02:57 14 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6403
  • 100 RUB4.1862
  • USD3.0728
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
55410

არ ვიცი რა იქნება მომავალში, მაგრამ ერთი ვიცი – სიცოცხლის ბოლომდე ფუნჯი მეჭირება ხელში და დავხატავ ლამაზ ამბებს – ეს სიტყვები თვითნასწავლ მხატვარს ია ლუარსაბიშვილს ეკუთვნის.

ორი წლის იყო, როცა ხატვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრებაა ხატავს, ამ კუთხით უმაღლესი განათლება არ აქვს მიღებული. ხატვის გარეშე დიდხანს ვერ ძლებს, ამბობს, რომ ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გაიცანით ქართველი მხატვარი, რომელიც სამშობლოს და ბუნების თემატიკაზე საუცხოო ნამუშევრებს ქმნის.

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთ ძირძველ უბანში – სვანეთის უბანში. სკოლაც ამავე უბანში დავამთავრე. შემდეგ ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ამჟამად ვმუშაობ თბილისის ერთ-ერთ საჯარო ბაღში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე. ასევე ვარ თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც საკუთარი თვალით, საკუთარი ფერებით აღიქვამს სამყაროს და გადმოაქვს ტილოზე.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- როდის აღმოაჩინეთ, რომ ხატვის ნიჭი გქონდათ? თქვენი პირველი ნახატი გაიხსენეთ...

- ღრმა ბავშვობიდან ვხატავ. პირველად ფანქარი ორი წლისას ამიღია. ჩემი პირველი ნახატი ყოფილა კუ, კერძოდ დედა-შვილი კუები. ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ ვხატავდი კუებს, თუმცა ერთი რვეული ამივსია სხვადასხვა ზომის კუს ნახატებით. ბავშვობიდან მიყვარდა ბუნების ხატვა, ასევე სხვადასხვა მწერლის ნაწარმოების შინაარსიდან გამომდინარე ამბის დასურათება. მაგალითად სკოლაში გარკვეული პერიოდი იყო გამოფენილი ჩემი ნახატები გიორგი ლეონიძის წიგნიდან „ნატვრის ხე“. ეს იყო ჩემი თვალით დანახული სხვადასხვა ნაწარმოების ამბებით შექმნილი საერთო სურათი.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- დღეს რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში მხატვრობას?

- მოგახსენეთ, რომ პროფესიით ჟურნალისტი ვარ. მხატვრობის კუთხით კი არასდროს განვვითარებულვარ პროფესიულად. რაც თავი მახსოვს, უბრალოდ ვიღებ ფუნჯს და ვქმნი ფერებს. ეს ჩემი სულის ნაწილია. ჩემი რეალური მხარეა და ჩემი ნამდვილი მეა.  თუმცა კი მრავალმხრივი ადამიანი ვარ და სხვადასხვა საქმიანობებით ვარ დაკავებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი ადგილი მხატვრობას უკავია ჩემ ცხოვრებაში.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- რა არის თქვენი ნამუშევრების ძირითადი თემატიკა?

- მთლიანობაში პეიზაჟისტი ვარ – ბუნება, ყვავილები, თბილი, ნათელი ფერები. თუმცა, ძირითადი თემატიკა არის ჩემი ქვეყანა, საქართველო. რაც თავი მახსოვს, ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ, ასე მზრდიდნენ ბავშვობიდან. უამრავი ნამუშევარი მაქვს შექმნილი სამშობლოს თემატიკაზე, სხვადასხვა კუთხეებზე. ჯერ მივდივარ იქ და შემდეგ ვქმნი ჩემი თვალით დანახულ სამშობლოს ფერებს. ასევე ყვავილები. ძალიან მიყვარს ყვავილების ხატვა, ჩემი აზრით, ხასხასა ყვავილების ფერზე ლამაზი არც ერთი ფერი არ არის ამ ქვეყანაზე.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?

- ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით. შესაძლოა ლამაზ მუსიკაზე მოფრინდეს ჩემთან მუზა, რომელსაც შემდეგ ტილოზე ვღვრი. ან ვინმეს ლამაზად წაკითხულმა ლექსმა მომჭრას სმენა. წავიდე, ავიღო ფუნჯი და გადმოვცე ჩემი ემოციები. აი, მაგალითად, ჩემი ბოლო ნამუშევარი გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე „მთაწმინდის მთვარეზეა“ აგებული, და სახელიც, შესაბამისად, იგივე ჰქვია. შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს ჩამოცვენილი შემოდგომის ყვითელი ფოთლები, რომლებსაც სეირნობისას ვაშრაშუნებდე და ავაგო გონებაში კომპოზიცია.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- რას ნიშნავს აკეთო საქმე, რომელიც სიამოვნებას და ბედნიერებას განიჭებს?

