12:49 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (61)
20110

 რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ თეონა გოგიჩაიშვილს, რომელიც 22 წელია გერმანიაში ცხოვრობს და კულტურის სფეროში წარმატებულად საქმიანობს.

ალბათ იმაში, რომ გერმანიაში ქართველს საპასუხისმგებლო საქმე ანდეს და კულტურის სფეროში მნიშვნელოვან პროექტებს უფინანსებენ, საქმიანი თვისებების გარდა მისმა პიროვნულმა ფაქტორმაც ითამაშა გადამწყვეტი როლი. თეონა გოგიჩაიშვილი ქალაქ რემშაიდის ხელოვნებისა და მუსიკის სკოლის ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი გახლავთ. გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში წლებია, რაც კულტურულ პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა, ქართულ-გერმანული ფესტივალი „სუფრა", რომელიც 2019 წლის ივლისში, ჰამბურგში გაიმართა და ფოტო-ფესტივალი „ქოლგა“, რომლის თანაორგანიზატორი და კურატორიც გახლავთ.

სულ ახლახან, მისი ინიციატივით, კიოლნის უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა „ისტორიები საქართველოზე" გაიმართა. შეიძლება ითქვა, რომ ყველა მისი წამოწყება საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ემსახურება.

თეონა გოგიჩაიშვილი
თეონა გოგიჩაიშვილი

-ქალბატონო თეა, გერმანელებს ზოგადად ჩვევიათ ადამიანების ობიექტურად შეფასება და ის, რომ საპასუხისმგებლო საქმე განდეს, ამის დასტურია...

- გერმანელები მართლაც ძალიან პრაქტიკულად აზროვნებენ.  დასავლეთ გერმანიაში ძალიან ლიბერალურები არიან. იქ დიდ როლს არ თამაშობს ის, თუ საიდან ხარ და რა ფერის კანი გაქვს. თუკი შენს საქმეს კარგად აკეთებ, კომპეტენტური და კოლეგიალური ხარ, მაშინ შენს კარიერას წინ არაფერი დაუდგება. ჩვენი მუსიკის და ხელოვნების სკოლას მრავალფეროვანი პროგრამა აქვს. კლასიკური მუსიკის გარდა აქ მოსულ არამარტო ბავშვებს და თინეიჯერებს, უფროსებსაც, თანამედროვე მუსიკის, პოპ, როკის და ელექტრონული მუსიკის მასტერ-კლასებს ვთავაზობთ. ხელოვნების დეპარტამენტში ყველა ასაკის მსურველს შეუძლია უნარების მიხედვით შეისწავლოს: ფერწერა, გრაფიკა, „მიქსდ-მედია", ინსტალაცია, ფოტოგრაფია და ილუსტრაცია.

აკა მორჩილაძის წიგნის პრეზენტაციაზე კიოლნში
აკა მორჩილაძის წიგნის პრეზენტაციაზე კიოლნში

- გერმანიაში ყველას გვარის მიხედვით მიმართავენ და ქართული გვარის წარმოთქმა არ გაუჭირდათ?

- ეგ პრობლემა ნამდვილად იყო. ჩემი გვარის გამოთქმის დროს ყველა „ენას იტეხს" ხოლმე. ამიტომ აქ ხშირად „ქალბატონ გოგიჩაიშვილის“ ნაცვლად Frau Teona-ს- „ქალბატონ თეონას“ მეძახიან.

თეონა გოგიჩაიშვილი გამოფენაზე, 2019 მაისი, კიოლნი
თეონა გოგიჩაიშვილი გამოფენაზე, 2019 მაისი, კიოლნი

-საინტერესოა როგორი გამოცდა მოუწყვეს გერმანელებმა თავის დროზე, ფრაუ თეონას?

- ამ ამბავს სახალისო მომენტი ახლავს. როდესაც რემშაიდში ჩემი ინტერვიუს დრო დადგა, პირადი შეხვედრა დამინიშნეს. სახლიდან საათნახევრით ადრე გავედი, მაგრამ მატარებელმა დაიგვიანა და შეხვედრაზე 15 წუთით გვიან მივედი. დარბაზში შევედი და რას ვხედავ?- ქალაქის მერიდან დაწყებული,  ადმინისტრაციიდან ყველა წევრი ადგილზეა და მე მელოდება. დარბაზი ისეთი დიდი იყო, რომ შუა საუკუნეების რაინდების თავშეყრის ადგილი გეგონებოდათ. სასწრაფოდ შევვარდი ჩანთით ხელში და თმა გაბურძგნული, რადგან გარეთ ძლიერი ქარი იყო. ქალაქის მერმა რომ დამინახა, მკითხა: ჩაი თუ ყავა? ისეთ დღეში ვიყავი, რომ უნებურად ვუპასუხე: არაყი მეთქი! ამის გამგონე ყველა სიცილით გადაყირავდა. იმის მერე, როცა შემხვდებოდნენ, სიცილით მეკითხებოდნენ: არაყი ხომ არ დავლიოთო? აი, ასეთი ავთენტური შეხვედრა გამოვიდა მერიაში და ჩემი სამსახურის ამბავიც რომ პოზიტიურად  გადაწყდა, ალბათ ამის „ბრალიც" იყო... ეს ამბავი შემდეგ ჩემი ამბავი აღვნიშნეთ, ოღონდ, არყით არა, შამპანიურით.

თეონა გოგიჩაიშვილი თბილისში გერმანელ სტუმრებთან ერთად, 2019 ოქტომბერი
თეონა გოგიჩაიშვილი თბილისში გერმანელ სტუმრებთან ერთად, 2019 ოქტომბერი

-საქართველოში როგორ ცხოვრება დატოვეთ და გერმანიაში ჩასვლის პირველი შთაბეჭდილება თუ გახსოვთ?

