25 წლის რეჟისორი და ქართული თეატრი ქალაქში, საიდანაც ახალგაზრდები აღარ გაიქცევიან

გამოწერა
კარგია, როცა ბავშვობისდროინდელი გატაცება ცხოვრების მთავარ საქმედ იქცევა, შემდეგ სურვილი გაგიჩნდება, რომ იმ ადგილს დაუბრუნდე, სადაც დაიბადე და იქ ადამიანებს აჩუქებ ზეიმს, სახელად – თეატრი...

დმანისის ისტორიულ რაიონში დღეს 27 საჯარო სკოლაა, აქედან ქართული მხოლოდ ათია... მგონი, ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ამ კუთხეში ქართული თეატრის არსებობას სახელმწიფო და ეროვნული მნიშვნელობა აქვს. ეს კარგად აქვს შეგნებული დმანისის თეატრის 25 წლის სამხატვრო ხელმძღვანელს ლაშა ჩხვიმიანს, რომელიც, მართალია, მხოლოდ ორი წელია ამ პოზიციაზეა, მაგრამ თავისი თეატრისა და ქალაქისთვის უკვე ბევრის გაკეთება შეძლო.

© photo: courtesy of Lasha Chkhvimianiდმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა ჩხვიმიანი
25 წლის რეჟისორი და ქართული თეატრი ქალაქში, საიდანაც ახალგაზრდები აღარ გაიქცევიან - Sputnik საქართველო
დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა ჩხვიმიანი

- ბატონო ლაშა, დმანისის თეატრი თქვენს რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო თეატრია, როგორ გახდით მისი ხელმძღვანელი?

- როცა ტრადიციული კონკურსი ტარდებოდა სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე, მაშინ მე დავწერე თეატრის ოთხწლიანი განვითარების სტრატეგია, გავუგზავნე შესაბამის კომისიას და 2017 წელს ოთხწლიანი ვადით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ამირჩიეს.

© photo: courtesy of Lasha Chkhvimianiთეატრალური სტუდიის მსახიობები
25 წლის რეჟისორი და ქართული თეატრი ქალაქში, საიდანაც ახალგაზრდები აღარ გაიქცევიან - Sputnik საქართველო
თეატრალური სტუდიის მსახიობები

- დღემდე რამდენი სპექტაკლი უჩვენეთ დმანისელ მაყურებელს?

- თეატრს დაფინანსებით სეზონზე მხოლოდ ერთი სპექტაკლის დადგმა შეუძლია. ამ ეტაპზე ოთხი სპექტაკლი გვაქვს განხორციელებული. წინა სეზონზე სულხან-საბა ორბელიანის 360 წლის იუბილესთან დაკავშირებით დავდგით სპექტაკლი „სიბრძნე სიცრუისა“, რომლის რეჟისორი თამარ ხიზანიშვილი იყო. ასევე დავდგით ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტერი“, რომლის დადგმაც რეჟისორმა გიორგი სავანელმა განახორციელა. თეატრის ფუნქცია თანამედროვე პრობლემებზე საუბარია და რადგან ამ პიესაში დღემდე აქტუალური თემებია, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ მაყურებლის წინაშე ამ პიესის წარდგენა. საკუთარი სახსრებით დავდგით ჩეხოვის მცირე პიესების – „ხელის თხოვნა“ და „დათვის“ მიხედვით სპექტაკლი „იმპერიის აჩრდილები და წითელი ძაღლები“, რომლის რეჟისორი გიორგი სავანელია. ჩვენი თეატრი საერთაშორისო ფესტივალებზე გასვლასაც ახერხებს. მონაწილეობა მივიღეთ ქვემო ქართლის მასშტაბით რეგიონული თეატრების ფესტივალზე და კომედიის საერთაშორისო ფესტივალზე გორში.

© photo: courtesy of Lasha Chkhvimianiსცენაზე
25 წლის რეჟისორი და ქართული თეატრი ქალაქში, საიდანაც ახალგაზრდები აღარ გაიქცევიან - Sputnik საქართველო
სცენაზე

- დმანისის თეატრში სპექტაკლის „შენახვის“ ტრადიცია დღემდე არ არსებობდა და თქვენ ეს ტრადიცია თეატრის სასარგებლოდ დაარღვიეთ...

