ავეჯი „ვეფხისტყაოსნის“ 14 პერსონაჟით: საქმე, რომელიც მეცენატს ელოდება

გამოწერა
გიორგი ლომიძე ქუთაისელია, თავის დროზე საკავშირო შეჯიბრებების დროს საფეხბურთო მოედანზე გამოდიოდა ამ ქალაქის სახელით.

თუმცა დღეს მას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ იცნობენ როგორც ავეჯის დიზაინერს და ხეზე კვეთის ოსტატს. მის მიერ შექმნილი და მხატვრულად დამუშავებული ავეჯი ბევრ ისტორიულ ადგილს ამშვენებს. ერთი პერიოდი საბერძნეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამჟამად ერთი მნიშვნელოვანი ქართული პროექტის განხორციელებას აპირებს.

© photo: courtesy of Giorgi Lomidzeგიორგი ლომიძე
ავეჯი „ვეფხისტყაოსნის“ 14 პერსონაჟით: საქმე, რომელიც მეცენატს ელოდება - Sputnik საქართველო
გიორგი ლომიძე

 - ბატონო გიორგი, როგორ მოხდა, რომ ფეხბურთელი ხეზე კვეთით დაინტერესდით?

- ფეხბურთს ქუთაისის „ტორპედოში“ ვთამაშობდი. ავეჯის კომბინატში, სადაც ჩემი მშობლები მუშაობდნენ, ხშირად მიწევდა მისვლა. ხეზე კვეთის ნიჭი თავიდანვე მქონდა. 1976 წელს, როცა ფეხბურთს თავი დავანებე, ჩემი ნიჭის რეალიზება დავიწყე. მოსკოვში გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტი დაუსწრებლად დავამთავრე. იმ დროს ქუთაისში მხატვრული ავეჯის გამოშვება დაიწყო კომბინატმა, რომელსაც „ქუთაისი-3000“ ერქვა. მეც იქ მივედი. მაშინ თბილისიდან მოავლინეს ამ საქმის მცოდნე, არაჩვეულებრივი კაცი, აწ გარდაცვლილი ილია ჩოხელი. როგორც კი სამუშაო იარაღები დავუნახე, მაშინვე მოვკიდე ხელი და რაღაცების კეთება დავიწყე. კაცი გაკვირვებული იყო – შენ რა მაგარი ყოფილხარო! მერე ის გარდაიცვალა და ჩამოვაყალიბეთ მხატვრული დამუშავების ბრიგადა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. 

© photo: courtesy of Giorgi Lomidzeგიორგი ლომიძის შემოქმედება
ავეჯი „ვეფხისტყაოსნის“ 14 პერსონაჟით: საქმე, რომელიც მეცენატს ელოდება - Sputnik საქართველო
გიორგი ლომიძის შემოქმედება

- მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და თქვენ ალბათ ყოფილი ფუნქციონერების შეკვეთების შესრულებაც გიწევდათ?

- დიახ, იმ პერიოდში ხელისუფლებაში მიხეილ გორბაჩოვი მოვიდა. მისი სამთავრობო აგარაკი იყო მიუსერაში, რომელიც ქუთაისის ავეჯით მოაწყვეს. იმ ავეჯის მხატვრულ დამუშავებას მე ვხელმძღვანელობდი. იმ დროს იქ სხვადასხვა რესპუბლიკიდან ბევრი კარგი ოსტატი იყო ჩამოსული. ჩვენი დირექტორი ბატონი ჯემალ ბერძენი გახლდათ. საერთოდ მაშინ რაც კი ავეჯი გამოდიოდა, უმეტესობა ჩემი დიზაინითაა დამზადებული. ისინი განსაკუთრებული ნამუშევარი იყო და მასიურ წარმოებაში არ იყო ჩაშვებული. მაშინდელი მთავრობის წევრების და ბევრი ცნობილი მსახიობის სახლებშიც ჩემი გაკეთებული ავეჯი იდგა. ერთხელ ჩემთან ბატონი იპოლიტე ხვიჩია იყო მოსული თხოვნით, რომ სპეციალურად მისთვის დამემზადებინა ავეჯი საძინებელი ოთახისთვის. ღიმილით მითხრა, შენ გაკეთებულ საწოლზე მინდა დავიძინოო. მართლაც გულით ვიმუშავე და ისეთი გავაკეთე, რომ ბატონ იპოლიტეს ქება დავიმსახურე – კმაყოფილი დარჩა.

© photo: courtesy of Giorgi Lomidzeგიორგი ლომიძის შემოქმედება
ავეჯი „ვეფხისტყაოსნის“ 14 პერსონაჟით: საქმე, რომელიც მეცენატს ელოდება - Sputnik საქართველო
გიორგი ლომიძის შემოქმედება

- ქუთაისში არსებული თქვენი საამქრო ძალიან პოპულარული იყო...

