ხუთ ენაზე მოსაუბრე ქართველი ბელგიის კლინიკაში და ვადაგასული საბუთი, რომელსაც ვერ ელევა

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ბელგიაში მცხოვრებ მშვენიერ ქართველ ქალბატონს ნანა ამირიძეს გაგაცნობთ.

ქალბატონი ნანა ბელგიის ქალაქ ბრიუგეში 2000 წლიდან ცხოვრობს. საქართველოში იურისტის პროფესიას დაეუფლა, ბელგიაში კი უკვე 13 წელია, რაც AZ Sint Jan-ის მრავალპროფილიანი სახელმწიფო კლინიკის საოპერაციოს მიმღებში მუშაობს.  

საჭიროების შემთხვევაში შეუძლია თარჯიმნის მოვალეობაც შეასრულოს - ფლობს რუსულ, ფრანგულ, ნიდერლანდურ, თურქულ და ინგლისურ ენებს...

© photo: courtesy of Nana Amiridzeნანა ამირიძე
ხუთ ენაზე მოსაუბრე ქართველი ბელგიის კლინიკაში და ვადაგასული საბუთი, რომელსაც ვერ ელევა - Sputnik საქართველო
ნანა ამირიძე

- ქალბატონო ნანა, თავიდან მინდა გკითხოთ - როგორ მოჩანს საქართველოს სიტუაცია, თქვენი ქართველი კოლეგების საქმიანობა ბელგიიდან?

- ძალიან მიხარია, რომ საქართველო ასე მომზადებული შეხვდა Covid-19-ს, ვამაყობ ქართველი ექიმების პროფესიონალიზმითა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. ჩვენთან შედარებით დრამატული სიტუაციაა, რადგან აქ გვიან დავიწყეთ კორონას პრევენცია. საქართველოს აეროპორტში გაცილებით ადრე უკვე ეკეთათ პირბადეები და მგზავრებს სიცხესაც უზომავდნენ. ბელგიაში კი ამ დაავადებას ცოტა არასერიოზულად ვუყურებდით. კორონას პრევენცია მხოლოდ ხელების დაბანა მიგვაჩნდა. ახლა კი კონტროლი აღარ შეგვიძლია. უკვე სამი კვირაა, ოპერატიულის გარდა ყველა ოპერაცია და კონსულტაცია გადავდეთ, მაგრამ არ ვიცით ასე როდემდე იქნება. თუმცა იმედს არც ჩვენ ვკარგავთ...

© photo: courtesy of Nana Amiridzeსაქართველოში
ხუთ ენაზე მოსაუბრე ქართველი ბელგიის კლინიკაში და ვადაგასული საბუთი, რომელსაც ვერ ელევა - Sputnik საქართველო
საქართველოში

- ამ რუბრიკის ფორმატიდან გამომდინარე, მინდა მკითხველს თქვენი პიროვნება უფრო ახლოს გააცნოთ...

- დუშეთის მეორე საშუალო სკოლის დამთავრების მერე ქართულ ფილოლოგიურზე ჩავაბარე, მაგრამ პირველი კურსის დახურვის შემდეგ მივხვდი, რომ იურისტის პროფესია უფრო მიზიდავდა. იურიდიული ფაკულტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. ბელგიაში 2000 წელს ჩამოვედი, აქ ჩემი და ცხოვრობდა თავისი ქართული ოჯახით. ვფიქრობდი მესწავლა და ამეღო ისეთი დიპლომი ან სერტიფიკატი, რომელიც იურიდიულთან ახლოს იქნებოდა, მერე ისევ საქართველოში დავბრუნებულიყავი, მაგრამ... 20 წელი გავიდა და ისევ აქ ვარ.

© photo: courtesy of Nana Amiridzeმეგობრებთან ერთად
ხუთ ენაზე მოსაუბრე ქართველი ბელგიის კლინიკაში და ვადაგასული საბუთი, რომელსაც ვერ ელევა - Sputnik საქართველო
მეგობრებთან ერთად

- ალბათ ოცი წელი საკმარისი დროა საიმისოდ, რომ ადამიანი ახალ ქვეყანაში კარგად დამკვიდრდეს...

