07:54 19 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1010
  • 100 RUB4.4902
  • USD2.8631
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
73880

ეს სტატია მათთვისაა, ვინც ურთიერთობაში ეპისტოლარულ ჟანრს ამჯობინებდა და ფიქრობს, რომ მოკლე ტექსტურმა გზავნილებმა ფრთები შეუკვეცა სათქმელს...

დღეს 14 თებერვალია, თარიღი, როცა ახსენდებათ მარტივი ჭეშმარიტება, რომ „სიყვარულის დროს გოგოს წერილი უნდა მისწერო“.  

სასიყვარულო ეპისტოლე ჩვენ დროში იშვიათად იწერება. საამისო ნიჭიც უნდა გქონდეს და საკმარისად თამამი და გულწრფელიც უნდა იყო. არსებულ ჩარჩოებსაც უნდა გასცდე და თან ზომიერებაც შეინარჩუნო. მოკლედ, არც ისე მარტივი საქმეა...

საქართველოში, მით უფრო დღეს, ძნელია პოეტობა, მაგრამ ის ახერხებს რეალობის, „ჭუჭყისა და სიბინძურის“ პოეზიის ყალიბში ჩასხმას, ის მისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტი და კაცია, და მას ბექა რამიშვილი ჰქვია...

ბექა რამიშვილი
ბექა რამიშვილი

პროფესიით რეჟისორს გამოცემული აქვს ლექსების კრებული „ქალდეას ნაპირები". წერილი, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, ოდესღაც ფოსტით მივიდა ადრესატამდე...

„მიყვარხარ... ალბათ რამდენი რამის თქმა შეიძლება ამ ერთ სიტყვაში... ამ ერთი სიტყვით შეიძლება სამყარო ააშენო და დაანგრიო, მწყურვალი დაარწყულო და მშიერი დააპურო, ანდა პირიქით. ჰო, მიყვარხარ! თითქოს ამით ყველაფერია ნათქვამი, მაგრამ ამ დროს იმდენი ემოცია, ფიქრი და განცდა მინდა მოგიყვე, რომ ეს ერთი სიტყვა (რომელიც ამ ყველაფერს ისედაც იტევს თავის თავში) თითქოს არ მყოფნის. არ მყოფნის დრო იმისთვის, რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს მოგეფერო… რამდენი ტკივილია... რამდენი სიხარული და მანძილი… მანძილი ჩემიდან შენამდე იმდენად დიდია და ამ დროს იმდენად პატარა… იალქნები... ალისფერი იალქნები… ხანდახან წარმოვიდგენ, რომ თეთრ-წითელი მატარებელი სწორედ ის ალისფერიალქნიანი ხომალდია, რომელსაც სადღაც ასე ელიან. სული... როგორც ერთი დიდი ადამიანი ამბობდა: სული სხეულზე მძიმეა... იმდენად მძიმე, რომ ერთი ადამიანისთვის მისი ტარება ძალიან ძნელია. მას აუცილებლად სჭირდება ხელის შემშველებელი, რომ ერთად ატარონ… აი, ესაა მარადისობა. ესაა სიყვარული. ქალაქები… უჩვენოდ ცარიელი რუხი ქალაქები... მათზეც მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ პრინციპში აზრი არ აქვს, უკვე ყველაფერი ნათქვამია. კიდევ, მთა… თეთრი მწვერვალი. ალბათ არაფერია იმაზე დიდი, როცა მწვერვალს იპყრობ. გაუვალ თოვლში შენს კვალს რომ ტოვებ და სიამაყით ივსები… ასეა ზღვაც... რამდენჯერაც უნდა გაცურო, ის ყოველთვის იგივენაირად სუფთაა და ხელუხლებელი… ჰოდა, ზღვა და მთა ვართ ჩვენ… ესეც მარადისობაა და ესეც სიყვარულია! წვიმა... არასდროს იცი სად მოგისწრებს წვიმა. როდის მოგისწრებს. ზოგს ეშინია წვიმის, ზოგს უყვარს წვიმა, მაგრამ არაფერია იმაზე ლამაზი და მიმზიდველი, როდესაც ორი ადამიანი, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი, ფანჯრის მინაზე აკაკუნებულ წვიმის წვეთებს შესცქერის და წვიმის სიმფონიით ტკბება… თითქოს ირგვლივ შოპენის მუსიკაა ამ დროს გამეფებული, სიმშვიდისა და ნეტარების საოცარი განცდა. სწორედ ამ დროს ფიქრობ სასწაულებზე, იმაზე, თუ რა უცნაურად გვიკეთებს განგება საჩუქრებს, სწორედ მაშინ, როდესაც აღარაფრის და აღარავის იმედი გაქვს, სრული სასოწარკვეთაა... სულ რაღაც ერთი პატარა ღიმილი, ერთი თბილი სიტყვაა საკმარისი იმისთვის, რომ ყველაფერი შეცვალო, გახდე ძლიერი და მთები გადააბრუნო, ზღვები გადალახო და მარადისობად იქცე შენი გრძნობებით. ესეც სიყვარულია და ეს ყველაფერი ჩვენ ორს გვჭირს დღეს. ალბათ ეს გვჭირდა ადრეც, სულ სხვა ეპოქებში, სულ სხვა ცხოვრებაში, ოღონდ გვჭირდა. ნამდვილად გვჭირდა და ამიტომ ვართ მარადიულები!
რამდენი რამ ვწერე და ამ დროს სულ ერთი სიტყვით გამოიხატება ეს ყველაფერი: მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!!!"

