06:39 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
106810

ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭს, ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია... უკვე მერამდენე ემიგრანტის წერილს გაცნობთ, ყველა მათგანის ამბავი გამორჩეული და განსხვავებულია, მაგრამ მათ საერთო ტკივილი და იმედი აერთიანებს.

ამჯერად იტალიაში მყოფი ნათია კაკაბაძის ემიგრანტულ ცხოვრებას და მის გულწრფელად გადმოცემულ განცდებს გაგაცნობთ. იქნებ, სამომავლოდ მავანმა ამჯერად მაინც გაითვალისწინოს რაიმე...

ნათია კაკაბაძე
ნათია კაკაბაძე

ემიგრანტი... არ მიყვარს ეს სიტყვა! რვა წელი გავიდა და ის დღემდე ტკივილით მხვდება ყურში. ძნელია გაორებული ცხოვრება. ჩვენ, ვინც წლებია აქ ვცხოვრობთ, ორი სამშობლო და ორი დედა ენა გვაქვს, ორი განსხვავებული ქვეყნის წეს-ჩვეულებითა და ადათით ვცხოვრობთ. ვინც შედარებით ახალი ჩამოსულია და საქართველოში ჯერ არ წასულა, მათთვის უცხოა ასეთი „გაორება“. მე ხშირად მიწევს გერმანიაში მეგობრებთან სტუმრად ყოფნა და იქაც, მიუხედავად იმისა, რომ იტალიისგან განსხვავებით სხვა სტატუსით უწევთ ცხოვრება, მათი ყოველი დღეც ასევე გაორებულია...

ნათია კაკაბაძე
ნათია კაკაბაძე

ასეთ გაორებულ გაურკვევლობაში გარბის დრო. დრო, რომლის შეგრძნება აქ თითქმის ყველას უქრება. წლები თითქოს ამიორთქლდა და ნისლში გამეფანტა, ზოგჯერ კალენდარი თუ მახსენებს ხოლმე გარეთ რომელი წელია, რომელი თვე და რა რიცხვი... ბავშვობიდან ხშირად ვმოგზაურობდი, მამას უყვარდა და მე და ჩემი დაც მივეჩვიეთ უცხო გარემოს, უცხო ხალხს და განსხვავებულ კულინარიას. აქედან გამომდინარე, ადაპტაციას ადვილად გავდივართ ყველანაირ გარემოში, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ აქაურობაზე „მორგება“ ან „შეგუება“ გამიჭირდა. პირიქით, ჩემთვის საინტერესოა სხვა ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა. იტალია ამ მხრივ განსაკუთრებით ამოუწურავი საბადოა. მაქსიმალურად ვცდილობ, როგორც კი შესაძლებლობა მეძლევა,  ვიმოგზაურო, ვნახო და გავიგო ბევრი რამ. ვცდილობ რაც კარგი და დადებითი აქვს ამა თუ იმ ქვეყანას, ყველაფერი საშრობივით შევისრუტო და შეძლებისდაგვარად გამოვიყენო. ყოველგვარი სიახლის მიმართ ბავშვობიდან გამოვხატავ ინტერესს, აქ კი რეალურად მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ სკოლის დროინდელ სახელმძღვანელოში ნანახ საოცარ შედევრებს უშუალოდ გავეცნო. საკმაოდ შეძლებულ ოჯახში გავიზარდე და საქართველოდან რაიმეს „არქონის“ გამო არ წამოვსულვარ. არც სწავლა-განათლების პრობლემა მქონია და არც სამსახურის. სამი სამსახური დავტოვე და აქ ისე წამოვედი. ვინც მიცნობს, კარგად იცის ჩემი წამოსვლის მიზეზი, რასაც დღემდე გარკვეულად ვნანობ კიდეც. თავისუფლებისა და ცვლილებების იმდენად დიდი მოყვარული ვარ, რომ გადავწყვიტე ერთი ხელის მოსმით დამეტოვებინა ყველაფერი, რაც მქონდა და ბევრი რამ შემეცვალა.

ნათია კაკაბაძე
ნათია კაკაბაძე

ევროპა საქართველოდან ბევრად ფერადი და მიმზიდველი ჩანდა. ამიტომ მეგონა, რომ იქ ახალი ცხოვრების დაწყება ადვილი იქნებოდა. როცა მეუბნებოდნენ, ვერ გაძლებ, გაგიჭირდება და არ წახვიდეო, ვბრაზდებოდი. თუმცა ერთ დღეს აქ აღმოვჩნდი და ახლა მეც ემიგრანტი მქვია. ამას, ერთი მხრივ, არც ვნანობ, რადგან თავისი დადებითი მხარეც აქვს. აქ სხვანაირად „გავიზარდე“, ჩამოვყალიბდი და ცხოვრებაც „სხვანაირად“ ვისწავლე. აღმოვაჩინე, რომ დედამიწაზე კეთილი ადამიანების გარდა ბოროტები, ფლიდები და  მოღალატეები ბევრად უფრო მრავლად არიან. აქ ვისწავლე ყველა კატეგორიასთან გამკლავება და მივხვდი, ირგვლივ რამდენი ადამიანიც უნდა გეხვიოს, მაინც მარტო ხარ, შენი სული მაინც ცარიელია და შენი პრობლემაც შენვე გტკივა... ზოგჯერ ძალიანაც თუ უნდა მეგობარს რომ დაგეხმაროს, ვერ შეძლებს. ამ ყველაფერს, აქ თუ არ იცხოვრე, ვერასოდეს გაიგებ. მიუხედავად ამდენი სირთულისა, „რაღაცის ხარჯზე“ საკუთარ თავს კომპენსაციას ვუკეთებ, რაც აქაურ რუტინას მიადვილებს.

