იტალიური კლინიკის ქართველი ექიმი და მზრუნველი სინიორა ანა-მარია

© photo: courtesy of Tekla Chagelishviliთეკლა ჩარგეიშვილი იტალიაში
თეკლა ჩარგეიშვილი იტალიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს იტალიაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს თეკლა ჩარგეიშვილს გაგაცნობთ.

ისევე, როგორც ბევრი მისი თანატოლი, ექიმობაზე ისიც ბავშვობიდან ოცნებობდა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა. სწავლის ექვსი წლის განმავლობაში პრეზიდენტის სტიპენდიანტი იყო. ცხოვრების იტალიური პერიოდი მას შემდეგ დაეწყო, რაც ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამით იტალიაში, ქალაქ პავიას უნივერსიტეტში მოხვდა.

დღეს თეკლა პავიას სალვატორე მაუჯერის სახელობის ლაბორატორიასა და კლინიკაში მუშაობს მსოფლიო დონის ექიმთან და მეცნიერთან, პროფესორ სილვია პრიორისთან, რომელიც მოლეკულური კარდიოლოგიის ლაბორატორიისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელია. პროფესორმა პრიორიმ ქართველი ინტერნი მასთან პირველივე გასაუბრებით მიიღო. აქვე გეტყვით, რომ თეკლას სადიპლომო თემა ერთ-ერთ იშვიათ გენეტიკურ დაავადებას ეხება.

© photo: courtesy of Tekla Chargeishviliთეკლა ჩარგეიშვილი
იტალიური კლინიკის ქართველი ექიმი და მზრუნველი სინიორა ანა-მარია - Sputnik საქართველო
თეკლა ჩარგეიშვილი

- თეკლა, მოდი, საუბარი იმით დავიწყოთ, რაც ყველას გვაღელვებს – იტალიაში ამ გართულებულ ფონზე როგორია თქვენი ყოველდღიურობა და ურთიერთობები?

- ახლა, როცა ყველას სახლში ყოფნა გვიწევს, უფრო დიდ დროს ვატარებ ჩემს მეზობლებთან, რომელთაც ადრე, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, თითქმის ვერ ვხედავდი. მეგობრები და კოლეგები, ვის ნახვასაც ვერ ვახერხებ, ხშირად მირეკავენ და მკითხულობენ. ზოგჯერ სამაგიდო თამაშების ვირტუალურ შეხვედრებსაც ვაწყობთ. თანადგომის დეფიციტი არადროს მიგძვნია არც სამუშაო და არც მეგობრების წრეში. ამბობენ, ჩრდილოეთ იტალიაში უფრო ცივი ხალხიაო, მაგრამ ჩემს ირგვლივ მყოფებზე ამას ვერ ვიტყვი. მინდა მოგიყვეთ ერთ ძალიან კარგ ქალბატონზე, რომელიც მდივანია იმ კლინიკაში, სადაც დიპლომზე ვმუშაობდი. ქალბატონ ანა-მარიას ყველა დედას ეძახის თავისი განსაკუთრებული მზრუნველობის გამო, რასაც ჩემს მიმართ კიდევ უფრო გადაჭარბებულად იჩენს. ძალიან შეწუხებულია ჩემი სიგამხდრით. ერთხელ ზედმეტად დაღლილი მოვეჩვენე და მკითხა, წუხელ თუ ივახშმეო. ვუპასუხე, სახლში გვიან მივედი საავადმყოფოდან და პირდაპირ დასაძინებლად დავწექი–მეთქი. ამაზე ძალიან შეწუხდა და დამარიგა, თუ როგორ უნდა გავიმზადო შაბათ-კვირას საჭმელი მთელი კვირისთვის. თუმცა ეს არ იკმარა, მეორე დღეს კონტეინერებით მომიტანა რაგუ და მოხარშული პასტა, გახარებულმა მომცა და მითხრა – ამას მხოლოდ ერთმანეთში არევა უნდა და არ დაგეზაროსო. ჩემი დიპლომის დაცვის ცერემონია, რაც იტალიაში მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება და რომელსაც ესწრება ხოლმე მთელი ოჯახი, სანათესაო და სამეგობრო, თებერვლის ბოლოს იყო დაგეგმილი. ამ დღისთვის ჩემი მშობლები, ძმა და მამიდაშვილი ჩამოვიდნენ. ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში გავიგეთ, რომ ღონისძიება ჩაიშალა.

