კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – „ბავშვების უმეტესობას უკვე ენატრება გაკვეთილები“

© photo: courtesy of Qeti Bokeriaქეთი ბოკერია კოლეგებთან ერთად
ქეთი ბოკერია კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ყველაზე ბნელი ღამეებიც დასრულდება და მზე ამოვა“ – ასე ამთავრებს თავის ერთ პოსტს აზერბაიჯანელი ეროვნების გოგონა საფა სადიკოვა, რომელიც მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ ორ ენაზე მოუწოდებს.

იმაში, რომ იგი ქართულად ასე კარგად საუბრობს და, რაც მთავარია, თავის მოქალაქეობრივ და ადამიანურ პოზიციასაც გამოხატავს, მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ქეთი ბოკერიას დამსახურებაცაა.

მასწავლებლობა 23 წლის ასაკში თავისი სოფლის მშობლიურ სკოლაში დაიწყო. დღეს ქალაქ რუსთავის N3 საჯარო სკოლაში რუსული და ქართული სექტორის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.

© photo: courtesy of Qeti Bokeriaქეთი ბოკერია
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – „ბავშვების უმეტესობას უკვე ენატრება გაკვეთილები“ - Sputnik საქართველო
ქეთი ბოკერია

- ქალბატონო ქეთი, როგორ გახსენდებათ ის დროს, როცა მასწავლებლობა დაიწყეთ?

- საშუალო სკოლა აბაშის რაიონის სოფელ სამიქაოში დავამთავრე. მასწავლებლად იქვე, 23 წლის ასაკში დავბრუნდი. რაც თავი მახსოვს, მასწავლებელი ვარ, სხვა სფეროში ჩემი თავი ვერც წარმომიდგენია. თუმცა ყოველთვის მასწავლებლობაზე არ ვოცნებობდი და ეს უფრო მამის რჩევა იყო: ქალისთვის უკეთესი საქმე არ არსებობს, რადგან შვილებისთვის ყოველთვის მეტი დრო გექნებაო. მუშაობა 1986 წელს მეზობელი სოფლის საშუალო სკოლაში დავიწყე. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. იყო ავბედითი 90-იანი წლები და ნებისმიერ ამინდში სკოლიდან სკოლაში ფეხით სიარული, რადგან ვიცოდი, რომ მოსწავლეები მელოდნენ...

იმ დროისთვის უკვე ჩემი სოფლის, სამიქაოს სკოლაშიც ვმუშაობდი. სიმართლე გითხრათ, ახლა მახსენდება, რომ თავიდან ცოტათი მეშინოდა კიდეც, რადგან მეგონა, ძალიან რთული იქნებოდა. მე ხომ ჩემი ყოფილი მასწავლებლების გვერდით როგორც კოლეგას, ისე მომიწევდა მუშაობა. თუმცა შევცდი, ისინი ისე მიყურებდნენ, როგორც შვილს, გვერდით მედგნენ და ყველაფერში მაკვალიანებდნენ.

იმ წლებმა, როგორც მასწავლებელს ბევრი რამ შემძინა. როგორც პროფესიონალი კი ფაქტობრივად იქ ჩამოვყალიბდი.

© photo: courtesy of Qeti Bokeriaქეთი ბოკერია კოლეგებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – „ბავშვების უმეტესობას უკვე ენატრება გაკვეთილები“ - Sputnik საქართველო
ქეთი ბოკერია კოლეგებთან ერთად

- დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურას არაქართულ მოსახლეობასაც ასწავლით...

