06:05 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
1574 0 0

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 788 522 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 37 878 და განკურნებულია 166 768 პაციენტი.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, ესპანეთი ერთ-ერთი ლიდერია და მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს. გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით ესპანეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს, ნინო მსხილაძეს, რომელიც ბარსელონაში არსებული სამრევლოს წევრია და პირადად იღებს მონაწილეობას თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ქართველი ემიგრანტების დაბინავებაში, საკვებით და სხვა საჭირო ნივთებით უზრუნველყოფაში.

ნინო მსხილაძე
photo: courtesy of Nino Mskhiladze
ნინო მსხილაძე

- დავიბადე და გავიზარდე ბორჯომში, უკვე მერვე წელია რაც ემიგრაციაში, კერძოდ ბარსელონაში ვიმყოფები ოჯახთან ერთად.

მას, ვისაც გამოუცდია რას ნიშნავს სამშობლოდან შორს ყოფნა დამეთანხმება, რამდენად რთულია სამშობლოს მონატრება. ნოსტალგია სულ თან დაგსდევს, მაგრამ განსაკუთრებით რთულია პირველი წლები, რა თქმა უნდა სულიერადაც და მატერიალურადაც, მაგრამ მე ეს ყველაფერი შემიმსუბუქა ბარსელონას წმ. ნინოს სახელობის ტაძარმა, ქართულმა სკოლამ და სამხატვრო წრეებმა, რომელშიც მთელი ოჯახი ვართ ჩართული. ჩვენი სამრევლო შედის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში, რომელიც პატრიარქის კურთხევით დააფუძნა მეუფე აბრაამა და ამ ადამიანებს დიდი წვლილი მიუძვღვით უამრავი ადამიანის „სულიერად დაპურებაში“ და ბავშვების ქართულ ყაიდაზე გაზრდაში. ამიტომ, მე იმაზე მსუბუქად გადავიტანე ეს წლები ვიდრე მეგონა. საქართველოში შეიძლება წლები გავიდეს და ტაძარში არ შეხვიდე, მაგრამ უცხო მიწაზე დღეებს ითვლი, რომ შენს პატარა  საქართველოში მიხვიდე.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობთ ესპანეთში?

- ამჟამად ვარ ესპანეთის რეზიდენტი. ეს გულისხმობს ქვეყანაში ოფიციალურად ცხოვრების და მუშაობის  უფლებას. ექვს წელზე მეტია ვმუშაობ ოჯახში. ლეგალურად ყოფნა გიმსიბუქებს მონატრებას, რადგან თითქმის ყოველ წელს ჩამოვდივართ საქართველოში. ჩემი უფროსი შვილი კი საზაფხულო არდადეგებს მთლიანად მანდ ატარებს.

კრიზისული ცენტრი ბარსელონაში
photo: courtesy of Nino Mskhiladze
კრიზისული ცენტრი ბარსელონაში

- დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცდილობდით თუ არა სიტუაციის დამძიმებისთანავე  საქართველოში დაბრუნებას?

- საქართველოდან ხშირად მეუბნება დედა და ოჯახის წევრები, რომ იქნება ჩავიდე და ამ რთულ პერიოდში იქ ვიყო, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიფიქრია წამოსვლა, არც მანამდე და არც ახლა. მაგრამ სამწუხაროდ ყველა ასე არაა.

- რა ბარიერებს წააწყდნენ ის ადამიანები ვისაც დაბრუნება უნდოდათ?

- დღევანდელმა მდგომარეობამ საკმაოდ შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრება. ბევრ ადამიანს უნდა დაბრუნება, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგან საზღვრები ჩაკეტილია, ფრენები ჯერ ჯერობით 1 მაისამდეა შეწყვეტილია და მერეც საეჭვოა განახლდება თუ არა.

ბარსელონას ქუჩები
photo: courtesy of Nino Mskhiladze
ბარსელონას ქუჩები

- ვინც ვერ დაბრუნდა, დღეს რა პირობებში და როგორ აგრძელებენ ცხოვრებას?

- ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში. ისინი, ვინც ვერ მოახერხეს დაბრუნება ქუჩაში დარჩნენ უსახსრებოდ, უფულოდ, ბინის და კვების გარეშე. უამრავი პრობლემები შეექმნათ. ვინც ქირით არიან ვეღარ იხდიან ქირას, რადგან მოგეხსენებათ ემიგრანტების 90% საქართველოში მათ ოჯახებს ხელფასის  ბოლო თეთრს უგზავნის, ამიტომ ბევრს აქაც გაუჭირდა. მართლა არ მეგონა ამდენ ადამიანს ასე უცებ ელემენტარული კვების პრობლემა მაინც თუ შეექმნებოდათ. ეს ყველაფერი დეტალურად ვიცი, რადგან ჩვენმა სამრევლომ ოპერატიულად შექმნა  „კრიზის ცენტრი“,  რომელიც ბარსელონასა და შეძლებისდაგვარად მთელს ესპანეთში ჩვენს გაჭირვებულ თანამემამულეებს ეხმარება. ბოლო დღეებში უამრავი  ქუჩაში დარჩენილი ადამიანი დავაბინავეთ, საკვებით და  ტანსაცმელით  მოვამარაგეთ. ბევრ ოჯახს გადავეცით ინვენტარი, რომელიც ახალდაბადებულ ბავშვებს ჭირდებათ (ეტლი, საწოლი და სხვა). ძირითადად არიან მცირეწლოვანი ბავშვებით, მრავალშვილიანი ოჯახები და ორსულები. მინდა აღვნიშნო, რომ ეს „კრიზის ცენტრი“ მთლიანად შედგება ჩვენი სამრევლოს წევრებისგან და შემოწირულობებსაც ჩვენ ვაკეთებთ, რიგითი ემიგრანტები და გულისხმიერი  ადამიანები, რომლებიც ისედაც რთულ მომენტში აკლებენ თავიანთ ოჯახებს და რიცხავენ თანხებს გაჭირვებული ემიგრანტებისთვის.  პირადად მე ვიყავი მისული ერთ-ერთ ოჯახთან, რომლებმაც გვითხრეს.  რომ  დღეს ჩვენ ვართ მათი დასაყრდენი და იმედი. რა თქმა უნდა შემოსავალიც და გასავალიც სრულად გამჭირვალედ მიმდინარეობს.

კრიზისული ცენტრი ბარსელონაში
photo: courtesy of Nino Mskhiladze
კრიზისული ცენტრი ბარსელონაში

- რამდენდ ახერხებთ უსაფრთხოების ზომების დაცვას?

- მსოფლიო ებრძვის ამ მძიმე სენს, პანდემიას და რეკომენდაციებს, რომლებსაც იძლევიან ჯანდაცვის  წარმომადგენლები სრული დაცვით ვასრულებთ. სრულიად ესპანეთი 13 მარტიდან იმყოფება კარანტინში და კანონით გვეკრძალება გარეთ გასვლა, მხოლოდ ნებადართულია სასურსათო მაღაზიაში, ან აფთიაქში ჩასვლა, ისიც პირბადით და ერთჯერადი ხელთათმანით. კონტროლი საკმაოდ დიდია და სანქციაც ფულადი ჯარიმის სახით. ჩვენ ჩვენივე ჯანმრთელობის დასაცავად ვრჩებით სახლში.

თითქმის ყოველ საღამოს მადლიერების ტაშით ამხნევებენ ესპანელები ექიმებს და მადლობას უხდიან თავდადებისთვის და მეც ვუერთდები მათ მადლობას. პირველ რიგში ჩვენს საქართველოს და ქართველ ექიმებს დიდი მადლობა ასეთი მაღალი პროფესიონალიზმის წარმოჩენისთვის და მართლაც თავგანწირვისთვის. დღეს, როგორც არასდროს ერთიანია საქართველო და ყველას ეკუთვნის გულწრფელი მადლობა, ვისაც მცირეოდენი წვლილი მაინც მიუძვღვის ამ დიდ საქმეში.

- რამდენად მჭიდრო კავშირი გაქვთ საელჩოსთან და რა ზომებს იღებენ საქართველოს მოქალაქეების დასაცავად?

- მჭიდრო კონტაქტში ვართ საქართველოს  საელჩოსთან მადრიდში, პირადად ელჩთან და ბარსელონის  საკონსულოსთან, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ აბინავებენ და ფინანსურ დახმარებას უწევენ  უამრავ ქუჩაში დარჩენილ სტუდენტებს, რიგით მოქალაქეებს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ...

- რას ეტყოდი საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში არ იყოფებიან?

- მინდა ყველა ადამიანს, რომელიც იმყოფება საზღვრებს გარეთ,  მათაც, ვინც ელოდება სპეც რეისებს, რომ დაბრუნდენ სახლებში ვუთხრა, რომ უფლის წყალობით ყველაფერი აუცილებლად იქნება კარგად. იმედი და რწმენა არ უნდა დავკარგოთ. მე, რომელსაც სახლში ოთხი შვილი მყავს,  არც ერთი წუთი არ შემშინებია, რადგან ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებ და დანარჩენი უფლის ნებაა. ჩვენც შევუწყოთ ხელი პროცესის სწრაფად დამთავრებას და დავრჩეთ სახლში.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც  მცირეოდენი შემოწირულობა გააკეთა, სიტყვით გვითანაგრძნობდა და გვაძლიერებდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უამრავი შეტყობინება მოგვდის საქართველოში სპეც რეისის დანიშვნაზე. მინდა ვუთხრა მათ, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და მათ ამ საკითხში ვერ დავეხმარებით. ასევე  მინდა ყველა ქართველი გავაფრთხილო, რომ არ შევიდნენ შეცდომაში და არავითარ შემთხვევაში არ გასცენ თავიანთი პირადი მონაცემები იმ მიზნით, თითქოს სპეც რეისის სიაში მოხვდნენ. მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ან საკონსულოს და მხოლოდ მათ მიაწოდონ ინფორმაცია.  ასევე, ვინც საჭიროებთ დახმარებას და სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ფეისბუქ გვერდზე „კრიზის ცენტრი“, ჩვენ ყველანაირად ვეცდებთ თქვენს დახმარებას.

მთავარი თემები