- ეს იმას ნიშნავდა, რომ თეატრში რა სპექტაკლიც იდგმებოდა, ის ერთ წელიწადში კვდებოდა. ჩვენ აღვადგინეთ 2015 წელს დადგმული სპექტაკლი და შარშან ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის იუბილეზე ჩატარებულ მისივე სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე წარვადგინეთ მწერლის მოთხრობების „სისხლი“ და „ძაღლის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი სახელწოდებით „სისხლი“, რომლის რეჟისორი გეგა ქურციკიძე გახლდათ. საერთოდ ვცდილობთ ხოლმე – თუ სადმე ფესტივალი ჩატარდა, ჩვენი თეატრის სახელი ყველგან დაფიქსირდეს.

© photo: courtesy of Lasha Chkhvimianiერთ-ერთ ღონისძიებაზე
25 წლის რეჟისორი და ქართული თეატრი ქალაქში, საიდანაც ახალგაზრდები აღარ გაიქცევიან - Sputnik საქართველო
ერთ-ერთ ღონისძიებაზე

- დმანისელი მაყურებელი თუ დადის თეატრში?

- თავიდან ძალიან გვეშინოდა, რომ მაყურებელი თეატრში არ ივლიდა. თეატრს 30 წლის არსებობის მანძილზე აქ ბილეთის ყიდვის პრაქტიკა არ ჰქონია. ჩვენი შიში არ გამართლდა, რადგან მაყურებელი წინასწარ რეკავს და ადგილებს ჯავშნის ხოლმე. სპექტაკლი კვირაში ერთხელ გადის და 50-100 ბილეთი იყიდება.

- სპექტაკლებში მოწვეული მსახიობები მონაწილეობენ?

- დიახ, მსახიობებს კონკრეტულ პროექტებზე ვარჩევთ, ადგილზე არ გვყავს პროფესიონალი მსახიობები, რომ ისინი შტატში ავიყვანოთ. ამასთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ. ამ პრობლემის გადასაჭრელად დმანისში შევქმენით თეატრალური სტუდია, სადაც 30-მდე უფროსკლასელი მოზარდია ჩართული. ამ სტუდიის მთავარი მიზანი ისაა, რომ ამ ბავშვებმა მომავალში ჩააბარონ თეატრალურ ინსტიტუტში და შემდეგ დმანისის თეატრს დაუბრუნდნენ.

© photo: courtesy of Lasha Chkhvimianiსცენაზე
25 წლის რეჟისორი და ქართული თეატრი ქალაქში, საიდანაც ახალგაზრდები აღარ გაიქცევიან - Sputnik საქართველო
სცენაზე

- ვიცი, რომ თავის დროზე თქვენც ასეთივე სტუდიის აღზრდილი იყავით...

- დიახ, დმანისში არსებობდა თეატრალური საბავშვო სტუდია, რომლის წევრი მეც ვიყავი. სწორედ ამ სტუდიის დამსახურებაა, რომ 14 წლის ასაკში თეატრით „მოვიწამლე“. მაშინ თეატრის მმართველის მოვალეობას ქალბატონი ზეინაბ სუბელიანი ასრულებდა. იმ პერიოდში აქ თეატრი არ ფუნქციონირებდა, მხოლოდ თეატრთან არსებული ეს სტუდია იყო. 2012 წელს მე ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, 2017 წელს კი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გავხდი. ჩავთვალე, რომ მსგავსი სტუდიის გაკეთება დღეს აუცილებელი იყო. სხვათა შორის, ეს სტუდია 19 იანვარს გავხსენით და ეს სიმბოლურია, რადგან დმანისის თეატრი სწორედ ამ დღეს დაარსდა.

- თქვენთვის რა არის დმანისი?

- მე აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ. დმანისი ჩემთვის მშობლიური ქალაქია, რომელსაც იმის პერსპექტივა აქვს, რომ თანამედროვე ევროპული ქალაქი გახდეს – თავისი თეატრით, ისტორიით, ინფრასტრუქტურით, ქალაქი, საიდანაც ახალგაზრდები აღარ გაიქცევიან... თავის დროზე, როცა მე თეატრის სტრატეგია დავწერე, მასში თეატრის დმანისის იქით წასვლა არ იყო ნაგულისხმები, რადგან მინდოდა, რომ ის აქვე, ადგილზევე ყოფილიყო აქტიური თავისი რეგულარული სპექტაკლებით.

