18:25 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (69)
109420

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს  მსოფლიო რანგის საოპერო ტენორს, გერმანიაში თვითიზოლაციაში მყოფ გიორგი ონიანს შეგახვედრებთ.

ყველაფერი „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ სცენაზე დაიწყო. მომავალი ინჟინერი, მაშინ ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ მალე საოპერო სცენაზე გადაინაცვლებდა და მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში თავის სიტყვას, უფრო სწორედ, თავისი ცხოვრების ყველაზე „მთავარ პარტიას“ შეასრულებდა.

გიორგი ონიანი
გიორგი ონიანი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარმატებით გამოსვლის მერე, უცხოეთში მისი დებიუტი ყველასთვის საოცნებო "ლა–სკალას" თეატრში შედგა. არის არა ერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და გასტროლებით მსოფლიოს ბევრ ქვეყნაშია ნამყოფი. მის „ანგარიშზე“ 1300 სპექტაკლი და 14 ენაზე შესრულებული 43 საოპერო პარტიაა...

თუმცა არის სცენის მიღმა სახელდახელოდ  შესრულებული სახალისო სიმღერები, რომლითაც გერმანიაში მყოფი საოპერო მომღერალი, სოციალურ ქსელში ქართველ გულშემატკივარს ამხნევებს ხოლმე... ამჯერად, მასთან დაკავშირების საბაბის სწორედ ეს ვიდეო-ჩანაწერები გახდა.

-ბატონო გიორგი, ლენტეხელი ადამიანის დაშინება ასე ადვილი არ არის, გასაგებია, მაგრამ თქვენი სოციალური აქტივობებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენთ...

- სამწუხაროდ ამ ვერაგმა ვირუსმა არ იცის ლენტეხელი ხარ თუ სან-ფრანცისკოელი... ზოგადად შიში ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. განსხვავება მშიშრებსა და „უშიშრებს“ შორის კი ისაა, ვინ როგორ ძლევს დათრგუნოს საკუთარ თავში ეს გრძნობა… ვაჟკაცი მაშინ ხარ, როცა გეშინია და მაინც აკეთებ, თორემ თუ ვერ ან არ აცნობიერებ რეალურ საფრთხეს, მაშინ ბოთე ხარ!... თანაც, იმ დროს როცა საქმე თვითგადარჩენას ეხება და არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ოჯახის გადარჩენაზეც უნდა იზრუნო, ძალიან ფრთხილი და წინდახედული გავხდი. ამ შემთხვევაში ზედმეტი სიფრთხილეც არ არის ცუდი...

გიორგი ონიანი
გიორგი ონიანი

-ასე დროს იმასაც ახერხებთ, რომ ქართველები შორიდან და ვირტუალურად გაამხნევოთ და გააღიმოთ კიდეც...

- რაც შეეხება ჩემს სახუმარო ვიდეოებს, ისინი უსაქმურობის ნაყოფია... არც ისე ადვილი ყოფილა სახლში ჯდომა. ამ დასტრესილ ცხოვრებაში თუკი ვიღაცას ერთი წუთით მაინც გააღიმებ და მოსწყვიტავ პრობლემებს, მგონი, კეთილი საქმეა... სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ ჩემს ვიდეოებს ასე აიტაცებდნენ. როცა პირველი ჩანაწერის მერე ფეისბუკ გაზიარებები 100-ს გადაცდა, მერე უკვე მეორეს და მესამესაც ითხოვდნენ. ფაქტიურად უკვე ახალი „სამსახური“ გამიჩნდა...

- რაც შეეხება თქვენს ძირითად სამსახურს, თქვენი რეპერტუარი 43 როლს ითვლის და 14 ენაზე გაქვთ ნამღერი... აქედან რომელი იყო ყველაზე რთული?

-ამ 14 ენიდან ყველაზე რთული და დასამახსოვრებელი იაპონური და აზერბაიჯანული იყო... ახლაც გამოწერილი მაქვს ახალი ოპერის კლავირები და თავისუფალ დროს მის სწავლას ვანდომებ, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა. როლი ნორმალურად რომ მოამზადო ორ თვემდე მჭირდება. მათ შორის საყვარელი როლი ისაა, რომელსაც იმ მომენტში ვასრულებ - სხვანაირად მსმენელამდე ვერ მიიტან ემოციას, თუ როლი არ მოგწონს.. მქონია შემთხვევა, არასასურველი როლიც მიმღერია და მაშინ დისკომფორტს ვგრძნობდი. წარმატებაც ისეთი არ მქონია, რაც სხვა როლების შემთხვევაში. ამიტომ ასეთ როლებზე წინასწარ ვამბობ უარს...

გიორგი ონიანი
გიორგი ონიანი

- საკმაოდ შთამბეჭდავი შემოქმედებითი გზა გაიარეთ და ყველაზე საეტაპო პერიოდი რომელი იყო?

- სხვათა შორის მაისში, ჩემი სასცენო დებიუტიდან 20 წელი მისრულდება და ამის აღნიშვნას ვაპირებდი, მაგრამ შექმნილი მოვლენების გამო ყველაფერი გადაიდო.. ასევე სექტემბრამდე გამიუქმდა ყველა სპეკტაკლი თუ კონცერტი, სადაც უნდა მემღერა... ცხოვრების ყველა ეტაპმა გარკვეული როლი ითამაშა ჩემი პიროვნებად და ხელოვანად ჩამოყალიბებაში. ცუდიც ბევრი მახსოვს, მაგრამ ადამიანმა ხასიათის გამობრძმედისთვის, ალბათ ესეც უნდა გაიაროს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იტალიაში ცხოვრების პერიოდი მახსენდება.. ყოველ დღე ისეთ ადამიანებთან, ისეთ დიდ ხელოვანებთან მიხდებოდა ურთიერთობა, რომ დღეს როცა ფოტოებს  ვუყურებ, ასე მგონია, ყველაფერი სიზმარი იყო.. იმ პიროვნებებიდან ნახევარი მათგანი ცოცხალი აღარ არის, მე კი იმ ლეგენდებთან ურთიერთობის ტკბილი მოგონებები დამრჩა.

