05:47 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
1067 0 0

თავადაც მედიცინის სფეროშია დაკავებული, მაგრამ მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ უწევს. კარგად იცის, რომ ღიმილი ადამიანის სულის გარეგნული ანარეკლია, ამიტომ თავისი მეორე საქმიანობით ცდილობს მათში სასიამოვნო ემოცია გამოიწვიოს.

თექაზე მუშაობა წლების  წინ ისწავლა, მას შემდეგ ამ მასალით არა მარტო აქსესუარებს, თავისი კოლეგების პროტოტიპებსაც ამზადებს. ასევე მუშაობს თიხაზეც და მისი საშუალებით ყოფით ნივთებს სხვა ელფერს აძლევს. ნატო მელანაშვილის ნამუშევრების პირველი გამოფენა წლების წინ, გაგრაში გაიმართა, მეორე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგამოფენო დარბაზში „ვაჩა“ , მესამე, ჯგუფური გამოფენა „ცისფერ გალერაში“ ჩატარდა. ამ უკანასკნელის დროს მან წამოადგინა ხეში ნაკვეთი თამარ მეფე და მის მიერ დახატული „ძველი თბილისი“. რაც შეეხება თოჯინების გამოფენას, შეიძლება ითქვას, რომ მას სოციალურ ქსელებში თითქმის ყოველ დღე „აწყობს“ .

ნატო მელანაშვილის ხელნაკეთი თოჯინები
ნატო მელანაშვილის ხელნაკეთი თოჯინები

- ქალბატონო ნატო, პროფესიის გამო, სხვებისგან განსხვავებით დღეს მუდმივად სახლში ყოფნას ვერ ახერხებთ...

- პროფესიით ექიმი-რეაბილიტოლოგი ვარ. ამჟამად რეზიდენტი ვარ „ნიუ-ჰოსპიტალში“. ექიმის ასისტენტად ვმუშაობ, რადგან სერთიფიკატი ჯერ არ მაქვს. ამ რეჟიმის გამო სახლში ყოფნა ნაწილობრივ მიწევს - ორი კვირა ვმუშაობ და შემდეგი ორი კვირა სახლში ვარ. როდესაც სამსახურიდან მოვდივარ დაღლილი, მაინც ვერ ვისვენებ და თექაზე მუშაობას ვიწყებ. ამით განვიტვირთები ხოლმე და ჩემს ზღაპრულ სამყაროში გადავდივარ. 

ნატო მელანაშვილის ნამუშევარი
ნატო მელანაშვილის ნამუშევარი

- ვიცი, რომ ორი თემატური ნაწარმი შექმენით: ერთია თოჯინა Stay home, მეორე ჭიქა, რომელზეც კორონაა გამოსახული. ისინი მალე ისტორიად იქცევიან...

- ჩემი თოჯინა სახელად „stay home“ ტროლია, რომელიც სუკულენტებზე ზის და მათ „უვლის“ და ყურადღებას „აქცევს“. ხელში ბარი უჭირავს და თან „მუშაობს“. მაქვს თოჯინა „კორონა", რომელიც არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რაღაცნაირად შემომეკეთა...

- როგორია სახლში ჯდომის სიკეთე, ფანტაზიას თუ მიეცა გასაქანი?

-კი, ჩემს ფაანტაზიაზე კარანტინმა გარკვეულწილად დადებითად იმოქმედა. მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა. შესაბამისად სხვადასხვა ნაკეთობა გავაკეთე იმ მასალით, რაც სახლში მქონდა, ესაა-პოლიმერული თიხა და თექა. ჩემი ფანტაზია ახლა შესაბამისად ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასა და ქვეცნობიერში არსებულ ზღაპრულ სამყაროს შორისაა მოქცეული.

ნატო მელანაშვილის ხელნაკეთი თოჯინა
ნატო მელანაშვილის ხელნაკეთი თოჯინა

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდით?

