10:50 27 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (51)
110570

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ესპანეთში აღიარებულ ქართველ გიტარისტს საბა იბეროს გაგაცნობთ. იშვიათია, რომ ესპანელებს უცხო ქვეყნის გიტარისტის მიერ შესრულებული ფლამენკო მოეწონოთ, რადგან ეს მათი სისხლისა და სულის მუსიკაა. თუმცა ქართველმა საბა იბერომ ეს შეძლო.

სანამ ფართო პუბლიკა გაიცნობდა, ესპანეთში ფლამენკოს აკადემია და მაგისტრატურა დაამთავრა.

მისი მუსიკა ფლამენკოში „გაზავებული“ ქართული მოტივები და მელოდიის სახით გადმოცემული ქართული შეგრძნებებია. მუსიკოსს ესპანეთში უკვე კარგად იცნობენ. ყველა მელოდიის ავტორი თავად გახლავთ. მისი კომპაქტ-დისკები მოწონებით სარგებლობს.  

საბა იბერო
საბა იბერო

2015 წელს სევილიის სიმფონიურ კამერულ ორკესტრთან ერთად მისი პირველი სოლო-პროექტი განხორციელდა. იმ კონცერტზე საბა იბერომ ქართული „ხორუმისა“ და ფლამენკოს ერთ-ერთი კუთხური მუსიკის „ტარანტას“ მისეული მუსიკალური ვერსია შეასრულა. მუსიკოსს საფრანგეთში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ხუთი კონცერტი აქვს ჩატარებული.  

როდესაც ესპანელების ლამის ღმერთად შერაცხული გიტარისტი პაკო დე ლუსია გარდაიცვალა, მასთან გამოსამშვიდობებლად ფლამენკოს ყველა ცნობილი შემსრულებელი მივიდა. მაშინ პაკოს ძმამ ქართველი საბა იბეროს მუსიკაზე იმღერა, ამით ალბათ ყველაფერია ნათქვამი...

საბა იბერო
საბა იბერო

- ბატონო საბა, თქვენი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: ესპანეთამდე და ესპანეთში. ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, გაიხსენეთ, ვინ იყავით და რა მიზნები გქონდათ, უცხოეთში გამგზავრება თუ შედიოდა თქვენ გეგმაში?

- იმ უფერულ ეპოქაში ძნელი იყო, რომ ვინმე ყოფილიყავი, თუმცა არ ვნანობ და მაინც მადლობას ვუხდი იმ დროს, იმიტომ რომ ჩემში ცხოვრებისადმი დიდი ვნება გაზარდა. ჩემთვის, 18-20 წლის ბიჭისთვის მაშინ ეს ადრენალინი, ახალი ცხოვრების ძიება, მსოფლიოსთან კონტაქტი და, რაც მთავარია, დიდი ხელოვნების მორევში შეცურვა იყო. ისიც უნდა ვთქვა, რომ საქართველოშიც არ დამიკარგავს დრო უქმად, სულ დასაქმებული ვიყავი. ექვსი წელი რამდენიმე ტელევიზიაში ვიმუშავე. პარალელურად ვუკრავდი, ერთ-ერთ ხალხურ გუნდში ვმღეროდი კიდეც. ეს ყველაფერი ჩემს „წინა“, პირველ ცხოვრებაში იყო. პატარ-პატარა გამოცდილებები ჩემს მეორე ცხოვრებაშიც სათანადოდ გამოვიყენე. ესპანეთის ნახვა ბავშვობიდან იყო ჩემი დიდი ოცნება, თუმცა ესპანეთში ცხოვრების სურვილი მოგვიანებით გამიჩნდა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ბოლო სამი წელი დამჭირდა, იმიტომ რომ ეს ყველაზე რთული ნაბიჯი იყო. ვიცოდი, ოჯახს დიდი ხნით ვტოვებდი და ცხოვრების დიდ ფრონტზე მივდიოდი, ეს კი ადვილი არ იყო, მაგრამ მე უნდა გამერისკა...

საბა იბერო სტუდიაში მუშაობის დროს
საბა იბერო სტუდიაში მუშაობის დროს

- როდის მიხვდით, რომ გიტარა თქვენი მუსიკალური ინსტრუმენტი, ანუ, როგორც ახსენეთ, „ცხოვრების დიდ ფრონტზე“ მთავარი იარაღია?

