სიცოცხლის მეორე შანსი - ქართველი, რომელიც იტალიელებისგან სამადლობელ წერილებს იღებს

© photo: courtesy of Mako Papelishviliმაკო პაპელიშვილი
მაკო პაპელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ იტალიაში მცხოვრებ ლამაზ და ძლიერ გოგოს მაკო პაპელიშვილს, რომელიც ახალი ცხოვრების დაწყებაში ბევრ ადამიანს ეხმარება.

ფარ-ხმალი არასოდეს დაუყრია, უცხოეთში კი საკუთარ თავზე მუშაობა უფრო აქტიურად განაგრძო. კარგად შეისწავლა იტალიური ენა და ტოსკანაში არსებული შშმ პირების ცნობილი ორგანიზაციის - Habilia onlus-ის წევრი გახდა. ქართველმა გოგომ ადგილობრივების ყურადღება მალე მიიქცია და დღეს იტალიელებისგან ბევრ სამადლობელ წერილს იღებს. სპორტდარბაზში აქტიურად ვარჯიშობს, დაკავებულია ცურვით და კალათბურთით, მომავალში აპირებს პორტუგალიაში ჩავიდეს და სერფინგში სცადოს ბედი. კიდევ დამოუკიდებლად დაიწყო ცეკვის სწავლა. კარანტინის პირობებში ვარჯიშს სახლში აგრძელებს...

© photo: courtesy of Mako Papelishviliმაკო პაპელიშვილი
სიცოცხლის მეორე შანსი - ქართველი, რომელიც იტალიელებისგან სამადლობელ წერილებს იღებს - Sputnik საქართველო
მაკო პაპელიშვილი

- მაკო, ჯერ მოგვიყევით იტალიამდე რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში?

- დავიბადე და გავიზარდე საქართველოში. დავამთავრე თბილისის 59-ე საჯარო სკოლა და სწავლა გავაგრძელე კოლეჯში „პანაცეა“. სამედიცინო სფერო ჩემთვის ბავშვობიდან საინტერესო იყო. ახლა 27 წლის ვარ და ადამიანებზე ზრუნვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სწავლის პარალელურად 18 წლიდან ვმუშაობდი, რადგან ფინანსური დამოუკიდებლობა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. სამი წლის წინ ტრავმის შედეგად ხერხემლის მეცხრე და მეათე მალები დამიზიანდა. ორი საკმაოდ რთული ოპერაცია გამიკეთეს, თუმცა ზურგის ტვინის ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა, რის გამოც სიარული ვეღარ შევძელი.

© photo: courtesy of Mako Papelishviliმაკო პაპელიშვილი
სიცოცხლის მეორე შანსი - ქართველი, რომელიც იტალიელებისგან სამადლობელ წერილებს იღებს - Sputnik საქართველო
მაკო პაპელიშვილი

- იტალიაში როგორ და რა მიზნით ჩახვედით?

- საქართველო ძალიან მიყვარს, თუმცა მას შემდეგ, რაც ეტლით მოსარგებლე გავხდი, ცხოვრება ბევრად რთული გახდა ჩემთვის: არ შემეძლო ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილება, მაღაზიაში შესვლა, მეგობრებთან შეხვედრა. ყველგან კიბეები და დაბრკოლებები მხვდებოდა. ჩვენს ქვეყანაში ჩემი ადგილი ვეღარ ვიპოვე. ოპერაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ გადავწვიტე, რომ იტალიაში წამოვსულიყავი, აქ გამეგრძელებინა ცხოვრება და აქვე გამევლო რეაბილიტაციის კურსი. იტალიაში ჩემი წამოსვლის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. აქ დედასთან ერთად ჩამოვედი. თავიდან ძალიან გამიჭირდა: არ მყავდა მეგობრები, იყო ენის ბარიერი. საკმაოდ დაბნეული ვიყავი, თუმცა მალე მოვახერხე ახალ ცხოვრებასთან ადაპტაცია, შევიძინე მეგობრები, გავბედე და დამოუკიდებლად გარეთაც გამოვედი. იტალიელები მხიარული, თბილი და სიცოცხლით სავსე ხალხია. ვეცადე მეც მათსავით ხალისიანი და ბედნიერი ვყოფილიყავი.

