იატაკიდან ამოჩრილი ლურსმანი, როგორც შთაგონების წყარო: დავით ქარდავას აირწინაღიანი სამყარო

გამოწერა
ყველაფერი გარეთ რომ არ გამოვუშვა და გამოვხატო, ასე მგონია, დავიხრჩობი და დავინგრევი – ეს სიტყვები 29 წლის მხატვარს და არქიტექტორს დავით ქარდავას ეკუთვნის.

პროფესიით არქიტექტორი და მხატვარი, აფხაზეთიდან დევნილია, თბილისში 2008 წლიდან ცხოვრობს. ოთხწლიანი სამხატვრო სკოლა ზუგდიდში დაამთავრა. სკოლის შემდეგ სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა და უკვე მეხუთე წელია, რაც ერთ-ერთ საპროექტოში მუშაობს არქიტექტორად.

თუმცა, იმდენად შემოქმედებითი და ემოციური ნატურაა, რომ ხატვის გარეშე დიდხანს ვერ გაძლო და 2017 წელს ისევ მოლბერტთან აღმოჩნდა. არც ისე დიდი ხნის წინ ზედიზედ სამ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ერთი პერსონალური იყო, ორი მათგანი კი ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. 

© photo: courtesy of David Kardavaდავით ქარდავა
იატაკიდან ამოჩრილი ლურსმანი, როგორც შთაგონების წყარო: დავით ქარდავას აირწინაღიანი სამყარო - Sputnik საქართველო
დავით ქარდავა

- დავით, საინტერესოა, ზუგდიდის სამხატვრო სკოლიდან აკადემიამდე როგორ იცვლებოდა თქვენი ნამუშევრების თემატიკა და როგორ ახსნით ამგვარ მეტამორფოზას?

- სამხატვრო სკოლაში ცხრა-ათი წლის ასაკში შემიყვანეს. ეს იყო დევნილობის ძალიან რთული და მძიმე პერიოდი ჩვენი ოჯახისთვის. საერთოდ იმ დროის მოგონებები ძალიან ბუნდოვანია ჩემ მეხსიერებაში და მიჭირს იმის გარჩევა, თუ რა იყო სინამდვილე და რა დათრგუნული, დასტრესილი ბავშვის წარმოსახვის ნაყოფი. ალბათ ეს სტრესული ვითარებაც იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ბავშვობიდან გრაფიკული, შავ-თეთრი ნახატები მიტაცებდა და მეც პირველად შავ ფანქარს დავუმეგობრდი და არა ფერად საღებავებს.

© photo: courtesy of David Kardavaგამოფენაზე
იატაკიდან ამოჩრილი ლურსმანი, როგორც შთაგონების წყარო: დავით ქარდავას აირწინაღიანი სამყარო - Sputnik საქართველო
გამოფენაზე

- შეიძლება ითქვას, რომ სამხატვრო სკოლამ მოგცათ მიმართულება, თუ საით წასულიყავით?

- სამხატვრო სკოლა ჩემთვის ერთგვარი ტაძარი იყო, სადაც მივდიოდი და რამდენიმე საათით რეალობას ვწყდებოდი. ჩემთვის ეს იყო სამყარო, სადაც ყველაფერი შემეძლო. 2000-იანების დასაწყისში სხვა არანაირი აქტივობისა და გასართობის საშუალება არ გვქონდა, ამიტომ იქ ძალიან დიდ დროს ვატარებდი. ასე ავცდი ქუჩას და მის გავლენას. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ჩემი მაშინდელი ნახატები ძირითადად ბავშვის ფანტაზიის შესაბამისი იყო. ბეჯითად ვასრულებდი დავალებებს, რომლებსაც სამხატვრო სკოლაში გვაძლევდნენ.

