„ილიკომ მითხრა, ცეკვას მე გასწავლიო!“ – „სუხიშვილების“ ვარსკვლავის ზღაპრად ქცეული ცხოვრება

© photo: courtesy of Ivane Japaridzeთენგიზ უთმელიძის სარეკლამო ნახტომი. ამერიკა, დეტროიტი, 1960 წელი
თენგიზ უთმელიძის სარეკლამო ნახტომი. ამერიკა, დეტროიტი, 1960 წელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეკვაზე და სცენაზე არასოდეს უოცნებია, მაგრამ ისტორიაში ისე შევიდა, როგორც ქვეყნის მთავარი ანსამბლის „ოქროს ხანის“ სოლისტი მოცეკვავე...

60-იან წლებში ანსამბლ„სუხიშვილებში“ უძლიერესი შემადგენლობა იყო. მათ შორის გამორჩეული გარეგნობის, ტექნიკისა და ინდივიდუალური ხელწერის მქონე მოცეკვავე თენგიზ უთმელიძეც გახლდათ. მის ცხოვრებაში ყველაფერი ერთმა შემთხვევამ გადაწყვიტა. მისი პირველი პარტნიორი ქართულ ცეკვაში ნინო რამიშვილი იყო, რომელთანაც 1959 წელს გლაზგოს სამეფო თეატრში იცეკვა.

სცენაზე 17 წელი იდგა და გასტროლებით მსოფლიოს 70 ქვეყანა მოიარა. ამას გარდა საკუთარ თავზე ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაც აიღო: შეექმნა ანსამბლის მემატიანე, რაც საბოლოოდ განახორციელა კიდეც.

როდესაც ანსამბლიდან წამოვიდა, სხვადასხვა პერიოდში იმუშავა ჟურნალისტთა კავშირში, უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროში, კულტურის სამინისტროში, იყო ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე და მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნების ცენტრ „მუზას“ დირექტორი, გამოსცა წიგნები, გამართა 37 ფოტოგამოფენა. ამჟამად მორიგ წიგნზე მუშაობს.

© photo: courtesy of Ivane Japaridzeთენგიზ უთმელიძე
„ილიკომ მითხრა, ცეკვას მე გასწავლიო!“ – „სუხიშვილების“ ვარსკვლავის ზღაპრად ქცეული ცხოვრება - Sputnik საქართველო
თენგიზ უთმელიძე

- ბატონო თენგიზ, სკოლის პერიოდში გეზი სულ სხვა მხარეს გქონდათ აღებული, თქვენი არჩევანი სამთო-მეტალურგიული სფერო იყო.

- ისე მოხდა, რომ საშუალო სკოლიდან გადავედი სამთო-მეტალურგიულ ტექნიკუმში, რომელიც 1957 წელს დავამთავრე. იმ პერიოდში სპორტის ყველა სახეობაში აქტიურად ვიყავი ჩაბმული. ყველა ჩემი თანატოლი პიონერთა სასახლეში დადიოდა. იქიდან ძალიან ცნობილი ადამიანები, ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები გამოდიოდნენ. მე იქაც დავდიოდი ლიტერატურის და კიდევ რამდენიმე წრეში, მაგრამ ყველაზე დიდხანს შემოვრჩი წრეში, რომელსაც ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტი ერქვა. მას ლეგენდარული მთამსვლელი, არაჩვეულებრივი ადამიანი ალექსანდრა ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა. ასევე მინდა გავიხსენო კიდევ გამორჩეული პედაგოგი მზია ერისთავი, რომელსაც სიყვარულით დეიდა მზიას ვეძახდით. ჩემდა საბედნიეროდ, იქ მუშაობდა ჩემი ბიძაშვილი მარინე უთმელიძეც, რომელიც მერე ოცი წელი ხელმძღვანელობდა იმ კაბინეტს. ეს იყო არაჩვეულებრივი დრო, სკოლის პერიოდში ლაშქრობები, მოგზაურობები. გაზეთებს ვუშვებდით მოგზაურობაზე. ეს კაბინეტი გაიარეს ისეთმა სახელოვანმა ადამიანებმა, როგორებიც იყვნენ თენგიზ მირზაშვილი, ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი და კიდევ ბევრი სხვა. ამ კაბინეტის წყალობით მთელი საქართველო მოვიარე ფეხით და მეგობრები შევიძინე. მერე სულ ვტრაბახობდი, რომ ჯერ მთელი საქართველო მოვიარე და მერე ბედმა მარგუნა და მსოფლიოც ვნახე...