© photo: courtesy of Tekla Chargeishviliმეგობართან ერთად
იტალიური კლინიკის ქართველი ექიმი და მზრუნველი სინიორა ანა-მარია - Sputnik საქართველო
მეგობართან ერთად

- ჩაშლის მიზეზი ეპიდემია გახდა...

- დიახ, ეს იყო ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების საწყის ეტაპზე. ანა-მარიას დაჟინებული მოთხოვნით მთელი ეს „დელეგაცია“ წავიყვანე მასთან კლინიკაში, სადაც ანა-მარია თოვლის ბაბუის ამპლუაში მოგვევლინა: მამაჩემს ადგილობრივი ღვინოები გადასცა, დედაჩემს – სპეციალურად მისთვის შეკვეთილი სამკაულები. არც მე დავრჩენილვარ საჩუქრის გარეშე. მოკლედ, ნამდვილი ზეიმი მოგვიწყო, აი, ასეთი თბილი და ემოციური ხალხია...

© photo: courtesy of Tekla Chargeishviliთეკლა ჩარგეიშვილი
იტალიური კლინიკის ქართველი ექიმი და მზრუნველი სინიორა ანა-მარია - Sputnik საქართველო
თეკლა ჩარგეიშვილი

- საქართველოში ექიმობაზე ბევრი გოგო ოცნებობს ბავშვობიდან, როგორც ჩანს, თქვენც მათ რიცხვი აღმოჩნდით...

- ექიმობა მეთორმეტე კლასში გადავწყვიტე. თბილისის 57-ე სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. ოჯახში ჩემს გადაწყვეტილებას, ექიმი გავმხდარიყავი, დიდი სიხარულით არ შეხვდნენ. დედას სამედიცინო აქვს დამთავრებული და კარგად იცის რამდენი წვალება და ფინანსური თანადგომა სჭირდება ამ სფეროში კარგ პროფესიონალად ჩამოყალიბებას. მიუხედავად ამისა, ჩემთვის წინააღმდეგობა მაინც არ გაუწევია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩავირიცხე. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მესამე კურსიდან მოყოლებული რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ჩაფიძის კლინიკაში აქტიურად დავდიოდი მორიგეობებზე.

© photo: courtesy of Tekla Chargeishviliმეგობრებთან ერთად
იტალიური კლინიკის ქართველი ექიმი და მზრუნველი სინიორა ანა-მარია - Sputnik საქართველო
მეგობრებთან ერთად

- იტალიის უმაღლეს სასწავლებელში როგორ აღმოჩნდით?

- მეხუთე კურსის ბოლოს, ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებაში ცოტა მრავალფეროვნების შეტანის მიზნით, გაცვლითი პროგრამების სიას გავეცანი და დამატებითი ინფორმაციისთვის მივმართე ქალბატონ ნინო კანდელაკს, რომელიც თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში მხოლოდ ერთი ინგლისურენოვანი პროგრამა იყო – იტალიაში, ქალაქ პავიის უნივერსიტეტში. გადავწყვიტე, ბედი მეცადა და თანხმობა მივიღე. ამის მერე იტალიურის სწავლა დავიწყე აქტიურად. 2017 წლის სექტემბრიდან ექვსი თვე პავიაში გავატარე. ლექციები და გამოცდები ინგლისურ ენაზე მქონდა, თუმცა იტალიურის სწავლას მაინც ვაგრძელებდი, რადგან კლინიკაში ყოფნაც მიწევდა. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე კარგი მეგობარი შევიძინე, რომლებიც შემდეგ საფეხურებზეც ძალიან დამეხმარნენ. ჯერ კიდევ თბილისში დაბრუნებამდე გამიჩნდა იდეა, რომ რეზიდენტურა იტალიაში გამეგრძელებინა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ არცთუ ისე მოწესრიგებულია ვითარება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი გზა, რასაც რეზიდენტურა წარმოადგენს, საზღვარგარეთ გამევლო.