- როცა ბელგიაში ჩამოვედი, 23 წლის ვიყავი. აქაურების აზრით, უკვე ინტეგრირებული ვარ. სამსახურში მეუბნებიან, ჩვენთვის ჩვეულებრივი ბელგიელი ხარ, არ ჰგავხარ უცხოელსო. ჩემი ბელგიელი მეუღლე იცინის - მიხაროდა, ქართველი გოგო მოვიყვანე ცოლად, მაგრამ ხელში ბელგიელი შემრჩაო.

© photo: courtesy of Nana Amiridzeნანა ამირიძე
ხუთ ენაზე მოსაუბრე ქართველი ბელგიის კლინიკაში და ვადაგასული საბუთი, რომელსაც ვერ ელევა - Sputnik საქართველო
ნანა ამირიძე

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- ერთხელ სადეპორტოში ვიყავი მისული და დიმიტრისთან - მომავალ მეუღლესთან მისულ ქართველ გოგონას ვუწევდი თარჯიმნობას, ერთმანეთი მაშინ გავიცანით. მეუღლე ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროში, საემიგრაციოში მუშაობს. დიმიტრის მამა (John Moelaert) ფეხბურთელია. ხუთი წელი კლუბ „ბრიუგეში“ და შვიდი წელი „სერკლ ბრიუგეში“ თამაშობდა. შემდეგ 29 წელი მწვრთნელი იყო. დიმიტრის დედა 37 წელი ჩვენი საავადმყოფოს დირექციაში მუშაობდა, ახლა პენსიაზე გახლავთ.

© photo: courtesy of Nana Amiridzeკოლეგასთან ერთად
ხუთ ენაზე მოსაუბრე ქართველი ბელგიის კლინიკაში და ვადაგასული საბუთი, რომელსაც ვერ ელევა - Sputnik საქართველო
კოლეგასთან ერთად

- რას ნიშნავს ცხოვრება ევროპის ულამაზეს ქალაქში, რომელსაც არაოფიციალურად მეორე ფლორენციას უწოდებენ?

- დიახ, პატარა და ლამაზი ბრიუგე იუნესკოს მფარველობის ქვეშაა. აქ საოცარი მუზეუმები და პარკებია. მხოლოდ ბრიუგეშია იესო ქრისტეს სისხლი, რომელის სანახავად მორწმუნეები ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან. აქ იტალიის გარეთ არსებული მიჯელანჯელოს ერთადერთი ნამუშევარია. ღვთისმშობლის ქანდაკებაც ბრიუგეშია. ამ ქალაქში გემრიელი შოკოლადები და ლამაზი ნაქარგებია. თითქმის მთელ ქალაქში ქვაფენილია და ამის გამო მაღალქუსლიანით სიარული აქ რთულია. მე მიყვარს დიდი ქალაქები, სადაც ბევრი ხალხია. ბრიუგე ჩემთვის ზედმეტად მშვიდი ქალაქია, მაგრამ შვილები რომ მყავდეს, სურვილი მექნებოდა ისინი ბრიუგეში გაზრდილიყვნენ...

© photo: courtesy of Nana Amiridzeნანა ამირიძე მეუღლესთან ერთად
ხუთ ენაზე მოსაუბრე ქართველი ბელგიის კლინიკაში და ვადაგასული საბუთი, რომელსაც ვერ ელევა - Sputnik საქართველო
ნანა ამირიძე მეუღლესთან ერთად

- თქვენი ცხოვრების წესი როგორ შეცვალა ამ ქვეყანამ და ქალაქმა?

- ბელგიელების მსგავსად სამსახურში მანქანით დავდივარ. თავისუფალ დროს მწვანე ზონაში ველოსიპედით სიარული მიყვარს. აქ თითქმის ყველა ნორმალურ სამსახურს და კორპუსს აქვს მანქანისა და ველოსიპედის საპარკინგე ადგილი. პიკის საათებში ჯობს ველოსიპედი გამოიყენო, უფრო მალე მიხვალ დანიშნულების ადგილზე. ჩემი მეუღლე და ბევრი ჩემი ახლობელი სამსახურში ველოსიპედით დადის.

