04:30 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
802 0 0

ახალგაზრდა ფერმერი გურამ მანგოშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში ცხოვრობს. ამჟამად ფერმაში 60 სული ძროხა ჰყავს. ამბობს, რომ ფერმერობა შემოსავლიანი საქმეა, თუმცა დიდ შრომას, მოთმინებას და გამოცდილებას მოითხოვს.

მესაქონლეობას 9-10 წლიდან მისდევს. დღემდე საკმაოდ რთული და შრომატევადი გზა გაიარა. რამდენიმე წლის წინ ინგლისსა და ესტონეთში კვალიფიკაციაც აიმაღლა. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ფერმერმა წარმატებას რომ მიაღწიოს, პირველ რიგში, ეს საქმე უნდა უყვარდეს, უნდა იყოს შრომისუნარიანი, მომთმენი და მიზანდასახული.

გურამ მანგოშვილი
photo: courtesy of Guram Mangoshvili
გურამ მანგოშვილი

- მე ვარ გურამ მანგოშვილი, 33 წლის. ვცხოვრობ სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში. ჩართული ვარ სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ, მეცხოველეობაში. მაქვს მეხორცული საქონლის ფერმა.

- როდის მიჰყავით ხელი მესაქონლეობას, როდის იქცა ეს საქმიანობა თქვენი შემოსავლის წყაროდ?

- მესაქონლეობას ბავშვობიდან მივდევ, ალბათ 9-10 წლიდან. ვუყურებდი პაპებს, როგორ ზრდიდნენ და უვლიდნენ საქონელს. დიდი სურვილი მქონდა გამეგრძელებინა მათი საქმიანობა და გავმხდარიყავი დიდი ფერმერი. თავდაპირველად მყავდა რამდენიმე ძროხა, შემდეგ კი, დაუღალავი შრომის შედეგად, გავზარდე საქონლის რაოდენობა. ეს საქმიანობა ჩემი შემოსავლის წყაროდ  2014-2015 წლებიდან იქცა.

ფერმის პირუტყვი
photo: courtesy of Guram Mangoshvili
ფერმის პირუტყვი

- რთული არ იყო პირველი ნაბიჯები?

- სირთულე ყველა პროფესიას სდევს თან, რა თქმა უნდა, არც ჩემთვის ყოფილა ეს ყველაფერი მარტივი. მით უმეტეს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გამოუცდელი ბავშვი ვიყავი და ჩემთვის პირველი ნაბიჯები ამ სფეროში სწორედ ამიტომ იყო რთული. ყველაფერი დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ადამიანი აანალიზებს, თუ რამხელა ენერგია სჭირდება ამ ყველაფერს და რამხელა ვალდებულებები გაკისრია.

- ამჟამად რამდენი სული საქონელი გყავთ?

-  ჩემს ფერმაში უკვე 60 სული ძროხა მყავს.

- რძის პროდუქტებსაც აწარმოებთ?

- როგორც თავდაპირველად მოგახსენეთ, ვაწარმოებ მხოლოდ ხორცს და არა რძის პროდუქტებს.

- რამდენად ხელსაყრელია დღეს ფერმერობა?

- თავისი სირთულეების მიუხედავად, ფერმერობა საკმაოდ შრომატევადი და ამავე დროს სარგებლიანი პროფესიაა.

ფერმის პირუტყვი
photo: courtesy of Guram Mangoshvili
ფერმის პირუტყვი

- გავრცელებულმა პანდემიამ ბევრი სფეროში შექმნა პრობლემები. თქვენ რა პრობლემების წინაშე დადექით?

- გავრცელებულმა პანდემიამ გარკვეულწილად პრობლემები გამოიწვია ჩემს სფეროშიც. კერძოდ, დაკეტილი კვების ობიექტების გამო ვეღარ ხერხდება ხორცის სრული რეალიზაცია. დაახლოებით 70%-ით შემცირდა გაყიდვები. დაიკეტა ცოცხალი საქონლის ბაზრები, რაც ჩემთვის დიდ სირთულესთან ასოცირდება.

- ბოლო დროს სოფელს ბევრმა ადამიანმა მიაშურა. როგორ ფიქრობთ, მიმდინარე პროცესები ხელს ხომ არ შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას?

- მოგეხსენებათ, ქალაქის მოსახლეობა სოფელში ვირუსისგან თავდასაცავად ჩამოვიდა. ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება კრიტიკული პერიოდი, დღე, თვე ან წელი. თუ ვირუსის გავრცელება მოკლე დროში შეწყდება (რისი იმედიც გვაქვს ყველას), მოსახლეობა კვლავ ქალაქში დაბრუნდება, სოფლის მეურნეობის განვითარება კი ასეთ მოკლე დროში შეუძლებელია.

 

მთავარი თემები