-მართალია, რომ ბავშვობაში ყველა ადამიანი „მომღერალი არსება“ გეგონათ, მაგრამ ოპერა არ გიყვარდათ?

- კი, ასე იყო, ჩემს სოფელში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მეტ-ნაკლებად ყველა მღეროდა და მართლა ასე მეგონა. შემდეგ როცა ქუთაისში გადავედი სასწავლებლად და აღმოჩნდა, რომ ჩემს კლასში მხოლოდ ხუთ ბავშვს გვქონდა სმენა, მივხვდი, რომ ასე არ ყოფილა. ბავშვობის წლები როგორც ყველას, მეც ძალიან ტკბილად მახსენდება. ახლაც რომ ჩავდივარ სოფელში ყველა ქვას, ხეს თუ შენობას ვეფერები. არსად დედამიწაზე ისე ვერ ვისვენებ, როგორც ჩემს მშობლიურ სოფელში, იქ ზეცასაც სხვა ფერი აქვს, ჰაერიც სხვანაირია და აქაფებული მდინარის ხმაზე ტკბილი „იავნანა“ დედამიწაზე არ არსებობს...

გიორგი ონიანი
გიორგი ონიანი

- რომა არა  „კვნ“-ის  ერთი გამოშვება, სადაც შეგამჩნიეს, როგორ ფიქრობთ, როგორი ინჟინერ-ეკონიმისტი იქნებოდით ახლა?

-დიახ, სწორედ „მხიარულთა და საზრიანთა კლუბს“ ( მაშინდელ„კავეენს“) ვუმადლი ჩემს ახლანდელ მდგომარეობას. მისი დამსახურებით მოვხვდი ამ სფეროში და ახლა ვერც წარმომიდგენია როგორც ინჟინერ-ეკონომისტს როგორ უნდა მეცხოვრა?!. სწორედ იმ „კავეენური“ წარსულის დამსახურებაა ის სახალისო ვიდეოები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ალბათ  როგორც „KГБ“- ს ყოფილი აგენტი არ არსებობს, ისე ყოფილი „კავეენშიკიც“ არ არსებობს. რადგან თუკი ერთხელ მოიწამლე მის სცემაზე, ეს მთელი ცხოვრება გაგყვება.

გიორგი ონიანი
გიორგი ონიანი

- გერმანია თუ არის ის ქვეყანა, სადაც თავს კომფორტულად გრძნობთ?

- ადრე სამი წელი იტალიაში ვცხოვრობდი, მაგრამ იტალიური გარემო, მენტალიტეტი და ცხოვრების სტილი და ხასიათი ჩემთვის უცხო და არაკომფორტული აღმოჩნდა, ამიტომ იქ ვერ გავჩერდი. განსხვავებით იტალიისაგან გერმანია ქვეყანაა, სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. პუნქტუალობა და დროის ფასი ჩემი თანდაყოლილი თვისებაა და ამას სწორედ აქ ექცევა უდიდესი მნიშვნელობა. ამ ქვეყანაში ყოველმხრივ დაცულად ვგრძნობ თავს და იცი, რომ შენს გვერდით სახელმწიფოა, რომელიც რაც უნდა მოხდეს, არ მიგატოვებს. აქ არ არსებობენ მშივრები და უსახლკაროები, მოწყალებას კი ძირითადად ნარკოდამოკიდებულები ითხოვენ.

- სამშობლოში ჩამოსვლას რა სიხშირით ახერხებთ და გერმანიის შემდეგ რა გხვდებათ ხოლმე თვალში?

-  გერმანია კარგია, მაგრამ შენს სამშობლოს არაფერი გირჩევნია… სამწუხაროდ წელიწადში მხოლოდ ორჯერ ვახერხებ აქ ჩამოსვლას და ამ პერიოდში თითქოს ვავსებ ორგანიზმს ახალი ენერგეტიკით, რომლის მოცემა მხოლოდ ჩემს ქვეყანას შეუძლია. რასაც ვერ ვეგუები და უმალვე თვალში საცემია, ეგ გზებზე ავტომანქანების საშინელი მოძრაობაა. ასე უპატივცემლოდ ეპყრობოდეს ადამიანი საკუთარ თავს და სხვის უსაფრთხოებას ნამდვილად გასაკვირია. როცა ჩამოვდივარ პირველი კვირა ძალიან მიჭირს მანქანით გადაადგილება, მერე მეც მანქანის მართვის ქართულ ყაიდაზე გადავდივარ ხოლმე (სხვა შემთხვევაში საგზაო შემთხვევას ვერ ასცდები)… სიჩქარეს არასოდეს ვაჭარბებ და ქვეითსაც ყოველთვის ვატარებ გადასასვლელებზე… როცა გერმანიაში ვბრუნდები ავტომატურად მთელი კვირა ისევ „ქართულად“ დამყავს მანქანა და ყველა მიყვირის... როცა დრო გადის ისევ მენატრება ხოლმე ყველაფერი: მეგობრებთან ურთიერთობა, თევზაობა, ნათესავებთან ერთად ყოფნა და ოჯახურ გარემოში შეკრება - სხვანაირად ვერც იქნება...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (69)

მთავარი თემები