© photo: courtesy of Mako Papelishviliმაკო პაპელიშვილი
სიცოცხლის მეორე შანსი - ქართველი, რომელიც იტალიელებისგან სამადლობელ წერილებს იღებს - Sputnik საქართველო
მაკო პაპელიშვილი

- ახლა იტალიაშიც კარანტინია, მოგვიყევით, რომელ ქალაქში ხართ და რა ხდება თქვენ გარშემო?

- ამჟამად ქალაქ პრატოში ვცხოვრობ. დაახლოებით ორი თვეა, სახლში ვარ. ისევე, როგორც ბევრ ქვეყანასა და ქალაქში, აქაც უამრავი შეზღუდვაა. გარეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გავდივართ. ჩემთვის ცოტა რთულია გამუდმებით სახლში ყოფნა. იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი - დავდიოდი სასწავლებელში, დაკავებული ვიყავი სპორტით, შევიძინე ახალი მეგობრები. ასე რომ, ორი-სამი წელი ძალიან დატვითული და საინტერესო ცხოვრება მქონდა, თუმცა არც ამჯერად დამიყრია ფარ-ხმალი, ვარჯიში სახლში გავაგრძელე, დამოუკიდებლად დავიწყე ცეკვის სწავლა, ვცდილობ, რომ სახლის პირობებშიც აქტიური ვიყო.

© photo: courtesy of Mako Papelishviliმაკო პაპელიშვილი
სიცოცხლის მეორე შანსი - ქართველი, რომელიც იტალიელებისგან სამადლობელ წერილებს იღებს - Sputnik საქართველო
მაკო პაპელიშვილი

- იტალიაში მცხოვრებ ბევრ ადამიანს დაეხმარეთ და ბევრი გაამხნევეთ...

- პროფესიით ექთანი ვარ და ამ რთული სიტუაციის დროსაც გამიჩნდა სურვილი, რომ დავხმარებოდი სხვა ადამიანებს. გამუდმებით ვფიქრობდი იმაზე, თუ რა შემეძლო გამეკეთებინა მათთვის, ვისთვისაც ცხოვრება ამჟამად ისეთივე რთულია, როგორიც ჩემთვის იყო პირველად. დარწმუნებული ვარ, თუ თავად არ იქნები ძლიერი, სხვებს ვერ დაეხმარები. ამიტომ დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. ეს ურთულესი გზა იყო, მაგრამ შევძელი უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი, ბედნიერი და თავდაჯერებული გავმხდარიყავი. აქ გავიცანი უამრავი შშმ პირი. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ეტლის რცხვენიათ, სახლიდან არ გამოდიან. ისინი ფიქრობენ, რომ მათთვის აზრი აღარაფერს აქვს, რომ პირადი ცხოვრება არასდროს ექნებათ.

© photo: courtesy of Mako Papelishviliმაკო პაპელიშვილი
სიცოცხლის მეორე შანსი - ქართველი, რომელიც იტალიელებისგან სამადლობელ წერილებს იღებს - Sputnik საქართველო
მაკო პაპელიშვილი

- ასეთი ადამიანების გამხნევება ჯერ სოციალური ქსელის საშუალებით დაიწყეთ და შემდეგ ერთ იტალიურ ორგანიზაციაში გაწევრიანდით, რას წარმოადგენს ის ორგანიზაცია?

- სოციალურ ქსელში შევქმენი გვერდი, რომლის საშუალებითაც ჩემნაირ ადამიანებს ვაჩვენებდი, თუ როგორი დამოუკიდებელი ვარ. მინდა ყველას ვაჩვენო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მინდა დავამსხვრიო ძალიან ბევრი სტერეოტიპი და ხალხი იმაში დავარწმუნო, რომ ეტლთან ერთადაც შეიძლება ბედნიერი იყო. შემდეგ ტოსკანაში არსებული ორგანიზაციის Habilia onlus-ის წევრი გავხდი. ეს ორგანიზაცია საკმაოდ დიდ როლს თამაშობს იტალიაში მყოფი შშმ პირების ცხოვრებაში. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ჩემ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაშიც. ორგანიზაციას უამრავი აქტივობა აქვს შემუშავებული, რაც ეფექტურად მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. იქ გაწევრიანებული ადამიანები ერთმანეთს ვეხმარებით, ვამხნევებთ, სტიმულს ვაძლევთ, ვუზიარებთ საკუთარ მიღწევებსა და გამოცდილებას.

