შეუზღუდავი უნარები: სოციალური თერაპიის სახლი, სადაც 53 შშმ პირი საქმიანობს

© photo: courtesy of Apnscბენეფიციარების ნამუშევრები
ბენეფიციარების  ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებად მოვიხსენიებთ, თუმცა ისინი ყოველ ჯერზე ამტკიცებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ისინი ამსხვრევენ სტერეოტიპებს და სწამთ საკუთარი ძალების.

საკუთარი თავის რეალიზებაში, უნარების წარმოჩენაში ეხმარება შშმ პირებს თბილისში არსებული სოციალური თერაპიის სახლი. დღის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები და ზრდასრულები ჩართული არიან შრომით, მხატვრულ და კულტურულ საქმიანობაში. სახელოსნოებში შშმ პირები ამზადებენ პროდუქციას, რომელიც ხარისხიანი, გამოსადეგი და საჭიროა სხვა ადამიანებისთვის. სოციალური თერაპიის სახლში შვიდი სახელოსნოა თავმოყრილი, სადაც დღეისათვის 53 შეზღუდული შესაძლებლობის პირი საქმიანობს.

საწარმოს საქმიანობის შესახებ დეტალურად კავშირის გენერალური მენეჯერი თამარ დვალიშვილი გვესაუბრა.

© photo: courtesy of Apnscმუშაობის პროცესში
შეუზღუდავი უნარები: სოციალური თერაპიის სახლი, სადაც 53 შშმ პირი საქმიანობს - Sputnik საქართველო
მუშაობის პროცესში

- სოციალური თერაპიის სახლი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1990 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი გახლავთ ქალბატონი მარინა ბულია. ორგანიზაციის სრული სახელია „კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“. ვმუშაობთ სამი მიმართულებით. ეს არის დღის ცენტრის მომსახურება, საგანმანათლებლო მიმართულება და საზოგადოებასთან ურთიერთობა. სწორედ ამ მიმართულებას ემსახურება ჩვენი კავშირის ბაზაზე არსებული გამომცემლობა „აწმყო“.

დღის ცენტრში ვემსახურებით ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებს. როცა ბენეფიციარები ჩვენთან მოდიან, მიმღები ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია ჩვენივე საწარმოს რამდენიმე სოც-თერაპევტით, უნარების, საჭიროებების, სურვილების მიხედვით წყვეტს, რომელ საწარმოს უნდა მიემაგროს ესა თუ ის პირი. ამის შემდეგ საწარმოში ხდება მისი უნარების განვითარება.

როცა ორგანიზაციამ ფუნქციონირება დაიწყო, საუბარი იყო სულ ოთხ შშმ პირთან მუშაობაზე. წლების განმავლობაში განვითარდა ეს ყველაფერი. დღეს სოციალური თერაპიის სახლში შვიდი სახელოსნოა, სადაც 53 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი საქმიანობს.

© photo: courtesy of Apnscმუშაობის პროცესში
შეუზღუდავი უნარები: სოციალური თერაპიის სახლი, სადაც 53 შშმ პირი საქმიანობს - Sputnik საქართველო
მუშაობის პროცესში

- რას სწავლობენ და რა სახის პროდუქციას ამზადებენ ეს ადამიანები საწარმოში?

- თავიდან გვქონდა სანთლების სახელოსნო და სადურგლო. სანთლების ჩამოსხმა, ფერის მიცემა, მოხატვა, ყველაფერი ხელით კეთდება. სანთლები იქმნება საახალწლო, სააღდგომო და ზოგადად სადღესასწაულო მოტივებზე. ამ მიმართულებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან გვქონდა დახმარება. უცხოელი კოლეგები დაგვეხმარნენ და შეგვასწავლეს ეს საქმიანობა.

რაც შეეხება სადურგლო სახელოსნოს, სხვადასხვა ნივთებს ბენეფიციარები ამზადებენ ეკოლოგიურად სუფთა მასალით. ვამზადებთ სამზარეულოს დაფებს, ასევე საბავშვო ფაზლებს, მცირე ზომის სათამაშოებს, შანდლებს, ზარდახშებს და ა.შ. ზოგიერთი ნივთი იქვე იხატება. გვაქვს კრეატიული სახელოსნო, ზოგი ნივთი სწორედ ამ სახელოსნოში იხატება. ყველა ბენეფიციარი აკეთებს იმას, რაც არის მისთვის საჭირო და რაც შეუძლია. მოგეხსენებათ, ყველას არ აქვს თანაბარი უნარები. დაკვირვების მეთოდით საბოლოო ჯამში დგება პროდუქცია, რომლის შექმნაშიც ყველამ მიიღო მონაწილეობა.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ძალიან ამაყები ვართ, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომელმაც ეკოლოგიური მიმართულება აიღო. საკმაოდ დიდი ხანია ჩვენ გვაქვს ქაღალდის მეორადი გადამუშავების სახელოსნო. გარდა იმისა, რომ ქაღალდს ვქმნით, ერთ-ერთ ყველაზე ძველ სახელოსნოში, სადაც არის ჩვენი სტამბა, ხდება ამ ფურცლების, რვეულების, ბლოკნოტების, წიგნების ყდებად გამოყენება. ეს არის ერთგვარი კავშირი ამ სახელოსნოების მუშაობას შორის. ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე შეკვეთა ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან. ხშირად უნდათ საინფორმაციო ბროშურის გამოცემა, ან რაიმე სპეციალური პედაგოგიური წიგნების დაბეჭდვა და ა.შ.

