07:12 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
143130

ქართული ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვის მხატვრულ დამუშავებას. ქვაზე კვეთის ტრადიცია საქართველოში ოდითგანვე არსებობდა და საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა.

ქვაზე კვეთის ქართული ტრადიციის ერთ-ერთი საუკეთესო გამგრძელებელია ლაშა კეკუა. პირველი ნამუშევარი 11 წლის ასაკში შექმნა. მის საჭრეთელს ეკუთვნის არაერთი მნიშვნელოვანი ბარელიეფი, ორნამენტი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე ტაძრებს ამშვენებს.

ლაშა კეკუა
photo: courtesy of Lasha Kekua
ლაშა კეკუა

- დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ქუთაისში. სამი წლის ასაკიდან დავიწყე ძერწვა და ხუთი წლის ასაკში უკვე სრულყოფილად ვძერწავდი ცხოველებსა და ფრინველებს. სწორედ ასეთი ინტერესის გამო მშობლებმა შემიყვანეს ხელოვნების ლიცეუმში, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა გავაგრძელე ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტში „კოლხა“. პროფესიით ვარ მოქანდაკე და ჩემი საქმიანობაც ამ სფეროს უკავშირდება. ვაკეთებ როგორც სხვადასხვა ფიგურების ქანდაკებებს, ასევე ტაძრისთვის ბარელიეფებს, ორნამენტებს და სხვადასხვა დეტალებს. თუმცა დიდი ხნის პაუზის შემდეგ ვცდილობ ჩემი შემოქმედების განვითარებასაც.  

მთავარანგელოზი გაბრიელი
photo: courtesy of Lasha Kekua
მთავარანგელოზი გაბრიელი

- ქვაზე კვეთა როგორ ისწავლეთ, როგორ დაინტერესდით ამ საქმიანობით?

- ქვაზე კვეთა ყოველთვის დიდ ინტერეს იწვევდა ჩემში. ჯერ კიდევ ბავშვობაში, მაშინ რიონის სანაპიროსთან ახლოს ვცხოვრობდით, ხშირად ვიპარებოდი რიონის პირას და ვარჩევდი ქვებს. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ჩემი პირველი ნამუშევარი - ქვაზე შოთა რუსთაველის რელიეფი, რომელიც 11 წლისამ გავაკეთე ჩაქუჩით და სახრახნისით, არაპროფესიული ხელსაწყოებით. ხოლო ჩემი პროფესიული შეხება ქვასთან დაიწყო 2005 წლიდან, როდესაც დავიწყე ტაძრებისთვის ბარელიეფების, ორნამენტების და სხვა დეტალების კეთება. 

11 წლის ასაკში შესრულებული შოთა რუსთაველის გამოსახულება.
photo: courtesy of Lasha Kekua
11 წლის ასაკში შესრულებული შოთა რუსთაველის გამოსახულება.

- მხოლოდ რელიგიური თემატიკის ნამუშევრები გაქვთ?

- არა, ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა თემატიკისაა. არაერთი ქანდაკება თუ დეტალი მაქვს გაკეთებული, თუმცა ძირითადათ მაინც ტაძრის დეტალებზე მიწევს მუშაობა.                       

- რამდენად საინტერესოა ქვის დამუშავების ტექნიკა?

- ქვასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და შრომატევადია, ამავე დროს ძალიან აზარტული. 

შიო მღვიმელის ხატი გურიაში
photo: courtesy of Lasha Kekua
შიო მღვიმელის ხატი გურიაში

- რომელ ტაძრებს ამშვენებს თქვენი ნამუშევრები?

- საქართველოს სხვადასხვა კუთხის სხვადასხვა ტაძრებზე არის ჩემი ნამუშევრები - ქუთაისში, ქობულეთში, რაჭაში, ბოლნისში, გურიაში და თბილისში, ღვთისმშობლის სავანე მახათას მთაზე. 

- მათ შორის რომელი ნამუშევარი მიგაჩნიათ გამორჩეულად?

- ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი ბარელიეფებიდან არის წმინდა შიო მღვიმელის ბარელიეფი, რადგან ამ ნამუშევარში შევიტანე ჩემეული შტრიხები კანონიკური წესების დაცვით.

ასლან მუშკუდიანი და ლაშა კეკუა საკუთარ ნამუშევართან ერთად
ასლან მუშკუდიანი და ლაშა კეკუა საკუთარ ნამუშევართან ერთად

- შედეგით ყოველთვის კმაყოფილი ხართ?

- არა, რადგან ყოველი ახალი ნამუშევარი არის ახალი გამოცდილება და ყოველი ახალი გამოცდილება არის გამოწვევა საკუთარ თავთან უკეთესის ძიებაში.

 

მთავარი თემები