- ჩვენს საამქროს „ატლანტი“ დავარქვით. ამ სფეროში „ატლანტები“ უძლიერესები ვიყავით და ხარისხიან და მართლა იშვიათ ავეჯს ვაკეთებდით. ხალხმა ჩემი ნამუშევრები გაიცნო. ერთხელ, მახსოვს, ჩემზე ფილმის გადაღებაც უნდოდათ. იმ ფილმს ერქვა „ქალაქში დადის კაცი“, სცენარი უკვე მზად იყო. ამ საქმეს ხელმძღვანელობდა არაჩვეულებრივი ადამიანი, აწ გარდაცვლილი ანზორ ჯაოშვილი, რომელსაც ჩვენს სფეროში კარგად იცნობდნენ. თუმცა, შემდეგ ფილმის გადაღება აღარ მოხერხდა. ეს ფაქტი კი ჩემთვის დღემდე დასამახსოვრებელი და საყურადღებოა. სხვათა შორის, ქუთაისზე საიუბილეო წიგნია გამოშვებული და მასში ჩემი ნამუშევრების ფოტოებიცაა შეტანილი. 80-იან წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ავეჯი – მაგიდები და სკამები ჩვენ საამქროშია გაკეთებული.

© photo: courtesy of Giorgi Lomidzeგიორგი ლომიძის შემოქმედება
ავეჯი „ვეფხისტყაოსნის“ 14 პერსონაჟით: საქმე, რომელიც მეცენატს ელოდება - Sputnik საქართველო
გიორგი ლომიძის შემოქმედება

- უცხოეთში თუ გაქვთ საინტერესო დაკვეთები შესრულებული?

- მე 16 წელი საბერძნეთში ვიცხოვრე. იქ მალე გამიცნეს და კერძო სახლების ავეჯის დასამზადებლად ჩემთან მოდიოდნენ. მათ უფრო კლასიკური სტილი უყვართ. გარდა ამისა, ქვაზე, მარმარილოზეც ვმუშაობდი. იმ ქვეყანაში ნიჭიერ ბერძენ მხატვართან პანაიოტის მორაიტისთან ერთად მიწევდა სხვადასხვა სამუშაოს შესრულება. მას საკუთარი გალერეა ჰქონდა. საბერძნეთში ბევრ ეკლესიაში ჩუქურთმებზე ვიმუშავე. საბერძნეთში წმინდა ეკატერინეს ეკლესია და ბევრი სხვა ისტორიული და რელიგიური ადგილი გავაფორმე.

© photo: courtesy of Giorgi Lomidzeგიორგი ლომიძის შემოქმედება
ავეჯი „ვეფხისტყაოსნის“ 14 პერსონაჟით: საქმე, რომელიც მეცენატს ელოდება - Sputnik საქართველო
გიორგი ლომიძის შემოქმედება

- ახლახან გამოფენა საქართველოში გქონდათ...

- დიახ, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მქონდა გამოფენა. იქ წარვადგინე სკივრები, მაგიდა, დივან-სავარძლები და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები, რომელიც ჩემ სახელოსნოშია გაკეთებული. დღეს ხალხს, მართალია, უფრო სადა სტილი უყვარს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უპირატესობას კლასიკურს ანიჭებენ. წარმოიდგინეთ, კაცი, რომელიც ძვირფას ხის მასალას ყიდულობს, ბუნებრივია, მას სურვილი უჩნდება, რომ ავეჯს მხატვრული სახე მისცეს. ჩემ სახლში ჩემი ნაკეთობებია, რომლებიც უკვე სარესტავრაციოა და ამას მომავალში ვაპირებ.

© photo: courtesy of Giorgi Lomidzeგიორგი ლომიძის შემოქმედება
ავეჯი „ვეფხისტყაოსნის“ 14 პერსონაჟით: საქმე, რომელიც მეცენატს ელოდება - Sputnik საქართველო
გიორგი ლომიძის შემოქმედება

- ვიცი, რომ ამჟამად განსაკუთრებულ და ისტორიულ პროექტზე მუშაობთ, რაზეა საუბარი?

- დიახ, ახლა ერთ ძალიან კარგ პროექტზე ვმუშაობ და ნახატებიც მზად მაქვს. ეს იქნება ავეჯი, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებით გაფორმდება. ეს მართლაც განსაკუთრებული ნამუშევრები იქნება. ერთი მათგანი, ტარიელის თემა – „ჯდა მტირალი წყლისა პირსა“ – ადრე მაქვს გაკეთებული. ავეჯის კარებებზე ამ პოემის 14 პერსონაჟი იქნება ამოტვიფრული. დარწმუნებული ვარ, ეს ავეჯი უნიკალური ნამუშევარი იქნება და სამუზეუმო ექსპონატებად იქცევა. რა თქმა უნდა, ასეთი ნამუშევარი კერძო სახლისთვის არაა განკუთვნილი. იმედია, ამ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტით მუზეუმები დაინტერესებიან. თუმცა ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და მარტო მე ამის განხორციელებას ვერ შევძლებ. ამიტომ ვეძებ სპონსორს, იმედია, ასეთი ისტორიული საქმისთვის ეროვნული შეგნების მქონე პატრიოტი ქართველი ბიზნესმენები დაინტერესდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0