როკ-ოპერიდან როკ-ჯგუფამდე: MIX2RA-ს წარმატების X ფაქტორი

© photo: courtesy of Vato Guniavaჯგუფი "მიქსტურა"
ჯგუფი მიქსტურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა პუბლიკამ 2017 წელს მეგა-პროექტ „X ფაქტორში“ საინტერესო მუსიკალური ჯგუფი MIX2RA („მიქსტურა“) იხილა. მის ნამღერს ჟიურის წევრები და დარბაზი ლამის პირველივე აკორდიდან წამოუდგნენ.

ბენდი 2012 წლიდან სხვადასხვა სახელით გამოდის, MIX2RA 2015 წელს დაერქვა. ჯგუფი დღეს ისევ სცენაზეა და მას სხვადასხვა ასაკის მსმენელი ჰყავს. მისი წევრები დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით გამოირჩევიან. ისინი ქავერებს სხვადასხვა ჟანრში მაღალ დონეზე ასრულებენ. მათი რეპერტუარიდან ყველაზე პოპულარული ჯონ ნიუმენის Cheating გახდა.

ჯგუფს იმის პოტენციალი ნამდვილად აქვს, რომ ქართველი მსმენელის მეხსიერებაში მხოლოდ „X ფაქტორის“ ფინალისტად არ დარჩეს.

ვესაუბრებით ბენდის სოლისტსა და მენეჯერს ვატო გუნიავას, რომელიც მუსიკალური ტრადიციების მქონე ოჯახში დაიბადა. ჯერ კიდევ სკოლამდელი ასაკის იყო, როცა მშობლებმა რობერტ ბარძიმაშვილის სტუდია „ლახტში“ მიიყვანეს. სცენაზე მას მერე მღერის. თუმცა პროფესიული საქმიანობისთვის მაინც ბიზნესის სფერო აირჩია...

© photo: courtesy of Vato Guniavaვატო გუნიავა
როკ-ოპერიდან როკ-ჯგუფამდე: MIX2RA-ს წარმატების X ფაქტორი - Sputnik საქართველო
ვატო გუნიავა

- ვატო, მუსიკალურ ოჯახში დაიბადეთ და ალბათ თქვენი ამღერებაც არავის გაკვირვებია...

- დიახ, დავიბადე და გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც თითქმის ყველა მღეროდა. ბებია ლაღიძის გვარის ქალბატონი იყო. მამის დედა იმერეთის ულამაზესი მხრიდან, ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩადან გახლდათ. სხვათა შორის, ბებიას მამა შალიკო ლაღიძე და დიდი რეზო ლაღიძე ალალი ბიძაშვილები იყვნენ და ერთმანეთი ძალიან ჰყვარებიათ. ბებიას რვა დედმამიშვილი ჰყავდა და ყველა მღეროდა. როცა ერთად მოიყრიდნენ ხოლმე თავს, მათ მოსმენას არაფერი ჯობდა. როგორც ერთ სიმღერაშია, „მსოფლიოში ლაღიძეთა და კახიძეთა ხმა ისმოდესო“, ჰოდა, მამის ბიძა გვარად კახიძეა და ისიც შესანიშნავად მღერის. ოჯახში მამა და დეიდაც მღერიან, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოყვარული მომღერლები არიან. მოკლედ, ასეთ შემოქმედებით გარემოში გავიზარდე და ალბათ ის უფრო გასაკვირი იქნებოდა, მეც რომ არ ავმღერებულიყავი. სიმღერა დეიდამ ფატი ბოკაველიძემ პატარაობიდან მასწავლა.

© photo: courtesy of Vato Guniavaვატო გუნიავა
როკ-ოპერიდან როკ-ჯგუფამდე: MIX2RA-ს წარმატების X ფაქტორი - Sputnik საქართველო
ვატო გუნიავა

- თქვენ იმის ბედნიერებაც გქონდათ, რომ მუსიკალურ სტუდიაში დიდ მაესტროსთან რობერტ ბარძიმაშვილთან გემღერათ. რა გახსენდებათ იმ დროიდან?

- ბატონ რობერტთან ბავშვობაში დედამ და დეიდამ მიმიყვანეს. ყველაზე მეტად დეიდას უნდოდა, რომ სიმღერაზე მევლო და ზოგადად მას ჩემზე დიდი ამაგი აქვს. სიმღერაზეც დეიდა დამატარებდა წლების მანძილზე. როცა ბარძიმაშვილთან პირველად მივედი, მას ვუმღერე სიმღერა კინოფილმიდან "ცისკარა". მახსოვს, ძალიან მოეწონა და სტუდიაში მაშინვე ამიყვანა. მერე მოვხვდი ვოკალის პედაგოგთან ნანა გოგიშვილთან, რომელიც უნიჭიერესი და თავისი საქმის პროფესიონალია. იგი თავდაუზოგავად შრომობდა იმისთვის, რომ მუსიკა შეგვეყვარებინა და მომღერლებად ჩამოვყალიბებულიყავით. ბატონ რობერტს ძალიან უყვარდა ნიჭიერი ბავშვები და ასეთი ბავშვების აღმოჩენის საოცარი უნარი ჰქონდა.

