02:09 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
132830

„თუ კომპოზიცია ქსოვილზე ლამაზად „დაჯდა", ესე იგი სწორი ტექნიკაა“, – ამბობს თამარ ისპირიან-მებაღიშვილი.

როდესაც მის დახვეწილ ნამუშევრებს უყურებ, რთულია დაიჯერო, რომ მათი შემქმნელი პროფესიით დიპლომატი და ეკონომისტია. მისმა ბროშებმა ბევრი ქართველი და უცხოელი ქალბატონის აქსესუარებს შორის უკვე დაიმკვიდრა საპატიო ადგილი. ასევე პოპულარულია ლენტებით მოქარგული მისი ნამუშევრებიც.  

როდის და რატომ გადაწყვიტა პროფესიით დიპლომატმა და ეკონომისტმა ბროშების დამზადება – ამას მასალიდან შეიტყობთ.

თამარ ისპირიანი მებაღიშვილი
თამარ ისპირიანი მებაღიშვილი

- ქალბატონო თამარ, როდის და რატომ გადაინაცვლეთ პროფესიისგან ასე შორს მდგარ სამყაროში?

- პროფესიული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის, მაგრამ სულიერი განვითარება სულ სხვაა და ამის მოთხოვნილება ყოველთვის მქონდა. სილამაზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გამაჩნდა და ადამიანის მიერ შექმნილ ლამაზ ნივთებს აღტაცებაში მოვყავდი. საკუთარ თავს სულ ვეკითხებოდი, ნუთუ მე ვერ შევქმნი ისეთ რამეს, რაც ხალხის აღტაცებას და ემოციას გამოიწვევს–მეთქი. ხელოვნება სულ სხვა სამყაროა, რომლის აღქმა ყველას არ შეუძლია, საამისოდ ესთეტი უნდა იყო... მიხარია, რომ ჩემი ნივთები ადამიანებში სასიამოვნო ასოციაციას იწვევს. თავიდან ნახატების ლენტებით მოქარგვა დავიწყე და შემდეგ ბროშების გაკეთებაზე გადავედი. ლენტებით შექმნილი პირველი ნამუშევარი მოქარგული „იასამნები" იყო.

თამარ ისპირიანი მებაღიშვილის ხელნაკეთი სამკაული
თამარ ისპირიანი მებაღიშვილის ხელნაკეთი სამკაული

- ქარგვის დროს ნატურალურ ქსოვილს და ატლასის ლენტებს იყენებთ და ბროშებს რა მასალისგან აკეთებთ?

- ჩემს გულსაბნევებში ბუნებრივი ქვებია – აქატი, ფირუზი, მარგალიტი, ლაზურიტი, ონიქსი, ნეფრიტი, მარჯანი, ავანტურინი, ჩეხური კრისტალები და ასევე ნატურალური ტყავი. ეს ნამუშევრები საავტორო და ექსკლუზიურია. ერთი უცნაური ჩვევა მაქვს – სულ ვცდილობ, რომ საქმე გავირთულო. რაც უფრო რთულ კონსტრუქციას ვაწყობ, მით უფრო კარგად გამომდის და ადრენალინიც მატულობს. მერე მიკვირს, ასე კარგად როგორ გამოვიდა. ამიტომ ისეთივე მეორე ზუსტი ასლის შექმნა გამორიცხულია...

თამარ ისპირიანი მებაღიშვილის ხელნაკეთი სამკაული
თამარ ისპირიანი მებაღიშვილის ხელნაკეთი სამკაული

- ბროშები და ლენტებით მოქარგული ნახატები არ იქნება მარტივი დასამზადებელი...

