04:40 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
64920

ირინა არაბულმა ყველაფერი დედის – ნელი არაბულის იდეებისა და მისგან გადმოცემული ნიჭის წყალობით დაიწყო...

მანამდე სამხატვრო აკადემია დაამთავრა. იყო დრო, მარტო ხატავდა და თოჯინებს აკეთებდა. შემდეგ მისი საქმიანობა გაფართოვდა და დღეს მინაზე, თიხაზე, მუყაოზე და სხვა მასალებზე ძველი თბილისის ხედები გადააქვს, ამას გარდა, მინიატურულ სახლებსაც „აშენებს“.

მისი ნამუშევრები ქვეყნის გარეთაცაა გაყიდული – გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში, საუდის არაბეთში, თურქეთსა და რუსეთში. დედა-შვილის შემოქმედებითი ტანდემი საინტერესოა და ყველას მოსწონს. ბოლო დროს მათ ოჯახის სხვა წევრებიც შეუერთდნენ.

ირინა არაბული
ირინა არაბული

- ქალბატონო ირინა, ასეთი ნაკეთობების დამზადებას აკადემიაში არ ასწავლიან...

- მართალია, ასეთებს აკადემიაში არ ასწავლიან. ყველაფერი დედისგან ნელი არაბულისგან ვისწავლე, ისიც მხატვარია. მას ეკუთვნის ამ ნაკეთობების დამზადების იდეაც და ტექნოლოგიაც. ასე რომ, ნელი არაბული ავტორია, მე კი მისი იდეა რეალიზებისთვის გადმომეცა. ასეთ ნაკეთობებზე მუშაობა მან 15-20 წლის წინ დაიწყო. იმ დროს ეს განსაკუთრებული და განსხვავებული იყო. მათზე მოთხოვნაც არსებობდა და კარგადაც იყიდებოდა, დღემდე ასეა. შემდეგ შეკვეთებს ვიღებდი.

ირინა არაბულის ნამუშევარი
ირინა არაბულის ნამუშევარი

- ძალიან ფაქიზი ნამუშევარია და ამ მინიატურული სახლებისთვის რა მასალებს იყენებთ?

- ამ პატარა ნაკეთობებს სხვადასხვა მასალისგან ვაკეთებ – ასანთის ღერებისგან, ქვის ნატეხებისგან, კრისტალებისგან, კბილის ჩხირებისგან, ძირითადად მაინც მუყაო არის საჭირო.

- ყველაზე უჩვეულო მასალა რომელია?

- ალბათ ყველაზე უჩვეულო ხის და ქვის მტვერია. ნამუშევრის ფონს რით ვავსებ, იცით? იატაკის მოხვეწის („ციკლოვკას“ რომ ეძახიან) შემდეგ რომ მტვერი რჩება – იმით. ასევე ვიყენებ ხის საამქროებიდან აღებულ ნახერხის მტვერს, რომელიც წებო-ემულსიას ერევა და ასე მკვრივდება. ამ გზით პატარა ქანდაკებებს ვაკეთებ.

ირინა არაბულის ნამუშევარი
ირინა არაბულის ნამუშევარი

- პატარა ზომის ნამუშევრების დამზადება გაცილებით რთულია...

- ასეა, ყველაზე პატარა ნამუშევარი მაგნიტების სახითაა დამზადებული. ისინი ძალიან პაწაწუნებია, აივნების რიკულების დასამზადებლად ცოცხის ოდნავ მომსხო ღერებს ვიყენებ.

ირინა არაბულის ნამუშევარი
ირინა არაბულის ნამუშევარი

- ამ საქმეში დედა-შვილმა ოჯახის სხვა წევრებიც ხომ არ ჩაითრიეთ?

- დიახ, ამ საქმეში მეუღლე და შვილებიც ჩაერთვნენ და ოჯახური ბიზნესი გამოგვივიდა. ყველაფერი თავიდანვე კარგად იყიდებოდა, ხალხი რიგში მედგა და ამოსუნთქვის საშუალება არ გვქონდა. ამიტომ გახდა საჭირო მთელი ოჯახის ჩართვა, ვერ წარმოიდგენთ, ჩვენთვის ეს როგორი სტიმული იყო.

ირინა არაბულის ნამუშევარი
ირინა არაბულის ნამუშევარი

- თქვენი ნამუშევრების შეძენის მსურველები ძირითადად ვინ არიან?

- ეს ნამუშევრები ძირითადად ტურისტებზეა გათვლილი, ისინი უფრო ხშირად ძველი თბილისის ხედებს მიკვეთავენ. ასეთი ნახატები სხვადასხვა ნივთებზეა გადატანილი, მაგალითად, დოქებზე, ჭიქებზე, თეფშებზე. ბოთლებზე, ჭინჭილებსა და ყანწებზე – ღვინის თემატიკაა.

ირინა არაბულის ნამუშევარი
ირინა არაბულის ნამუშევარი

- ალბათ საფრთხილოა ასეთი ფაქიზი ნამუშევრების ქვეყნიდან გატანა, ტრანსპორტირება არ აზიანებს?

- რა თქმა უნდა, მათი ტრანსპორტირება რთულია. ყველაფერი ჩანთებშია ჩალაგებული. რომ არ დაზიანდეს, ისინი კარგად უნდა შეიფუთოს. ჩანთა, რომელშიც მოათავსებთ, მგზავრობის დროს ფაქტობრივად ხელში უნდა გქონდეთ.

ირინა არაბულის ნახატი
ირინა არაბულის ნახატი

- უცხოელები თქვენს ნამუშევრებს ალბათ სოციალურ ქსელებში ხედავენ...

- დიახ, ჩვენ მათ „ფეისბუქის“ გვერდზე ვათავსებთ. რადგან მყიდველი უშუალოდ ჩვენზე გამოდის, სალონებს უკვე აღარ ვამარაგებთ. თუ შეკვეთები მოვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამზადებ. დღემდე ბევრი ნამუშევარი მაქვს დამზადებული და ყველა მათგანი გაყიდულია. მხოლოდ ფოტოები შემოგვრჩა.

ირინა არაბულის ხელნაკეთი ძველი თბილისი
ირინა არაბულის ხელნაკეთი ძველი თბილისი

- მათ შორის თუ არის ისეთი, რომელიც გასაყიდად ვერ გაიმეტეთ?

- მაქვს ასეთი ნამუშევარი, რომელსაც სხვისთვის ვერ ვიმეტებ. არადა მისი ყიდვის მსურველი ბევრია. ეს არის მოდერნისტულად გამოსახული თბილისის ხედები. მასზე კბილის ჩხირებისგან ძველი სახლის აივნებია გაკეთებული. ასევე მისთვის გამოყენებულია მარმარილოს ქვები და ბისერები, ცის ფონი ჟურნალიდან მაქვს ამოჭრილი. მოკლედ, რაც ხელოვნებასთან ახლოსაა, ყველაფერს ვაკეთებ, მთავარია, ფანტაზიას მოუხმო. ამ საქმეს სიამოვნებაც და მოგებაც მოაქვს, ეს კი ყველაზე დიდი ბედნიერებაა...

 

მთავარი თემები