© photo: courtesy of Ivane Japaridzeთენგიზ უთმელიძე და ნინო რამიშვილი
„ილიკომ მითხრა, ცეკვას მე გასწავლიო!“ – „სუხიშვილების“ ვარსკვლავის ზღაპრად ქცეული ცხოვრება - Sputnik საქართველო
თენგიზ უთმელიძე და ნინო რამიშვილი

- წლების მერე მსოფლიო როგორც მოცეკვავემ მოიარეთ, მაგრამ მანამდე სამთო საინჟინრო სფეროს ერთგული დარჩით, რა მოხდა ერთ მშვენიერ დღეს?

- ერთ მშვენიერ დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე აღმოვჩნდი, როგორც პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი... 1957 წელს მოსკოვში ჩატარდა სტუდენტობის და მოსწავლე ახალგაზრდობის მეექვსე მსოფლიო ფესტივალი. მაშინ სტადიონი „ლუჟნიკი“ სპეციალურად ამ მოვლენისთვის გაიხსნა. მოკლედ, მე მოვხვდი იმ 150-კაციან ჯგუფში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან საგანგებოდ შეკრიბეს. ჩვენ საქართველო უნდა წარგვედგინა. ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა უზარმაზარ სტადიონზე სპეციალურად ფესტივალისთვის ცეკვა „ფერხული“ დადგეს. არაჩვეულებრივი სანახაობა გამოვიდა. ამ ცეკვის მომზადებას თითქმის მთელი თვე-ნახევარი დასჭირდა. როცა მოსკოვში ჩავედით, ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილის ყურადღება მაშინ მივიქციე. ნინომ და ილიკომ გამომკითხეს ვინ ვარ, სად ვსწავლობ და ეგრევე შემომთავაზეს, რომ ანსამბლის წევრი გავმხდარიყავი. ჩემთვის ეს შემოთავაზება ისეთი მოულოდნელი იყო, რომ შევცბი...

© photo: courtesy of Ivane Japaridzeთენგიზ უთმელიძე
„ილიკომ მითხრა, ცეკვას მე გასწავლიო!“ – „სუხიშვილების“ ვარსკვლავის ზღაპრად ქცეული ცხოვრება - Sputnik საქართველო
თენგიზ უთმელიძე

- რამდენი წლის იყავით იმ დროს და ცეკვასთან შეხება თუ გქონდათ?

- მაშინ 18 წლის ვიყავი, ცეკვის ანაბანა რომან ჭოხონელიძესთან მქონდა ნასწავლი, სადაც ლატავრა ფოჩიანიც იყო. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გაოცებული დავრჩი. „სუხიშვილები“ ჩემი სათაყვანებელი ანსამბლი იყო და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე იქ ვიცეკვებდი. მე ჯერ მოკრძალებულად მადლობა გადავუხადე, მერე კი უარი ვუთხარი – ბატონო ილიკო, მე არ ვიცი ისეთი ცეკვა, რომელიც თქვენი ანსამბლის საკადრისი იქნება–მეთქი. მაშინ მან მითხრა, არა უშავს, ცეკვას მე გასწავლიო. ვერც იმან გაჭრა, რომ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და ეს სწავლაში ხელს შემიშლიდა. მისი შემოთავაზება ასეთი იყო – სწავლაშიც შეგიწყობთ ხელსო. შევატყვე, რომ ძალიან მონდომებული იყო, მაგრამ თანხმობა მაინც არ მითქვამს. ვუთხარი, თბილისში რომ ჩავალთ, მერე ვისაუბროთ–მეთქი. დამთავრდა ფესტივალი, ჩამოვედით თბილისში, მან თავისთან დამიბარა და ვისაუბრეთ. იმავე დღეს ჩამრიცხა ანსამბლში და პირდაპირ ხელფასი დამინიშნა. მაშინ ასეთი რამ იშვიათი იყო, როგორც წესი, სტაჟიორად ექვსი თვით იღებდნენ. ალბათ მათ რაღაც დაინახეს ჩემში, როცა იცოდნენ, რომ სპორტით ვიყავი დაკავებული. დავიწყე მუშაობა და, რომ იტყვიან, დღეს და ღამეს ვასწორებდი, ფორმაში რომ ჩავმდგარიყავი. ჩემდა საბედნიეროდ, უკვე ორი თვის შემდეგ, ზუსტად 18 დეკემბერს საფრანგეთში გასტროლებზე აღმოვჩნდი. ამის მერე „გეპეიში“ აღარც მივსულვარ. ანსამბლმა პარიზში ფურორი მოახდინა. საფრანგეთს მოჰყვა ინგლისი, ამერიკა და მერე წავიდა და წავიდა...