- როცა ვიხსენებ ჩემს განვლილ 14-წლიან გზას, ვხვდები, რომ გიტარა მართლა ჩემი ცხოვრების მთავარი „იარაღია“, რომელმაც ცხოვრებისეული ომი მომაგებინა. ამას ჯერ კიდევ ესპანეთში გამგზავრებამდე მივხვდი, როცა ჩავთვალე, რომ ეს ინსტრუმენტი ჩემი სხეულის და სულის განუყოფელი ნაწილია და მასზე საოცრად გიჟური და ვნებიანი სტილის მუსიკა უნდა შემესრულებინა. მუსიკა, რომელსაც ფლამენკო ჰქვია და სადაც ვნება, სიყვარული და სევდა ერთად არის გაერთიანებული. დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, როდესაც პირველად ლეგენდარული გიტარისტის პაკო დე ლუსიას ჩანაწერს მოვუსმინე. ეს იყო 90-იანი წლების ბოლოს. მაშინ საქართველოში არც ისე ადვილი იყო ასეთი ჟანრის მუსიკის მოძიება. მისმა შემოქმედებამ და გიტარაზე შესრულების არანორმალურმა მანერამ კიდევ უფრო გამიღრმავა ინტერესი და შინაგანი სიმყარე მომცა იმისთვის, რომ სამომავლოდ მეც შევძლებდი გიტარით ცხოვრებას. ის იქცა ჩემ ყოველდღიურ სულიერ საზრდოდ, რომელთანაც ყოველდღე 7-8 საათს ვატარებ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ხისგან გამოთლილ ამ პატარა ნაჭერს ამდენის თქმა შეეძლო და ამხელა სულის მატარებელი იყო...

საბა იბერო
საბა იბერო

- ფლამენკოს აკადემიაში სწავლა ალბათ ყველა გიტარისტის ოცნებაა - თქვენ აიხდინეთ ეს ოცნება...

- ჩემი პირველი არჩევანი და მიზანიც სწორედ ეგ იყო – ყველაზე საუკეთესო ფლამენკოს აკადემიაში მოხვედრა და სწავლა. იქ სწორედ ის ესპანური მელოდიები ჟღერდა. ვიცოდი, რომ იქ სწავლით დიდი ხელოვნების გზას ვადგებოდი. საქართველოში ამაზე ოცნება ილუზია იყო, რაც მე სინამდვილედ ვაქციე. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ იქ მოხვედრა ადვილი ნამდვილად არ იყო. არასდროს მჯეროდა და მჯერა გამართლებების, მით უმეტეს, იმედების. მჯერა და მჯეროდა ყოველთვის საკუთარი თავის, თავდაუზოგავი შრომის და შინაგანი რწმენის. თუ ეს სამი ფაქტორი კარგად გაქვს გათავისებული და ეს შეძელი, მაშინ თამამად შეგიძლია თქვა, რომ მუსიკოსი ხარ.

საბა იბერო
საბა იბერო

- ესპანეთში მუსიკალურ სფეროში დიდი კონკურენციაა და ალბათ ქართველისთვის თავის დამკვიდრება აქ ადვილი არ იყო...

- ესპანეთში ადვილი არაფერია და მეც ყველაფერი დიდი შრომისა და ენერგიის ფასად მოვიპოვე. როცა იცი, რომ შენ გარშემო ამდენი კონკურენტი გიტარისტია და გინდა, რომ წინა პლანზე აღმოჩნდე, ეს ადვილი არაა. ყველაზე დიდი სირთულე ოჯახის უნახაობა და უსაბუთობა იყო, ის, რომ არ შემეძლო ქვეყნიდან გასვლა, არალეგალობა კი საქმეს კიდევ უფრო ართულებდა. თუმცა კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ ასეთი მსხვერპლი ცხოვრებაში მუსიკის გამო გავიღე.

- ამბობენ, ნოსტალგია შველის ხელოვანსო, თქვენ შემთხვევაში როგორ იყო?