ნათია კაკაბაძე
ნათია კაკაბაძე

როგორც კი შესაძლებლობა მეძლევა, ვმოგზაურობ. მონადირესავით ყოველთვის ჩასაფრებული ვარ შანსზე, რომ ბილეთი ვიყიდო, ჩემი პაწია ჩემოდანი ჩავალაგო და სადმე წავიდე. ვმოგზაურობ ყველგან – ახლო ქალაქებსა და სოფლებში, ან საზღვრებს გარეთ. სიბერისთვის შთაბეჭდილებებს, ფოტოებს, სუვენირებს და მოგონებებს ვაგროვებ. ალბათ ოდესმე მათ მემუარების სახით დავასათაურებ და დავწერ. ჩემთვის ბევრად რთული შეიქმნა აქ მუშაობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. უმუშევრობა უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული, რომ არა ჩემი მტკიცე ხასიათი, ალბათ აქედან უკვე კარგა ხნის გადახვეწილი ვიქნებოდი. უცხოეთში წლების მანძილზე უმუშევრად ყოფნა რასაც ნიშნავს, კარგად იცის იმან, ვინც აქ არის. რომ არა ჩემი არაჩვეულებრივი მეგობრები, ამდენს ვერაფრით შევძლებდი. ახლა მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ყველა მათგანს საჯაროდ გადავუხადო მადლობა იმ უანგარო სიყვარულისთვის, სითბოსა და სულიერი თუ ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც თითოეულმა მათგანმა გაიღო ჩემთვის დაუნანებლად.

ნათია კაკაბაძე
ნათია კაკაბაძე

ვიცი, რომ ყველაფერში დადებითი და პოზიტიური უნდა ვეძებოთ, მაგრამ ისიც სამწუხარო რეალობაა, რომ აქ პირიქით ხდება. ზოგჯერ შემრცხვენია, რომ ქართველი მქვია, რადგან სიკეთის სანაცვლოდ ქართველისგან ფლიდობა და გამყიდველობა პირადად ვიწვნიე. როცა ღამით საკუთარ ფიქრებთან მარტო ვრჩები, მაშინ ასე ვლოცულობ: ღმერთო, ვიღაცის ვერაგობის გამო არ ჩაკლა ჩემში სიკეთის კეთების სურვილი. ორმაგად მტკივნეულია, როცა უცხოელი გეხმარება, გვერდით გიდგას, ქართველი კი გაგყიდის...

ნათია კაკაბაძე
ნათია კაკაბაძე

აქ აღმოვაჩინე, რომ თურმე იმაზე ძლიერი და ამტანი ვყოფილვარ, ვიდრე მეგონა. აქ ვისწავლე „მგლის კანონით“ ცხოვრება, უსიტყვოდ ლაპარაკი და დუმილის ფასი. მექანიკურად ყვირილი მაშინ, როცა დეპრესიას მინდა თავი დავაღწიო. როცა საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ჭერქვეშ გძინავს და ჯერ კიდევ გყავს მზრუნველი მშობელი, ვერ ხვდები რამდენი სირთულე შეიძლება არსებობდეს ცხოვრებაში. უცხო ქვეყანაში კი, როცა მხოლოდ საკუთარი თავის იმედად გიწევს ცხოვრება, ხვდები – თურმე შენს ქვეყანაში რა ფუფუნებაში გიცხოვრია...

ნათია კაკაბაძე
ნათია კაკაბაძე

მენატრება ჩემი ქვეყანა, განურჩევლად ყველა და ყველაფერი, მენატრება დედა და მეგობრები, ჩემი სახლის სუნიც კი... შენი სახლიდან შორს ყოფნა ბევრად მგრძნობიარესა და გულჩვილს გხდის. როცა საქართველოში ჩავდივარ და ტრაფარეტზე დავინახავ წარწერას „ხონი“, გულისცემა ისე მიხშირდება, როგორც პირველ პაემანზე მიმავალ გოგოს. ეს ყოველთვის ასე იქნება, რადგან იქაა ჩემი ფესვები.

ნათია კაკაბაძე
ნათია კაკაბაძე

როცა ჩემი მეგობრები მეხმარებიან, ეს ყველაზე სასიამოვნო სულის მალამოა, რადგან ხვდები, მიუხედავად სიშორისა და წლებისა, მათ ისევ ვახსოვარ და ვაკლივარ. ალბათ გაგეცინებათ – ვოცნებობ უზარმაზარი გემი მყავდეს, სადაც ყველა ემიგრანტს მოვაგროვებ და მათ თუნდაც ერთი თვით მსოფლიოს გარშემო ვამოგზაურებ, თუნდაც დროებით დავავიწყებდი იმას, თუ რა ტკივილით სავსეა მათი ცხოვრება. მზის მუქი სათვალე და ღიმილი, ზოგჯერ ყალბი და ცარიელი – ვითომ ყველაფერი კარგადაა, ოსტატურად გვაქვს მორგებული... იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ყველაფერი მართლა კარგად იქნება. რეალისტი ვარ და ვიცი, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ხომ შეიძლება სხვების მსგავსად ერთხელ მაინც მეც ამ არარსებული იმედით მოვიტყუო თავი?..

 

მთავარი თემები