ქართული ქველმოქმედება ესპანეთში, რესტორანი „ქინზა" ბარსელონაში და ნორვეგიელების „აჭარული“

გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მცხოვრებ ქართველ პოეტს კახა წიგნაძეს შეგახვედრებთ.

„ერთი ჩვეულებრივი დილაა ბარსელონაში. ვკითხულობ ბებიის გამოგზავნილ წერილს, ვაგემოვნებ მის გამოგზავნილ ჩურჩხელას და ვაყოლებ ცრემლებს“. ასე შეიგრძნო ახალ წელს ქართული მონატრება...  

© photo: courtesy of Kakha Tsignadzeკახა წიგნაძე
ქართული ქველმოქმედება ესპანეთში, რესტორანი „ქინზა ბარსელონაში და ნორვეგიელების „აჭარული“ - Sputnik საქართველო
კახა წიგნაძე

ლექსებს 18 წლის ასაკიდან წერს, ორი პოეტური კრებულის ავტორია. საქართველოში, მშობლიურ კუთხეში, საჩხერეში ცნობილი იყო, როგორც არაერთი საქველმოქმედო საღამოს ავტორი და ორგანიზატორი. თვლის, რომ რეალურად ჩადენილი კეთილი საქმის გარეშე პოეტის არც ერთ სიტყვას ფასი არ აქვს. ამ გზას შორეულ ესპანეთშიც აგრძელებს. ბარსელონაში მისი წყალობით საქართველოსა და ქართული ტრადიციების შესახებ არაერთმა უცხოელმა შეიტყო.

© photo: courtesy of Kakha Tsignadzeპოეზიის საღამოზე
ქართული ქველმოქმედება ესპანეთში, რესტორანი „ქინზა ბარსელონაში და ნორვეგიელების „აჭარული“ - Sputnik საქართველო
პოეზიის საღამოზე

- კახა, ემიგრაციისთვის ბარსელონა სპეციალურად შეარჩიეთ თუ ეს შემთხვევით მოხდა?  

- ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ბარსელონა ერთხელ მაინც მენახა. როცა დავდექი ფაქტის წინაშე, რომ ქვეყანა უნდა დამეტოვებინა, მაშინ ჩემთვის საყვარელი ეს ქალაქი ავირჩიე. ბარსელონა შთამბეჭდავია თავისი ისტორიით, არქიტექტურით და თბილი ხალხით. როცა აქ პირველად მოვხვდი, რამდენიმე დღე ქალაქის ქუჩებში გაოცებული დავდიოდი და ვტკბებოდი.

© photo: courtesy of Kakha Tsignadzeკახა წიგნაძე
ქართული ქველმოქმედება ესპანეთში, რესტორანი „ქინზა ბარსელონაში და ნორვეგიელების „აჭარული“ - Sputnik საქართველო
კახა წიგნაძე

- საქართველოში აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება გქონდათ...

- ლექსებს 18 წლიდან ვწერ. უკვე ორი კრებულის ავტორი ვარ, ესენია „სახსოვარი" და „უსათაურო დღეები". ესპანეთში ჩამოსვლით არა მგონია, რომ ჩემი მუზა და პირადად მე გადავსხვაფერებულიყავით, რადგან „არ ვდევ ჟამთა სვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად".

© photo: courtesy of Kakha Tsignadzeკახა წიგნაძე
ქართული ქველმოქმედება ესპანეთში, რესტორანი „ქინზა ბარსელონაში და ნორვეგიელების „აჭარული“ - Sputnik საქართველო
კახა წიგნაძე

- ანუ მუზა ბარსელონაშიც გაკითხავთ...

- როცა აქ ბოლოს „მომაკითხა“, ეს ლექსი დავწერე:

გელოდი და თან ვთვრებოდი მოხიტოთი,

მაბრუებდა სიმღერები ბასკთა,

რა მეგონა თუკი აღარ მოხვიდოდი,

გული შენი მოლოდინით გასკდა.

უკრავს ჩვენთვის ვიოლინო და გიტარა,

ფრანჩესკო კი ჭიქა ვისკის ითხოვს,

ახლა შიშმა, ჰოი, როგორ ამიტანა,

სამუდამოდ დამეკარგე თითქოს.