© photo: courtesy of David Kardavaდავით ქარდავა
იატაკიდან ამოჩრილი ლურსმანი, როგორც შთაგონების წყარო: დავით ქარდავას აირწინაღიანი სამყარო - Sputnik საქართველო
დავით ქარდავა

- სამხატვრო აკადემიამ სხვა მიმართულებით „წაგიყვანათ“? 

- სკოლის დამთავრება და შემდეგ აკადემიაში ჩაბარება ნაცრისფერი რეალობიდან ფერად სამყაროში გადმოსვლასავით იყო. აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე, აქედან გამომდინარე, ჩემი, როგორც მხატვრის განვითარება სხვა კუთხით წარიმართა. ფანქარი უფრო მეტად დავხვეწე, ასევე ავითვისე აკვარელითა და ტუშით მუშაობის ტექნიკა, რომელსაც არქიტექტურული პროექტების დამუშავებისას ვიყენებდით. ამ ცოდნამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემი ხატვის ტექნიკაზე. არქიტექტურამ დიდი გავლენა იქონია ჩემ აზროვნებაზეც, რაც დღეს ჩემ ნამუშევრებშიც იკითხება.

© photo: courtesy of David Kardavaდავით ქარდავას შემოქმედება
იატაკიდან ამოჩრილი ლურსმანი, როგორც შთაგონების წყარო: დავით ქარდავას აირწინაღიანი სამყარო - Sputnik საქართველო
დავით ქარდავას შემოქმედება

- ახლახან მიიღეთ მონაწილეობა გამოფენაში „100 გონება“. როგორ ფიქრობთ, იმ ასიდან როგორ და რით გამოირჩევა თქვენი გონება და, ზოგადად, ხედვა და სტილი?

- გამოფენაზე წარმოდგენილი მქონდა ნამუშევრები იმ სერიიდან, რომელზეც ახლაც ვმუშაობ. თუმცა საკმაო რაოდენობის ნამუშევარი მქონდა იმისთვის, რომ გამოკვეთილიყო ძირითადი ხაზი და კონცეფცია, ამავე დროს არ ყოფილიყო დაუსრულებლობის განცდა. ეს არის მცდელობა – გამოვიტანო სააშკარაოზე ჩემ გონებაში, მოგონებებში, ქვეცნობიერსა თუ ცნობიერში აფხაზეთთან დაკავშირებული ასოციაციები. ჩემი ნამუშევრები გაჯერებულია ნოსტალგიით მშობლების, რომლებიც ახლაც აფხაზეთში ცხოვრობენ, და სახლის მონატრებით.

© photo: courtesy of David Kardavaდავით ქარდავას შემოქმედება
იატაკიდან ამოჩრილი ლურსმანი, როგორც შთაგონების წყარო: დავით ქარდავას აირწინაღიანი სამყარო - Sputnik საქართველო
დავით ქარდავას შემოქმედება

- მხატვრობა, გარდა ნიჭის რეალიზებისა, რა არის თქვენთვის?

- ჩემთვის მხატვრობა თვითგამოხატვის საშუალებაა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი რომ არ ვთქვა, გარეთ არ გამოვუშვა და არ გამოვხატო, ასე მგონია, დავიხრჩობი და დავინგრევი... ჩემი ნამუშევრები გულწრფელობით არის გაჯერებული. იმის პრეტენზია ნამდვილად მაქვს, რომ ჩემ შემოქმედებაში ყოველთვის მართალი და პატიოსანი ვარ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ნამდვილია, ემოციური და ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი. ეს გამოფენაზეც არაერთხელ აღნიშნეს მნახველებმა.

© photo: courtesy of David Kardavaდავით ქარდავას შემოქმედება
იატაკიდან ამოჩრილი ლურსმანი, როგორც შთაგონების წყარო: დავით ქარდავას აირწინაღიანი სამყარო - Sputnik საქართველო
დავით ქარდავას შემოქმედება

- სტილს, როგორც ასეთს, არ ცნობთ...

