07:28 19 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1010
  • 100 RUB4.4902
  • USD2.8631
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (54)
130230

რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ესპანეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ სპორტსმენს, იუზა გულორდავას გაგაცნობთ.

ესპანეთში 2007 წელს ჩავიდა. უცხოეთში ქართველი სპორტსმენი ყურადღების გარეშე არ დარჩენილა – ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას სავარჯიშო დარბაზისთვის ფართი გამოუყო. დღეს მისი კლუბი Club boxeo moncada ვალენსიაში ბევრმა იცის. კლუბის დარბაზში ბევრი სხვადასხვა ასაკის კრივის შესწავლის მსურველი ვალენსიელია, მათ შორის ქალებიც.  

ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული ბუნებიდან გამომდინარე, კლუბში მისულებს ის მარტო კრივის ილეთებს არ ასწავლის, შეიძლება ითქვას, ცხოვრების გაკვეთილებსაც უტარებს...

იუზა გულორდავა
იუზა გულორდავა

- ბატონო იუზა, სპორტი თქვენს ცხოვრებაში ემიგრაციამდეც იყო. შევახსენოთ მკითხველს, რომელი საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებული ხართ?

- კრივში 1996 წლიდან ვარ. საქართველოში ქვეყნის ნაკრებში ვიყავი და მწვრთნელადაც ვმუშაობდი. 2000 წელს ბათუმში ხუდოიანის საერთაშორისო ტურნირი მოვიგე. იმავე წელს თბილისში დავით კვაჭაძის ტურნირშიც გავიმარჯვე. საქართველოს ჩემპიონატიც მაქვს მოგებული. საბერძნეთში, ათენში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დავიკავე. ამის შემდეგ წონაში მოვიმატე და 2006 წელს მძიმე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გავხდი. 2006 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი ბულგარეთში, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ ვერ გავიმარჯვე. ამის მერე ესპანეთში ჩამოვედი.

ოჯახთან ერთად
ოჯახთან ერთად

- ამ ქვეყანაში ვისი დახმარებით აღმოჩნდით?

- ესპანეთში ჩემი ახლობლის წყალობით მოვხვდი. 2007 წელს შემხვდა ჩემი მეგობარი ზვიად წულაია, რომელმაც შემომთავაზა სამუშაოდ ჩავსულიყავი ვალენსიაში, სადაც მისი მამა ავთანდილ წულაია იმყოფებოდა. მე დავთანხმდი და ჩამოვედი. უცხო გარემოში თავიდან, რა თქმა უნდა, ბევრი სირთულის წინაშე აღმოვჩნდი, მაგრამ ყველაფერს ვძლიე. ამაში სპორტით გამოწრთობილი ჩემი ხასიათიც დამეხმარა. თანაც ესპანელებს ადვილად და ძალიან მალე შევეჩვიე, რადგან მართლა კარგი ხალხია. აქ ჩამოსვლის პირველ პერიოდში სხვადასხვა ადგილებზე ვმუშაობდი, მაგრამ სპორტზე ფიქრი მაინც არ მტოვებდა. მოგვიანებით ამის შესაძლებლობა მომეცა კიდეც...

იუზა გულორდავა თავის ესპანელ მოსწავლეებთან ერთად
იუზა გულორდავა თავის ესპანელ მოსწავლეებთან ერთად

- სპორტული დარბაზის პრობლემა როგორ გადაჭერით?