რა მეგონა თუკი აღარ მოხვიდოდი,

გული შენი მოლოდინით გასკდა,

გელოდი და თან ვთვრებოდი მოხიტოთი

მაბრუებდა სიმღერები ბასკთა.

© photo: courtesy of Kakha Tsignadzeკახა წიგნაძე
ქართული ქველმოქმედება ესპანეთში, რესტორანი „ქინზა ბარსელონაში და ნორვეგიელების „აჭარული“ - Sputnik საქართველო
კახა წიგნაძე

- ვიცი, რომ საქართველოში საქველმოქმედო საღამოებს ატარებდით ბავშვების დასახმარებლად, ესპანეთშიც გააგრძელეთ ეს ტრადიცია?

- საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებებში ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას და ორგანიზაციების სახელით საქველმოქმედო საღამოებს ვატარებდი. მსგავსი სურვილი ბარსელონაშიც გამიჩნდა, თუმცა აქ შესაფერისი დარბაზის პოვნა და სხვადასხვა საკითხების მოგვარება პრობლემა აღმოჩნდა. მადლობა ღმერთს, რომ შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მსგავს წამოწყებაში გვერდით დამიდგნენ. როცა ახლო მეგობრის შვილს დახმარება დასჭირდა, მკითხეს, ხომ არ ჩავერთვებოდი ამ კეთილ საქმეში და სიამოვნებით დავთანხმდი. რამდენიმე დღის წინ აქ პატარა მარიამის დასახმარებლად ჩატარდა საღამო, რომლის ორგანიზებაში აქ მცხოვრები ადამიანებიც დამეხმარნენ.

- სამომავლოდ თუ გაქვთ რაიმე დაგეგმილი?

- ახლო მომავალში ჯერ არაფერი, მაგრამ მსგავსი საღამოების ჩატარებას კიდევ ვაპირებ და ასეთ დროს უფრო მეტი ადამიანის ჩართვას ველოდები. მზად ვართ ყველას დავეხმაროთ, პოეზიის საღამოებს და ქართული კულტურის დღეებს იმდენჯერ გავმართავთ, რამდენიც საჭირო იქნება. რადგან ვთვლი, რომ კეთილი საქმის გარეშე არაფრის წერას და შექმნას აზრი არ აქვს.

© photo: courtesy of Kakha Tsignadzeბარსელონაში
ქართული ქველმოქმედება ესპანეთში, რესტორანი „ქინზა ბარსელონაში და ნორვეგიელების „აჭარული“ - Sputnik საქართველო
ბარსელონაში

- ბარსელონაში თქვენ მუშაობთ რესტორანში, რომლის სახელია "ქინზა". ასე ამ ძალიან ქართული მწვანილის გამო შეარქვეს თუ?..

- არა, ამ რესტორანს „კინზა“ იმიტომ ჰქვია, რომ კატალონიურ ენაზე ეს სიტყვა „15“-ს ნიშნავს. რესტორნის შენობა 15 ნომერში მდებარეობს და ეს სახელიც ამიტომ შეურჩიეს. რესტორნის მეპატრონე ეროვნებით რუსია, თუმცა სამზარეულო აქ ქართულია. ჩემი მოვალეობაა, რომ სტუმრებს ეროვნული სამოსით დავხვდე, მათ ქართული ღვინის ისტორია და ჩვენი ტრადიციები გავაცნო, ქართული ცეკვა ვაჩვენო. სადღესასწაულო დღეებში თამადის ფუნქციასაც ვასრულებ – სადღეგრძელოებს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე ვთავაზობ.

- რომელიმე დღე გამორჩეულად ხომ არ დაგამახსოვრდათ?

