ქართული საგვარეულო მალამოები ამერიკაში და სვეტლანა ალილუევას წინასწარმეტყველური სიტყვები

© photo: courtesy of Maia Janashia Smithმაია ჯანაშია სმიტი
მაია ჯანაშია სმიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცისანა ჯანაშია თბილისში მისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ქალბატონი გახლდათ არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ საქმიანობიდან გამომდინარეც.

მის მიერ შექმნილი ტანისამოსის მოდელები, არასერიული წარმოების კაბები საბჭოური მოდის სტანდარტებისგან შორს იყო, ამიტომ ისინი ჩვენში ერთეულებს, გემოვნებიან მოქალაქეებს ეცვა.  

თუმცა ამჯერად სხვა ამბავი გვსურს მოგიყვეთ – ისტორია იმაზე, თუ როგორ გახდა სტალინის ქალიშვილის ქება მომავალი საქმიანობის დაწყების სტიმული. ამას გარდა, ქართულ ოჯახში თაობიდან თაობაში გადაცემული საგვარეულო რეცეპტებით დამზადებული მალამოები რა გზით და როგორ მოხვდა ამერიკაში.

© photo: courtesy of Maia Janashia Smithცისანა ჯანაშია და მისი ქალიშვილი მაია ჯანაშია-სმიტი
ქართული საგვარეულო მალამოები ამერიკაში და სვეტლანა ალილუევას წინასწარმეტყველური სიტყვები - Sputnik საქართველო
ცისანა ჯანაშია და მისი ქალიშვილი მაია ჯანაშია-სმიტი

- ქალბატონო ცისანა, ვისგან გადმოგეცათ სახის მოვლის საშუალებების საგვარეულო რეცეპტები?

- დედაჩემის ბებია, მაჭავარიანის ქალი განთქმული ყოფილა შინაური წამლების, მალამოებისა და სახის მოვლის სხვადასხვა საშუალებების დამზადებით. დედა იგონებდა, რომ მას დიდი კიდობანი სავსე ჰქონდა მრავალი მინერალით, ფხვნილითა და სითხეებით. მისი მალამოებით იმ დროს ბევრი ქალბატონი კმაყოფილი და მადლიერი იყო. იმ დროს ამდენი საშუალება არ იყო, არადა ქალბატონებს სურდათ გალამაზება, ბებია მათ ამ საქმეში უწევდა დახმარებას. დედას ნაწილობრივ შეუსწავლია ბებიის საქმე და ქუთაისში წასულა სასწავლებლად. როცა ბებია გარდაიცვალა, მისი საქმის გამგრძელებელი არავინ დარჩა.

© photo: courtesy of Maia Janashia Smithცისანა ჯანაშია საგვარეულო რეცეპტით სახის მოვლის საშუალებების დამზადების დროს
ქართული საგვარეულო მალამოები ამერიკაში და სვეტლანა ალილუევას წინასწარმეტყველური სიტყვები - Sputnik საქართველო
ცისანა ჯანაშია საგვარეულო რეცეპტით სახის მოვლის საშუალებების დამზადების დროს

- მაშინდელ თბილისში კოსმეტოლოგია ერთეულებს ჰქონდა შესწავლილი, რომელიმე ქალბატონი ხომ არ გახსენდებათ?

- მახსოვს, ბავშვობაში ვერაზე ხშირად ვსტუმრობდით მეზობლად მცხოვრებ ცნობილ კოსმეტოლოგ ქალბატონს ქეთო იაშვილს. ეს ის ადამიანია, რომელმაც თავისი მშობლიური ქალაქის თელავის მუზეუმს უმდიდრესი ნახატების კოლექცია გადასცა საჩუქრად. იმ პერიოდში თბილისში არ იყო კოსმეტიკური საშუალებები და აქ მხოლოდ ერთეული სპეციალისტები მოღვაწეობდნენ. ქეთი იაშვილი ძალიან პოპულარული იყო. როდესაც მასთან მივდიოდი, ჩემთვის ეს სხვა სამყაროში მოხვედრას ნიშნავდა. მის ოჯახში ქალაქის ბევრ ლამაზმანს ვხედავდი, ფოტოებსა და სურათებს ვათვალიერებდი და იქიდან წამოსვლა არ მინდოდა. ქალბატონ ქეთო იაშვილთან დაახლოებამ დიდად განაპირობა დედაჩემის ოცნების ასრულება.