- 2012 წელს ადგილობრივმა მერიამ გამომიყო ადგილი, სადაც ყველაფერი საკუთარი ხელით მოვაწყე. ავიყვანე მოსწავლეები და ვარჯიშიც მალე დავიწყეთ. დღეს აქ მუშაობს კლუბი, რომლის სახელია Club boxeo moncada. მიხარია, რომ ესპანელმა მოსწავლეებმა გამიმართლეს და კარგ შედეგებს მიაღწიეს. მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ 2019 წელს ჩემი სამი მოსწავლე ესპანეთის ჩემპიონი გახდა. დღეს 36 წლის ვარ და 60-მდე მოკრივეს ვავარჯიშებ. მათ შორის გოგონებიც არიან. ესპანელი ქალები ჯანმრთელობისთვის ვარჯიშობენ, იმისთვის, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში იყვნენ და ვერავინ შეაშინოთ. ჩემი სპორტსმენებიდან ყველაზე უმცროსი ოთხი წლისაა, ყველაზე უფროსი – 64 წლის. ჩემი 15 მოკრივე სხვადასხვა შეჯიბრზე აქტიურად და წარმატებით გამოდის.

გამარჯვების წუთები
გამარჯვების წუთები

- მითხრეს, რომ თქვენს მოსწავლეებს კრივის გარდა თურმე ცხოვრებასაც ასწავლით, ასეა?

- ხომ იცით, გარდამავალ ასაკში ბავშვები სკოლაში რომ არ დადიან და მშობლებს არ უჯერებენ? – აქაც ასეა. თუმცა ჩემთან რომ მოჰყავთ სავარჯიშოდ, ამის მერე მართლა იცვლებიან. მე მათ დისციპლინას ვაჩვევ, კაცურად მოქცევას ვასწავლი და საკუთარი თავის რწმენას ვუნერგავ. როცა ბავშვები რაიმეს დააშავებენ, მათი მშობლები ჩემთან მოდიან დახმარებისთვის. ჭკუას არ ვასწავლი, უბრალოდ, ვარჯიშის წინ გასაგები ენით ვესაუბრები. მიხარია, რომ მათთვის ავტორიტეტი ვარ და მიჯერებენ, მშობლებიც ძალიან კმაყოფილები არიან. ჩემი ერთი მოსწავლე როცა მომიყვანეს, 19 წლის იყო და ცუდ გზაზე იდგა. კლუბში ვარჯიშის შემდეგ ქუჩისკენ აღარც გაუხედავს. დღეს ეს ადამიანი ვალენსიის მეტროს დაცვის უფროსია და აქ ყველა იცნობს.

იუზა გულორდავა თავის ესპანელ მოსწავლეებთან ერთად
იუზა გულორდავა თავის ესპანელ მოსწავლეებთან ერთად

- ვალენსიაში თუ იციან რომელი ქვეყნიდან არის მათი მასწავლებელი?

- რა თქმა უნდა, იციან, რომ საქართველოდან ვარ. ხშირად ვუყვები ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ისტორიასა და კულტურაზე. ასე რომ, ჩვენზე გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ. ინტერესიც გაუჩნდათ, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და ყველაფერი, რასაც ვუყვები, საკუთარი თვალით ნახონ.

რინგზე შეჯიბრის შემდეგ
რინგზე შეჯიბრის შემდეგ

- ქართულ ტრადიციებს თუ იცავთ ესპანეთში?

- ვალენსიაში ოჯახი მყავს, ქართველი მეუღლე წარმოშობით ფოთიდანაა, გვყავს ორწლინახევრის ბიჭი, დანიელი. ჩვენს ოჯახში ქართული სულია და თითქმის ყველა ჩვენს ტრადიციას ვიცავთ. აქაც ყველაფერს ვაკეთებ, რასაც ყოველთვის, მე არ შევცვლილვარ, უბრალოდ ახლა სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ. ძალიან მენატრება მშობლები, ყველა ახლობელი, დედმამიშვილები, მეგობრები… გაგიმხელთ, რომ ისეთი ადამიანებიც კი მენატრება, რომლებიც საქართველოში მაინცდამაინც არ მიყვარდა. ალბათ ასეთია ქართული ბუნება და მონატრება. ვოცნებობ იმაზე, რომ საქართველო მალე გაერთიანებული და ეკონომიკურად გაძლიერებული ვიხილო...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (54)

მთავარი თემები