© photo: courtesy of Tekla Chargeishviliმეგობართან ერთად
იტალიური კლინიკის ქართველი ექიმი და მზრუნველი სინიორა ანა-მარია - Sputnik საქართველო
მეგობართან ერთად

- იტალიაში ქართული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს არ აღიარებენ...

- დიახ, ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, იტალიაში დიპლომის აღიარებას განუსაზღვრელი ვადა დასჭირდებოდა და, დიდი ალბათობით, შემდეგ მაინც მომიწევდა გარკვეული გამოცდების ჩაბარება. ამიტომ მირჩიეს რომელიმე იტალიურ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მომეთხოვა საგნების აღიარება და გამევლო ის საგნები, რასაც დამიმატებდნენ. ასეც მოვიქეცი. ეს იოლი პროცესი ნამდვილად არ ყოფილა, არც ბიუროკრატიული თვალსაზრისით და არც გამოცდისთვის მომზადების მხრივ. მეცადინეობა თბილისში ჩამოსვლისთავანავე დავიწყე. იტალიური ჯერ კიდევ არ ვიცოდი კარგად, ამიტომ როგორც მასალის, ისე ენის სწავლა ერთდროულად მიწევდა. 2018 წლის სექტემბერში ისევ ჩავედი იტალიაში გამოცდის ჩასაბარებლად. აუცილებელი იყო, რომ იტალიურენოვან ფაკულტეტზე ჩამებარებინა. უცხოელებისთვის მხოლოდ ორი ადგილი იყო პავიას უნივერსიტეტში, რომელიც ჩემ სიაში პირველი მეწერა. გამოცდა ძალიან სტრესული იყო, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ჩავირიცხე...

© photo: courtesy of Tekla Chargeishviliთეკლა ჩარგეიშვილი
იტალიური კლინიკის ქართველი ექიმი და მზრუნველი სინიორა ანა-მარია - Sputnik საქართველო
თეკლა ჩარგეიშვილი

- თანაც ისიც მოახერხეთ, რომ მოიპოვეთ სტიპენდია, რომელმაც უნივერსიტეტში სწავლის და ცხოვრების ხარჯები დაგიფარათ...

- დიახ, ასე მოხდა. გავლილი საგნების უდიდესი ნაწილის აღიარების შემდეგ შევუდექი მუშაობას ყველა იმ პუნქტის შესასრულებლად, რაც იტალიური დიპლომის ასაღებად იყო საჭირო. რამდენიმე გამოცდასა და კლინიკურ როტაციასთან ერთად მომეთხოვებოდა რაიმე კვლევით პროექტში ჩართვაც და მასალების შეგროვება თეზისის დასაწერად. ვინაიდან კარდიოლოგიით ვარ დაინტერესებული, ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს პროფესორი სილვია პრიორის დეპარტამენტში მივსულიყავი, რომელიც მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერია და მოლეკულური კარდიოლოგიის ლაბორატორიისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელია პავიას სალვატორე მაუჯერის სახელობის კლინიკაში. პროფესორი პრიორი დამთანხმდა გასაუბრებაზე და სიამოვნებით მიმიღო ინტერნად. ჩემი სადიპლომო ნაშრომი ერთ-ერთ იშვიათ გენეტიკურ დაავადებას შეეხება. ამ დეპარტამენტში, სადაც თითქმის მთელ დღეს ვატარებდი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, პროფესორი პრიორის, ექიმი ანდრეა მაცანტის და ამ გუნდის სხვა წევრების დახმარებით გენეტიკურად განპირობებული არითმული დაავადებების სფეროში უდიდესი გამოცდილება და ცოდნა შევიძინე. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ თავიდან, ახალჩამოსულზე, როცა ყველა და ყველაფერი უცხოა, როცა ცხოვრებაში პირველად მომიწია დამოუკიდებლად ცხოვრება, ადვილი არაფერი ყოფილა...

