10:01 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
ლაშა რამიშვილი

„მგონი, რაღაც გვჭირს და მზის დაბნელების ბრალია“ – მსახიობი, რომელმაც ტელევიზორზე უარი თქვა

photo: Lasha Ramishvili / FB
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
35620

მართალია, 23 ნოემბერს დაიბადა, მაგრამ ყველა ქართული „წესის“ მიუხედავად, 80-იან წლებში ლაშა დაარქვეს. თუმცა მანამდე ერთი კვირა სახელის გარეშე დარჩენილა. სამაგიეროდ საკუთარ ვაჟს დაბადების მოწმობაში ოფიციალურად ჩაუწერა ლაშა-გიორგი.

ეს მასალა ნიჭიერ მსახიობზე, მომღერალსა და წამყვანზე ლაშა რამიშვილზეა – ყოველთვის პოზიტიურ, ენერგიულ და, შეიძლება ითქვას, სიურპრიზივით მოულოდნელ ადამიანზე.

1999 წლიდან ის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ჩვენში იმ იშვიათ მსახიობთა რიცხვშია, ვისაც მუსიკალური კომედიის ჟანრში სრული პროფესიული განათლება აქვს მიღებული. დამთავრებული აქვს თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი და თბილისის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის მაგისტრატურა.

მუსიკისა და დრამის თეატრში არაერთი სახასიათო როლი აქვს განსახიერებული. მისი მეორე, ამჯერად უხილავი სცენა რადიო „არ დაიდარდოა“, რომლის მუსიკალური წამყვანიც გახლავთ. როგორც მომღერალი არაერთი რეგიონული და საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია, მათ შორის, საერთაშორისო კონკურსის vitebsk-2010-ის პირველი პრემიის ლაურეატი და პეკინის საერთაშორისო ფესტივალის Asia New Singer Competition ფინალისტი.

ლაშა რამიშვილი
ლაშა რამიშვილი

- ლაშა, მუდმივად ახალ-ახალ ამპლუას და როლებს ირგებთ ხოლმე, ამჯერად რაზე მუშაობთ?

- მუსიკალური კომედიის თეატრში დავასრულეთ ახალი სპექტაკლი, ესაა ზურაბ ანტონოვის პიესის „მზის დაბნელება საქართველოში“ მიხედვით რუსა მორჩილაძის მიერ დადგმული მიუზიკლი. მასზე მუშაობა უკვე დამთავრდა, ახლა საპრემიერო დღეებია. საკმაოდ საინტერესო სპექტაკლია, ყველას ვურჩევ, რომ მოვიდეს და ნახოს. ეს არის ვოდევილი ქალაქელ კაცზე, რომლისთვისაც ცხოვრებაში ყველაფრის ამოსავალი წერტილი თავისი ოჯახია, თანაც, ის მაჭანკალიც არის, აქედან გამომდინარე, მისთვის ყველაზე მთავარია ოჯახის სტაბილურობა და ბედნიერება. თავად სპექტაკლის ფორმა ძალიან სწორადაა შერჩეული და ზუსტადაა გათვლილი – ეს არის თეატრი თეატრში, თან ვოდევილი, მიუზიკლია და გამოსახვის უფრო მეტი შესაძლებლობაა, თუმცა მაინც გარკვეულ ჩარჩოებშია.

ლაშა რამიშვილი
ლაშა რამიშვილი

- თქვენი გმირის მსგავსად პირადად თქვენთვის, ლაშა რამიშვილისთვის ცხოვრებაში რა არის ამოსავალი?

- ძალიან ახლოსაა ამ გმირის და ჩემი ცხოვრება ერთმანეთთან. შეიძლება ფრთაშესხმული ანგელოზი არ ვიყო და ცხოვრებაში ბევრი შეცდომა მქონდეს დაშვებული, მაგრამ ოჯახამდე არასოდეს არავის მივუშვებ. ჩემთვის ოჯახი წმინდათაწმინდაა, ამიტომ ჩემთვის ჯერ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახია, შემდეგ – ჩემი საქმე და შემდეგ – დანარჩენი სხვა. თუ ადამიანს ჯერ თავისი ოჯახი არ უყვარს, საყვარელ საქმეს არ და ვერ გააკეთებს. სპექტაკლში „მზის დაბნელება საქართველოში“ ჩემი როლი სწორად ჩემზეა მორგებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი სათქმელიცაა, რადგან ძირითადად იმ ფასეულობებზეა საუბარი, რაც ჩემთვისაც ღირებულია. 

