13:29 29 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5071
  • 100 RUB4.4949
  • USD3.1865
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
51221

მისი პროფესია ხელოვნებისგან საკმაოდ შორსაა, ერთხელაც ქვეცნობიერში არსებულმა სურვილმა „თავისი გაიტანა“ და 28 წლის ასაკში შემოქმედებითი შიმშილის გრძნობა გაუჩინა...

შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლმა მხატვარმა, ბექა ხუცურაულმა დაუსწრებლად „სახალხო აკადემიაც“ დაამთავრა. კითხულობდა საჭირო ლიტერატურას, უსმენდა და იზიარებდა პროფესიონალების რჩევა-დარიგებებს. დაინტერესდა და შეისწავლა ქვის ხა­ნის კედ­ლის მხატ­ვრო­ბა. ახლა უკვე ღიმილით იხსენებს იმ დროს, როცა სარდაფში ჩადიოდა სახატავად და კონკრეტულ დეტალზე საათობით მუშაობდა. დღეს გამოსახვის კლასიკურ სტილს ანიჭებს უპირატესობას, მისი ნახატები არა ერთ გამოფენაზე იხილეს და მოიწონეს.

ბექა ხუცურაული
ბექა ხუცურაული

„დატვირთული დღის ბოლოს ვზივარ, მინდა დავიძინო, მაგრამ ვერ ვიძინებ, ემოცია არ მაძინებს... მე არ ვიცი როგორ გადავიხდი მადლობას ასეთი ბედნიერი დღისთვის, არ ველოდი ამხელა ამბავს, ამდენ გულშემატკივარს, ამდენ სტუმარს და ჩემ ნახატებზე შეყვარებულ ამდენ ადამიანს... მადლობა ყველას! „- ასე გამოხატა მან ემოცია ერთ-ერთი გამოფენის შემდეგ.

ბექა ხუცურაულის შემოქმედება
ბექა ხუცურაულის შემოქმედება

-ბატონო ბექა, პირველად როდის ირწმუნეთ, რომ მხატვრობა გამოსახვის ის ფორმაა, რითიც საკუთარ სათქმელს იტყვით?

- იცით, ხატვა იმიტომ დავიწყე, რომ უფრო გამეფერადებინა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება და სამსახური მოსაწყენი და ერთფეროვანი არ ყოფილიყო. შესაბამისად, სწორედ სამსახურში, თავისუფალ დროს ვხატავდი ჩვეულებრივი შავი ფანქრით, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ იყო საკმარისი, რადგან ფერების გადმოცემის ძალიან დიდი სურვილი მქონდა. სახლში ვითხოვე პალიტრაზე მორჩენილი საღებავები, თუმცა არ ვიცოდი როგორ უნდა გამეზავებინა, საერთოდ როგორ უნდა დამეწყო. ჩემს სურვილს სახლში სერიოზულად არავინ შეხვდა, ამიტომ დიდი ყურადღება არავის გამოუჩენია. პირველი რამდენიმე ნახატი კრახით დამთავრდა და ამან უფრო დიდი სტიმული მომცა, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ შევძლებდი. ამიტომ რაღაც პერიოდი, ღამით, რამდენიმე საათი სარდაფში ვატარებდი და ერთ კონკრეტულ დეტალზე საათობით ვმუშაობდი, ვიდრე იმას მივიღებდი რაც მინდოდა… ეს ხშირად ძალიან დიდი სიხარულიც იყო და დიდი იმედგაცრუებაც. აი, როდესაც ჩემი ნამუშევრებით სერიოზული ადამიანებიც დაინტერესდნენ, მაშინ მივხვდი, რომ ეს შევძელი. რაც ხატვა დავიწყე, არ მახსენდება დღე, ერთი-ორი შტრიხი მაინც არ დამეხატოს. ახლა უკვე „მოვიწამლე” და ხატვის გარეშე სიცოცხლე მართლა ვეღარ წარმომიდგენია.

ბექა ხუცურაულის შემოქმედება
ბექა ხუცურაულის შემოქმედება

- მხოლოდ კლასიკური სტილით ზეთში ხატვის მანერაა თქვენთვის მისაღები?