© photo: courtesy of Maia Janashia Smithცისანა ჯანაშია მისივე ნამუშევრებთან ერთად
ქართული საგვარეულო მალამოები ამერიკაში და სვეტლანა ალილუევას წინასწარმეტყველური სიტყვები - Sputnik საქართველო
ცისანა ჯანაშია მისივე ნამუშევრებთან ერთად

- ანუ დედამ საგვარეულო მალამოების დამზადება დაიწყო?

- დიახ, დედას ოცნებად ჰქონდა, რომ კოსმეტოლოგია შეესწავლა. მახსენდება, დედა ამ თემაზე ქალბატონ ქეთოსთან ხშირად საუბრობდა. ერთხელ მას ბებიის რეცეპტებიც გაუზიარა. ყველა ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ მან კოსმეტოლოგიის კურსები დაამთავრა, საჭირო საბუთი აიღო და ოცნება აისრულა. რაღაც დროის მერე საგვარეულო რეცეპტებისა და პირადი გამოცდილების წყალობით დედამ ძალიან კარგი მალამოების დამზადება დაიწყო. მე ეს საქმე არასოდეს მაინტერესებდა, თუმცა დედას ყოველთვის უნდოდა, რომ მეც მესწავლა. მე ფიზიკა უფრო მომწონდა. აი, ჩემი ქალიშვილი კი ამ საქმით მართლა დაინტერესდა.

© photo: courtesy of Maia Janashia Smithდედა შვილი ცისანა ჯანაშია და მაია ჯანაშია-სმიტი
ქართული საგვარეულო მალამოები ამერიკაში და სვეტლანა ალილუევას წინასწარმეტყველური სიტყვები - Sputnik საქართველო
დედა შვილი ცისანა ჯანაშია და მაია ჯანაშია-სმიტი

- ამ საქმეში მისი ჩაბმა როგორ მოხდა?

- ცხოვრებაში ზოგჯერ ისე ხდება, რომ ვიღაცის ნათქვამი ერთი გამამხნევებელი ფრაზაც კი შეიძლება ახალი საქმის დაწყების სტიმულად იქცეს. ეს შეხვედრა მოხდა თბილისში, საბურთალოზე, ბულაჩაურის ქუჩაზე, სადაც დედა, ჩემი ძმა და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ. ჩემი რძალი, ნათელა ბერძენიშვილი მუსიკის მასწავლებელი იყო. ჩვენი მისვლის დროს ის მუსიკაში 14-15 წლის გოგონას ამეცადინებდა. გოგოს იქვე ელოდებოდა 60 წლის ქალბატონი, რომელიც მის დედად ვერ წარმოვიდგინე. აღმოჩნდა, რომ ესენი იყვნენ დედა-შვილი სვეტლანა ალილუევა და მისი ქალიშვილი ოლგა, რომელიც მაშინ მაიკოს ასაკის იყო. ისინი რუსულად ლაპარაკობდნენ. მაშინ ქართველს ჰგავდა, იერი ამერიკაში ჩასვლის მერე შეეცვალა.

© photo: courtesy of Maia Janashia Smithპრეზენტაციაზე, კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტის მერთან ერთად
ქართული საგვარეულო მალამოები ამერიკაში და სვეტლანა ალილუევას წინასწარმეტყველური სიტყვები - Sputnik საქართველო
პრეზენტაციაზე, კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტის მერთან ერთად

- ისინი 80-იან წლებში საქართველოში ცხოვრობდნენ...