გიორგი ონიანი - Sputnik საქართველო
თვიზოლაციაში მყოფი საოპერო მომღერალი და მისი სახალისო, გამამხნევებელი „პარტიები“

- თქვენი კლინიკის თანამშრომლებმა თუ იციან საიდან ხართ წარმოშობით?

- დიახ, თანამშრომლებმა და აქაურმა მეგობრებმა ჩემგან უკვე ბევრი რამ იციან - რომ საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, თბილი, სტუმართმოყვარე ხალხით, რომ აქ ბუნება არანორმალურად ლამაზია და ეს ის ქვეყანაა, რომელსაც უყვარხარ...

- საქართველოში სხვებზე ხშირად ჩამოსვლას როგორ ახერხებთ?  

- წელიწადში ოთხჯერ-ხუთჯერ ჩამოვდივარ. ძალიან მიყვარს, სულ მენატრება, ამიტომ ჩემს ყველა შვებულებას მანდ ვატარებ. სხვაგანაც დავდივარ: იტალია, გერმანია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი, პარიზი... მაგრამ საქართველოში მაინც ყველაზე დიდხანს ვრჩები. თბილისში ზოგს ჰგონია, რომ არ ვმუშაობ და ამიტომ ვარ აქ ასე ხშირად. არადა, სრულ განაკვეთზე ვმუშაობ და ამის გარდა კიდევ ზედმეტ საათებსაც გამოვიმუშავებ, შვებულების დღეებს აქ ჩამოსასვლელად ვაგროვებ. ბელგიის მოქალაქეობა რომ მივიღე, საქართველოს მოქალაქეობა გამიუქმდა, მაგრამ ჩემი ქართული პირადობის მოწმობა საფულიდან ამ ოცი წლის მანძილზე არ ამომიღია.

თეკლა ჩარგეიშვილი იტალიაში - Sputnik საქართველო
იტალიური კლინიკის ქართველი ექიმი და მზრუნველი სინიორა ანა-მარია

- ალბათ თქვენთვის რაიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს ვადაგასული საბუთის შენახვას...

- ასე მგონია, მის გარეშე დავიკარგები და მე „მე” აღარ ვიქნები... არ ვიცი, ეს ასაკის ბრალია თუ რა მჭირს, მაგრამ უკვე ვეღარ ვძლებ საქართველოს გარეშე. ძნელია ცხოვრება გაატარო სულ მონატრებაში და იმაზე ფიქრებში, რომ ოდესღაც ისევ დაბრუნდები...

- ცნობილი ამბავია, რომ ქართველი ყველაზე მეტად განიცდის ნოსტალგიას...

- სამშობლო ყველასთვის ერთადერთია, მაგრამ ეტყობა, ქართველები სხვებზე მეტად ვერ ვუძლებთ ნოსტალგიას. მეუღლემ იცის, რომ მე აუცილებლად საქართველოში უნდა დავიმარხო. თბილისში ჩამოსული, როცა თვითმფრინავიდან გადმოვდივარ, ღრმად ვისუნთქავ აქაურ ჰაერს. ყველაფერი ქართული მენატრება. ქუჩაში ხალხი რომ დადის, ქართულად რომ საუბრობენ, ჩვენებური სითბო და ურთიერთობები მენატრება... ხინკალი მენატრება, აჭარული ხაჭაპური მენატრება და კუბდარი, რომელიც ამ ზაფხულს პირველად დავაგემოვნე - უგემრიელესი ყოფილა. თბილისი მენატრება, დუშეთი მენატრება, ბათუმი მენატრება, ყაზბეგი მენატრება. დედამიწაზე ყველაზე ლამაზი, თბილი და ტკბილი ქვეყანა მენატრება...

 

ყველა ახალი ამბავი
0