10:08 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
14435130

საკალანდოდ ეს ამბავი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რაც ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ყოველთვის არ გვახსოვს...

რუსუდან და მამუკა ჩაჩხიანების სიყვარულის ამბავი პომპეზური არ არის. ისეთია, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი გრძნობა და ოჯახი: სადა, საიმედო და მშვიდი. მათ ლექსიკონში „ჩვენ“ მთავარი სიტყვაა. ამ წყვილმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ შშმ მხოლოდ ადამიანია, სიყვარული კი შეზღუდვებს არ ცნობს...

რუსუდან  ჩარკვიანი
რუსუდან ჩარკვიანი

- ქალბატონო რუსუდან, რადგან ყველა ადამიანის ცხოვრების ამბავი ბავშვობიდან იწერება, მინდა გკითხოთ, როგორ ბავშვობა გქონდათ?

- ბავშვობა თბილისში გავატარე. ზედმეტად ცელქი ბავშვი ვიყავი, ინვალიდის ეტლშიც სწორედ ჩემი სიცელქის გამო აღმოვჩნდი. კალათბურთით და მთამსვლელობით ვიყავი დაკავებული. მერვე კლასიდან ძალიან დავინტერესდი ანატომიით, რადგან  გაკვეთილის სწავლის შემდეგ დავაკვირდი იმ ცვლილებებს, რაც ჩემს ორგანიზმს ემართებოდა. ამიტომ დავიწყე იმაზე ოცნება, რომ ექიმი გამოვსულიყავი, რადგან უკეთესად გამეგო ის პრობლემები, რის წინაშეც დავდექი და მომავალში დავდგებოდი. ყველაზე კარგად მახსენდება ის დრო, როცა ცეკვით ვიყავი დაკავებული. ყოფილ პიონერთა სასახლეში ქართულ ცეკვაზე ორი წელი დავდიოდი. შემდეგ ანსამბლში მოვხვდი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იქ სიარული ვეღარ შევძელი. დღეს აღარ მაქვს იმის უნარი, რომ ვიცეკვო. როცა ტელევიზორში ვუყურებ ცეკვებს, ძალიან განვიცდი და ისე ვნერვიულობ, რომ ხანდახან ვტირი კიდეც...

ჯვრისწერაზე
ჯვრისწერაზე

- სიყვარულის ისტორია გაქვთ უჩვეულო და იშვიათი...

- რაც შეეხება ჩემი სიყვარულის ისტორიას, ეს მართლაც მეტად უცნაური ამბავია. ყველაფერი ასე დაიწყო: იმ დროს მე უკვე სახლში ვიყავი სავარძელს მიჯაჭვული. ერთხელ უცნობმა მამაკაცმა დამირეკა. ტელეფონზე იმ საუბრის შემდეგ მამუკას ჩემი ნახვის სურვილი გაუჩნდა. იმ დროს მან არ იცოდა ჩემი მდგომარეობა. რადგან ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა, მისი დაპატიჟება გადავწყვიტე. ჩემ შემოთავაზებაზე უარი არ უთქვამს. მართლაც მოვიდა. როცა ოთახში შემოვიდა, ყველა გაკვირვებით უყურებდა, ერთის გარდა. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ჩემი ნომერი სწორედ მას მიუცია. მამუკა ჩემი კლასელის ლალის თანამშრომელი აღმოჩნდა.

- ცოლობა როდის გთხოვათ?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან მალე. ცოლობა სამი დღის შემდეგ მთხოვა, მაგრამ უარი ვუთხარი და სახლიდან დავითხოვე. ამის შემდეგ ის გერმანიაში წავიდა. 14 წლის შემდეგ ჩამოვიდა, ისევ მოვიდა ჩემთან და ისევ შემომთავაზა ცოლად გავყოლოდი. ამჯერად დავთანხმდი... ჩვენი ოჯახი 2001 წელს შეიქმნა და უკვე 20 წელია ერთად ვართ.

რუსუდან  ჩარკვიანი და მისი მეუღლე მამუკა ჩაჩხიანი
რუსუდან ჩარკვიანი და მისი მეუღლე მამუკა ჩაჩხიანი

- დღეს საკუთარი საქმე გაქვთ - ფუტკრები გყავთ, მათი მოვლა კი საკმაოდ შრომატევადია...

- მამუკას მამამ მისცა ათი ძირი ფუტკარი, რადგან სოფელში სხვა შემოსავალი არ იყო. გადავწყვიტეთ უკეთ შეგვესწავლა ფუტკარი და გაგვემრავლებინა, ასეც მოვიქეცით. მართალია, ძალიან შრომატევადი საქმეა, მაგრამ დიდი სიყვარულით ვშრომობთ. ამჟამად 50 ძირი ფუტკარი გვყავს. მოვლით მათ მამუკა უვლის, მე შეძლებისდაგვარად ვეხმარები.

