11:44 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
47230

თბილისში ვერაზე, სატივეს უბანში დაიბადა. დღეს ქალაქური სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორად ითვლება, რადგან საქართველოში თითქმის არ დარჩენილა მომღერალი, რომლის რეპერტუარშიც მისი სიმღერები შესული არ არის.

მიხეილ ზაქარიაშვილს დაწერილი აქვს მუსიკა ფილმებისა და სპექტაკლებისთვის. მუსიკალურად სატელევიზიო ფილმი და 15-მდე სპექტაკლი გააფორმა. მისმა სიმღერამ „მზეო თიბათვისა“, ლიკა დოლიძის შესრულებით, სტამბულის საერთაშორისო სიმღერის ფესტივალზე გრან-პრი აიღო. იგივე სიმღერამ ამჯერად ანი კაცაძისა და ანსამბლი „ერთას" შესრულებით გრან-პრი ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარშიც დაიმსახურა. ეს სიმღერა ოქროს ფონდში და მეცხრე კლასის მუსიკის სახელმძღვანელოშია შესული. თავის დროზე კომპოზიტორი კონცერტებს მართავდა საქართველოს მასშტაბით ავთო შარვაძესა და ოთარ რამიშვილთან ერთად. მანვე დააფუძნა ავტორ-შემსრულებელთა გაერთიანება „ბარდების კლუბი".

გამოცემული აქვს 4 CD ალბომი და სიმღერების 135-გვერდიანი ნოტების კრებული – „არაფერი ავიწყდება გულს", რომელშიც სხვადასხვა დროს შექმნილი მისი 34 სიმღერაა შესული. ამჟამად მისივე დაარსებული „ქართული ვოდევილის თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორია.  

- ბატონო მიხეილ, შეიძლება ითქვას, რომ სახალხო კომპოზიტორი ხართ, თქვენს სიმღერებს მღერიან როცა უხარიათ, როცა უჭირთ,  შეყვარებულები როცა არიან და ა.შ.

- „სახალხო კომპოზიტორი“ ჩემთვის ცოტა ხმამაღალი შეფასებაა. მართალია, ბევრს უთქვამს, შენ ხალხს უყვარხარო და ხუმრობითაც მიაყოლებენ ხოლმე ერთ-ერთი ცნობილი ფილმიდან ფრაზას – „შენ სიმღერებს ხალხი მღერის, ხალხის მეგობარი ხარ"... ასეც უთქვამთ, „ქალაქის აშუღი" ხარო. ხალხის სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ, მაშინაც კი, როდესაც ქუჩაში დავდივარ. მიყვარს შექება არა მხოლოდ მეგობრებისა და კოლეგებისგან, არამედ სრულიად უცნობი ადამიანებისგანაც. ჩემთვის ხშირად ჩემივე სიმღერაც უმღერიათ. იმასაც მეუბნებიან, თქვენი ამ სიმღერით ავუხსენი სიყვარული ჩემს შეყვარებულს და ახლა ჩემი მეუღლეა, დიდი მადლობა ამ სიმღერისთვისო. თუ საკუთარი შემოქმედებით და პიროვნულადაც ხალხის სიყვარულს იმსახურებ, ამაზე დიდი ბედნიერება ქვეყანაზე არ არსებობს!

რამაზ ჩხიკვაძის ძეგლთან
რამაზ ჩხიკვაძის ძეგლთან

- სიამოვნებით იხსენებთ ხოლმე თეატრალურში სწავლის დროს, ცოდნის გარდა ემოციურად რა მოგცათ იმ წლებმა?

- რა თქმა უნდა, ცოდნის გარდა შევიძინე უამრავი კარგი მეგობარი, ლექტორებთანაც კი ვმეგობრობდი. დღეს მეამაყება, როცა ვუყურებ ჩემს მეგობრებს, რომლებიც თეატრში, კინოსა თუ შოუ-ბიზნესში წარმატებით გამოდიან. ეს ამბავი გულწრფელად მახარებს.

