ემიგრანტი ქალის წერილები: „ჩემი ეზოდან ნენეს დარგული ველური ვარდი და სუროც გამოვიყოლე”

© courtesy of Meli Turmanidzeმელი თურმანიძე
მელი თურმანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

შორს წასულები სამშობლოსთან განშორებას ვაჟკაცურად იტანენ. ამასთან ერთად ბუნებრივი ნიჭის წყალობით პიროვნულ რეალიზებასაც ახერხებენ და ყოველდღე ამტკიცებენ, რომ მათ შემოქმედებით ნატურას მატერიალური პრობლემები ვერ დაჩრდილავს...

მელი თურმანიძე – შორეულ იტალიაში მშობლიურ სოფელ მერისიდან მოხვდა. თუმცა, როცა მის ამ წერილს წაიკითხავთ, დარწმუნდებით, რომ ეს მხოლოდ ფიზიკური გადაადგილება იყო და სულიერად და სინამდვილეში ის არც არასოდეს „მიუტოვებია“. წლებია, რაც ცდილობს, უცხოობაში გატარებული დღეები გაუფერადოს ემიგრანტებს. სწორედ ამ მიზნით მეგობრებთან ერთად ქართული ასოციაცია დააარსა. და კიდევ – მილანში, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში საქართველოდან ჩატანილი მცენარეები გაახარა და გაუსაძლის ნოსტალგიას, ნაწილობრივ მაინც, ამით იმსუბუქებს...

© photo: courtesy of Meli Turmanidzeმელი თურმანიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „ჩემი ეზოდან ნენეს დარგული ველური ვარდი და სუროც გამოვიყოლე” - Sputnik საქართველო
მელი თურმანიძე

„ჩვეულებრივი, არავისგან განსხვავებული ემიგრაციული ცხოვრებით ვცხოვრობ. მეუღლესთან ერთად ვზრდი ორ შვილს, მთელი ოჯახი აქ ვართ. საქართველო უკან დაბრუნების ჩაუმქრალი იმედით 2006 წელს დავტოვე. დღემდე მახსოვს, სოფლიდან რომ მოვდიოდი, როგორ თოვდა. უზარმაზარი ფანტელები ცვიოდა და მერისი თვალსა და ხელს შუა ივსებოდა. მე წინ ჩავლილი მეუღლის და ძმის უკვე ამოვსებულ ნაკვალევში მივაბიჯებდი და გულში ვლოცულობდი, უფრო სწორად, უფალს ვემუდარებოდი: ღმერთო, უფრო ძლიერ გაათოვე! ჩამოშალე მთა! გადამიხერგე გზები! უფალო, გესმის? გემუდარები, შემაჩერე... მაგრამ მაინც წამოვედი, ალბათ ასე იყო საჭირო და იმიტომ… იქიდან წამოსვლის დღეზე ლექსი დავწერე:

© photo: courtesy of Meli Turmanidzeმელი თურმანიძე მეუღლესთან - ლეო ბერიძესთან ერთად
ემიგრანტი ქალის წერილები: „ჩემი ეზოდან ნენეს დარგული ველური ვარდი და სუროც გამოვიყოლე” - Sputnik საქართველო
მელი თურმანიძე მეუღლესთან - ლეო ბერიძესთან ერთად

ასე დავტოვე, თოვლიანი ეზოს ბოლოში,

იდგა და კრთოდა, რა სიცივე,

სიცხე გვემავდა...

მივდიოდი და კანკალებდა ორივე მუხლი

ტერფი ჩვეული სიჯიუტით

ფანტელს თელავდა...

- არ მოიხედო, იარეო! - ხმა იყო მკაცრი,

ავყევ ნაბიჯებს და სვლა რბენად გადავაქციე.

მას მერე გავრბი და ვერაფრით ვერ მოვიშორე,

„წინ იარეო“ ექოს თავი ვერ დავაღწიე!

იყო პირიქით, მეც ვიცოდი,

იყო პირიქით.

გულის ხმა, სისხლში ჩაძირული

სხვაგვარად კრთოდა. წინ იარეო,

გაჰყვიროდა ყალბი სიმტკიცით,

ამ დროს დუმილით დარჩენას მთხოვდა...

სხვაგვარად იყო,

ჩვენ, ორივემ, ვიცოდით კარგად...