- როგორც წესი, სიყვარულს წინააღმდეგობები აძლიერებს...

- ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ამ წლების მანძილზე ბევრი გაჭირვება ვნახეთ. სამწუხაროდ, ყველამ თავიდანვე უარი თქვა ჩვენზე, მშობლებმაც კი, მაგრამ დიდი სიყვარულის წყალობით მაინც გავძლიერდით. ისეთი პრობლემების გადალახვა შევძელით, რომ ბევრს ამის წარმოდგენა და გააზრებაც კი უჭირს. ერთი სიტყვით, ჩვენით და ყოველგვარი დახმარების გარეშე ყველაფერს მივაღწიეთ...

რუსუდან  ჩარკვიანი
რუსუდან ჩარკვიანი

- ეს ის შემთხვევაა, როცა აზრი არ აქვს კითხვას – რა არის მთავარი...

- ყველაზე მთავარი ცხოვრებაში სიყვარული, ურთიერთგაგება, ღმერთის რწმენა და ოჯახია...

ქალბატონ რუსუდანის შემდეგ მის მეუღლეს, ბატონ მამუკა ჩაჩხიანსაც გავესაუბრეთ...

- ბატონო მამუკა, როდის მიხვდით, რომ „ის ის არის“?

- როგორც კი პირველად დაველაპარაკე, გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად მივხვდი, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო. მაშინ 17 წლის ვიყავი და ბევრ რამეს ვერ ვაანალიზებდი, მაგრამ სამ დღეში მაინც ვთხოვე ცოლობა. ამის მერე 14 წელი იყო დაშორება, თუმცა პერიოდულად ტელეფონით მაინც გვქონდა ურთიერთობა. მერე ჯარში მომიწია წასვლა. როცა ჩამოვედი, თბილისში არეულობა დაიწყო. ხუთი წელი გერმანიაშიც ვიყავი. ამის შემდეგ ორწელიწად-ნახევარი სოფელში ყოფნის დროს არავისთან არანაირი ურთიერთობა აღარ მქონდა. იმ დროს მასწავლებლად უნდა წავსულიყავი სამუშაოდ და საბუთებს ვამზადებდი.

რუსუდან  ჩარკვიანი
რუსუდან ჩარკვიანი

- ურთიერთობა როდის განაახლეთ?

- უცნაურია, მაგრამ როცა თბილისში ჩამოვედი, ნაცნობებიდან მარტო რუსიკოს ნომერი გამახსენდა. როცა დავურეკე, ტელეფონში სასოწარკვეთილი ადამიანის ხმა გავიგონე. პირველი რაც მომაფიქრდა, ის ვუთხარი – რუსო, მოდი, გამოვალ–მეთქი. მართლაც წავედი და როცა ოთახში შევედი, ადამიანი უცებ ვერ დავინახე – კუთხეში თავისთვის სრულიად უმწეო არსება იჯდა... მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ სიცოცხლისკენ მომებრუნებინა. იმ დღიდან მეტეხის ტაძარში მამა აკაკისთან რუსიკოს წაყვანა დავიწყე. ორი კვირა ლოცვებსა და წირვებზე მიმყავდა. თანდათან შევატყვე, რომ ადამიანი მდგომარეობიდან გამოვიდა და გამოცოცხლდა. მორიგი ასვლის შემდეგ მისივე სურვილით ჯვარი ავუტანე, რადგან მითხრა, დაკარგული მაქვსო. როცა ტაძარში მივედი, უფალს ვთხოვე, ღმერთო, ასეთ ნაბიჯს შენი დახმარების გარეშე ვერ გადავდგამ და დამეხმარე–მეთქი. უბრალო ადამიანი ამას ასე ადვილად ვერ გადალახავდა. ის ღამე თეთრად გავათენე...

რუსუდან  ჩარკვიანი
რუსუდან ჩარკვიანი

- ცოლობა ხელახლა როგორ სთხოვეთ?

- როცა ჯვარი მივუტანე, ვუთხარი, უკვე ზრდასრული ადამიანები ვართ–მეთქი, მე 31 წლის ვიყავი, რუსიკო – 35-ის. იმ დროს სოფელში სახლს ვყიდულობდი, იმ სახლში ერთად ვიქნებით და არავინ შეგვაწუხებს–მეთქი. თან ვურჩიე, ამ ნაბიჯს სანამ გადადგამ, ყველას შეეკითხე, მაგრამ გადაწყვეტილება შენ მიიღე–მეთქი. ორი თვე ვაცადე და როცა მივედი, თანხმობა მითხრა. დღეს ერთად ვართ და ჩვენს ლექსიკაში სიტყვა „მე“ არ არის, მხოლოდ „ჩვენ“ – ჩვენი საქმე, ჩვენი სახლი. მეს არასოდეს ვახსენებთ, რადგან ჩვენ მართლა ერთნი ვართ...

 

მთავარი თემები