09:42 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661
დავით კინწურაშვილი

რას ნიშნავს – იცხოვრო ისე, რომ კვალი დატოვო...

photo: Charity Foundation Way of the Future / FB
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
40730

წლების განმავლობაში ასობით ოჯახს დაეხმარა... მიუსაფარი ბავშვებისთვის სახლი ააშენა, დღეს გაშვილების რისკის ქვეშ მყოფ 69 ბავშვს უნარჩუნებს ბიოლოგიურ ოჯახს, ასწავლის, კვებავს და ამზადებს მომავალი ცხოვრებისთვის... გაიცანით ჩვენი გმირი დავით კინწურაშვილი.

აბაშის რაიონში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. 18 წლიდან დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო დედაქალაქში. დღე და ღამე დაუღალავად მუშაობდა, რომ თავი ერჩინა, სწავლის გადასახადი გადაეხადა. საკმაოდ რთული ცხოვრება გაიარა, ბევრი დაბრკოლება შეხვდა, მაგრამ ამის მიუხედავად ქველმოქმედება თავისი ცხოვრების უმთავრეს საზრუნავად აქცია და ამ გზისთვის არასოდეს გადაუხვევია.

საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა
საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა

- წარმოშობით აბაშიდან ვარ. ვიზრდებოდი მრავალშვილიან ოჯახში. თბილისში ცხოვრობდა ჩემი დეიდა, რომელიც არ იყო დაოჯახებული და არ ჰყავდა ბიოლოგიური შვილი. ის შვილად მე მიმიჩნევდა და მისი სამომავლო გეგმები ჩემ კეთილდღეობას უკავშირდებოდა. იყო ქველმოქმედი და მთელი ცხოვრება სხვებს ეხმარებოდა, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემ მომავალ ცხოვრებაზე.

18 წლის ვიყავი, როცა დეიდა მოულოდნელად მძიმე სენით დაავადდა და გარდაიცვალა. აქედან დაიწყო ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება თბილისში. ოჯახს შესაბამისი შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ რაიონიდან ქალაქში დამხმარებოდნენ, რის გამოც ძალიან რთული და მძიმე პერიოდი მაქვს გამოვლილი. თავის სარჩენად ფიზიკურად ვმუშაობდი დღე და ღამე. უნდა გადამეხადა სწავლის გადასახადი და მერჩინა თავი. მიუხედავად სირთულისა, ერთი წუთითაც არ დამვიწყებია, რომ ჩემი ცხოვრება ქველმოქმედებისთვის უნდა დამეკავშირებინა და ვემზადებოდი შესაფერისი მომენტისთვის. აი, უკვე 19 წელი სრულდება, რაც  მაქვს საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც დავუკავშირე მზრუნველობამოკლებული ბავშვების და მოხუცების კეთილდღეობას.

საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა
საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა

- რა არის „ყვავილების სახლი“ და რას ემსახურება ის, როგორ და რატომ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

- ყვავილები, მცენარეები ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ ჩემი ცხოვრების რეჟიმი არასოდეს მაძლევდა საშუალებას, რომ  გამეშენებინა ყვავილების ბაღი. თან არც ეზოიანი სახლი მქონდა, რის გამოც ყოველთვის მქონდა შინაგანი განცდა, რომ ჩემს სურვილს ვერ განვახორციელებდი.

„მომავლის გზის სახლი“ სამუდამოდ დაფუძნდა ჩუღურეთში, კლდიაშვილის ქუჩაზე, ერთ პატარა „იტალიურ“ ეზოში. ამ ეზოდან მეგობარი კომპანიების აქტიური დახმარებით და ბანკის იპოთეკური სესხის ფარგლებში გავიყვანეთ რამდენიმე მეზობელი და ჩვენ მფლობელობაში გადმოვიდა პატარა ეზოც, დაახლოებით ას კვადრატამდე. საშინელი სიტუაცია იყო. სახლები ნახევრად დანგრეული და ეზო ხრიოკი. რამდენიმე წელი დამჭირდა იმისათვის, რომ შენობებისთვის კოსმეტიკური რემონტი ჩამეტარებინა, რათა ბავშვებს კომფორტულად ეგრძნოთ თავი. ამის შემდეგ შევუდექი ეზოს კეთილმოწყობას და ერთი სული მქონდა აქაურობას როდის ვაქცევდი პატარა წალკოტად. ფონდს იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ ეყიდა სხვადასხვა ჯიშის მცენარეები. ასე რომ მოვქცეულიყავი, ბავშვების კვების თანხიდან უნდა გამეკეთებინა დანაზოგი, რაც ყოვლად მიუღებელია. შემომწირველ კომპანიებს იმას ნამდვილად ვერ ვთხოვდი, რომ მცენარეების შეძენა დაეფინანსებინათ. გადავწყვიტე ყვავილების მოყვარულებისთვის  მეთხოვა დახმარება სოციალური ქსელის საშუალებით და ასე დაიწყო ყველაფერი. გვჩუქნიდნენ პატარა მცენარეების ტოტებს და ასე ვამრავლებდით მე და ჩემი ბავშვები. როგორც კი რამე თავისუფალი თანხა ჩამივარდებოდა, ვყიდულობდი ადვილად გასამრავლებელ მცენარეს და ერთი წელიწადიც არ გახდა საჭირო, რომ ჩვენი ეზო წალკოტად გვექცია. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოდიან მოქალაქეები, ტურისტები და ათვალიერებენ ჩვენს ეზოს. იღებენ სურათებს, გვთხოვენ, რომ ჩაატარონ სხვადასხვა სახის ღონისძიება, თუმცა ძალიან პატარა ეზო გვაქვს. ზოგჯერ პრესის წარმომადგნელები მოდიან ჩვენ ეზოში და ინტერვიუებსაც წერენ სხვადასხვა რესპონდენტებთან.

საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა / photo
საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა / photo

- მცენარეების გამრავლება–გახარების წესები მანამდეც იცოდით?

- ვახსენე კიდეც, რომ ბავშვობიდან მიყვარდა მცენარეები, თუმცა არ ვიცოდი მოვლის და გაშენების წესები. ყველაფერს ნელ-ნელა ვსწავლობთ. ყველა მცენარეს თავისებური მოვლა და მზრუნველობა სჭირდება. არიან პრეტენზიული და ბუტია მცენარეები. თუ რომელიმეზე მოადუნებ ყურადღებას, მაშინვე გაგრძნობინებენ, რომ სათანადოდ არ ზრუნავ მათზე.

საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა
საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა

- დღეს რამდენი ძირი, რა სახეობის მცენარეები გაქვთ და ვინ არიან ადამიანები, ვინც მათ უვლის?

- დაახლოებით ასზე მეტი ჯიშის მცენარე მაქვს. ძირითადად ვამრავლებ მარადმწვანე და ყინვაგამძლე მცენარეებს, რადგან შესაფერისი პირობები არ მაქვს. ისინი ყველა სათითაოდ მიყვარს. თუ რომელიმე მცენარე გამიფუჭდება, საშინლად ვნერვიულობ და განვიცდი.

- მარტო უვლით მცენარეებს?

- რაც შეეხება მოვლას, იმის საშუალება არ არის, რომ მომვლელი ავიყვანოთ. მე და ბავშვები ვუვლით ყვავილებს. ველოლიავებით და ვესაუბრებით ხოლმე. ზოგს ალბათ გიჟიც ვგონივარ, მაგრამ ვეგონო, მე მიყვარს სამყარო, ადამინები, ცხოველები, ფრინველები, ბუნება...

საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა
საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა

- რამდენად სასიამოვნოა ბავშვებისთვის მცენარეებთან ურთიერთობა და რა დადებით გავლენას ახდენს მათზე?

- აუცილებელია დაეხმარო ბავშვებს, რომ გახდნენ მზრუნველები. სიკეთე უნდა ჩაუნერგო, ასწავლო სიყვარული როგორც ადამიანების, ასევე ფრინველების, ცხოველების და მცენარეების. მათ ვერ მოსთხოვ იზრუნონ ზრდასრულ ადამიანზე, ეს მათ ასაკს არ შეეფერება, ამიტომ მზრუნველობას სწავლობენ ჩემი მცენარეებიდან. შვილივით უვლიან თითოეულ ტოტს, ფოთოლს. ზოგჯერ უცხო ადამიანები მოპარვის მიზნით ჩუმად ტეხენ ტოტს, ბავშვები კი მაშინვე ხდებიან, რომელ მცენარეს მოატეხეს თუნდაც პაწაწინა ტოტი. ძალიან მიხარია, რომ ბავშვებს ასე შევაყვარე მცენარეები. დიდი იმედი მაქვს, რომ მათი ნაწილი მაინც გააშენებს ყვავილებს და დაკავდება სანერგე მეურნეობით, რაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც.