საიუბილეო კონცერტზე
„ილიკომ მითხრა, ცეკვას მე გასწავლიო!“ – „სუხიშვილების“ ვარსკვლავის ზღაპრად ქცეული ცხოვრება - Sputnik საქართველო
საიუბილეო კონცერტზე

- ანსამბლიდან როდის და რატომ წამოხვედით?

- ცეკვით ნამდვილად არ დავღლილვარ, მაგრამ ვიფიქრე – როდემდე უნდა ვიცეკვო? მინდოდა საკუთარი შესაძლებლობები სხვა საქმეშიც, მაგალითად, ჟურნალისტიკაში მეცადა. 1960 წელს უნივერსიტეტში შევედი და დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, რომელიც მერე ძალიან გამომადგა. წერა მიყვარდა, თანდათან გავიწაფე და უცხოეთიდან წერილებს ვგზავნიდი. ქართული პრესის სპეციალური კორესპონდენტი ვიყავი. შემდეგ ბევრ სხვადასხვა პოზიციაზე ვიმუშავე. ანსამბლზე უზარმაზარი მასალა მაქვს შეგროვილი. პირველი წიგნი მივუძღვენი ნინო რამიშვილს, როცა მას 90 წელი შეუსრულდა.

© photo: courtesy of Ivane Japaridzeთენგიზ უთმელიძე საკუთარი სახელობის ვარსკვლავის გახსნაზე
„ილიკომ მითხრა, ცეკვას მე გასწავლიო!“ – „სუხიშვილების“ ვარსკვლავის ზღაპრად ქცეული ცხოვრება - Sputnik საქართველო
თენგიზ უთმელიძე საკუთარი სახელობის ვარსკვლავის გახსნაზე

- მოკლედ, ბატონო თენგიზ, დაბეჯითებით შეგიძლიათ იმის თქმა, რომ ცხოვრება შედგა...

- დიახ, ასეა... მე ვიყავი ყველაზე მთავარი სახელმწიფო ანსამბლის „ოქროს ხანის“ წამყვანი სოლისტი, ნინო რამიშვილის პარტნიორი, მის მერე ისეთი პარტნიორები მყავდნენ, როგორებიც იყვნენ ლატავრა ფოჩიანი, იამზე დოლაბერიძე, მანანა აბაზაძე, ნინო კირვალიძე, მოკლედ, გამორჩეული პარტნიორებით განებივრებული ვიყავი. გავხდი ტრიუმფალური გამოსვლებისა და წარმატებების უშუალო მონაწილე. ამის გარდა მარტო სცენაზე გამოსვლა ხომ არ იყო?! ეს იყო უამრავი მოგზაურობა, ბევრი საინტერესო შეხვედრა, დაუვიწყარი ამბები, რომელიც იმ წარსულს გამორჩეულს ხდის. ერთი სიტყვით, ცხოვრება კი არა, ზღაპარი იყო...

 

ყველა ახალი ამბავი
0