© photo: courtesy of Apnscმუშაობის პროცესში
შეუზღუდავი უნარები: სოციალური თერაპიის სახლი, სადაც 53 შშმ პირი საქმიანობს - Sputnik საქართველო
მუშაობის პროცესში

- რამდენად საინტერესო და სახალისოა მუშაობის პროცესი მათთვის, რა უნარები უვითარდებათ ამ დროს?

- ყოველი მათგანისთვის სოციალური თერაპიის სახლი არის ინტეგრაციის, ურთიერთობების, მეგობრების შეძენის ადგილი. ყოველ დილით მოდიან დიდი სიხარულით და, თქვენ წარმოიდგინეთ, არ უყვართ არდადეგების პერიოდი.

ხშირად გვაქვს გამოფენები, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება და ეს არის მათთვის დღესასწაული, რადგან ისინი ამ დროს თავს გრძნობენ სოციუმის სრულფასოვან წევრებად. მათ ამ დროს შესაძლებლობა აქვთ, თავისი შრომა გაუზიარონ სხვა ადამიანებს.

© photo: courtesy of Apnscბენეფიციარების ნამუშევრები
შეუზღუდავი უნარები: სოციალური თერაპიის სახლი, სადაც 53 შშმ პირი საქმიანობს - Sputnik საქართველო
ბენეფიციარების ნამუშევრები

- როცა ხელობას შეისწავლიან და თქვენიდან მიდიან, თუ ხდება მათი დასაქმება?

- გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენმა ბენეფიციარებმა სასტუმროებში დაიწყეს მუშაობა. თუმცა ეს უფრო არის თვითრეალიზაციის, საკუთარი უნარების უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობა. ძირითადად ჩვენი მიზანია ჩვენმა ბენეფიციარებმა მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და საზოგადოებაში საჭიროდ იგრძნონ თავი.

© photo: courtesy of Apnscთამარ დვალიშვილი
შეუზღუდავი უნარები: სოციალური თერაპიის სახლი, სადაც 53 შშმ პირი საქმიანობს - Sputnik საქართველო
თამარ დვალიშვილი

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად რა პრობლემას აწყდებიან შშმ პირები?

- წლების განმავლობაში სტიგმა იყო ყველაზე დიდი პრობლემა. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ეს ყველაფერი ნელ-ნელა არის დაძლეული. შეიცვალა განწყობები საზოგადოების მხრიდან. ალბათ ყველა ჩვენი თერაპევტი დამეთანხმება, რომლებიც წლებია ამ მიმართულებით მუშაობენ. შედარებით რთული სიტუაციაა რეგიონებში. ბუნებრივია, ამაზე მუშაობა გრძელდება.

© photo: courtesy of Apnscსოციალური საწარმო
შეუზღუდავი უნარები: სოციალური თერაპიის სახლი, სადაც 53 შშმ პირი საქმიანობს - Sputnik საქართველო
სოციალური საწარმო

- რაიონებიდან თუ გყავდათ ბენეფიციარები?

- გვყოლია ბენეფიციარები, რომლებსაც რაიონებიდან თბილისში მოუწიათ საცხოვრებლად გადმოსვლა. ჩვენ სადღეღამისო მომსახურებას ვერ ვთავაზობთ მათ, ბუნებრივია, ვერც რეგიონებიდან შეძლებენ ყოველდღიურად სიარულს. ჩვენ გვქონდა სურვილი რაიონებშიც გაგვეხსნა ფილიალები, თუმცა, სამწუხაროდ, თანხები ვერ მოვიძიეთ. გვაქვს ახალი ინიციატივა, რომელიც ეხება სადღეღამისო სახლის გაკეთებას. ეს ტერიტორია არის თბილისთან ახლოს, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი პარტნიორი უცხოური კომპანიის მიერ მიმდინარეობს პირველი შშმ პირთა საოჯახო სახლის მშენებლობა. იმედია, ყველაფერი წარმატებით დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0