- მეექვსე გერმანული სკოლის დამთავრების მერე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ბერძნულისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. 1996 წელს ჩამოვედი გერმანიაში, სადაც დაადის სტიპენდიით მოვხვდი. ქალაქ ფრაიბურგის უნივერსიტეტში ახალი გერმანული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა. სანამ უნივერსიტეტში სწავლა დაიწყებოდა "შვარცვალდში" (Schwarzwald -Black Forest) მოვხვდი. ახლაც თვალწინ მიდგას უზარმაზარი, უძველესი და იდუმალებით მოცული ნაძვების ტყე, რომლის შემხედვარე თავი უცებ ძმები გრიმების ზღაპარში მეგონა... თბილისში ვერის უბანში გავიზარდე. ჩემი ნათელი მოგონებები ბავშვობაში, გურიაში გატარებულ საზაფხულო არდადეგებს უკავშირდება, აგვისტოს ცხელ ღამეებში ცაზე „ირმის ნახტომს“ შევცქეროდი.

თეონა გოგიჩაიშვილი, ბესო ხაინდრავა - ქოლგის დამფუძნებელი და ნინო-ანა სამხარაძე - ფოტოკონკურსის მენეჯერი
თეონა გოგიჩაიშვილი, ბესო ხაინდრავა - "ქოლგის" დამფუძნებელი და ნინო-ანა სამხარაძე - ფოტოკონკურსის მენეჯერი

 - ფოტო კონკურსი „ქოლგა“ ალბათ სიმბოლურად ქართულ-გერმანული ურთიერთობების ქოლგადაც იქცა, ასეა?

- მართლაც ასეა, ჩვენი ფოტო კვირეული და ფოტოკონკურსი გერმანიის ფოტო სამყაროში უკვე საკმაოდ ცნობილია. 2010 წლის ზამთარში სრულიად შემთხვევით გავიცანი „ქოლგის" დამფუძნებელი ბესო ხაინდრავა, ფოტოგრაფიაზე შეყვარებული თავმდაბალი ადამიანი, რომლის დიდი ხელშეწყობით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ფოტო-მეგობრობას. 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში „ქოლგის" ფარგლებში არაერთი საინტერესო გამოფენა და მასტერ-კლასი მოეწყო. შესაბამისად გერმანიაშიც ხელს ვუწყობთ ქართული კულტურისა და ფოტოგრაფიის პოპულარიზაციას. 2018 წელს ქალაქ ფრანკფურტში მსოფლიოში განთქმული წიგნის ბაზრობის ფარგლებში, რომლის საპატიო სტუმარი საქართველო იყო, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფისა და მთასვლელის, ნაადრევად დაღუპული გურამ თიკანაძის გამოფენა მოვაწყვეთ.

ფოტოფესტივალის ქოლგა გუნდთან ერთად
ფოტოფესტივალის "ქოლგა" გუნდთან ერთად

- ის, რომ ჰამბურგში ქართულ-გერმანული „სუფრა გაიშალა", თქვენი დამსახურებაა?

-ქართულ-გერმანული ფესტივალის „სუფრა" იდეა მე და ჰამბურგელ ხელოვანს, ოლაფ შელერს გაგვიჩნდა. ოლაფი ჰამბურგის ტრადიციული უბნის, ალტონის „არტ ჰაუსის“ დირექტორია. ჩვენ ერთად შევადგინეთ პროგრამა და მოვიწვიეთ საინტერესო ქართველი მუსიკოსები და ხელოვანები. ფესტივალის ფარგლებში არამარტო ქართული სუფრა გაიშალა, არამედ ჩავატარეთ: ქართული ხალხური სიმღერის მასტერ-კლასი, ქართული ფილმების ჩვენება, ფოტო-გამოფენა, წიგნის პრეზენტაცია და აგრეთვე ქართული კერძების დამზადების მასტერ-კლასი. რაც შეეხება იმას, თუ რა მოეწონათ გერმანელებს, ბოლო წლებია, აქ ძალიან აქტუალურია ვეგეტარიანული კვება და ამ კუთხით გერმანელ სტუმრებს განსაკუთრებით დაამახსოვრდათ: ბადრიჯანი ნიგვზით, კიტრი-პამიდვრის სალათი, მწვანე ლობიო და ჭადი.

2019 წლის ნოემბერში, ჰამბურგის გალერეა ამე ნუეში
2019 წლის ნოემბერში, ჰამბურგის გალერეა "ამე ნუეში"

- ბედნიერებაზე რას ფიქრობს წარმატებული ადამიანი?

- ამ ქვეყანაში ჩემი იმ თვისებების განვითარება მოხდა, რაც უკვე იყო ჩემში, ესაა თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობა. ერთადერთი, რაც ვერ გაანელა ჩემში ამ გარემომ, ესაა საქართველოს, ჩემი ოჯახისა და მეგობრების მუდმივი მონატრება. მენატრება ჩვენებური მზიანი ამინდები,  ზაფხული გურიაში, ქართულად ლაპარაკი... რაც შეეხება ბედნიერებას, ამ თემას ფილოსოფიურად აღვიქვამ. ჩემი აზრით, ის არაა ხანგრძლივი შეგრძნება, რადგან ყველაფერი ცვალებადია და მდინარესავით მიედინება. მთავარია, სულიერად და ფიზიკურად არ მოეშვა, ოპტიმიზმი რთულ სიტუაციებშიც შეინარჩუნო, ოღონდ, შეშლილს და უაზროს კი არა, სიღრმისეულ, გააზრებულ ოპტიმიზმს ვგულისხმობ...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (61)

მთავარი თემები