როცა ჩვენი ეზო გადაიტვირთა მცენარეებით, იდეა მომივიდა, რომ დროებითი სარგებლობისთვის მერიისთვის მეთხოვა მის ბალანსზე არსებული ყველაზე ცუდი და მოუვლელი მიწის ფართი. მინდოდა იქ ყვავილების ბაღი გაგვეშენებინა. ასეთი ადგილიც ვიპოვე ხუდადოვზე. იქ ძველად, კომუნისტების დროს ყოფილა სკვერი. მის გვერდით მოსახლეობას ჰქონია ნაკვეთები, რომელიც ამჟამად ეკალ-ბარდებშია გახვეული. ადგილი მიტოვებულია და გადაქცეულია საშენი მასალების ნაგავსაყრელად, მსუბუქი ყოფაქცევის ადამიანების და ნარკოტიკების მომხმარებლების თავშეყრის ადგილად. მივწერე წერილი თბილისის მერს, ბატონ კახი კალაძეს და უახლოეს პერიოდში მივიღეთ დადებითი პასუხი, რომ მზად იყვნენ გადმოსაცემად. შედგა რამდენიმე შეხვედრა და საქმეც ბოლო ეტაპამდე მივიდა. მალე გადმოგვცემდნენ ადგილს, სადაც ულამაზეს ყვავილების ბაღს გავაშენებდი და ეს იქნებოდა  თბილისელებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ერთ-ერთი ულამაზესი ბაღი, სადაც მოვიდოდნენ, მოისვენებდნენ და განიტვირთებოდნენ. გეგმაში მქონდა შემდგომში კონტაქტური ზოოლოგიური პარკიც მომეწყო, რომ ბავშვებს როგორც მცენარეებთან, ასევე ფრინველებთან, ცხოველებთან პირდაპირი შეხება ჰქონოდათ. საქმე წინ წავიგდეთ, რადგან იმედიანად ვიყავით, რომ თითქმის გადმოცემული იყო ადგილი. დავიწყეთ ტერიტორიის გაწმედა, გასუფთავება. იმ ზაფხულს, აგვისტოს პაპანაქება სიცხეში ბავშვებმა დასასვენებლად წასვლაზე უარი თქვეს და ჩვენ თვითონ ვასუფთავებდით ნაგვიან ტერიტორიას. საშინელება იყო, ალბათ სულ მცირე ერთი დიდი მანქანა მარტო გამოყენებული შპრიცები და გაურკვეველი ტაბლეტები გავიტანეთ. მთლიანობაში ათი დიდი მაქნანა ნაგავი გავიტანეთ ტერიტორიიდან. ადგილობრივები გვლოცავდნენ. მაგრამ ბოლოს, როცა დრო დადგა და გაწმენდილ მიწაზე მცენარეები უნდა დაგვერგო, მერიამ მოგვწერა, რომ აღნიშნულ ადგილს ვერ გადმოგვცემდნენ, რადგან თავად მერიის ინტერესს წარმოადგენდა. ბევრჯერ მივწერეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ, რას ნიშნავდა ყოველივე ეს. უმწეო ბავშვების ხელით გაიწმინდა ტერიტორია, იშრომეს და ბოლოს იმედგაცრუებული დარჩნენ. მეც ძალიან დიდი უხერხულობა შემექნა ბავშვებთან. მაგრამ დავსხედით და ავუხსენი, რომ მაინც მაგრები ვართ. გავწმინდეთ არსებული ნაგვისგან ტერიტორია, ესეც ხომ სიკეთეა? სინამდვილეში იმას კი არ ვნანობ, რომ ორი თვე ვიშრომეთ, უბრალოდ ქალაქის მერიის საქციელი ვერ ავხსენი და დღემდე მაქვს პასუხგაუცემელი კითხვები. რამდენიმე დღის წინ მომიწია იმ ადგილისკენ გავლა და დღეს ისევ ნაგავში და უარეს პირობებშია იქაურობა. ასე ჩაიყარა წყალში ჩვენი შრომა.

საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა
საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა

- ვინ არიან ადამიანები, ვისაც ეხმარებით, რა პროექტებს ახორციელებთ და რა სახის ღონისძიებებში იღებთ მონაწილეობას?