ბექა რამიშვილი
ბექა რამიშვილი

- ბატონო ბექა, ეპისტოლარულ ჟანრს რამდენად სწყალობდით თავის დროზე?

- იყო ისეთი დრო, როცა ჩვენს ქვეყანაში ფოსტა მუშაობდა და სახლში წერილები ფოსტალიონს მოჰქონდა. მაშინ მეც ვწერდი წერილებს და ვგზავნიდი, სასიყვარულო წერილიც მიმიწერია...

- ასეთ დროს ძნელია ადამიანი შაბლონს ასცდეს...

- როგორი მომენტია, იცით? გინდა წერილი მიგიწერია და გინდა საუბარი გაგიბამს. ეს ხომ ჩვეულებრივი რამაა – როცა ადამიანი გიყვარს, იქ ის ინტიმია, რომელიც მხოლოდ შენსა და მას შორისაა, აქ ყველანაირი შაბლონი ზედმეტია. შეიძლება მთელ ფურცელზე მარტო ერთი სიტყვა დაწერო და ის გაუგზავნო. მთავარი ხომ ის ადამიანია და ის, რის გამოც ეს წერილი დაიწერა? ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დიდ ეპისტოლეს მიუძღვნი თუ მხოლოდ ერთ სიტყვას მისწერ...

- როგორ ახერხებთ, რომ სლენგიც ლიტერატურულ ფორმებში გაქვთ ხოლმე მოქცეული?

- სიმართლე გითხრათ, ამაზე არც ვფიქრობ. ასე თავისთავად გამოდის. ყველა ის ლექსი, რაც დაწერილი მაქვს, კონკრეტულ განწყობას და ემოციას მოჰყვება, ამის გარეშე ვერაფერს დაწერ. კონკრეტული განწყობა იყო, დაიწერა და მორჩა!..

- თქვენ შემთხვევაში რომელ განწყობას უფრო მოჰყვება ლექსი - ტკივილს თუ სიხარულს?

- ალბათ მაშინ უფრო ვწერ ხოლმე, როცა მტკივა.

- ვინ არის ბექა რამიშვილი? 

- რა გითხრათ? ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც სხვა. უბრალოდ მას თავისი კოდექსი და პრინციპები აქვს და ამის მიხედვით ცხოვრობს.

ბექა რამიშვილი
ბექა რამიშვილი

- თქვენი ალტერ ეგო? ალბათ როცა სახლიდან გადიხართ, „ის“ სუფთა ფურცელთან რჩება?

- სინამდვილეში, იცით, როგორაა? ორივეა: ისიცაა და ისიც, ანუ ორივეს ნაზავია. ფურცელთანაც ის რჩება, რომელიც მერე გარედან სახლში შემოდის, ამ ყველაფერს აგროვებს და ერთად უყრის თავს...

- სოციალურ ქსელებში მავანთ თეთრი ხელთათმანივით ესვრით ხოლმე თქვენი მობილურის ნომერს, ალბათ ძველი დრო რომ იყოს, რამდენს გამოიწვევდით დუელში, ასეა?

- რა ვიცი, ალბათ. ისე, როცა მართალი ხარ, არაფრის გეშინია.

- ანუ ცხენი ყოველთვის შეკაზმული გყავთ?

- ცხენი ალბათ მათ უფრო ჰყავთ შეკაზმული, ვინც მართალი არ არის, ვისაც ეშინია და გასაქცევად აქვს საქმე. მე გასაქცევი არაფერი მაქვს.

ბექა რამიშვილი
ბექა რამიშვილი

- ანუ, შიში არ გაქვთ...