- სიმართლე გითხრათ, აქ ყოველი დღე დაუვიწყარია, რადგან ჩვენთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ძალიან ბევრი და კარგი სტუმარი დადის. განსაკუთრებული იყო დღე, როცა სტუმრად ნორვეგიელები გვყავდნენ. მათ ქართული ცეკვის ილეთების შესწავლა მთხოვეს. მე შევუსრულე თხოვნა და აჭარული ცეკვის ილეთები შევასწავლე. უნდა გენახათ, რა ინტერესით და მონდომებით მოეკიდნენ ამ საქმეს. ჩემთან ერთად ხალისით იცეკვეს „აჭარული“ ესპანელმა, ნორვეგიელმა, მაროკოელმა და ბრაზილიელმა სტუმრებმა, ბოლოს რუსებიც შემოგვიერთდნენ. მათი ცეკვით ძალიან ვიხალისე.

© photo: courtesy of Kakha Tsignadzeბარსელონაში
ქართული ქველმოქმედება ესპანეთში, რესტორანი „ქინზა ბარსელონაში და ნორვეგიელების „აჭარული“ - Sputnik საქართველო
ბარსელონაში

- ესპანელები ქართველების მსგავსად ხალისიანი ხალხია...

- მართლაც ასეა, ქუჩაში სულ მომღიმარი სახეებით დადიან, სიმღერა და ერთად ყოფნა უყვართ. პატარა კურიოზი გამახსენდა: მაშინ პირველად და შემთხვევით გავიგე, თუ რას ნიშნავს ჩემი სახელი ესპანურად. ბარსელონის ქუჩაში სეირნობის დროს უცებ მომესმა ყვირილი: „კახა! ოი, კახა!“ ვიფიქრე, ამ უცხო ქალაქში ვიღაც ნაცნობმა დამინახა–მეთქი და სიხარულით დავიწყე აქეთ-იქით ყურება. შორიახლოს დავინახე ესპანელი ბიჭი, რომელსაც ყუთი დაუვარდა და მივხვდი, რომ „კახა“ ესპანურად თურმე ყუთს ნიშნავს.

© photo: courtesy of Kakha Tsignadzeპრეზენტაციაზე
ქართული ქველმოქმედება ესპანეთში, რესტორანი „ქინზა ბარსელონაში და ნორვეგიელების „აჭარული“ - Sputnik საქართველო
პრეზენტაციაზე

- საკუთარ თავში რომელი ახალი თვისება აღმოაჩინეთ?

- უცხოეთში დავრწმუნდი, რომ იმაზე მეტად ძლიერი ვყოფილვარ, ვიდრე მანამდე მეგონა. ყველა დაბრკოლებას გავუძელი და ვუძლებ. ყველა ტკივილს ვიტან და ღირსეულად ვაგრძელებ იმ ურთულეს გზას, რასაც ემიგრანტობა ჰქვია. ჩემი ახალი წლის დღეებმა სამშობლოს მიღმა უჩვეულოდ ჩაიარა. არადა, ახალი წლის შეხვედრა ოჯახთან და მერე მეგობრებთან ერთად მიყვარდა. ამ ახალ წელს სამსახურში სტუმრებთან ერთად შევხვდი და ვეცადე, რომ მასში ქართული მომენტებიც ყოფილიყო...

© photo: courtesy of Kakha Tsignadzeკახა წიგნაძე
ქართული ქველმოქმედება ესპანეთში, რესტორანი „ქინზა ბარსელონაში და ნორვეგიელების „აჭარული“ - Sputnik საქართველო
კახა წიგნაძე

- როგორია თქვენი ქართული მონატრება?

- სევდიანი და ნათელი... ყველაფერი და ყველა მენატრება, პირველ რიგში, ქართულ მიწაზე მოსიარულე საკუთარი თავი მენატრება. შორს დარჩენილი სამშობლო ტკივილია, აქ კიდევ მეტად განიცდი ყველა ცუდ ამბავს, რაც ჩვენთან ხდება, ისე განვიცდი, რომ სიტყვებითაც ვერ გამოვხატავ... ძნელია შორს დარჩენილი სამშობლოს შეგრძნება, თუმცა ჩემი წილი სამშობლო მეც გულით დამაქვს. ყოველ ნაბიჯზე ვეძებ ყველაფერ ქართულს, ღირსეული ქართველის აღმოჩენა კი ძალიან მახარებს და სიამაყით მავსებს...

 

ყველა ახალი ამბავი
0