მიხეილ ზაქარიაშვილი
მიხეილ ზაქარიაშვილი

- წლების წინ იმ დროისთვის ერთადერთ მუსიკალურ კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა, ეს იყო „ალო, ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“...

- კარგად მახსოვს ის დრო, ზუსტად მახსოვს ისიც, ვინ იყვნენ ჟიურიში: უმაგრესი ადამიანი და კომპოზიტორი ალექსანდრე (ბუთხუზ) ბასილაია, მუსიკოსი, მწერალი და შოუმენი ჯემალ ბაღაშვილი, მუსიკისმცოდნე ევგენი (ჟენია) მაჭავარიანი და ანსამბლ „ივერიას“ მთლიანი შემადგენლობა. დასკვნით კონცერტში მუსიკალურ თანხლებას თავად „ივერია“ გვიწევდა. წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, როცა იმ კონკურსის სამ ტურში გავედი და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მათთან ერთად ორი საკუთარი სიმღერა დავუკარი და ვიმღერე. ეს იყო ერთადერთი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე. ამის მერე მსგავსი სურვილი არასოდეს გამჩენია.

მიხეილ ზაქარიაშვილი მეგობრებთან ერთად
მიხეილ ზაქარიაშვილი მეგობრებთან ერთად

- სიტყვამ მოიტანა და დღევანდელ მუსიკალურ კონკურსებზე რა აზრის ხართ?

- საერთოდ არ მიყვარს მუსიკალური კონკურსები, რომელიც გამარჯვებულს SMS-ების საშუალებით ავლენს. ეს არასწორად და არასამართლიანად მიმაჩნია. ყველაზე საჭირო და წარმატებულ კონკურსად მიმაჩნია „მხოლოდ ქართული", იმიტომ რომ საკუთარ ქვეყანაში, პირველ რიგში, ქართული მუსიკა უნდა იყოს წარმოჩინებული და შემდეგ უცხოური. თუ ნიჭიერს გეძახიან, ამ სიტყვას უნდა ამართლებდე. ეს სიტყვა ბევრ რამეზე მიგვანიშნებს, პირველ რიგში იმას, რომ შენი ნიჭი ჯერ შენს ერს უნდა მოახმარო და შემდეგ იგი ფარგლებს გარეთ გაიტანო და შენი ქვეყანა ასახელო. მხოლოდ ერთს ვისურვებდი – კარგი იქნებოდა, ამ კონკურსში თუ იქნებოდა ტური, სადაც მხოლოდ ამ პროექტისთვის შექმნილი სიმღერები გაიჟღერებდა. მომღერალს უნდა შეეძლოს ჯერაც უცნობი, გაუჟღერებელი სიმღერის „გაჰიტება" და ხალხის გულებამდე მისი მიტანა. დამწყებ მომღერლებს მეგობრულად ვურჩევ, კომპოზიტორებს მიაკითხონ და მსმენელს თავი საკუთარი რეპერტუარით მოაწონონ.

- მსმენია, რომ თითქმის ყველა თქვენი სიმღერა უჩვეულო სიტუაციაშია დაწერილი, ასეა?

- ასეა, ჩემი თითქმის ყველა სიმღერა უცნაურ სიტუაციებშია დაწერილი. როცა მეკითხებიან ხოლმე, რა გაწერინებთ სიმღერებსო, ჩემი პასუხი ყოველთვის ერთია: სიმღერებს მაწერინებთ თქვენ, თქვენი ჩემდამი დამოკიდებულებით, სიყვარულით და იმ სიტუაციებში, რომლებსაც თავად მიწყობთ. სიმღერებს ნოტებში ჩაკირკიტებით არ ვწერ, მიუხედავად იმასა, რომ ძალიან მარტივად ესეც შემიძლია. თუმცა ეს არ იქნება, ქალაქურ სიტყვას გამოვიყენებ, „ფაიზაღი", სიმღერა, რომელიც ხალხის გულებამდე მივა. ჩემი მუსიკალური განათლებიდან გამომდინარე, ჩემს ყველა სიმღერას აუცილებლად რაიმე ისტორია ახლავს ხოლმე. მათ შექმნაში ბევრი უცნობი თუ ნაცნობი ადამიანის წვლილია. მე მათ ჩემი სიმღერების თანაავტორებად ვთვლი. ისტორიებს თქვენ იგონებთ, მელოდიას მე ვქმნი. ვფიქრობ, ჩემი მსმენელი გრძნობს, რომ არც სიმღერის დროს და არც ცხოვრებაში ყალბი არ ვარ...