- ამ კითხვაზე ერთი ასეთი სასიამოვნო ამბავი გამახსენდა: ცხრა წლის წინ ანდალუსიის ერთ პატარა ქალაქ კადიზში ზაფხულის პერიოდში მეგობრებთან ერთად ვისვენებდი. ერთ საღამოს ჩემ გიტარასთან ერთად ოკეანისპირა სკვერში განვმარტოვდი. მზის ჩასვლის ფონზე მოგონებებში ჩავიძირე. სკვერის წინ დიდი ვერანდა იყო, იქვე ახლოს ესპანელები თევზაობდნენ. ჩემი გიტარის ხმამ გამვლელის ყურადღება მიიქცია. ნელი ნაბიჯებით ხანში შესული მამაკაცი მომიახლოვდა. ის ყურადღებით მისმენდა. როცა დაკვრა დავამთავრე, მკითხა, რა სევდიანი მუსიკაა, საიდან ხარო. მე ვუთხარი, საქართველოდან ვარ და აქ ხუთი წელია, რაც ვცხოვრობ–მეთქი. მკითხა, დედაც აქ გყავსო. ვუპასუხე, არა, ოჯახი ხუთი წელია არ მინახავს–მეთქი. დაფიქრებულმა შემომხედა და მითხრა – შენ მარტო იმიტომ ხარ დიდი ხელოვანი, რომ ამდენი წელი ოჯახს ვერ ხედავ და ამას ჩვენი კულტურის გამო აკეთებო. ბოლოს, Gracias, მითხრა, მიტრიალდა და წავიდა. მეთევზემ, რომელიც ჩვენ დიალოგს შეესწრო, მითხრა, რომ ის მამაკაცი კადიზში ცნობილი მწერალი ყოფილა...

- ესპანელებს თუ უყვებით საქართველოს შესახებ?  

- რა თქმა უნდა, ვუყვები. საქართველოზე ბევრი ისტორია მაქვს მოყოლილი არა მარტო ესპანელებისთვის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნების ადამიანებისთვისაც. ისინი იმდენად დიდ ინტერესს იჩენენ, რომ ჩემი მოყოლილის შემდეგ ბევრმა იმოგზაურა საქართველოში, საიდანაც გაოცებულები დაბრუნდნენ.

- ერთ კლიპში თქვენ უკაცრიელ გზაზე ხართ, მერე ჯდებით ფაეტონზე და სადღაც, ისტორიულ ადგილზე აღმოჩნდებით. იქ კი თქვენს მელოდიას უკრავთ გიტარაზე. მომეჩვენა, რომ ეს სიუჟეტი სიმბოლურად თქვენი ცხოვრების გზასაც ასახავს, ასეა?

- კარგი კითხვაა... სხვათა შორის, ეს ჩემი პირველი კლიპია. სცენარის ავტორი და რეჟისორი თავად ვარ. ეს კლიპი ზოგადად ემიგრანტი მუსიკოსის რთულ და გრძელ გზას ასახავს. ამ გზაზე სიმარტოვეა და ყოველთვის რაღაც ახლის ძიება. თქვენ კითხვაზე ერთი ნამდვილი ამბავი გამახსენდა, რაც გადამხდა: 14 წლის წინ, როცა ბარსელონაში პირველად ჩავედი, ერთი თბილისელი ნაცნობი უნდა დამხვედროდა, მაგრამ არ დამხვდა და გაურკვეველ სიტუაციაში სრულიად მარტო აღმოვჩნდი. ბარსელონა იმ ადგილიდან შორს იყო და უეცრად ჩემ წარმოსახვაში აშკარად “დავინახე“ დიდი სივრცე. ალბათ ეს იყო ის ვრცელი ემიგრანტული გზა, რაც უნდა გამევლო. როცა ჩამოღამდა, აეროპორტში ხალხი მიილია, უცებ ერთმა მძღოლმა მანქანიდან გადმომძახა, ბარსელონის ცენტრამდე შემიძლია წაგიყვანოო. თქვენ რომ ახსენეთ, იმ ვიდეოკლიპშიც ეს მაქვს ასახული. სადღაც უცნობ გზაზე მიდიხარ და უეცრად შემთხვევით მიმავალ მეფაიტონეს ოკეანემდე მიჰყავხარ. ოკეანე სწორედ ის დიდი სივრცეა, რომელიც სამშობლოს გარეთ გხვდება...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (51)

მთავარი თემები