12:00 14 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
110650

ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია – ეს სიტყვები ეკუთვნის ნობელის პრემიის მომავალ ლაურეატს ალბერტ აინშტაინს, რომელიც ცუდად სწავლობდა, რის გამოც სკოლიდანაც გააგდეს.

გადავწყვიტეთ პერიოდულად ინტერვიუ ჩამოვართვათ მათ, ვინც მარტო საგანს კი არ ასწავლის ბავშვებს, არამედ მათ იმაშიც ეხმარება, რომ ცხოვრებაში თავიანთ გზას მიაგნონ. მასალებში ისინი საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და მასწავლებლის სავარაუდო შეცდომებზე მოგვითხრობენ, „პირადი დღიურიდან“ გამორჩეულ ამბებს გაიხსენებენ და კოლეგებს რჩევებს მისცემენ...

გალინა ქასოშვილი წამყვანი მასწავლებელია, რომელიც 32 წელია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. სკოლას, რომელშიც მუშაობს, ის „მასწავლებლების სამოთხეს“ ეძახის.

გალინა ქასოშვილი
გალინა ქასოშვილი

- ქალბატონო გალინა, მასწავლებლობა თავიდანვე გინდოდათ?

- სიმართლე გითხრათ, თავის დროზე, როდესაც აქტიურად დავიწყე ფიქრი პროფესიაზე, მაშინ აგრონომობა მინდოდა. როცა რეალობას თვალი გავუსწორე, მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე (კიდევ კარგი, თორემ ახლა ხომ ვიქნებოდი უმუშევარი). ამიტომ პედაგოგიური ინსტიტუტი ავირჩიე. ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. სპეციალობით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ, რასაც ჩემს მასწავლებელს, სულმნათ ქეთო ალექსიძეს ვუმადლი. რაც ახლა სიახლედ და ინოვაციად ითვლება, ჩემი ქეთო მასწავლებლის გაკვეთილზე ჩვეულებრივი აქტივობა იყო. გაკვეთილზე ჩარჩოების გარეშე გვქონდა აზრის გამოთქმის თავისუფლება, ცდილობდა, რომ შინაგანი მოტივაცია გვქონოდა. არც ცოდნის ტრანსფერი იყო პრობლემა და კომპლექსური დავალებებიც არ გვაკლდა. მახსოვს, როგორ „გავასამართლეთ" გიორგი მეფე. საოცარი იყო სცენაზე ლიტერატურული გმირების გაცოცხლება. როგორც მასწავლებელმა, სკოლის კარები 23 წლის ასაკში შევაღე, პირველი გაკვეთილი მეათეკლასელებთან ჩავატარე. უკმაყოფილო არც ერთი მხარე არ დავრჩენილვართ, მაშინვე დავმეგობრდით და მივხვდი, რომ არჩევანი არ შემეშალა. მას მერე 32 წელი გავიდა და ახლაც ისეთივე ხალისით მივუყვები სკოლის გზას, ოღონდ ახლა დაწყებითი კლასების მოსწავლეები მელოდებიან.

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- თქვენი ნება რომ იყოს, რას ამოიღებდით სასკოლო პროგრამიდან?

- საგნობრივი პროგრამების პრობლემა სკოლებში ისევ აქტუალურია. ახალი სახელმძღვანელოები ჩვენს მოლოდინებს ვერ ამართლებს. რადგანაც სახელმძღვანელო არაა ერთადერთი რესურსი, მასწავლებლებს შეგვიძლია ვასწავლოთ ის ნაწარმოები, რომელიც საგნობრივ სტანდარტზე გაგვიყვანს. დიდი იმედით ველოდები, როდის ჩაგვრთავენ მცირეკონტინგენტიან სკოლებს ახალი სკოლის მოდელში. მაშინ ნაკლებად გვექნება სასკოლო პროგრამების პრობლემა, რადგან სრული თავისუფლების პირობებში სასურველ და საინტერესო თემატიკას თავად შევარჩევთ. თუ მკითხავდნენ, სიამოვნებით ამოვიღებდი ისეთ მოთხრობებსა და ლექსებს, რომელთაც არანაირი მხატვრული და შინაარსობრივი ღირებულება არ გააჩნია. სამწუხაროდ, ასეთი მაგალითი ბევრია და უფლებას ვიტოვებ, რომ არ დავაკონკრეტო.

ლიტერატურული საღამოს შემდეგ
ლიტერატურული საღამოს შემდეგ

- რომელია ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც მასწავლებელი უშვებს?

- ყველაზე დიდი შეცდომა რომელია, კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ რასაც ვცოდავთ, ეს ნამდვილად ვიცი. დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვების სიყვარულის გარეშე ამ პროფესიაში არშემდგარი პროფესიონალები ვიქნებით. ყველაზე მეტად რაც მოსწავლეს სტკივა და მოტივაციას უკარგავს, უსამართლობისა და არაობიექტურობის განცდაა. როდესაც კლასში მოსწავლეებს გამოარჩევ – ნაწილს აქებ, ნაწილს კი აძაგებ, ამით ერთმანეთს ადარებ და გარკვეულად აპირისპირებ კიდეც. ცუდია, როცა მოსწავლეში ინდივიდუალიზმს კლავ და ცდილობ კონკრეტულ ჩარჩოში მოაქციო. საკმაოდ ბევრი შეცდომა ჩამოვთვალე, მაგრამ მთავარია, რომ ვაღიაროთ შეცდომა და გამოსწორება არ გაგვიჭირდება.