- ერთადერთი – საკუთარი თავის მეშინია, მეტი არავის! მეშინია იმიტომ, რომ ემოციურ ფონზე და ცხელ გულზე რამე შეცდომა არ დავუშვა. თორემ თოთოეული ჩემი სიტყვის გამო მზად ვარ პასუხო ვაგო...

- ზოგი ამბობს, რომ საკუთარი შეცდომების წყალობით გაიზარდა, ზოგს შანსი რომ მისცე, ცხოვრების წიგნს თავიდან გადაწერდა. თქვენ?

- მე არ ვთვლი, რომ ისეთი შეცდომა ან ცოდვა მაქვს, რის გამოც ცხოვრებაში რამეს შევცვლიდი. ახლა 20 წლით უკან რომ დამაბრუნა, ზუსტად იგივეს ჩავიდენდი. ცუდი იქნებოდა ის თუ კარგი, ყველაფერს ალბათ თავისი მიზეზ-შედეგობრივი ახსნა აქვს. ცუდი რომ შევცვალო, რაც იმ ცუდიდან გამომდინარე იყო, ანუ ის კარგიც ხომ გაქრება? ასე რომ, არაფერს შევცვლიდი.

ბექა რამიშვილი
ბექა რამიშვილი

- რა გასწავლათ ცხოვრებამ?

- ცხოვრებამ ის მასწავლა, რომ შენზე არაფერია დამოკიდებული, არსებობს გარე ფაქტორები, რაც წინასწარ მოხაზულ გეგმას ერთი ხელი მოსმით დაგინგრევს. ამიტომ წინასწარ არაფერი დამიგეგმავს. ყოველთვის ვცდილობ, იმპროვიზებული ვიყო და საკუთარ ემოციებს გავყვე. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მთავარია, ჩემი შვილები, მეგობრები და ახლობლები იყვნენ კარგად...

- ადამიანებში რა გაღიზიანებთ?

- ტყუილი!.. მაგრამ რომ ვთქვა, რომ ტყუილი არ მითქვამს, ეს უკვე იქნება ტყუილი. არის ცხოვრებაში მომენტები, როცა საჭიროა, რომ ადამიანმა ტყუილი თქვას, მაგრამ არის თემები, რომელშიც არ უნდა მოიტყუო. ტყუილია, როცა გეკითხებიან როგორ ხარო და პასუხობ – კარგადო. უბრალოდ იმიტომ, რომ ყველას თავისი პრობლემები აწუხებს და არ გინდა, რომ მათ საკუთარი მოახვიო. ეს საჭირო ტყუილია.

ბექა რამიშვილი
ბექა რამიშვილი

- პოეზია ლამაზი ტყუილია?

- კი, პოეზია ლამაზი ტყუილია... ჩემი ასეთი პირველი ტყუილი, ანუ პოეზიასთან გათამაშება უხსოვარი დროიდან მოდის. ყოველთვის ჩემთვის ვწერდი და არა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის თავი მომეწონებინა – ლექსებს ვწერ და პოეტი ვარ–მეთქი. ასეთი რამ არასოდეს ყოფილა და ამისგან ღმერთმა დამიფაროს!

- ბოლოს მკითხველს შევთავაზოთ ერთი „ლამაზი ტყუილი“ ბექა რამიშვილისგან...

- კი, ბატონო... რადგან სიყვარულია დღეა, ეს ლექსი იყოს:

იქ, სადაც შენ ხარ,

მე არა ვარ ეხლა, და მაინც,

ვიცი რომ ერთად

მივუყვებით ახლა მიწაზე

ოდესღაც უკვე გაკვალული

გზების ნაპირებს...

და მერე ჩუმად ვაკვირდებით,

თუ ვინ რას წაშლის,

ანდა დაჩხაპნის

ჩვენი ძველი ფანჯრის მინაზე...

იქ, სადაც მე ვარ,

შენ არა ხარ ეხლა, და მაინც,

იცი რომ ერთი ნაბიჯია

გაგიჟებამდე.

ჩვენი ცოდვებით გატენილი

ძველი ხურჯინიც

თითქოს ვიღაცამ აგვაცალა

დაძინებამდე...

და უცნაურად ჩამომდგარა

ახლა მანძილი

ჩვენს შორის, თითქოს ფარდებია

თითქოს სინათლეც,

სადღაც წასულა,

სიბნელეში ხელის ცეცებით

ერთმანეთს ვეძებთ და ვეხებით

გათენებამდე...

იქ, სადაც ჩვენ ვართ..

აღარავინ ახლა არ არის.

 

მთავარი თემები