- ბავშვობიდან პლასტიკურ ქირურგობაზე ვოცნებობდი. ზუსტად ვიცი, რომ ეს საქმე კარგად გამომივიდოდა, მაგრამ ოჯახური პირობების გამო მომიწია გადამეხვია ამ გზიდან. ბავშვობიდან ვხატავ, ვძერწავ, ვქსოვ, ვქარგავ. თექაზე მუშაობა ხუთი წლის წინ დავიწყე, მერე ნელ-ნელა თექის თოჯინებზე გადავედი. ჯერ ახლობლების პროტოტიპები გავაკეთე საცდელად, ყოველი შემდგომი თოჯინა უკეთესი გამომდიოდა. პირველად თექის თოჯინა საჩუქრად გავაკეთე, მერე უკვე სერიოზულად წავიდა საქმე და წამოვიდა შეკვეთები, რაშიც ფულს იხდიან.

ნატო მელანაშვილის ხელნაკეთი თოჯინები
ნატო მელანაშვილის ხელნაკეთი თოჯინები

-ამ თექის თოჯინებს პროტოტიპები ჰყავს...

- პროტოტიპებს ხშირად მიკვეთავენ და საჩუქრად გადასცემენ ხოლმე. უცნაური ისაა, რომ ზოგი მთხოვს ხოლმე ჩემგან რომ თოჯინა გააკეთე არ გაამჟღავნოო. თექისგან გია ჯაჯანიძის თოჯინა გავაკეთე, მაგრამ მას არავის ვჩუქნი და სახლში მყავს. სხვათა შორის, როდესაც ეს თოჯინა გამოვფინე ფეისბუკზე ბევრი გია ჯაჯანიძე შემეხმიანა. რადგან ვერ მივხვდი, მათგან რომელი იყო ნამდვილი, ამიტომ გაჩუქებისგან თავი შევიკავე. თოჯინების კეთებას ფიზიკურად ბევრი დრო მიაქვს და შედეგი შეიძლება გვიან დადგეს. თექაზე მუშაობა შრომატევადია, რადგან ნემსი უამრავჯერ უნდა უჩხვლიტო, რათა მშრალი თელვის შედეგად მასალა ქვასავით გახდეს.

ნატო მელანაშვილის ნამუშევარი
ნატო მელანაშვილის ნამუშევარი

- ამას გარდა ამზადებთ თმის ლამაზ სამაგრებსა და ჩანთებს...

-თმის სამაგრებს ვაკეთებ სხვადასხვა მასალით: თექით, ტექსტილის ყვავილებით, პოლიმერული თიხით. ასევე ჩანთებსაც სხვადასხვა მასალით ვაკეთებ: ადრე ვქსოვდი, ეხლა ძირითადად თექის ჩანთებს ვაკეთებ. სხვადასხვა მასალის გამოყენება მიყვარს და სიახლეებს ყველაფერში ვეძებ.

       

- თექისგან გაკეთებული თქვენი ექიმი კონკრეტული პიროვნების ასლია თუ კრებითი სახეა ქართველი ექიმის?

- თექისგან თანამშრომელბი შეკვეთით ჩემი განყოფილების გამგე, თემურ მარღანიას თოჯინა გავაკეთე, ადრე კი ჩვენი კლინიკის დირექტორის გიორგი კორძახიას თოჯინაც. როდესაც ჩემს ნამუშევარს გადასცემდნენ ბატონ თემურს, მას ვიდეო გადაუღეს. ისეთი აღფრთოვანება გამოხატა, რომ მესიამოვნა.

ნატო მელანაშვილის ხელნაკეთი თოჯინები
ნატო მელანაშვილის ხელნაკეთი თოჯინები

- ვიცი, რომ თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ემოციას, რასაც გამოხატავენ ასეთ დროს...

- დიახ, ასეა. დაკვირვებული ვარ, როცა თავის თავს ხედავენ თოჯინად გადაქცეულს, ყველა ბავშვივით ხდება და ეს მახარებს. ამიტომ ყველას ვთხოვ ხოლმე, რომ ასეთ დროს, იქნებ, ვიდეო გადაუღოთ მეთქი. ძალიან მიყვარს ამ ემოციის, ამ სიხარულის ნახვა. მით უფრო ასეთ დღეებში, როცა ყველას მოგვენატრა და დაგვაკლდა დადებითი ემოცია... ზუსტად ვიცი, რა უჟმური და უხასიათოც არ უნდა იყოს პროტოტიპი, თავისი თოჯინის დანახვისას სულ სხვა ადამიანად იქცევა: აენთება თვალები, ბავშვივით ხალისობს და ეს დადებითი ემოცია დიდ ხანს მიყვება..       

მთავარი თემები