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- თავად მასწავლებელი რა შემთხვევაში ხდება ბულინგის მსხვერპლი?

- ბულინგი ზოგადად განათლების სისტემის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა და არა მარტო საქართველოში. რატომღაც უფრო ხშირად მოსწავლის დაუცველობაზე საუბრობენ, თუმცა არის შემთხვევა, როდესაც თვითონ მასწავლებელი ხდება ბულინგის მსხვერპლი. ეს მაშინ, როდესაც სკოლაში არ არის უსაფრთხო გარემო. მიუხედავად იმისა, რომ „მასწავლებლების სამოთხეში“ გვიწევს მუშაობა (როგორც ჩვენ სკოლას ვეძახით), ასეთ შემთხვევებს ჩვენი ყოველდღიურობაც ითვლის. ეს ძირითადად მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როდესაც დირექციასა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და მშობელს შორის უნდობლობა ჩნდება.

შალვა ამონაშვილთან ერთად
შალვა ამონაშვილთან ერთად

- თქვენი სკოლის მაგალითიდან გამომდინარე, რა არის საჯარო სკოლების საერთო პრობლემა?

- თუ გეტყვით, რომ მცხეთის რაიონს რაიმე გამორჩეული პრობლემა აქვს, არ იქნება მართალი. ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლებიც ისეთივე გამოწვევების წინაშეა, როგორც სხვა რეგიონების. ესაა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების აღზრდა, რასაც სჭირდება გამართული ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, განახლებული კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი კლას-კაბინეტები. მცხეთის რაიონში ამ მიმართულებით ბევრი პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა. ბოლო წლებში აშენდა ორი ახალი სკოლა, ახლა მესამე შენდება. რამდენიმეს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა.

ექსკურსიაზე მოსწავლეებთან ერთად
ექსკურსიაზე მოსწავლეებთან ერთად

- „მასწავლებლის დღიურიდან“ რაიმე ამბავს ხომ ვერ გაიხსენებდით?

- უკვე 32 წელია, რაც სკოლაში ვარ და როგორ შეიძლება, რომ სახალისო ან სევდიანი ისტორიები არ მქონდეს გასახსენებელი... ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სევდიანებს ვივიწყებ ხოლმე და ხსოვნაში მხოლოდ სახალისო ისტორიებს ვიტოვებ. ერთ მათგანს მოგიყვებით: სასწავლო წლის პირველი დღეა და პირველ კლასში ვატარებ გაკვეთილს. ვცდილობ, რომ მათ თავი მოვაწონო და თან ფიზიკურ აქტივობებშიც არ ჩამოვრჩე. უცბად მესმის ჩემი მოსწავლის გიორგის ხმა: „მასწავლებელო, თუ ეგეთი მაგარი ხართ, აბა,  „ატჟიმანიები“ გააკეთეთო! მახსოვს, საკლასო ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა და სანამ რამეს მოვიფიქრებდი, მეორე მოსწავლემ, სალომემ მიშველა: გიორგი, მასწავლებელს კაბა აცვია და ეგ როგორ უნდა გააკეთოსო. მოკლედ, გადავრჩი!.. მას მერე, ყოველი შემთხვევისთვის, გაკვეთილზე ყოველთვის კაბით შევდივარ ხოლმე – მსგავსი რამე კიდევ არ მომთხოვონ... კიდევ ასეთი ფაქტი მახსენდება: ერთხელ გაკვეთილზე მოსწავლემ ზღაპარი დაამთავრა ტრადიციული ტექსტით: „ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი-აქა“. ამის მერე სავსებით სერიოზულად დაამატა – მასწავლებელო, ქატოც აქ იყოს რა, აბა, გოჭებს რა ვაჭამოო. აი, ზოგჯერ ასე რეალობაში გადააქვთ ბავშვებს ზღაპრის ფრაზები. დღეს ის გოგონა არაჩვეულებრივი მეოჯახეა და ამ ამბის გახსენების დროს ორივეს გვეცინება.

სამასწავლებლოში
სამასწავლებლოში

- სამი რჩევა კოლეგებს...

- უპირველესი რჩევა და თან მასწავლებლის წარმატების ფორმულა ისევ ბავშვების სიყვარულშია. ის უნდა შევიყვაროთ და ვაღიაროთ ისეთები, როგორიც არიან. მეორე – სიახლეებისადმი ღიაობა და თვითგანვითარებაზე მუდმივი ზრუნვა. ყოველთვის გვახსოვდეს სიტყვები: „თუ ბედავ და ასწავლი, თავადაც არ შეწყვიტო სწავლა“. კიდევ, სწორი კომუნიკაცია, გულწრფელობა და გულახდილობა ბავშვებთან. ისინი ჩვენი ყველაზე მთავარი შემფასებლები არიან და არასდროს უნდა მოვატყუოთ. ყველაზე ბედნიერი იმ დღეს ვარ, როდესაც ჩემი პატარები ზარის ხმაზე არ წყვეტენ მუშაობას და იმას წუხან, რა მალე დაირეკა ზარიო. ან კიდევ როცა ასეთ რამეს ვისმენ – „რა კარგია, მას, დღეს თქვენი გაკვეთილი რომ გვაქვს“. დღის ბოლოს ჩვენი შრომის ყველაზე დიდი შეფასება მათი სიტყვებია: „მასწავლებელო, ვიქნებით რა კიდევ სკოლაში, სახლში წასვლა არ გვინდა“. თან პასუხის მოლოდინში ეშმაკურად რომ უციმციმებთ თვალები...

 

მთავარი თემები