- თქვენი მეუღლე წარსულში თქვენივე ფანი აღმოჩნდა, რა არის ურთიერთობაში საჭირო იმისთვის, რომ გრძნობა არ გაუბრალოვდეს?

- რომ არ გაუბრალოვდეს? ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ვასრულებ მეუღლის მოვალეობას. მე-უღლე - ხომ მაგარი სიტყვაა?! ეს მოვალეობა ბევრ ასპექტს მოიცავს, მე მარტივად გეტყვით: არაფრის გაკეთება არ არის საჭირო, მთავარია, თქვენი მეუღლე ძალიან  გიყვარდეთ, ყველა ქალბატონზე მეტად სცემდეთ პატივს, აღიაროთ თქვენ ყველაზე საუკეთესო მეგობრად, ყველა რთულ სიტუაციაში დაუდგეთ გვერდში ისე, რომ შეეძლოს დაგეყრდნოთ, ყოველთვის დაიცვათ, რათა თქვენს მამაკაცურ ძალას გრძნობდეს, თქვენს ურთიერთობასა და ოჯახში სიმშვიდე და თანასწორობა სუფევდეს. აი, სულ ესაა საჭირო...

მეუღლესთან ერთად რადიოში
მეუღლესთან ერთად რადიოში

- ამბები და ადამიანები, რამაც შეგცვალათ და თქვენს ცხოვრებაში კვალი დატოვა...

- ასეთია ამბები: როცა ჩემმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა; ძალიან შემცვალა ამბავმა, როდესაც ორგზის მამა გავხდი; ასეთია ამბავი, როცა გავიგე, რომ მამა აღარ მყავდა... სხვათა შორის, ეს ტკივილი დღემდე მომყვება და ეს სევდა ყველა ჩემს სიმღერაში იგრძნობა. შეიძლება ითქვას, იმ საინტერესო, ნიჭიერ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც შეხება მქონდა, ყველაზე დიდი კვალი ჩემს ცხოვრებაში მაინც ჩემმა მშობლებმა დატოვეს...

- დღეს ხალხს ძალიან მოენატრა პოზიტივი, თქვენი დაარსებული „ქართული ვოდევილის თეატრი" რაიმე სიურპრიზს ხომ არ გვიმზადებს?

- ამჟამად ვმუშაობ სამ ვოდევილზე, რომელსაც მაყურებელი მარჯანიშვილის თეატრში იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი ციცინო კობიაშვილი გახლავთ, კომპოზიტორი მე ვარ. სპექტაკლი დაიდგმება სამი პიესის მიხედვით – "უჩინმაჩინის ქუდი", "ბუტიაობა" და "არტისტი". იმედი მაქვს, რომ სპექტაკლის სანახავად მოსული მაყურებელი ძალიან ისიამოვნებს.

მიხეილ ზაქარიაშვილი
მიხეილ ზაქარიაშვილი

- დაასრულეთ აზრი „მიხეილ ზაქარიაშვილი კომპოზიტორია, რომელსაც...“

- რომელსაც უყვარს უფალი, თავისუფლება, სიგიჟემდე უყვარს თავისი ხალხი, ქვეყანა, თავისი ოჯახი, მეგობრები, ხელოვნება, თავისი ქალაქი და უყვარს სიცოცხლე!..

 

მთავარი თემები