- მოგვიანებით რუსთავში განვაგრძე მუშაობა, ჯერ N2 საჯარო სკოლაში, შემდეგ კი მთელ რუსთავში ცნობილ N3 საჯაროში, რომელიც იმ დროს რუსული სკოლა იყო ახალგახსნილი ქართული სექტორით. მე ორივე სექტორზე ვარ ქართულის მასწავლებელი, ამჟამად რუსულ სექტორზე პატარებს, მეორე და მესამე კლასებს ვასწავლი. პირველი ქართული მე-12 კლასი შარშან გამოვუშვით. რუსულ სექტორზე მოსწავლეთა უმრავლესობა აზერბაიჯანელია, ბევრი მათგანი ქართულ სექტორზეც სწავლობს. ეს მოსწავლეები რუსთაველები და მეზობელი გაჩიანის რაიონის სოფლების მცხოვრებნი არიან. სხვათა შორის, ჩვენთან ამ სოფლებიდან უკვე თაობები სწავლობენ. პირველ წელს ქართულთან ერთად მესამე კლასში რუსულ ენასაც ვასწავლიდი და პირველი გაკვეთილიც სწორედ მათთან მქონდა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ახლაც თითქმის ყოველი დეტალი მახსოვს: პატარების ნათელი, ინტერესით გაფართოებული თვალებიდან დაწყებული, ძველი ხის შენობის სასიამოვნო სუნით დამთავრებული. ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა ბოლომდე გაგვყვა.

© photo: courtesy of Qeti Bokeriaქეთი ბოკერია
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – „ბავშვების უმეტესობას უკვე ენატრება გაკვეთილები“ - Sputnik საქართველო
ქეთი ბოკერია

- რუსულ სექტორზე ბევრია ქართული ენის შესწავლის მსურველი?

- არაქართულენოვანი მოსწავლეების ქართული ენით დაინტერესება წლებთან ერთად იზრდება. ჩვენი სკოლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არაქართულ სექტორზე ქართული ენის სწავლების საქმე ყოველთვის მაღალ დონეზეა. ქართული სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოებით წლებია ვმუშაობთ და წარმატებებსაც ვაღწევთ. ე.წ. კატ-ის გამოცდებზე ჩვენი სკოლის მოსწავლეები რესპუბლიკის მასშტაბით უმაღლეს შედეგებს აჩვენებენ. ბევრი მათგანი უმაღლეს სასწავლებლებშიც ყოველწლიურად აბარებს. მშობლების დაინტერესებაც იზრდება, რაც განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზეა თვალსაჩინო და ეს ფაქტი ძალიან გვახარებს.

© photo: courtesy of Qeti Bokeriaქეთი ბოკერია კოლეგებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – „ბავშვების უმეტესობას უკვე ენატრება გაკვეთილები“ - Sputnik საქართველო
ქეთი ბოკერია კოლეგებთან ერთად

- დღეს სხვების მსგავსად, თქვენც ონლაინ გაკვეთილებზე გადახვედით...

- ონლაინ-სწავლებას, რომელიც აუცილებლობითაა ნაკარნახევი, ჩემი მოკრძალებული აზრით, მინუსი უფრო მეტი აქვს. თავი რომ დავანებოთ ყველასთვის მიუწვდომელ ინტერნეტს, გაუმართავ ან არარსებულ ტექ-საშუალებებს, საჭირო საიტების გადატვირთულობას და სხვ. იგი ვერასოდეს ჩაანაცვლებს ცოცხალ ურთიერთობებს ბავშვებთან, რომლებიც უკვე ძალიან მომენატრნენ. ვერ შეცვლის ცოცხალ ემოციებს და სითბოს, მოკლედ, სიცოცხლეს ვერ შეცვლის. რაც შეეხება ბავშვებს, თავიდან ბევრი აღაფრთოვანა იმ იდეამ, რომ სკოლაში არ ივლიდნენ. ახლა მათ უმეტესობას გაკვეთილები უკვე ენატრება. სავარაუდოდ, ეს ურთიერთობების მონატრებაა, სწორედ იმ ჯანსაღი და ცოცხალი ურთიერთობებისა, ზემოთ რომ აღვნიშნე. იმედია, მალე გადაივლის ყველა განსაცდელი და ისევ შეგვეძლება, რომ საკლასო ოთახებში შევიდეთ და ერთმანეთს ჩავეხუტოთ - პატარები ხომ ასე გამოხატავენ გულწრფელ სიყვარულს...

