ქართულად ამღერებული იტალიელი სენიორი, ალბანო კარიზი და „ნიკალა“ ქართველებისთვის

© photo: courtesy of Lela Mosiashviliლელა მოსიაშვილი და ანჯელო ჩეჩი
ლელა მოსიაშვილი და ანჯელო ჩეჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დღეებში, როდესაც მსოფლიო ერთმა საერთო პრობლემამ გააერთიანა, ალბათ უფრო საგრძნობი გახდა ის, რაც ასე ცხადი იყო, მაგრამ მნიშვნელობას არ ვანიჭებდით: ყველანი ერთ დიდ სახლში ვცხოვრობთ და ეს სახლი – დედამიწაა...

საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ქალბატონი ლელა მოსიაშვილი ცხოვრებაში ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩავიდოდა მის საოცნებო ქვეყანაში და იქ ერთ იტალიელ ბატონს ქართულად აამღერებდა. კიდევ, თავის ოცნებას აისრულებდა და მის კერპს, იტალიელ ალბანო კარიზს პირდაპირ სახლში ესტუმრებოდა...

© photo: courtesy of Lela Mosiashviliლელა მოსიაშვილი
ქართულად ამღერებული იტალიელი სენიორი, ალბანო კარიზი და „ნიკალა“ ქართველებისთვის - Sputnik საქართველო
ლელა მოსიაშვილი

- ქალბატონო ლელა, საქართველოშიც გიყვარდათ სიმღერა და ერთხელ დიდ სცენაზეც გამოსულხართ, მოგვიყევით ამის შესახებ...

- ძალიან მიყვარს სიმღერა, თუმცა მუსიკალური განათლება არ მიმიღია, მაგრამ ახალგაზრდობის ასაკიდან ვმღერი. გავიხსენებ 1988 წელს, როცა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლი „ივერია“ აწყობდა კონკურსს – ეს იყო ახალბედა სოლისტების კონცერტი ანსამბლ „ივერიის“ თანხლებით. რა თქმა უნდა, ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. მეც მივიღე მონაწილეობა კასტინგში და, საბედნიეროდ, კონკურსის ფინალში გავედი.

© photo: courtesy of Lela Mosiashviliლელა მოსიაშვილი
ქართულად ამღერებული იტალიელი სენიორი, ალბანო კარიზი და „ნიკალა“ ქართველებისთვის - Sputnik საქართველო
ლელა მოსიაშვილი

- ალბათ შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ იტალიური სიმღერით მოხვდით ფინალში, რა სიმღერაზეა საუბარი?

- იტალიური სიმღერები Ci sara და felicita, რომელიც ვახტანგ ტატიშვილთან ერთად დუეტში შევასრულე. განსაკუთრებული ის იყო, რომ მე ვიყავი ალ ბანო და ბატონი ვახტანგი – რომინა პაუერი. დარბაზი ქუხდა, ის ემოცია არასოდეს დამავიწყდება. ცხოვრება მართლა სიურპრიზებითაა სავსე, მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე იტალიაში ჩამოვიდოდი.

© photo: courtesy of Lela Mosiashviliლელა მოსიაშვილი
ქართულად ამღერებული იტალიელი სენიორი, ალბანო კარიზი და „ნიკალა“ ქართველებისთვის - Sputnik საქართველო
ლელა მოსიაშვილი

- ვინ არის იტალიელი, ვისაც ასე კარგად შეასწავლეთ და შეაყვარეთ ქართული სიმღერები?

- იტალიაში 2003 წელს ჩამოვედი და მას შემდეგ სამსახური არასოდეს შემიცვლია. 17 წელი ვარ ერთსა და იმავე ოჯახში, სადაც ისეთი არაჩვეულებრივი ხალხია, რომ ამის ენით გადმოცემა არ შეიძლება. ეს ბატონი – ანჯელო ჩეჩია, რომელიც 50 წლის იყო, როცა მასთან მუშაობა დავიწყე. ახლა 67-ის არის, 42 წელი ქალაქის საავადმყოფოში რეგისტრატორად მუშაობდა. პენსიაზე ორი წელია რაც გავიდა. უაღრესად კულტურული ადამიანია და ძალიან ნაკითხი. არ არსებობს შეკითხვა, რომელზეც მას პასუხი არ აქვს ნებისმიერ სფეროში. განსაკუთრებით ისტორია უყვარს. უამრავ წიგნს კითხულობს და ტელევიზორშიც სულ ისტორიულ-შემეცნებით პროგრამებს უყურებს. ქართული სიმღერები ადვილად შევასწავლე და უკვე კარგად მღერის, ამაში ყველა დარწმუნდა...

- სიმღერების გარდა საქართველოსაც შეაყვარებდით...

- ბევრს ვუყვები და, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოც და ქართველებიც უკვე ფანატიკურად უყვარს. ჩვენს ქვეყანაზე ბევრი წიგნი აქვს წაკითხული. ჩემმა ოჯახის წევრებმა საჩუქრად იტალიურ-ქართული ლექსიკონი გამოუგზავნეს და სულ იქ აქვს თავი ჩარგული. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ ყოფილა. დავპირდი, რომ ამ ზაფხულს, როცა ყველაფერი დაწყნარდება, აუცილებლად წავიყვან. ეს ადამიანი სულ გვერდით მიდგას, ძალიან მეხმარება და, რაც მთავარია, სასწაულ სტიმულს მაძლევს. არადა, თავად სანუგეშოა, რადგან 55 წელია ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული. გულწრფელად გეტყვით, რომ აქ, ემიგრაციაში თითქმის ყველა ჩემი ჩანაფიქრის განხორციელება მისი დამსახურებაა.