© photo: courtesy of Tekla Chargeishviliთეკლა ჩარგეიშვილი
იტალიური კლინიკის ქართველი ექიმი და მზრუნველი სინიორა ანა-მარია - Sputnik საქართველო
თეკლა ჩარგეიშვილი

- იტალიელ პაციენტებს როგორი ურთიერთობა აქვთ ქართველ ექიმთან?

- საავადმყოფოში მისვლის პირველივე დღიდან ჩვეულებრივად ჩამრთეს ყოველდღიურ საქმიანობაში: მომაბარეს კონკრეტული პაციენტი და დამავალეს ანამნეზის შეკრება, პაციენტის გასინჯვა და ისტორიის დაწერა. თავიდან ყოველივე ეს დიდ დროს და ენერგიას მოითხოვდა, წინასწარ ვამზადებდი შეკითხვებს, საათებს ვატარებდი რამდენიმეგვერდიანი ანამნეზისა და ჩატარებული კვლევების შედეგების წერაში. ჩემი კოლეგები მოთმინებით კითხულობდნენ ჩემ დაწერილს, მისწორებდნენ და მიხსნიდნენ შეცდომებს. ამის წყალობით უკვე რამდენიმე თვეში თავს უფრო ლაღად ვგრძნობდი პაციენტებთან საუბრისას. მათი დიდი ნაწილი მორიდებით ინტერესდება ხოლმე ჩემი წარმომავლობით და საუბარს ასეთი ფრაზით იწყებენ ხოლმე: „ექიმო, თქვენი აქცენტი იტალიის ვერც ერთი კუთხისას ვერ მივამსგავსე და იტალიელი არ უნდა იყოთ“. მერე დაწვრილებით მეკითხებიან  საქართველოზე...

- სამშობლოში ჩამოსვლა თუ შედის თქვენს გეგმებში?

- რამდენიმე დღის წინ უმაღლესი შეფასებით ჩავაბარე ბოლო, შემაჯამებელი გამოცდა – დიპლომის დაცვა. შემდეგი ეტაპი რეზიდენტურის გამოცდაა, რომელიც, წესით, ზაფხულში უნდა ჩატარდეს. რეზიდენტურის გავლის შემდეგ კი დიდი სურვილი მაქვს, რომ მუშაობა საქართველოში გავაგრძელო. თუმცა კონკრეტულ გეგმებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევი მეჩვენება. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები ჩემს პატარ-პატარა მიზნებს და ვნახავ სანამდე მიმიყვანს. ვცდილობ მაქსიმალურად ხშირად და დიდი ხნით ჩავიდე ხოლმე სახლში და ამას ჯერჯერობით ვახერხებ, ამიტომ თავს ემიგრანტად არ ვთვლი.

- იტალიამ როგორ „დაგანახათ“ სამშობლო?

- უცხოეთში ყოფნამ უკეთ დამანახა ჩვენი ქვეყნის სილამაზე და უფრო მეტად დამაფასებინა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, სხვანაირად შემაყვარა ქართული სიმღერები. ამას წინათ, როცა აქ მყოფი ქართველები შევიკრიბეთ და საუბარი საყვარელ კერძებზე ჩამოვარდა, უმრავლესობამ დავასახელეთ მჭადი, ლობიო, ტყემალი, ჯონჯოლი... მეც მაქვს ჩემთვის საყვარელი პროდუქტების სია, რასაც აქ ვერ ვყიდულობ და ყოველთვის მომაქვს ხოლმე სახლიდან. ჩემს ოჯახს ყოველდღე ვესაუბრები, ყველაზე მეტად მათთან ერთად ყოფნა და საღამოობით ფილმების ერთად ყურება მენატრება...

ყველა ახალი ამბავი
0