრალებოდა და მათ მიმართ მეტ მზრუნველობას იჩენდა.

მამა სებასტიანე ნეფარიძე ხაშურის დედა ღვთისას მონასტერში მსახურობს. 25 წლის იყო, როცა უფალს მიუძღვნა თავისი ცხოვრება და მონასტერში წავიდა. ცხოველებზე დღემდე ზრუნავს. მას 55 ძაღლი ჰყავს შეფარებული. მამა სებასტიანე, ძირითადად, იმ ძაღლებს იფარებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ქუჩაში დარჩნენ, არიან დაავადებული ან დასახიჩრებული.

მამა სებასტიანე ნეფარიძე
მამა სებასტიანე ნეფარიძე

- დავიბადე ჭიათურის რაიონში, სოფელ შუქრუთში, მრავალშვილიან ოჯახში. ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, ისეთი, როგორც მრავალშვილიან შეჭირვებულ ოჯახს შეეფერება. ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი შრომას და ოჯახს შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი. პატარაობიდან მქონდა უფლის რწმენა და სიყვარული.

- როდის მოხდა თქვენ ცხოვრებაში გარდატეხა, უფლის გზას როდის შეუდექით და რატომ მიიღეთ ბერად აღკვეცის გადაწყვეტილება?

- ყოველთვის მინდოდა მონასტერში წასვლა. დავდიოდი სამრევლო ტაძარში. 25 წლის ასაკში მტკიცედ გადავწყვიტე მონასტერში წასვლა. 2005 წელს რუისისა და ურბნისის ეპარქიაში მივედი. ეს ნაბიჯი უფლის უსაზღვრო სიყვარულმა გადამადგმევინა.

მამა სებასტიანე ნეფარიძე
მამა სებასტიანე ნეფარიძე

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენ გადაწყვეტილებას?

- ოჯახი ჩვეულებრივად შეხვდა ჩემ გადაწყვეტილებას. წასვლისას მხოლოდ დედას ვუთხარი, რომ მონასტერში მივდიოდი. მამამ და დედმამიშვილებმა კი წასვლის შემდეგ გაიგეს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.

- დღეს სად მოღვაწეობთ?

- ამჟამად ვმოღვაწეობ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში, ხაშურის რაიონში, სოფელ წრომში დედა ღვთისას მონასტერში.

მამა სებასტიანე ნეფარიძე
მამა სებასტიანე ნეფარიძე

- როგორც ვიცი, მონასტერში მარტო ცხოვრობთ, რთული არ არის?

- რვა წლის წინ, როცა აქ მოვედი, მხოლოდ ტაძრის ნანგრევები იყო. მის შემდეგ აქ ვცხოვრობ, შეჩვეული ვარ მარტო ყოფნას და უკვე აღარ მიჭირს. როცა უფალი შენ გვერდითაა, რთული და დაუძლეველი არაფერია.

- რა პირობებში გიწევთ ცხოვრება და როგორ უმკლავდებით ყოფით პრობლემებს?

- პირობები არ არის სახარბიელო. არ არის შუქი, არის წყლის პრობლემაც. გზა არის მიწიანი და ხშირად იხრამება წვიმებზე. ამ დროს ვერანაირი ტრანსპორტი ვერ ამოდის.

მამა სებასტიანე ნეფარიძის ძაღლები
მამა სებასტიანე ნეფარიძის ძაღლები

- მიუსაფარ ცხოველებს იფარებთ. დღეს რამდენი ცხოველი გყავთ შეფარებული?

- მამა და დედა ცხოველების უზომოდ მოყვარულები არიან. ეს სიყვარული მეც გამომყვა. უზომოდ მიყვარს ცხოველები. ნებისმიერი ძაღლი მეცოდება, რომელიც ქუჩაში გამოაგდეს და არავინ იცის რა ელის, როდის და როგორ დაასრულებს სიცოცხლეს. თუ სადმე უპატრონო, განწირულ ძაღლს ვნახავ, მომყავს მონასტერში. ამჟამად 55 ძაღლი მყავს.

- რა რაოდენობის საკვები სჭირდებათ?

- ძალიან ბევრი საკვები სჭირდებათ ცუგებს, სულ მცირე, დღეში ორასი ლარის, რაშიც კეთილი ადამიანები მეხმარებიან.

მამა სებასტიანე ნეფარიძე
მამა სებასტიანე ნეფარიძე

- როგორც ვიცი, ვირიც გყავთ...

- კი, ორი ვირი მყავს. სწორედ ისინი მეხმარებიან გადაადგილებაში და ცუგების საკვების ზიდვაში.

მამა სებასტიანე ნეფარიძე
მამა სებასტიანე ნეფარიძე

- როგორ ახერხებთ ცხოველების გამოკვებას?

- კეთილი ხალხის შემწეობით ვკვებავ ცუგებს. მიგზავნიან საკვებს, მირიცხავენ თანხას და ამით  ვყიდულობ ცხოველებისთვის საკვებს, მედიკამენტებს. რაც შეეხება მოვლას, მათ მარტო ვუვლი.

მამა სებასტიანე ნეფარიძე
მამა სებასტიანე ნეფარიძე

- დასნეულებულ, დასახიჩრებულ ძაღლებს იფარებთ. არაერთი ძაღლი გადაგირჩენიათ სიკვდილს. როგორ ახერხებთ მათ მკურნალობას? მატერიალური მხარის გარდა ცოდნაცაა საჭირო, როგორ მიიღეთ ეს ცოდნა?

- დასნეულებული ცუგები ძირითადად კლინიკებში დამყავს, თუმცა ცოტა რამეს ჩემითაც ვახერხებ.

- ყველაზე მეტად რაზე ოცნებობთ?

- რაც ძაღლებს შეეხება, ვოცნებობ, რომ ასე აღარ უწევდეთ ქუჩაში ყოფნა და არ შიოდეთ.

 

მთავარი თემები