© photo: courtesy of Lela Mosiashviliლელა მოსიაშვილი და ანჯელო ჩეჩი
ქართულად ამღერებული იტალიელი სენიორი, ალბანო კარიზი და „ნიკალა“ ქართველებისთვის - Sputnik საქართველო
ლელა მოსიაშვილი და ანჯელო ჩეჩი

- როგორ მოხდა, რომ ქალაქ ბარიში ასოციაცია დააარსეთ და ქართული რესტორანი გახსენით?

- სწორედ ანჯელოს ინიციატივით და დახმარებით ბარიში დავაარსე კულტურულ-ენოგასტრონომიული ასოციაცია „ნიკალა“ და მასთან ერთად რესტორანი „ნიკალა“ გავხსენით. ეს პატარა საქართველოა ემიგრატებისთვის, რომლებსაც საშუალება ეძლევათ, რომ მოვიდნენ და ემიგრანტული წლები ცოტათი მაინც გაიხალისონ.

© photo: courtesy of Lela Mosiashviliლელა მოსიაშვილი
ქართულად ამღერებული იტალიელი სენიორი, ალბანო კარიზი და „ნიკალა“ ქართველებისთვის - Sputnik საქართველო
ლელა მოსიაშვილი

- ალ ბანოს როგორ ესტუმრეთ?

- ალ ბანოსთან სახლში ვიყავი ჩასული. აქედან ორი საათის გზაა და სადაც ცხოვრობს, იმ ადგილს ჩელინო სან-მარკო ჰქვია. ამისთვის ანჯელომ ერთი მეგობარი შეაწუხა და ვესტუმრეთ. ალ ბანოს უზარმაზარი ტერიტორია აქვს. ის დღე არ დამავიწყდება, ძალიან უყვარს საქართველო. ქართული სტუმარმასპინძლობა და ის დრო, როცა აქ იყო, თბილად გაიხსენა. განსაკუთრებით ქართული სუფრა და ღვინო დაამახსოვრდა. ღვინოს თავადაც აწარმოებს. რომინასთან გაშორებულია, მაგრამ კარგი ურთიერთობა აქვთ. ერთხელაც ქართველი ემიგრანტებისთვის მას ჩემს „ნიკალაში“ აუცილებლად მოვიწვევ.

© photo: courtesy of Lela Mosiashviliლელა მოსიაშვილი და ალ ბანო კარიზი
ქართულად ამღერებული იტალიელი სენიორი, ალბანო კარიზი და „ნიკალა“ ქართველებისთვის - Sputnik საქართველო
ლელა მოსიაშვილი და ალ ბანო კარიზი

- ცნობილი ამბავია, რომ იტალიელები კანონმორჩილები არ არიან, ახლა რა ხდება?

- იტალიამ, სამწუხაროდ, ცოტა დააგვიანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ბოლო დროს სიტუაცია შეიცვალა. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ასეთ მკაცრ შეზღუდვებს ასე თუ დაემორჩილებოდნენ. ტელევიზიით ყოველ საღამოს გადმოსცემენ ინფორმაციას და ჩვენც იმედის თვალით ვუყურებთ – როდის გაუმჯობესდება არსებული ვითარება.

- და სენიორ ანჯელო რას ამბობს, როდის გვეშველებაო?

- ეს კაცი ხომ ყველაფრის მცოდნე ენციკლოპედიაა, გუშინ თავი არ აუწევია წიგნებიდან, საუკუნეების ეპიდემიები ყველა ხუთიანზე გამიშიფრა და მაგიდაზე „დამილაგა“. საბოლოოდ კი მითხრა – ცოტაც მოვითმინოთ და მალე დაიწყება ინფიცირებისა და გარდაცვლილების კლებაო, აპრილის შუა რიცხვებიდან კი სიტუაციის მკვეთრი გაუმჯობესება იქნებაო. ღმერთმა უშველოს, ისე დამაიმედა. მომკალით და მჯერა ამ ადამიანის.

© photo: courtesy of Lela Mosiashviliლელა მოსიაშვილი და ანჯელო ჩეჩი
ქართულად ამღერებული იტალიელი სენიორი, ალბანო კარიზი და „ნიკალა“ ქართველებისთვის - Sputnik საქართველო
ლელა მოსიაშვილი და ანჯელო ჩეჩი

- აღარ გეკითხებით რაზე ოცნებობთ...

- რაც შეეხება ოცნებას, მშვიდობიან, ძლიერ, ერთიან საქართველოში დაბრუნება ყველა ემიგრანტთან ერთად ჩემი ოცნებაცაა. რაც უნდა მყარად იყო უცხო მიწაზე, შენს მიწა-წყალს არაფერი შეედრება. მჯერა, მალე მოვა ეს სანატრელი დრო...

 

ყველა ახალი ამბავი
0