- რაც შეეხება სტილს, ამაზე არ ვფიქრობ ხატვის დროს, თითქმის ყოველთვის სიტუაციიდან, არსებული მასალებიდან გამომდინარე ვმუშაობ, უმეტესად შერეული ტექნიკით. ეს კი ძალიან მრავალფეროვანს ხდის ნამუშევრებს. თავს არასდროს ვიზღუდავ ერთი მასალით, ამიტომ ნამუშევრები ვიზუალურადაც საინტერესო გამოდის. გამოფენაზე, რომელიც ახლახან ჩატარდა, აშკარად გამოიკვეთა ამ სერიის ერთ-ერთი ძირითადი შტრიხი, რამაც მიიზიდა მნახველები – ეს არის ემოცია და ენერგეტიკა, რომელიც ნამუშევრებს ჩემგან ჭარბად გადაეცა…

© photo: courtesy of David Kardavaდავით ქარდავა
იატაკიდან ამოჩრილი ლურსმანი, როგორც შთაგონების წყარო: დავით ქარდავას აირწინაღიანი სამყარო - Sputnik საქართველო
დავით ქარდავა

- თქვენ ნამუშევარში არსებული ფანტასმაგორიული თემები სიზმრის შედეგია თუ ფანტაზიის?

- დიახ, მე მაქვს ნამუშევრები სიურრეალიზმის ელემენტებით, თუმცა ეს არ არის, რა თქმა უნდა, წმინდა წყლის ფანტასტიკა, ეს ალეგორიები და დაშიფრული სცენებია. აქ ისეთი ემოციები და მოგონებებია, რომელთა აფიშირება არ შემიძლია, თუმცა ისინი თავად „ითხოვენ“ გათავისუფლებას და გამოსვლას. აი, ასეთ დროს ალეგორიებს მივმართავ ხოლმე. სიზმრებს ჯერჯერობით არ ვიყენებ შთაგონებისთვის, ვფიქრობ, ჩემ ფხიზელ გონებაში ამის გარეშეც ბევრია სამუშაო მასალა და უწყვეტი შთაგონების წყარო.

- აირწინაღიანი არსება იმის სიმბოლოა, რომ სამყაროს ჟანგბადი მოაკლდა სულიერების სახით?

- რა თქმა უნდა, ესეც ალეგორიაა და თქვენი ვერსია ძალიან საინტერესოა... კონკრეტიკას ყოველთვის ვერიდები, რადგან არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ყველა დეტალის გაშიფვრა და ამით მნახველისთვის ყოველგვარი ინტერპრეტაციის საშუალების მოსპობა. როცა ადამიანი ნამუშევარს ათვალიერებს, მას უნდა ჰქონდეს თავისუფალი სივრცე სააზროვნოდ. დეტალების ახსნა კი მნახველს მხატვრის იდეის გავლენის ქვეშ აქცევს. მირჩევნია ეს კითხვა მთელი ცხოვრება ვისმინო, ვიდრე ნახატის ნახვის შემდეგ საფიქრალი და სააზროვნო არ დარჩეს. ძალიან ზოგადად რომ გითხრათ, ეს არის პროტესტი საზოგადოების, მანკიერი თვისებების და იმ რეალობის მიმართ, რომელშიც ვცხოვრობთ. ნიღაბი ხომ მშვენიერი საშუალებაა გაემიჯნო ყველაფერს და დარჩე ის, ვინც ხარ, როცა არ გინდა, ისუნთქო იმ რეალობით გაჟღენთილი ჰაერით, რომელიც არ მოგწონს და რომელსაც ვერ იღებ.

© photo: courtesy of David Kardavaდავით ქარდავა
იატაკიდან ამოჩრილი ლურსმანი, როგორც შთაგონების წყარო: დავით ქარდავას აირწინაღიანი სამყარო - Sputnik საქართველო
დავით ქარდავა

- ვფიქრობ, ფერების გამოყენებამ ვერ „იმოქმედა“ სევდაზე, რაც თქვენ ნახატებშია...

