21:46 01 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5960
  • 100 RUB4.2022
  • USD3.2816
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (61)
70820

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ისრაელში, წმინდა მიწაზე მცხოვრებ ხელოვანს დალი ზაქარიაშვილს გაგაცნობთ.

თვლის, რომ ამ სფეროში სხვებთან შედარებით ახალბედაა, თუმცა მისმა თოჯინებმა უკვე შეძლეს და მიიქციეს მნახველის ყურადღება. საქართველოში მისი ნამუშევრები მხოლოდ ერთ გამოფენაზე იხილეს.

25-28 დეკემბერს ქალბატონი დალი ისრაელში, ქალაქ არადში მიწვეული იყო საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საუკეთესო მეთოჯინეები ჩავიდნენ. მარტის თვეში კიდევ ერთ გამოფენა-კონკურსზე მონაწილეობას გეგმავს.

დალი ზაქარიაშვილი
დალი ზაქარიაშვილი

- ქალბატონო დალი, როგორ აღმოჩნდა ქართველი მეთოჯინე ისრაელში?

- ისრაელში, ქალაქ იავნეში ვცხოვრობ, აქ მეგობრის მოწვევით ჩამოვედი. ეს იყო 2015 წელს 12 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. აქ ჩამოსვლის დროს მიღებული პირველი შთაბეჭდილება დაუვიწყარია. წმინდა მიწაზე სიწმინდეების მოლოცვა ყველა მართლმადიდებლისთვის დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული, გამონაკლისი არც მე ვიყავი. თბილისში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დავამთავრე. რადგან სამი წლის ასაკიდან ვხატავ, სხვა პროფესიის არჩევაზე არც მიფიქრია. ადრე ტანსაცმლის დიზაინით ვიყავი დაკავებული, ვქარგავ კიდეც. რაც თავი მახსოვს, სულ ძიებაში ვარ და მივაგენი კიდეც ჩემს ნიშას – თოჯინების საოცარ სამყაროს.

დალი ზაქარიაშვილი
დალი ზაქარიაშვილი

- თოჯინების კეთება საქართველოში დაიწყეთ თუ ისრაელში?

- როცა 2018 წელს ისრაელიდან საქართველოში ერთი წლით დავბრუნდი, შევხვდი არაჩვეულებრივ ქალბატონს ნანა ყაულაშვილს, რომელიც ულამაზეს თოჯინებს ქმნის. ამ ხელოვნებას სწორედ მასთან ვეზიარე. მანამდე თიხასთან უშუალო შეხება არ მქონია. ძალიან მალე თიხა ჩემი სასურველი მიზნის მისაღწევი საშუალება გახდა. თიხა ადვილად გემორჩილება მუშაობის პროცესში და შენი სულის ძახილის გამოხატულება ხდება. თოჯინების დამზადების ხელოვნება შესაძლებლობას გაძლევს, რომ გამოიყენო ყველა საშუალება – ძერწვა, ხატვა, ტანსაცმლის დიზაინი, ვარცხნილობა. ყოველი თოჯინა „თვითონ ირჩევს“ და გკარნახობს როგორი სამოსი, სტილი და ვარცხნილობა უნდა მოიხდინოს. მერე გეპრანჭება და საოცარი მზერით გიყურებს, თითქოს თვალებით გელაპარაკება, საოცარი განცდაა.

დალი ზაქარიაშვილის თოჯინები
დალი ზაქარიაშვილის თოჯინები

- ჰყავთ თუ არა მათ პროტოტიპები, თუ მხოლოდ ფანტაზიით ქმნით?

- ჩემი ბოლო ნამუშევარი ამადეო მოდილიანის საყვარელი ქალის ჟანა ებიუტერნის პორტრეტის „ჟანას“ მიხედვით შექმნილი თოჯინური პროტოტიპია. ამ ტილოს გავლენა ჩემზე იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გავბედე და ვცადე თიხაში გადმომეცა ის სულიერი სამყარო, რაც ამ სურათისთვისაა დამახასიათებელი. ამჟამად როგორც რბილი თოჯინები, ისე თიხისგან დამზადებული 30-მდე ნამუშევარი მაქვს.

- ისინი სხვადასხვა ქვეყანაშია...