© photo: courtesy of Vato Guniavaჯგუფი "მიქსტურა"
როკ-ოპერიდან როკ-ჯგუფამდე: MIX2RA-ს წარმატების X ფაქტორი - Sputnik საქართველო
ჯგუფი "მიქსტურა"

- ცნობილია, რომ ბატონი რობერტი ხშირად მიმართავდა მუსიკალურ ექსპერიმენტებს, ამ მხრივ რა გახსენდებათ?

- მახსენდება, რომ სტუდიაში მისვლიდან მალე სცენაზე აღმოვჩნდი. ცოტა ხანში ბატონმა რობერტმა დადგა არაჩვეულებრივი როკ-ოპერა "საბრალონი", სადაც ქუჩის მაწანწალა ბიჭის როლს ვასრულებდი და საკუთარი პარტია მქონდა. ეს მაშინ ძალიან უჩვეულო იყო და ამ როკ-ოპერას დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. რეპეტიციებს უცხო ენათა ინსტიტუტში გავდიოდით. ბატონ რობერტს ეს ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. ბევრი რამ შემიძლია გავიხსენო ამ უნიჭიერეს პიროვნებასთან დაკავშირებით. იგი ყველას საკუთარი მამასავით გვიყვარდა. თავადაც ძალიან ვუყვარდით. ძალიან უბრალო და უშუალო ადამიანი იყო. ჩვენთან მეგობრულიც იყო და ამავე დროს მომთხოვნიც. ვერ იტანდა უპასუხისმგებლობას, უწესრიგობასა და დაგვიანებას. უნდოდა ყველას მუსიკალური განათლება გვქონოდა. სულ გვეუბნებოდა, მომღერალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუსიკალური განათლებაო, ამიტომ მეც მუსიკალურ სასწავლებელში მიმიყვანეს. სახლში დედა მამეცადინებდა. სიმართლე გითხრათ, ნოტების სწავლა ძალიან მეზარებოდა, სამი პედაგოგიც გამომიცვალეს. ბოლოს ჩემი მასწავლებელი ყველაზე თბილი და პროფესიონალი პიროვნება, სულიკო კოროშინაძის მეუღლე გახდა. ასე მივიღე მუსიკალური განათლება, რამაც შემდგომში ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა.

- მიუხედავად ასეთი მუსიკალური ბავშვობისა, პროფესიული საქმიანობისთვის ბიზნესის სფერო აირჩიეთ. რატომ?

- მათემატიკა და ტექნიკური საგნები ბავშვობიდან მიყვარს. როცა წამოვიზარდე, ბიზნესის სფერომ და მენეჯმენტმა დამაინტერესა. ამიტომ ილიას უნივერსიტეტში ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავაბარე. ინსტიტუტის მერე ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა დავამთავრე იმავე სპეციალობით.

- პარალელურად მუსიკას მაინც ვერ შეელიეთ, ბენდი „მიქსტურა“ როდის ჩამოყალიბდა?

- ჩვენი ბენდი 2012 წელს ჩამოყალიბდა. თავიდან ასე არ გვერქვა, სხვადასხვა სახელით გამოვდიოდით. შემდეგ ერთ-ერთ კლუბში დავიწყეთ დაკვრა და გვინდოდა რაიმე კრეატიული დაგვერქვა. შედეგად პირველივე ვარიანტზე შევჯერდით და MIX2RA დავარქვით. ჩემი ბენდის წევრები არიან: მიხეილ ორჯონიკიძე - დრამი, ვანო სტაშენკო - ბასი, ბექა ბენიძე - გიტარა, მარიამ კუბანსკი - ვოკალი, ვატო გუნიავა - კლავიში, ვოკალი. დღეს თბილისის კლუბებში გამოვდივართ და კორპორატიულ საღამოებზე ვუკრავთ. ჩვენი აუდიტორია ძირითადად ახალგაზრდებია, თუმცა ის ამბავიც მახარებს, რომ უფროსი თაობაც გვისმენს. ჩემი პროფესია იმაში დამეხმარა, რომ ჯგუფის მენეჯერის ფუნქციას ვასრულებ. მომავალში ვფიქრობთ, ჩავწეროთ ისეთი საავტორო სიმღერა, რომელსაც ყველა თაობის მსმენელი ერთნაირად შეიყვარებს...

 

ყველა ახალი ამბავი
0