- ძალიან ბევრ რამეს. იცით რა, მე ვფიქრობ, ადამიანი რისთვისაც იბადება, რაც ძლიერია მასში, სწორედ ის უნდა განავითაროს, ის აკეთოს მთელი ცხოვრება. სწორედ ამ დროს შეიძლება იყოს ადამიანი სრულყოფილი, ბედნიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული და, შესაბამისად, ის საქმე, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს მას, რა თქმა უნდა, სიღრმისეულად კარგი და ჭეშმარიტად საუკეთესო გამოვა.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- ძალიან ბევრი ნამუშევარი გაქვთ, რომელმა მათგანმა დაგიტოვათ განსაკუთრებული ემოცია და რატომ?

- ჩემი თითოეული ნამუშევარი ჩემში განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს, რადგან თითოეული მათგანი საკუთარ მეს ატარებს, ხასხასა ფერებით საკუთარი ამბავი აქვს გადმოცემული. განსაკუთრებული ემოცია მაინც დამიტოვა ნამუშევარმა "ყაზბეგი, ტაძრისკენ მიმავალი გზა", რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეულმა დედამ საკუთარი შვილი უნდა აღზარდოს ისე, რომ მისი ჭეშმარიტი გზა უფლისკენ და ტაძრისკენ მიმავალი ბილიკი იყოს. ყაზბეგი თოვლიანია, ხოლო დედა-შვილი – შილიფად ჩაცმულნი, ფეხშიშველნი.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- როგორ ფიქრობთ, მხატვრობამ, რომელიც ასე ძალიან გიყვართ, შეგცვალათ და რაიმეში თუ გამოიხატა ეს?

- ვფიქრობ, რომ ვერც ერთი პროფესია ვერ შეცვლის ადამიანს. ჩემი აზრით, ჯერ ხარ ის, რაც ხარ და შემდეგ პროფესიაში გამოხატავ შენ ნამდვილ მეს. შესაბამისად, მხატვრობას არ შევუცვლივარ, პირიქით, ამ საქმიანობამ ჩემი თავი გამოხატა რეალურად, ის, რაც სინამდვილეში ვარ, ფერადი, მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანი, რომელსაც უყვარს სხვები და არ უყვარს მარტოობა. კვლავ და კვლავ გავიმეორებ – მხატვრობამ, ჩემმა ნიჭმა მე უფრო მეტად თავდაჯერებული გამხადა.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში ფერებს. რომელია თქვენთვის სამყაროს ფერი?

- ძალიან ბევრ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, საოცრად სხვანაირი ფერებით გადმოსცემ ამბავსო. დიახ, ჩემი სავიზიტო ბარათი ჩემი ფერებია, როგორი ფერებითაც ვხედავ ღრუბლებს, მთებს, ყვავილებს... მოგახსენეთ, მე თვითნასწავლი მხატვარი ვარ, შესაბამისად, არავის უსწავლებია ჩემთვის სამხატვრო ტექნიკა. არც დიპლომირებული მხატვარი ვარ და არც კერძოდ მივლია არასდროს ხატვის პედაგოგთან. ეს ყველაფერი ჩემით, ჩემი საკუთარი ტექნიკით, საკუთარი ფერებით და, რაც მთავარია, სიყვარულით მაქვს გადმოცემული თითოეულ ტილოზე.

ჩემთვის სამყაროს ფერები ყვითელი და ცისფერია, ამ ორი ფერის კომბინაცია ყველა ჩემ ნახატში ფიგურირებს.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- როგორ ხედავთ თქვენს მომავალს?

- არ ვიცი რა მოხდება მომავალში. ზოგადად არაფრის დაგეგმვა არ მიყვარს, ყველაფერი სპონტანურად მოდის ჩემ ცხოვრებაში, თუმცა ის ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ფუნჯი მეჭირება ხელში და დავხატავ ლამაზ ამბებს...

მთავარი თემები