-საერთოდ, ბავშვობიდან მიყვარდა კლასიკური სტილის ნახატები, ვფიქრობ, ეს უფრო იმიტომ, რომ თელავში, ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეა იყო ჩემთვის გამორჩეული ადგილი. არასოდეს ვუშვებდი ხელიდან მისი ნახვის შანსს, თითოეულ ნამუშევართან ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული. ვოცნებობდი, რომ სახლში ასეთი ნამუშევრები მქონოდა. იქ ძირითადად კლასიკური სტილის ტილოებია, უნიკალური კოლექცია. ამიტომ დღემდე ვცდილობ მივაღწიო და დავხვეწო ეს სტილი, რაც ძალიან კარგ განწყობაზე მაყენებს. უფრო მოგვიანებით მერაბ აბრამიშვილი აღმოვაჩინე, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ნამუშევრებმა. ბევრი რამ წავიკითხე მისი ხატვის სტილზე, საერთოდ ლევკასის და ტემპერით, აკრილით ხატვის ტექნიკაზე...  რამდენიმე ნამუშევარი მეც შევქმენი მსგავს სტილში, სხვათაშორის რაც დავხატე, დიდი მოწონება დაიმსახურა და თითქმის ყველა გაიყიდა.

ბექა ხუცურაულის შემოქმედება
ბექა ხუცურაულის შემოქმედება

- რისი ხატვა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?

- ძირითადად ვხატავ ბუნებას, სადაც ყველა-ფერია, ესაა ჩემი ინსპირაცია. სხვადასხვა სეზონის პეიზაჟები, ყვავილები უამრავი ფერის, ამ ყველაფრის ხატვა ჩემთვის ძალიან ღირებულია. ყოველდღიურად მეცვლება განწყობა ფერების მიმართ, სხვადასხვა სპექტრს ვირჩევ, ამიტომ საშუალოდ ოთხი ან ხუთი პალიტრა მაქვს ხოლმე გაშლილი, სხვადასხვა გრადაციებით, რადგან ერთი არ მყოფნის. ხშირად ერთი ტილოც არ არის საკმარისი და ერთდროულად ორ-სამს ვხატავ, თუმცა საბოლოოდ დასრულება ყველა მათგანს ინდივიდუალურად ჭირდება.

ბექა ხუცურაულის შემოქმედება
ბექა ხუცურაულის შემოქმედება

-რას ნიშნავს თქვენი ტერმინი „ფერების ომი“?

-ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისათვის, რომ ფერები რაღაც დონემდე შემესწავლა, ეს პროცესი დაუსრულებელია და ახლაც, ყოველდღიურად მიმდინარეობს, არ არსებობს დღე ახალი აღმოჩენის გარეშე. ფერები, იგივე პიგმენტები, რისგანაც შედგება საღებავი, ზოგი ძალიან ძლიერია, ზოგი სუსტი, მათი ერთმანეთთან ურთიერთობით უნდა ეცადო შექმნა ჰარმონია, ეს კი ხშირად ძალიან დიდ დაკვირვებას და სიზუსტეს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებ „ომს”, სადაც ძლიერი „იმარჯვებს“, ეს კი ხშირად აგრესიას იწვევს და ჩემს განწყობაზე ძალიან მოქმედებს.

ბექა ხუცურაულის შემოქმედება
ბექა ხუცურაულის შემოქმედება

- როგორც ვიცი, თქვენთვის ხატვა ფილოსოფიური პროცესია...

-ვფიქრობ, სწორედ ფერების ურთიერთობა ტილოზე, რის საშუალებითაც შეგიძლია მიიღო ნათელი, ბნელი, პოზიტივი, ნეგატივი და საერთოდ განწყობა -ეს ფილოსოფიური პროცესია. ჩემი პირველი ასეთი აღმოჩენა იყო სიკაშკაშის მიღება ტილოზე, როდესაც ვფიქრობდი რაც უფრო მეტ ღია ტონს დავდებდი ტილოზე, მეტად გაკაშკაშდებოდა, თურმე პირიქით, დიდი სიბნელე წარმოაჩენს დიდ სიკაშკაშეს. ეს ალბათ ყველგან ისწავლება, სადაც ხატვას ასწავლიან, მაგრამ ისიც არ ვიცოდი რა უნდა წამეკითხა, რომ გამეგო ეს ყველაფერი გამეგო. საბოლოოდ თვითონ აღმოვაჩინე და ეს აღმოჩენები დღემდე გრძელდება, რაც დიდ ენერგიას მაძლევს. იქიდან გამომდინარე, რომ თვითნასწავლი ვარ, ყოველთვის გულდასმით ვკითხულობ ყველა შეფასებას, სიხარულით ვიღებ შენიშვნას.

ბექა ხუცურაულის შემოქმედება
ბექა ხუცურაულის შემოქმედება

- მათგან ღირებული რომელი გახსენდებათ?

