00:12 27 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
51210

მიუხედავად იმისა, რომ ყველას ყურადღება დღეს ვირუსის შედეგად შექნილ სიტუაციაზეა მიმართული, იზოლაციაში მყოფი შემოქმედი მაინც  ვერ ჩერდება და ქმნის...

დარწმუნებული ვარ, მათ შორის, ჩვენი რესპონდენტი, ქალბატონი ნინო ჭიოკაძეც არის, მთავარია, საკმარისი რაოდენობის ქვები ჰქონდეს  მომარაგებული...  საქმე ისაა, რომ ეს ქალბატონი საოცარ ნამუშევრებს სწორედ სხვადასხვა ფორმის, ჩვეულებრივი ქვებისგან ქმნის.

თავის დროზე თოიძის სასწავლებელი დაამთავრა. ამის მერე პრაქტიკა რუსთაველისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრში გაიარა. ერთ მშვენიერ დღეს, მასში დროებით მიძინებულმა ხელოვანმა გაიღვიძა და მას მერე თავისი უჩვეულო ნამუშევრებით ყველას აოცებს...

ნინო ჭიოკაძე
ნინო ჭიოკაძე

-ქალბატონო ნინო, „ქვანიჭი“- ასე დაარქვით მიმდინარეობას, რომელიც იშიფრება როგორც ნიჭი, რომელიც ქვისგანაც ქმნის, ასეა?

- დიახ, ასეა. ეს სახელი მართლა ჩემი შერჩეულია, რაღაც ხომ უნდა დამერქვა? ასეთი საოცრება მაშინ, ორი წლის წინ, არსად მქონდა ნანახი. თუმცა დღეს როცა ინტერნეტში შევდივარ და ქვისგან დამზადებულ ულამაზეს ნივთებს ვნახულობ, ვხვდები, რომ მსგავს ნივთებს ჩემამდეც აკეთებდნენ.

ნინო ჭიოკაძის შემოქმედება
ნინო ჭიოკაძის შემოქმედება

- როგორ გაჩნდა სურვილი როგორც  „სახატავი“ მასალა ქვები გამოგეყენებინათ?

- იმ პერიოდში ჩემმა შვილმა სილამაზის სალონი გახსნა. სალონს წინ ეზო ჰქონდა. ჩემს გოგოს ძალიან უნდოდა, რომ ის ადგილი რაღაცით გაელამაზებინა. იცის, რომ რაღაცეები მეხერხება და მთხოვა, იქნებ, მიდამო შენებურად ლამაზად მოაწყოო. ეზოში ჩვეულებრივი ქვები ეყარა და მათი შემყურე უცებ იდეა გამოჩნდა. ავდექი და ეს ქვები წრეზე შემოვაწყვე და ეზო მოვაპირკეთე. იქაურობა ჩემი ფანტაზიით მოვუწყე და როცა ნახეს, ყველას მოეწონა. რაც მაშინ გავაკეთე ნაწილი ბავშვებმა მოიპარეს, ნაწილი დროთა განმავლობაში წაიშალა და დღეს უკვე აღარ არსებობს.

ნინო ჭიოკაძე
ნინო ჭიოკაძე

-ცალკეული ნივთების დამზადება ქვებისგან როდის დაიწყეთ?

- წარმოსახვა და ფანტაზია ყოველთვის მქონდა. ერთხელ როცა ქვებს ვათვალიერებდი, ერთი მათგანი ჭიამაიას მივამსგავსე, ავიღე ფრჩხილის ლაქი და კოპლები მივუხატე. მერე ეს ჭიამაია მწვანე ბალახებში ჩავდე. ქვის ხატვის პროცესი ძალიან მესიამოვნა. პროფესიით თეატრის გრიმიორი ვარ და დაახლოებით ამ ტიპის საქმეს ისედაც ვაკეთებდი, ოღონდ, იქ ჭიამაიად მსახიობს ვაქცევდი ხოლმე. აქ კი ქვებს ვუკეთებ „გრიმს“ და ჭიამაიად ვაქცევ. საერთოდ გრიმის საშუალებით ყველაფრის გაკეთება შეიძლება...