- როცა ფონდი დავაარსე, ვეხმარებოდი, როგორც მოხუცებს, ასევე ხელოვანებს. მაშინ მათ ძალიან უჭირდათ. ბევრი მეგობარი კომპანია გავიჩინე, რადგან ყველა ჩემი საქველმოქმედო აქტივობა იყო ნებისმიერისთვის გამჭირვალე და არასოდეს არაფერი ყოფილა დაფარული. ვეხმარებოდი ონკოლოგიურ ბავშვებს, მაგრამ ბოლოს ძალიან გამიჭირდა ამ პროექტის ორგანიზება. თავიდან ონკოლოგიურ საავადმყოფოში 18 ბავშვი გავიცანი და ბოლოს ეს ციფრი სულ რამდენიმე ბავშვამდე დავიდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალნენ და ეს საშინელი სტრესი იყო ჩემთვის. შევწყვიტე, ძალიან გამიჭირდა... არ შემეძლო მათი ტკივილის ყურება. ამ მოცემულ სიტუაციაში ძალიან სუსტი აღმოვჩნდი. 2008 წლამდე ბევრ ადამიანს ვეხმარებოდი. სულ 250 ოჯახს, 150 ხელოვანს,  80 მოხუცს. ომის მერე ვეღარ შევძელი. მოგეხსენებათ, ქვეყანაში დაიწყო სოციალური, ეკონომიკური კრიზისის ახალი ეტაპი და სპონსორი კომპანიებიც ნელ-ნელა შემომაკლდა. დღეს გაშვილების რისკის ქვეშ მყოფ 69 ბავშვს ვუნარჩუნებ ბიოლოგიურ ოჯახს, ვასწავლი, ვკვებავ და ვამზადებ მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ყველა მიჯერებს და, იმედი მაქვს, ნასწავლი და წარმატებული ბავშვები გაიზრდებიან. 100-ზე მეტი ჩემი ყოფილი ბენეფიციარი გახდა უკვე სრულწლოვანი, არც ერთზე ცუდი არ მსმენია. ყველა პატიოსნად და კეთილად ცხოვრობს. ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი.

საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა
საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა

- როგორ ფიქრობთ, რა ჩანაფიქრიც გქონდათ გამართლდა? მიაღწიეთ სასურველ მიზანს?

- ჩანაფიქრი ჯერ არ ასრულებულა. თუ ჯანმრთელობამ ხელი შემიწყო და დიდხანს ვიცოცხლებ (სამწუხაროდ, ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს, მაგრამ უფალი მაძლიერებს და ენერგიას მაძლევს), ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს საკეთებელი. მინდა ისეთი სახლი მქონდეს, სადაც ვიცხოვრებ და ყოველი წუთი დაკავშირებული იქნება ქველმოქმედებასთან და სიკეთესთან. საღამოს, როცა სახლში წასვლის დრო დგება, ფეხს ვითრევ, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს შესანიშნავი ოჯახი, მყავს სამი შვილი, გამუდმებით მინდა ჩემ ბავშვებზე ვზრუნავდე. მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ადამინებს გვინდა...

გეგმაში ბევრი რამ მაქვს. მინდა უფასო მაღაზია გავხსნა, სადაც ვაუჩერით აიღებს გაჭირვებული პროდუქტს და სხვა ნივთებს. ამაში დიდი მხარდაჭერა მაქვს გარკვეული ძალებისგან, მაგრამ ვერ ვიწყებ პროექტს ფართის უქონლობის გამო. საწყობიც არ მაქვს. რამდენჯერმე ვითხოვე შემოწირულობების შესანახად, მაგრამ ვისაც ეს შეუძლია, ის არ მისმენს, ხოლო ვისაც კეთილი გული აქვს, იმას ამის შესაძლებლობა არ აქვს. ასე რომ, ნელ-ნელა ვახორციელებ იდეებს. ახლა დამემატა ახალი პრობლემა, რამდენიმე დღის წინ მქონდა ყვავილების გამოფენა–გაყიდვა. შემოსული თანხით მინდოდა ბავშვებისთვის საახალწლო სურვილები ამესრულებინა, მაგრამ ეს დღე ცუდად დაიწყო. მოვიდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენელი და ჩვენი საქმიანობა შეაფასა კომერციულად. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ვერ შევაგნებინეთ, რომ არანაირი კავშირი კომერციასთან არ გვაქვს. ეზოდან გასულს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგენია და გვემუქრებიან დაჯარიმებით, მრიცხველის დაყენებით. სიკეთის კეთებისთვის ვისჯებით. რა დავარღვიეთ, რომელი კანონი, ამას ვერ ვხდები. ალბათ ის, რომ სიკეთეს ვაკეთებ... იმედია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც“ ისევ ისე უგუნურად არ მოიქცევა, როგორც მათი წარმომადგენელი. თუმცა დღეს მივიღეთ წერილი კომპანიისგან, რომ დაბარებული ვართ დასაჯარიმებლად. უფლისთვის მიმინდა ყველაფერი. რას ვიზამთ, ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არ ფასდება სიკეთე, მადლიერება, ქველმოქმედება. არავინ არ გიფრთხილდება და არ ფიქრობს იმაზე, რომ ხელი შეგიწყონ, რათა დაეხმარო სხვას. რას ვიზამ, მთელი ცხოვრებაა ეკლიან გზას მივუყვები. ბევრჯერ სიკეთის გამო ტალახიც უსრვიათ, მაგრამ უფლის წინაშე უნდა იყო მართალი და აკეთო სიკეთე ისე, რომ არ მოითხოვო სანაცვლოდ მადლობა.

 

მთავარი თემები