© photo: courtesy of Qeti Bokeriaქეთი ბოკერია კოლეგებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – „ბავშვების უმეტესობას უკვე ენატრება გაკვეთილები“ - Sputnik საქართველო
ქეთი ბოკერია კოლეგებთან ერთად

- ბოლო დროს მარნეულში შექმნილმა სიტუაციამ როგორ იმოქმედა მოსწავლეებზე?

- ბავშვებმა განსაკუთრებით მტკივნეულად განიცადეს რაც მარნეულში მოხდა. ყველას მსგავსად, ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც ეხმიანებიან მოწოდებას - „დარჩი სახლში“, ისინი ინტერნეტის საშუალებით ხალხს ორივე ენაზე მიმართავენ. იყო უსიამოვნო შემთხვევაც, როდესაც სოციალურ ქსელებში, ზოგიერთმა იკადრა და არაქართულენოვან მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა. ერთ ასეთ პოსტს აზერბაიჯანელი ეროვნების მოსწავლეც საფა სადიკოვაც გამოეხმაურა. ცრემლმორეულმა მოვისმინე მისი ემოციური ვიდეოჩანაწერი, რომელიც ამ თემის საპასუხოდ ატვირთა. მე მჯერა, რომ ასეთი მხოლოდ ერთეული შემთხვევაა, რადგან ეს საქართველოა, სადაც ასეთი გამოხდომები ყოველთვის სამარცხვინოდ ითვლებოდა...

© photo: courtesy of Qeti Bokeriaქეთი ბოკერია კოლეგებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – „ბავშვების უმეტესობას უკვე ენატრება გაკვეთილები“ - Sputnik საქართველო
ქეთი ბოკერია კოლეგებთან ერთად

- ერთხელ გაკვეთილზე...

- ერთხელ გაკვეთილზე? რომელი ერთი გავიხსენო... გამოცდილებას თითქმის ყველა გაკვეთილი გვაძლევს. ბავშვები ისეთი ამოუცნობი და მოულოდნელი არსებები არიან, მათთან ურთიერთობით ბევრს ვსწავლობთ, ამიტომაც მენატრება გაკვეთილები, მოსწავლის ერთი რეპლიკა, ერთი კითხვა და ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ბავშვები „გიკარნახებენ“. შემთხვევებიდან კი ერთს გავიხსენებ:

ზოგადად, ძალიან ემოციური ვარ და, განსაკუთრებით, ლიტერატურის გაკვეთილებზე, ხმის ტემბრიც მაღალი მაქვს. ერთხელ გარეთ გასულმა მოსწავლემ კლასში დასმული კითხვის პასუხი გარედანვე „შემომიტანა“, თან დააყოლა – თქვენი ხმა დერეფანში მესმოდაო. აბა, როგორია?! ამის შემდეგ სულ ვცდილობდი, რომ მეკონტროლებინა ჩემი ხმა, მაგრამ ამან იმდენი ემოცია „შეიწირა“, რომ თავი დავანებე...

- და ბოლოს, როგორია მასწავლებლის სამი „ოქროს წესი“?

- პირველი და მთავარი, განურჩევლად ყველა ბავშვის სიყვარულია, მასწავლებელი სამართლიანი მეგობარი უნდა იყოს, სხვანაირად არ გამოვა, ამას საქმის სიყვარული და თვითგანვითარების მუდმივი სურვილიც დაუმატეთ: ყოველდღე უნდა ისწავლო, რათა სხვას ასწავლო; ნდობა და მიტევება უნდა შეგეძლოს და კიდევ, უნდა გახსოვდეს, რომ თუ მასწავლებლობა გადაწყვიტე, ეს სამუდამოა: ყველგან, ყოველდღე, ყველა სიტუაციაში... სამზე მეტი წესი გამოვიდა, პრინციპში, მეტიც შეიძლება და ყველა მათგანი „ოქროსი“ იქნება. რადგან მასწავლებლობა, ყველაზე მთავარი პროფესიაა, რაზეც ქვეყნის მომავალი რეალურადაა დამოკიდებული...

ყველა ახალი ამბავი
0