© photo: courtesy of Meli Turmanidzeმელი თურმანიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „ჩემი ეზოდან ნენეს დარგული ველური ვარდი და სუროც გამოვიყოლე” - Sputnik საქართველო
მელი თურმანიძე

2009-ში ჩვენთან სტუმრად ჩამოსულ მშობლებს ჩვენებური კეჟერა ფხალის თესლის წამოღება ვთხოვე. მას შემდეგ ჩემ აივანზე უფხლობა აღარ ყოფილა. დროთა განმავლობაში ჩამოვზიდე ვაზი, ფეიხოა, რეჰანი, ფურისულა (რომელსაც ჩვენკენ საწრიპინაძირს ეძახიან), ტყის პირის კესანე. ჩემი ეზოდან დიდი ნენეს დარგული ველური ვარდი და სუროც გამოვიყოლე და ახლა აქ, ამ უცხო ქვეყანაში ჩემთან პატარა მერისია. ასე ვივსებთ სულის სიცარიელეს ემიგრანტები. ლამაზი სიზმრებიდან გამოსულები, თვალს და ხელს გადავავლებთ ჩვენს ბაღნარებს, გამოვიხურავთ სახლის კარს და რობოტებად ქცეულები ისევ შევუდგებით აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებას – საღამოს ისევ გაადამიანების მოლოდინით. ეს სახლი და ბაღი ჩემთვის პატარა საყდარივითაა, იოლად არავის შევიპატიჟებ შიგნით, ამას დამსახურება სჭირდება. თუმცა, ფაქტია, ჩვენი ლამაზი სამყაროს მიღმა ცხოვრება ჩვეულებრივად მიდის.

© photo: courtesy of Meli Turmanidzeმელი თურმანიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „ჩემი ეზოდან ნენეს დარგული ველური ვარდი და სუროც გამოვიყოლე” - Sputnik საქართველო
მელი თურმანიძე

დრო თვალსა და ხელს შუა გველევა და სული უფრო და უფრო მძიმდება. ძალიან რთულდება ემიგრაციული ჭაპანის ზიდვა და ხელის შეშველება აუცილებელი ხდება. ემიგრანტ ადამიანს ხომ მოფერება, თბილი სიტყვა და ღიმილი სჭირდება? - მეტი არაფერი… სწორედ ამიტომ ახლობელ ადამიანებთან ერთად აქ ჩამოვაყალიბე ქართული ასოციაცია „მერანი", რომელსაც ამ ეტაპზე ერთადერთი დანიშნულება აქვს – რაც შეიძლება მეტი ქართველი ემიგრანტი გაათბოს და გააძლიეროს. ვპოულობთ ფართს, სადაც შეგვიძლია მოვამზადოთ ქართული კერძები და ცოცხლად შესრულებული ქართული სიმღერის ფონზე აღვნიშნოთ დღესასწაულები. ყოველი ახალი პროექტის განხორციელებაში გვერდში აქტიურად მიდგანან ჩემი მეუღლე ლეო ბერიძე, მეგობრები და ახლო ნათესავები. განსაკუთრებით ჩემი დის იტალიელი მეუღლე - ანტონიო ჯიარლეტა, რომელიც საქართველოზე შეყვარებულია და გულმოდგინედ სწავლობს ქართულ ენას და ქართულად გვიმღერის. ამ რამდენიმე დღის წინ თემურ თათარაშვილი გვყავდა მოწვეული. მართალია, ორგანიზება ცოტა გაჭირდა, მაგრამ, ასე თუ ისე, საღამო შედგა და აქ მყოფი ქართველები კიდევ ერთხელ გავბედნიერდით... საქართველოს ემიგრაციას მოფერება სჭირდება და სანამ შემეძლება, ჩემი წილი სიყვარული მათ არ მოაკლდება…

© photo: courtesy of Meli Turmanidzeმელი თურმანიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „ჩემი ეზოდან ნენეს დარგული ველური ვარდი და სუროც გამოვიყოლე” - Sputnik საქართველო
მელი თურმანიძე

იცით, ქართველი ემიგრანტები ძილის დროს ვცხოვრობთ? ვხუჭავთ თვალებს და „აღმოვჩნდებით“ მოყვასებთან ერთად საყვარელ სოფლებში თუ ქალაქებში. სიზმარში ვნებივრობთ იმ სამყაროში, რომელიც ჩვენი არსებობის მთავარი ღერძია. ასეა ყოველდღე, სანამ დარაბებს გამოვაღებთ, საქართველოში „ვართ“…

 

ყველა ახალი ამბავი
0