- დიახ, მაშინ მათთან საუბარში გავარკვიე, რომ ამერიკიდან ახლახან დაბრუნდნენ. მე მოდელებს ვქმნიდი და ტანსაცმელს ვკერავდი. აქვე შეგახსენებთ, რომ იმ დროს ჩვენთან ასეთი კერძო საქმიანობა იბეგრებოდა და იკრძალებოდა. როცა ეს ამბავი გაიგო, სვეტლანამ კაბა შემიკვეთა. როცა შემდეგ შეხვედრაზე მას ჩემ მიერ შექმნილი სამოსი შევუტანე, ძალიან მოეწონა. მახსოვს, დედამაც პატივი სცა და თავისი დამზადებული მალამოები გადასცა. სვეტლანამ გაოცებულმა გვითხრა, ეს რა ნიჭიერი ხალხი ხართ, ამერიკაში რომ იყოთ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევდითო. მაშინ მაიკომ წამოიძახა – მე წავალ ამერიკაში, იქ ყველაფერს გავაკეთებ და წარმატებასაც მივაღწევო! მაშინ მის ნათქვამს ყურადღება არ მივაქციეთ, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა ასე მოხდა. წლების მერე ჩემი ქალიშვილი ჩავიდა ამერიკაში, სადაც სამკერვალოც გახსნა და კიდევ ბევრი რამ გააკეთა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. ზოგჯერ პატარა შეძახილს მართლა შეუძლია, რომ სტიმული მოგცეს და დიდი საქმის საწინდარი გახდეს.

© photo: courtesy of Maia Janashia Smithდედასთან, ცისანა ჯანაშიასთან ერთად
ქართული საგვარეულო მალამოები ამერიკაში და სვეტლანა ალილუევას წინასწარმეტყველური სიტყვები - Sputnik საქართველო
დედასთან, ცისანა ჯანაშიასთან ერთად

- საგვარეულო მალამოების ბედი როგორ გადაწყდა?

- ახლავე მოგახსენებთ, მაიკომ რაც გააკეთა, ამას არ დასჯერდა – ძირფესვიანად შეისწავლა დედაჩემის, ანუ მისი ბებიის მარიამ თოდაძის საგვარეულო რეცეპტი და სახის მოვლის საშუალებების დამზადება დაიწყო. უფრო გვიან მეც გადმომედო ეს გატაცება. რადგან ყველა საქმეს სერიოზულად ვუდგები ხოლმე, საფუძვლიანად შევისწავლე კოსმეტოლოგიის ისტორია, რასაც საფრანგეთის აკადემიაში ასწავლიან. ასევე სხვადასხვა სპეციალური ლიტერატურაც მოვიძიე. საგვარეულო და შეძენილი გამოცდილების საფუძველზე ამერიკაში დავამზადეთ სხვადასხვა სახის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან სახის მოვლის საშუალებები. მაშინ გამოვუშვით სპეციალური ბუკლეტებიც, სადაც საქართველოსა და ქართულ სილამაზეზე საინტერესო ისტორიები იყო შესული.

© photo: courtesy of Maia Janashia Smithამერიკაში წარმოებული საგვარეულო რეცეპტით დამზადებული სახის მოვლის საშუალებები
ქართული საგვარეულო მალამოები ამერიკაში და სვეტლანა ალილუევას წინასწარმეტყველური სიტყვები - Sputnik საქართველო
ამერიკაში წარმოებული საგვარეულო რეცეპტით დამზადებული სახის მოვლის საშუალებები

- ამერიკაში მათი სერტიფიცირება თუ მოხდა?

- რა თქმა უნდა, მაიკომ ისინი ამერიკაში სპეციალურ კომისიაზე წარადგინა და მათ დიდი მოწონება ხვდა წილად. ეს მოხდა 2011 წელს კაროლინას შტატში, ქალაქ შარლოტში. მაშინ ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია, რომელზეც საპატიო ლენტი ქალაქის მერმა საზეიმო ვითარებაში გაჭრა, ფოტოებიც გვაქვს გადაღებული. ასე გაჩნდა ქართული საგვარეულო რეცეპტებით დამზადებული მალამოები ამერიკელი ქალბატონების სახლებში. მე დღეს, რა თქმა უნდა, მაიკოს თანხმობით ჩვენი პროდუქციით ქართველ პაციენტებსაც ვანიჭებ სიხარულს. მალე მინდა გამოვუშვა ლამაზად დაფასოებული საგვარეულო მალამოები ქართული სახელით „მზეთუნახავი“. მინდა, რომ წინაპრებისგან გადმოცემული გამოცდილება და საქმე მომავალშიც გაგრძელდეს...

 

ყველა ახალი ამბავი
0