- დიახ, ჩემმა თოჯინებმა სხვადასხვა ქვეყანაში დაიდეს ბინა. ერთი მხრივ, მიჭირს ხოლმე მათთან განშორება, მეორე მხრივ, მიხარია, რომ ჩემი შემოქმედება სხვადასხვა ქვეყნაში ერთნაირად მოსწონთ.

დალი ზაქარიაშვილის თოჯინა
დალი ზაქარიაშვილის თოჯინა

- სულ ახლახან გამოფენაში მიიღეთ მონაწილეობა, თუ მიიქციეს ყურადღება თქვენმა ნამუშევრებმა?

- გამოფენა, რომელიც ისრაელის ქალაქ არადში ქალბატონ ირენე როზენშტეინის ორგანიზებით გაიმართა, მართლაც ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი იყო. მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მიხარია, რომ გამოფენაზე ჩემი თოჯინები ყურადღების გარეშე არ დარჩენილან. როდესაც მნახველი აღფრთოვანებულია შენი შემოქმედებით, ეს, რა თქმა უნდა, ავტორისთვის დიდი ბედნიერებაა. არც ისე დიდი ხნის წინ მივიღე შემოთავაზება უკრაინიდან, სადაც 2-4 მარტს გამოფენა-კონკურსი Ляльковий Подіум გაიმართება.

დალი ზაქარიაშვილის თოჯინა
დალი ზაქარიაშვილის თოჯინა

- როგორი იყო ის ხუთი წელი, რაც წმინდა მიწაზე ცხოვრობთ?

- პირდაპირ გეტყვით, ამ ხუთი წლის მანძილზე ისრაელი ჩემთვის მეორე სამშობლოდ იქცა. ებრაელებს ბევრი კარგი წეს-ჩვეულება და ტრადიცია აქვთ. მათგან გამოვყოფდი შაბათის შემობრძანებას, რასაც მთელი ოჯახი ერთად ხვდება, იშლება ხოლმე გრძელი სუფრა და ღმერთის სადიდებელს აღავლენენ, შემდეგ გემრიელ კერძებს მიირთმევენ. ამ დღეს ქუჩაში შემხვედრი ყველა ადამიანი გესალმება თბილად და სიტყვებით – "შაბათ შალომ", მშვიდობიან შაბათს გისურვებენ და შენც ამ სიტყვებით უნდა უპასუხო. ებრაელები ქალს დიდ პატივს სცემენ, ოჯახში თითქმის ყველას სამი და მეტი შვილი ჰყავს, რაც მართლა მისაბაძია.

დალი ზაქარიაშვილის თოჯინა
დალი ზაქარიაშვილის თოჯინა

- ისრაელის კლიმატთან შეგუება ხომ არ გაგიჭირდათ?

- თავიდან აქაურ სიცხესთან შეგუება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ახლა სიცივეც ასატანი გახდა. დიდი სიცხე აქ შეიძლება სულ ორ თვეს გაგრძელდეს, აპრილიდან კი უკვე ზღვაზე ბანაობაც შეიძლება.

დალი ზაქარიაშვილის თოჯინები
დალი ზაქარიაშვილის თოჯინები

- სიცხეებისგან განსხვავებით, ამ ქვეყანაში მეგობრობა სეზონური არ არის...

- მართლაც ასეა, ამ ქვეყანაში იციან მეგობრობის ფასი, ხალხი აქ უშუალოა და მათთან ურთიერთობა – ადვილი და სასიამოვნო. მადლობა მინდა გადავუხადო ებრაელ ხალხს იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელსაც ჩვენ გვიზიარებენ. უდიდესი მადლობა საქართველოდან წამოსულ ქართველ ებრაელებს, რომლებიც გვერდში უდგანან ქართველ ემიგრანტებს, საქართველოს სიყვარულს კი გულში ატარებენ.

- სამშობლოში დაბრუნებას როდის ფიქრობთ?

- ამაზე სულ ვფიქრობ, მაგრამ როდის მოხდება – ჯერ არ ვიცი. ყველაფერი მენატრება – ჩემი თბილისი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ვერის უბანი, თავისი საოცარი სუნთქვით, გაზაფხულზე წამოსული ჟუჟუნა წვიმა და აფეთქებული ატმის ყვავილის სურნელი. სიცოცხლე საქართველოში მინდა...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (61)

მთავარი თემები