17:37 31 მარტი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6363
  • 100 RUB4.1226
  • USD3.2845
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
41750

მეთოჯინე ქეთევან არევაძე რუსთავში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. თოჯინების შექმნა ორი წლის წინ დაიწყო. მანამდე ამაზე არასოდეს უფიქრია.

მის მიერ შექმნილი თოჯინები თმახუჭუჭა, წითური გოგონები არიან, რომლებიც გულგრილს არავის ტოვებენ. ქალბატონ ქეთევანს თავისი შექმნილი თოჯინები ცხოვრებას ულამაზებენ, სხვა ადამიანებს კი დიდ სიამოვნებას ანიჭებენ. ეს უკვე ხელოვნებაა...

ქეთი არევაძე
ქეთი არევაძე

- თოჯინების შექმნა როდის დაიწყეთ? ალბათ ამ საქმემ რომ გაგიტაცათ, ამას თავისი ახსნაც ექნება...

- თოჯინების შექმნით სრულიად შემთხვევით დავინტერესდი. სკოლაში ჩემს გოგონას დაავალეს, რომ ხელით რომელიმე შინაური ცხოველი გაეკეთებინა, რაშიც მშობელი უნდა დახმარებოდა. მოვიძიე ინტერნეტში იდეები და დავიწყეთ კურდღლის გაკეთება, რომელიც ძალიან საყვარელი გამოგვივიდა. იდეების ძიების პროცესში შემთხვევით აღმოვაჩინე იტალიელი ქალბატონის ვიდეო, რომელიც ქმნიდა საოცარ თოჯინებს. ეს ქალბატონი, ცხადია, საუბრობდა იტალიურად და გვაჩვენებდა ვიდეოგაკვეთილებს. იმდენად გამიტაცა ამ ვიდეომ და ამ ქალბატონის საოცრებებმა, დავიწყეე მოძიება, თუ რითი შეიძლებოდა გამეკეთებინა თოჯინა. ჩემი თოჯინა იმ ქალბატონის თოჯინებისგან სრულიად განსხვავებულია და ჩემეული ვარიანტია, ის არ ჰგავს არავისას.

2018 წლის ნოემბერში დავიწყე თოჯინების შექმნა და ვცდილობ ყოველდღიურად დავხვეწო თითოეული დეტალი.

ქეთი არევაძის შემოქმედება
ქეთი არევაძის შემოქმედება

- თქვენი თოჯინები თმახუჭუჭა, ფერადი გოგონები არიან. რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ისინი?

- ძალიან მიყვარს ხუჭუჭა თმები. წითურ თმებზე ვგიჟდები და ალბათ ამან იქონია გავლენა ჩემს ნამუშევრებზე.

- რა მასალით ქმნით თოჯინებს?

- თოჯინები იქმნება ძირითადად ნატურალური ქსოვილებისგან. მათი სიმაღლე დაახლოებით 32-33 სმ-ია. ქვედაბოლოების შესაკერად ვიყენებ ტულს.

- რთული არაა მცირე ზომის თოჯინების შექმნა?

- რთული არაა, პირიქით, ეს პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მართალია, კერვა არ ვიცი, მაგრამ ტანსაცმელსაც მე თვითონ ვკერავ მათთვის.

ქეთი არევაძის შემოქმედება
ქეთი არევაძის შემოქმედება

- გამოდის, მათი დიზაინერიც თქვენ ხართ.

- დიახ.

-  როგორ ფიქრობთ, რა გრძნობას აღძრავენ თქვენი თოჯინები ადამიანებში, ახალ პატრონებში?

- ძალიან ბევრი ადამიანი, დიდი თუ პატარა გავახარეთ მე და ჩემმა თოჯინებმა. მიათმაგდება მოტივაცია, როდესაც აღფრთოვანებული მშობლები მწერენ, რომ მათი შვილი ძალიან ბედნიერი და გახარებულია. ალბათ მხოლოდ სასიამოვნო გრძნობას აღძრავენ ჩემი თოჯინები მნახველში. თითოეულ თოჯინას მთელი სულით და გულით ვქმნი, მთელ ემოციას, გრძნობებს ვდებ  მათში და ბედნიერებას მანიჭებს თითოეული მათგანი.

ქეთი არევაძის შემოქმედება
ქეთი არევაძის შემოქმედება

- პატარა გოგონა გყავთ, მას როგორ მოსწონს თქვენი ნამუშევრები?

- ჩემი გოგონა და მეუღლე ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებლები არიან. ჩემს შვილს ძალიან მოსწონს ჩემი თოჯინები. მათ შემდეგაა ჩემი მეგობარი, რომელთანაც ნამუშევრის პირველი ფოტო იგზავნება. დასრულებულ ვარიანტს ყოველთვის მას ვუგზავნი.

ქეთი არევაძის შემოქმედება
ქეთი არევაძის შემოქმედება

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, რა სიახლეებს ჰპირდებით თქვენ გულშემატკივრებს?

- სიახლე ისაა, რომ დავიწყე რბილი სათამაშოების კერვა. ჩემი თოჯინები ძირითადად ინტერიერის გასალამაზებლად არის გათვლილი. პატარები ვერ ითამაშებენ ამ თოჯინებით, ის უფრო მოზრდილებზეა გათვლილი. ხოლო რბილი სათამაშოები, რომლის კერვაც ახლა დავიწყე, ყველა ასაკის პატარისთვის იქნება განკუთვნილი.

მთავარი თემები