- ბუნებით მაძიებელი ვარ და სიახლეებისკენ სწრაფვა მოსვენებას არ მაძლევს. გამოსახვის ახალი და საინტერესო, ორიგინალური მეთოდების ძიება მიბიძგებს იმისკენ, რომ გამოვიყენო ფერები და სხვა მასალებიც. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ფერების გამოჩენამ ჩემი სევდანარევი, ცოტა დეპრესიული, ძალიან ემოციური და ხანდახან მძიმე ნამუშევრები მაინცდამაინც ვერ გაამხიარულა... 

- თქვენ შემთხვევაში შთაგონება სპონტანურად მოდის თუ ამისთვის რაიმე წინაპირობაა საჭირო?

- როდესაც 2018 წელს გრაფიკულ სერიაზე ვმუშაობდი, რომელიც ფასების ფსიქოლოგიას ეძღვნებოდა, დავიწყე თემატური ლიტერატურის გაცნობა, მათ შორის გუსტავ ლე ბონის „ერების და ბრბოს ფსიქოლოგია“ იყო. მოულოდნელად იატაკიდან ამოჩრილი ლურსმნის დანახვამ შთამაგონა ნახატი, რომელიც შემდეგ ამ სერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. არასდროს იცი როდის მოვა შთაგონება, როგორც წესი, ეს მოულოდნელად ხდება ხოლმე. მაგალითად, ერთ ნამუშევარზე კარგა ხანი ვიყავი გაჩერებული, ვერაფრით დავასრულე, რამდენიმე თვე ლოდინი მომიწია, სანამ არ მეწვია იდეა და შემდეგ უკვე ის ნახატი რამდენიმე საათში დავასრულე.

© photo: courtesy of David Kardavaდავით ქარდავას შემოქმედება
იატაკიდან ამოჩრილი ლურსმანი, როგორც შთაგონების წყარო: დავით ქარდავას აირწინაღიანი სამყარო - Sputnik საქართველო
დავით ქარდავას შემოქმედება

- უჩვეულოდ მოზრდილი ულვაში სალვადორ დალისთან გარეგნული მიახლოების ერთგვარი მცდელობა ხომ არ არის?

- არა, რას ბრძანებთ?! უბრალოდ ასე მეზრდება. თქვენ წარმოიდგინეთ, სალვადორ დალის შემოქმედების თაყვამისმცემელიც არ ვარ. სიურრეალიზმში სხვა მხატვრები უფრო მომწონს. ჩემი უჩვეულო წვერ-ულვაში უფრო ქართულია, ვიდრე დალისეული. ვერ ვიტყვი, რომ ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალულია ჩემი ხელოვნება, ამაზე არ მაქვს აქცენტი გაკეთებული და არც ვთვლი, რომ ასე უნდა იყოს. ჩემი ნამუშევრები ძირითადად ჩემგან „იწურება" და არა გარედან გამომდინარეა...

- მხატვარ დავით ქარდავას ცოტა უცნაურ ადამიანად თვლიან?

- ჩემში ალბათ ყველაზე მეტად ის ეუცნაურებათ, რომ ბევრისთვის „უჟმური" ვარ, რადგან სახლში ყოფნა და განმარტოება მიყვარს. ჩემი სახლიდან გამოტყუება ძალიან რთული საქმეა. სახლში დარჩენა და ფიქრი, ხატვა, წიგნებში ქექვა და მუსიკის მოსმენა ყველაფერს მირჩევნია. ურთიერთობები, მეგობრებთან შეხვედრები და ასეთები არ მხიბლავს. როგორც მხატვარი ყოველთვის მართალი და გულწრფელი ვიქნები ჩემ შემოქმედებაში და არასოდეს შეწყვეტ ძიებას და მოძრაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო მივუახლოვდე საკუთარ თავს. ჩემთვის ეს არის ხელოვნების და ზოგადად ცხოვრების აზრიც...

 

ყველა ახალი ამბავი
0