- ვის უკავშირდება ასეთ ისტორიულ ადგილზე ქართული თეატრის დაარსება?

- ჩვენი თეატრი 1990 წელს ქართველი მეცნიერის ჯუმბერ კოპალიანის ინიციატივით შეიქმნა. ბატონ ჯუმბერს წელს 80 წელი შეუსრულდა და ის დღემდე დმანისის თეატრის დირექტორია. მან ნახევარი ცხოვრება, 40 წელი დმანისს მიუძღვნა. 1980 წლიდან იგი დმანისის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა და თეატრის დაარსების იდეაც სწორედ მას ეკუთვნის. მაშინ მას ამ საქმეში აქტიურად ედგნენ გვერდში რუსთაველის თეატრის მსახიობები ზინაიდა კვერენჩხილაძე, გოგი გეგეჭკორი, კარლო საკანდელიძე, ედიშერ მაღალაშვილი, „ახმეტელის თეატრიდან“ – გია ჯაფარიძე, ვაჟა ციცილოშვილი, მზია ტალიაშვილი, ნელი ბადალაშვილი...

© photo: courtesy of Lasha Chkhvimianiდმანისის თეატრი
25 წლის რეჟისორი და ქართული თეატრი ქალაქში, საიდანაც ახალგაზრდები აღარ გაიქცევიან - Sputnik საქართველო
დმანისის თეატრი

- ანუ მომავალ წელს იუბილე გაქვთ და ალბათ უკვე ემზადებით ამისთვის...

- დიახ, 2020 წელს თეატრს 30 წელი უსრულდება, ამიტომ მთელი საიუბილეო წლის მანძილზე სხვადასხვა აქტივობები გვექნება. 19 იანვარს, თეატრის დაარსების დღეს სტუდიელების პირველ სპექტაკლს წარმოვადგენთ. პროექტის „12 თვე – 12 თეატრი" ფარგლებში საიუბილეო დღეებში გვესტუმრებიან თბილისისა და თითქმის ყველა რეგიონის სახელმწიფო თეატრები, რომლებიც ჩვენს რეპერტუარს უფრო მრავალფეროვანს გახდიან. ამას გარდა, ჩვენი თეატრი იწყებს საიუბილეო გასტროლებს და სპექტაკლებით ჩავალთ საქართველოს ყველა იმ ქალაქში, სადაც სახელმწიფო თეატრი არ ფუნქციონირებს. საიუბილეო წლის ფარგლებში ვგეგმავთ დმანისის თეატრის 30-წლიანი ისტორიის ამსახველი წიგნის გამოცემასაც. განზრახული გვაქვს, რომ დმანისში ზინა კვერენჩხილაძის სახელობის ლიტერატურული სპექტაკლების (მხატვრული კითხვის) სტუდენტური ფესტივალი ჩავატაროთ. რაც მთავარია, 2020 წელს დმანისელებს ოთხ ახალ სპექტაკლს, ოთხ პრემიერას ვპირდებით.

- ახალი წელს თქვენი თეატრი მაყურებელს რა სპექტაკლით გაახარებს?

- 25 დეკემბერს დმანისის მთავარი ნაძვის ხის ანთების შემდეგ, 19 საათზე გვექნება საახალწლო სპექტაკლის “ჩარლზ დიკენსის ''საშობაო სიზმარი'' პრემიერა, რომელიც რეჟისორმა თამარ ხიზანიშვილმა დადგა. მინდა წინასწარ მივულოცო ახალი წელი ჩემი მშობლიური ქალაქის მცხოვრებლებს და ისინი თეატრში დავპატიჟო. თეატრი ხომ ის ადგილია, სადაც ყველაზე მძაფრად შეიგრძნობს ადამიანი, რომ სიცოცხლე ყოველდღიური ზეიმია, ხოლო ხელოვნება – ის, რაც მას აზრით და სილამაზით ავსებს...

 

ყველა ახალი ამბავი
0