„აზრების ფოიერვერკი" გთავაზობთ ჰელენ კელერის მოსაზრებებს.
ჰელენ კელერი (Helen Keller 1880—1968) — ამერიკელი მწერალი, პოლიტიკოსი და ლექტორი. ის იყო პირველი ერთდროულად ბრმა და ყრუ ქალი, რომელმაც მიიღო განათლება და სამეცნიერო ხარისხი.
ის 19 თვისა იყო, როდესაც გადაიტანა დაავადება, რომელმაც მისი სმენისა და მხედველობის სრული დაკარგვა გამოიწვია. იმ დროს ამგვარ ბავშვებთან მუშაობა ახალი დაწყებული იყო. შვიდი წლის ჰელენისთვის მშობლებმა ახალგაზრდა მასწავლებელი ენ სალივანი აიყვანეს, რომელმაც ბავშვთან შეძლო კომუნიკაცია და მისთვის განათლების მიცემა. ეს ფაქტი სპეციალურ პედაგოგიკაში მნიშვნელოვანი გარღვევა გახდა.
კელერმა ზოგადი განათლება რამდენიმე სკოლაში მიიღო. შემდეგ დაამთავრა რედკლიფის კოლეჯი და ბაკალავრის ხარისხი მიიღო. შემდეგ ჰელენი სალივანთან ერთად ცხოვრობდა ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე. გათხოვილი არ ყოფილა, თუმცა ყოველთვის ოცნებობდა მამაკაცის სიყვარულზე. ის 1916 წელს საიდუმლოდ დაინიშნა ჟურნალისტ პიტერ ფაგანზე, მაგრამ რეპორტიორების წყალობით ეს ცნობილი გახდა ჰელენის დედისთვის, რომელმაც წყვილი ერთმანეთს დააშორა. ამან მწერლის დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. მისი აზრით, იმ დროის საზოგადოება მზად არ იყო, მიეღო ამგვარ ქალთან ქორწინება.
ჰელენ კელერს მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი მარკ ტვენი ჟანა დ'არკს ადარებდა.
ჰელენ კელერის ნაწარმოებებს შორისაა: „ჩემი ცხოვრების ისტორია" (The Story of My Life), „ოპტიმიზმი" (Optimism), „სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ" (he World I Live In), „წყვდიადს მიღმა" (Out of the Dark) და სხვ.