-სწორედ რამდენიმე დღის წინ, ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დაათვალიერა ჩემი ნახატები, მომწერა კონკრეტული მითითება რეფლექსის შესახებ, თეორიულად ამის შესახებ გაგებულიც არ მქონდა, თუმცა ამას პრაქტიკაში ინტუიციით ვიყენებდი და ცოტა მიჭირდა. მითითების შემდეგ რეფლექსის გარდა, დამატებით ბევრ დეტალს სიღრმისეულად გავეცანი, რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემთვის უცნობ ქალბატონს, დავუკავშირდი და მადლობა გადავუხადე. ასეთი კონკრეტული, კომპეტენტური შენიშვნები და მითითებები ჩემთვის ფაქტობრივად „ინვესტიციაა” და ვაფასებ. თუმცა არის ძალიან ბანალური, უბრალო, უფრო საკუთარი თავის წარმოჩენის გამო წარმოთქმული შეფასებები, რასაც ნაკლებ ყურადღებას ვუთმობ და ვცდილობ იუმორში გავატარო.

ბექა ხუცურაულის სახელოსნო
ბექა ხუცურაულის სახელოსნო

-ყველაზე მეტად რომელმა ნახატმა გაგაბედნიერათ, რომელსაც არასოდეს გაყიდით ან  გაასაჩუქრებთ?

-იცით, რამდენად ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ყველა ჩემი ნახატი ემოციის ნაყოფია. უემოციოდ, განწყობის გარეშე, ფერსაც ვერ მივიღებ, არაფერი გამომდის, შესაბამისად ყველა ნახატს თავისი წილი ბედნიერება მოაქვს. გამოვარჩევდი მთავარანგელოზ გაბრიელს, რომელიც გასულ წელს დავხატე, ფერებით და ფორმით თითქოს უფრო ფრესკას ჰგავს. სახის დახატვას მოვერიდე, რადგან კანონიკას ცოდნა უნდა და კურთხევის აღებაც საჭიროა, ამიტომ არ მივეცი თავს უფლება. თუმცა სასწაული ისაა, რომ ყველა, ვინც ნახულობს სახეს თავად ხედავს, ზოგი ამბობს, რომ ბავშვის სახით ხედავს, ზოგი ჭაბუკის, ზოგი კი ზრდასრულის, პრინციპში გასაკვირიც არაფერია, რადგან წარმოსახვაში მთავარანგელოზს ყველა ინდივიდუალურად ხედავს და აღიქვამს. ეს ნახატი ჩემთვის განსაკუთრებულია და არასოდეს გავასხვისებ.

ბექა ხუცურაული
ბექა ხუცურაული

-სად იყო თქვენი ნამუშევრები გამოფენილი?

-რამდენიმე შერეული გამოფენა მქონდა, თბილისობას, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, „რუსთავი-2“-ის ეზოში, 2019 წლის 1 ივნისს, ასევე 2013 წელს თურქეთში, სტამბულში, მხატვართა საერთაშორისო ტრადიციულ გამოფენაზე, სადაც დიპლომიც გადმომცეს. რაც შეეხება პირველ პერსონალურ გამოფენას, 2019 წლის 7-17 ნოემბერს მქონდა ჩემს მშობლიურ ქალაქ თელავში, რომელიც ერეკლე II-ს საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. გამოფენას, ათი დღის განმავლობაში წარმოუდგენლად ბევრი მნახველი ჰყავდა. მაშინ ნამუშევრების ნახევარზე მეტი გაიყიდა, რაც მუზეუმის თანამშრომლების თქმით, უპრეცედენტო იყო. ასევე ვამაყობ და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ორი ნამუშევარი, მუზეუმმა, მუდმივ საექსპოზიციო დარბაზში ცნობილი ქართველი და უცხოელი მხატვრების გვერდით გამოფინა.

ბექა ხუცურაულის შემოქმედება
ბექა ხუცურაულის შემოქმედება

-შთაგონებისთვის თუ აქვს მნიშვნელობა ადგილს, სადაც ხატავთ?

-რათქმა უნდა ადგილს და გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იმ კონკრეტულ ადგილზე, რომელსაც მე „ჩემი კვადრატი” შევარქვი, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და არსად გასვლა არ მინდა, სხვა ადგილზე ადაპტაცია ძალიან მიჭირს. უნდა იყოს აუცილებლად სიმყუდროვე და თბილი განათება. ჩემი დიდი სურვილია, რომ მქონდეს ცალკე სახელოსნო დიდი ფანჯრებით, სადაც უამრავ სტუმარს მივიღებდი. მზე მიყვარს, ის ხომ ყველა-ფერის გამაცოცხლებელია, უხდება ჩემს ნახატებს მზე და თბილი ნათება, თითქოს ცოცხლდება ხეები, ყვავილები, სამყარო...

მთავარი თემები