© photo: courtesy of Mako Papelishviliმაკო პაპელიშვილი
სიცოცხლის მეორე შანსი - ქართველი, რომელიც იტალიელებისგან სამადლობელ წერილებს იღებს - Sputnik საქართველო
მაკო პაპელიშვილი

- რით იწყებთ ასეთ ურთიერთობას?

- ჩემი მთავარი მიღწევა ისაა, რომ ვცდილობ, ისინი პირველ რიგში იმაში დავარწმუნო, რომ სახლიდან გამოვიდნენ და ცხოვრება გააგრძელონ. კარგად ვიცი, რა რთულია ერთ დღესაც გაიღვიძო და მიხვდე, რომ შენი ფეხით ვეღარასოდეს გაივლი. კარგად მესმის მათი, ვისაც ღამე ტკივილი არ აძინებს. ზუსტად ვიცი, რამდენი ენერგია და ვარჯიშია საჭირო იმისთვის, რომ ეტლით ცხოვრება ისწავლო. მე ეს გზა უკვე გამოვიარე და მინდა ვუთხრა მათ, ვინც ახლა იწყებს მეორე ცხოვრებას, რომ გაიღიმონ, ისაუბრონ ოჯახის წევრებთან, გავიდნენ მეგობრებთან ერთად და ნუ იქნებიან ჩაკეტილები. მიხარია, რომ უამრავი ადამიანი მწერს ძალიან თბილ წერილებს. ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ ჩემი საქმიანობითა და ცხოვრების სტილით მათ თურმე მომავლის იმედს ვუნერგავ. იტალიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ამ ქვეყანამ სიცოცხლის მეორე შანსი მომცა და სიხარული და ბედნიერება დამიბრუნა...

© photo: courtesy of Mako Papelishviliმაკო პაპელიშვილი
სიცოცხლის მეორე შანსი - ქართველი, რომელიც იტალიელებისგან სამადლობელ წერილებს იღებს - Sputnik საქართველო
მაკო პაპელიშვილი

- სწავლის გაგრძელება თუ შედის თქვენს გეგმაში?

- დიდი გეგმები მაქვს. უკვე საკმაოდ კარგად ვსაუბრობ იტალიურად. სწავლა გავაგრძელე და დიდი სურვილი მაქვს დავიწყო მუშაობა და ფინანსურად დამოუკიდებელი ვიყო. გატაცებული ვარ სპორტით. ამ ეტაპზე დაკავებული ვარ ცურვით, კალათბურთით, დავდივარ სპორტდარბაზში. მინდა სპორტის ბევრ სახეობაში გამოვცადო საკუთარი თავი, ჩემს ყველა უცნობ და ნაცნობ მეგობარს დავანახო, რომ ეტლი სასჯელი კი არა, მშვენიერი აქსესუარია, რომლის წყალობითაც ცხოვრებას ვაგრძელებთ.

- ვიცი, რომ სერფინგის დაუფლებასაც აპირებთ...

- მაქვს ასეთი სურვილი. ამ სიტუაციამდე შშმ პირებთან ერთად წასვლას ვაპირებდი პორტუგალიაში, სადაც სერფინგში უნდა მეცადა ბედი. იმედია, ეს პერიოდი მალე გაივლის და გამგზავრებას მაინც მოვახერხებთ. სამომავლოდ ვაპირებ, რომ სერიოზულად შევისწავლო ცეკვა და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმო ჩოგბურთს. იმედია, ყველაფერი დასრულდება და ყველანი მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს...

- საქართველოში რა გენატრებათ?

- საქართველოში ყველაზე მეტად ოჯახის წევრები და მეგობრები მენატრებიან. მენატრება მათთან გატარებული ბედნიერი დღეები. ვფიქრობ, რომ ოჯახსა და მეგობრებს, რომლებთანაც მთელი ცხოვრება აქვს ადამიანს გატარებული, ვერავინ და ვერაფერი შეცვლის...

ყველა ახალი ამბავი
0