ნინო ჭიოკაძის შემოქმედება
ნინო ჭიოკაძის შემოქმედება

-მას მერე დაიწყეთ ქვების ცხოველებად, ფრინველებად და ადამიანებად გადაქცევა?

- დავიწყე პატარა ქვების და კენჭების მოხატვა მარწყვებად, ყვავილებად და თევზებად. ასეთები ადრეც მეხერხებოდა, მაგრამ როცა ოჯახის შევქმენი, იმ პერიოდში არაფერი გამიკეთებია. ერთ მშვენიერ დღეს, ამ ნიჭის გაღვიძებით ისეთი გაკვირვებული დავრჩი, ვერ წარმოიდგენთ. ახლა 58 წლის ვარ და ეს პროცესი ძალიან მომწონს.

ნინო ჭიოკაძის შემოქმედება
ნინო ჭიოკაძის შემოქმედება

-ალბათ ქვებს ჩვეულებრივი საღებავებით არ ხატავთ?

- ქვებზე გუაშით ან აკრილით ვხატავდი და მერე ლაქს ვუსვამდი, რომ ფერები შეენარჩუნებინა. მოგვიანებით ქვის ლაქი ვიყიდე და იმას ვუსვამდი. ნელ-ნელა მიმდევრებიც გამომიჩნდნენ. ერთმა კახელმა ბიჭმა დამირეკა და მითხრა: თქვენი ნამუშევრების გვერდი ვნახე და მეც გამიჩნდა იდეა, რომ მსგავსი რამ გამეკეთებინაო. ახლა ისიც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.

ნინო ჭიოკაძის შემოქმედება
ნინო ჭიოკაძის შემოქმედება

- გამოფენებზე გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

-  მონაწილეობა მაქვს მიღებული „ქარვასლაში“ გამართულ გამოფენაში, რომელიც მეწარმეთა კავშირმა ჩაატარა. მაშინ ჩემი რამდენიმე ნამუშევარი გაიყიდა, შემდეგ აუტიზმით დაავადებულთა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე მივიღე მონაწილეობა. იქ კარგი მეგობრები: მხატვარი, ნინო ბაჯელიძე და ამ ასოციაციის ხელმძღვანელი, სოფო კერესელიძე შევიძინე. საერთოდ გამოფენებზე გამოჩენა თავიდან ჩემი შვილების დამსახურებაა, განსაკუთრებით ანასი. ჩემმა მეზობელმა, ქალბატონმა ანი ოქიტაშვილმა, რომელიც ზურაბ წერეთლის მუზეუმის დირექტორის მოადგილეა, გამოფენაზე სერიოზულ მხატვრებთან მიიწვია. მაშინ ამ ტიპის ნამუშევრების ხილვა ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო. ყველა იმეორებდა: მსგავსი არაფერი გვინახავსო და ეს ძალიან მახარებდა.

ნინო ჭიოკაძის შემოქმედება
ნინო ჭიოკაძის შემოქმედება

- წარმომიდგენია, ზღვის სანაპიროზე ქვებსა და კენჭებს შორის რამდენ რაიმეს ან ვინმეს „აღმოაჩენთ“...

- ვინც ეს ამბავი იცის, ჩემთან ზღვიდან და მთიდან ბევრი ქვა მოაქვს. თუმცა მაინცდამაინც ახლა როცა ეს საქმე დავიწყე, ზღვაზე წასვლა ვერ ხერხდება. მომავალში, როცა ყველაფერი კარგად იქნება, ამას ვგეგმავ და ვიცი, რომ სანაპიროზე ბევრ ნამუშევარს გავაკეთებ. აქ თუ ერთ ადგილას მარტო ერთ ფიგურას ვპოულობ, მეორეს- სხვაგან, ზღვაზე ალბათ ყველაფერი ერთად იქნება. ასე რომ, ვიცი, შთაგონება ადვილად მეწვევა, მუშაობა კი საინტერესო და სასიამოვნო იქნება...

 

მთავარი თემები