- სულ მიკვირს, როცა ჩემი ნივთების ფასი ეძვირებათ. ასეთ ხელნაკეთის დამზადება ურთულესი და შრომატევადია. მაგალითად, დრაკონის ბროშს ოთხი თვე ვაწყობდი, იასამნების მოქარგვას კი ექვსი თვე მოვანდომე. ასეთი ბროშების დამზადება ურთულესია, რადგან 3D კონსტრუქციითაა შექმნილი. სურათების დამზადებისას კი განსაკუთრებით რთულია ფერების ბალანსისა და კომპოზიციის ბუნებრიობის მიღწევა. ლენტებით ქარგვის დროს არანაირ ტექნიკას არ ვიყებებ. მე ხომ თვითნასწავლი ვარ, ამიტომ ისე ვმუშაობ, როგორც თავად მასალა და ფანტაზია მკარნახობს. მე ასე მესმის: თუ კომპოზიცია ქსოვილზე ლამაზად "დაჯდა", ე.ი. სწორი ტექნიკაა.

თამარ ისპირიანი მებაღიშვილის ხელნაკეთი სამკაული
თამარ ისპირიანი მებაღიშვილის ხელნაკეთი სამკაული

- რაიმე განსაკუთრებულ პირობასაც ხომ არ იცავთ?

- შრომის გარდა ასეთ ნივთებზე მუშაობა ჩემთვის თავისებური რელაქსაციაა. ყველა ნივთის შექმნის მომენტში განსხვავებულ მუსიკას ვუსმენ, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მათ თავისი მუსიკალური ფონიც “ახლავს“, რაც ამ ნივთს დადებით აურას სძენს. როცა ნივთების კეთება დავიწყე, მაშინ მათ გაყიდვაზე არც მიფიქრია, ჩემთვის ეს გართობა იყო.

თამარ ისპირიანი მებაღიშვილის შემოქმედება
თამარ ისპირიანი მებაღიშვილის შემოქმედება

- რეალიზაციაზე ფიქრი როდის დაიწყეთ?

- როცა ვნახე, რომ ნამუშევარი კარგი გამომდიოდა და ინტერესს იწვევდა. ერთხელ შემომთავაზეს, რომ გამეყიდა და მეც დავთანხმდი, რეალიზაცია არ გამჭირვებია. რაც მთავარია, თავად სულ მეკეთა ბროშები, ასე რომ, ჩემი პროდუქციის PR-მენეჯერიც თავად ვიყავი. ნამუშევრების რეალიზაციაში მეგობრებიც მეხმარებოდნენ, ახლა ინტერნეტ-სივრცითაც ვახერხებ.

ატლასის ლენტებით მოხატული იები
ატლასის ლენტებით მოხატული იები

- ბოლო დროს ბროშები უფრო აქტიურად გაჩნდა ჩვენი ქალბატონების აქსესუარებში...

- რამდენიმე გამოფენაზე ჩემმა გულსაბნევებმა და ბროშებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ გამოფენების მერე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა ქალბატონებმა უფრო აქტიურად დაიწყეს გულსაბნევების შეძენა და გამოყენება. ჩემი შემკვეთები საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები არიან, ვისაც სილამაზის აღქმის უნარი აქვს. ყველა მომხმარებელს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა გვაქვს. ერთიმეორის მოკითხვა და დღესასწაულების მილოცვა არ გვავიწყდება და ეს ძალიან მახარებს.

თამარ ისპირიანი მებაღიშვილის ხელნაკეთი სამკაული
თამარ ისპირიანი მებაღიშვილის ხელნაკეთი სამკაული

- ხელოვნება რაში გეხმარებათ?

- მისი დახმარებით ვახერხებ რეალობიდან გაქცევას ჩემ მიერ შექმნილ სამყაროში, სადაც მე ვარ „ჯადოქარი". ხელოვნება ადგილია, სადაც ფანტაზია და წარმოსახვა რეალობაში გადმოდის და სადაც სასწაულები იქმნება. საბედნიეროდ, მუზა მწყალობს. იმდენი იდეა მაქვს, რომ შეიძლება ღამით ავდგე და ქაღალდზე ესკიზი შევქმნა. ახლა მსოფლიოში ისეთი არეულობაა, რომ მერიდება კიდეც რაიმეზე ვიფიქრო. მთავარია, დედამიწაზე სიმშვიდე და ჰარმონია დამკვიდრდეს. ვოცნებობ, მალე გავიაროთ ეს რთული პერიოდი, მე კი ადამიანების გასახარად კიდევ ბევრ ლამაზ ნივთს შევქმნი...

 

მთავარი თემები