ლაშა რამიშვილი
ლაშა რამიშვილი

- ცნობილია, რომ მიუზიკლი ყველაზე რთული ჟანრია: აქ მარტო მსახიობური მონაცემები არ არის საკმარისი, სიმღერის ნიჭიც უნდა გქონდეს, პლასტიკასაც უნდა ფლობდე, ასეთი რთული ჟანრი რატომ აირჩიეთ?

- ეს არჩევანი ალბათ ჩემი ოჯახის, დედაჩემის და მამაჩემის დამსახურებაა. მათ ხელი რომ არ შეეწყოთ ჩემთვის, ამ გზას არ დავადგებოდი. კიდევ, ეს სრულიად შემთხვევითი ადამიანების დამსახურებაცაა. მახსენდება ჩემი სტუდენტობის დროს ძალიან დიდი გაჭირვება იყო. როცა პირველ კურსზე ვიყავი, პურის ქარხანაში მივედი და იქ ვიკითხე, მუშახელი ხომ არ გჭირდებათ–მეთქი. იმ კაცმა, მახსოვს, მკითხა – შენ სწავლობო? მე ვუთხარი, ვსწავლობ, მაგრამ ღამე ვიმუშავებ–მეთქი. მკითხა, რომელ უმაღლესში სწავლობო. თეატრალურზე–მეთქი. წადი, შვილო, ისწავლე, შენგან კაცი დადგებაო – ზუსტად ასე მითხრა. ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ შრომას არ ვთაკილობდი და პასუხისმგებლობაც მქონდა. მართლაც ასეა. ყველა ადამიანს ცხოვრებაში პასუხისმგებლობა ამოძრავებს. თუ მას ეს გრძნობა არა აქვს, მაშინ ის ადამიანიც არ არის...

გადაღებაზე
გადაღებაზე

-  შეგიძლიათ გაიხსენოთ ამ სპექტაკლში თქვენი გმირის მიერ წარმოთქმული ერთი ფრაზა, რომელიც შეიძლება განზოგადდეს და ყველას რეპლიკად ან მესიჯად იქცეს?

- ასეთი ფრაზაა: „მგონი, რაღაც გვჭირს და მზის დაბნელების ბრალია, ლოცვა თუ გადაგვარჩენს“. მე თუ მკითხავთ, ეს მეტად ყოვლისმომცველი ფრაზაა.

- ადამიანი იმის მიხედვითაც ფასდება, თუ რა სწყინს და რა უხარია. სიხარულით გასაგებია – ახალი როლი და ოჯახი გახარებთ, რა გწყინთ ხოლმე?

- მაგ კითხვაზე პასუხს იქიდან დავიწყებ, რომ სახლში ტელევიზორი ფიზიკურად არ გვაქვს...

- აქვე ჩაგეძიებით – არც საათი გაქვთ?

- არა, საათი გვაქვს, რადგან ძალიან საჭიროა. ტელევიზორს რაც შეეხება, როცა მას ჩართავ, ყველაფრიდან ჩანს, რომ ერთმანეთისადმი პატივისცემა დავკარგეთ. არანაირი ზღვარი აღარ არსებობს. ეს კი ჩემთვის, იცით, როგორი მიუღებელია? რა უნდა ვუთხრა ჩემს შვილს ამ თემასთან დაკავშირებით, როცა ამ კითხვას დამისვამს – რატომო? პასუხი არ მაქვს... ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა, იმას, რასაც დღეს ბულინგს ეძახიან, სამი წელიწადი რუსეთში, ქალაქ ორიოლში რომ ვსწავლობდი, თავად განვიცდიდი. მე არ ვიყავი ისეთი ბიჭი, რომელიც ქუჩაში დადგებოდა. აქედან გამომდინარე, ბევრჯერ ვიყავი ე.წ. ბულინგის მსხვერპლი, მიუხედავად ამისა, ეს ჩემთვის ძალიან კარგი გაკვეთილი იყო. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გვერდში მედგნენ.

ლაშა რამიშვილი
Photo: Courtesy of Lasha Ramishvili
ლაშა რამიშვილი

- თქვენს შვილებს დიდ გზაზე გასაყოლებელ რა რჩევას მისცემდით?

- ვეტყვი: გიყვარდეთ თქვენი ხალხი და ქვეყანა. დღეს ქვეყანაში ძალიან არასახარბიელო მდგამარეობაა, მაგრამ ამ ქვეყნის სიყვარული სულ უნდა გააჩნდეთ და გაუფრთხილდნენ მას.

მთავარი თემები