ქართული ლიტერატურის მასწავლებელი გაჯეტების ეპოქაში და ფრთები, როგორც თავისუფლების მეტაფორა

© courtesy of Nino Gabuniaნინო გაბუნია
ნინო გაბუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ საკუთარი გამოცდილებიდან ყველანი დავრწმუნდით იმაში, რომ ქართული ლიტერატურის მასწავლებელი მხოლოდ საგანს არ ასწავლის, ის პირველ რიგში ფიქრსა და აზროვნებას აჩვევს ადამიანს...

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, გაუმართლათ ბაქსვუდის სკოლის იმ მოსწავლეებს, ვისი ქართულის მასწავლებელიც ქალბატონი ნინო გაბუნიაა. მან კარგად იცის, რა არის ნამდვილი თავისუფლება, იცის, რომ უშეცდომობა ყველაზე დიდი შეცდომაა ცხოვრებაში, და როცა გაკვეთილზე შედის, ბავშვებთან ერთად თვითონაც სწავლობს. როგორც პოეტს, პოეზიის სიყვარული იმაში შველის, რომ მაშინაც ისუნთქოს, როცა ჰაერიც კი სუროგატია...

© photo: courtesy of Nino Gabuniaნინო გაბუნია
ქართული ლიტერატურის მასწავლებელი გაჯეტების ეპოქაში და ფრთები, როგორც თავისუფლების მეტაფორა - Sputnik საქართველო
ნინო გაბუნია

- ქალბატონო ნინო, გარდა საგნისა, კიდევ რა და როგორ უნდა ასწავლოს ქართულის მასწავლებელმა მოსწავლეებს?

- ქართული ენა და ლიტერატურა, ჩემი აზრით, მხოლოდ საგანი არ არის. საქართველოში ეს ის ფუნდამენტია, რაზეც უნდა დაშენდეს ცოდნა და, საერთოდ, ეს ნებისმიერი სწავლის საძირკველია. ხშირად ყველაზე მეტად სკოლიდან სწორედ ამ საგნის მასწავლებლები გვამახსოვრდება, რადგან ქართულის გაკვეთილზე, თუ ის მართლა ისეთი გაკვეთილია, როგორიც უნდა იყოს, ბავშვი ფიქრს სწავლობს. ფიქრი კი ადამიანის ყველაზე მთავარი ადამიანური თვისებაა, სწორედ ფიქრია ყველა დიდი კითხვისა და პასუხის საწყისი.

- თუ გაქვთ პასუხი კითხვაზე – ინტერნეტის ეპოქაში როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნის კითხვა?

- დღეს ხშირად ვსაუბრობთ იმ პრობლემაზე, რომ ბავშვები წიგნებს ჩამოშორდნენ. გაჯეტების ეპოქაში მართლა დიდი პრობლემაა წიგნთან ურთიერთობა. მე მგონი, ქართული ლიტერატურის გაკვეთილებმა უპირველესად ლიტერატურასთან უნდა მიიყვანოს ბავშვი. ნამდვილ და ღირებულ ლიტერატურასთან (და არა მხოლოდ ქართულთან), მაგრამ როგორ უნდა შეძლოს ეს, მართლა არ ვიცი... პირადად მე ყოველდღე, ყოველ გაკვეთილზე და ყოველი გაკვეთილის მერე ამ კითხვაზე პასუხს და ამ მიზნის მისაღწევ გზებს ვეძებ ხოლმე. 

© photo: courtesy of Nino Gabuniaნინო გაბუნია
ქართული ლიტერატურის მასწავლებელი გაჯეტების ეპოქაში და ფრთები, როგორც თავისუფლების მეტაფორა - Sputnik საქართველო
ნინო გაბუნია

- ახალ თაობასთან მიმართებაში რამდენად ადეკვატურია თანამედროვე სწავლების პრინციპები და მეთოდები?

- პირდაპირ გეტყვით: ჩვენ არ ვიცნობთ ამ თაობას, ამ სრულიად განსხვავებულ თაობას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენი შვილების თაობაა. ჩვენ არ ვიცნობთ მათ, რადგან ეს სრულიად ახალი ეპოქის თაობაა – ინტერნეტის, ხელოვნური ინტელექტის, ტექნოლოგიების და, შეიძლება, მალე მარსის დამლაშქრავი თაობაც იყოს. რასაკვირველია, შესაცვლელია სწავლების კონცეფცია. უნდა ვიფიქროთ, თუ რა უნდა ვასწავლოთ მათ და როგორ. ჩემი აზრით, ეს მეთოდები და მიზნები გადასახედია. ნათელია, რომ შემეცნებითი პროცესი ფაქტობრივი ცოდნიდან უფრო კრიტიკულ და სინთეზურ აზროვნებაზე უნდა გადავიდეს. ხელოვნურ ინტელექტს ფაქტების დამახსოვრებაში ვერ აჯობებს ადამიანი, მაგრამ ის ყოველთვის აჯობებს მას მეტაფორულ, აბსტრაქტულ, ანალიტიკურ და ფილოსოფიურ ფიქრში.

- აქედან გამომდინარე, როგორი უნდა იყოს ასეთი თაობის მასწავლებელი, რა არის მისი მთავარი მისია?

- დღეს ძალიან ძნელია მასწავლებლობა. ძალიან ძნელი და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანიც. მე ხშირად ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, რომ არ არსებობს ისეთი მასწავლებელი, ვინც აიძულებს მათ ლიტერატურის სიყვარულს, რადგან ასეთი მასწავლებლები თავად არიან საკუთარი თავისთვის. ადამიანს ვერ აიძულებ ისწავლოს, თუ მას არ სურს, მაგრამ შეგიძლია მოანდომო და შეაყვარო სწავლა. ესაა, ჩემი აზრით, დღეს მასწავლებლის მთავარი დანიშნულება. მასწავლებლობა ყველა პროფესიაზე მეტად ცოცხალი პროფესია მგონია სწორედ იმიტომ, რომ შენც მოსწავლე ხარ, როცა ასწავლი. ბავშვებიც ძალიან ბევრ რამეს გვასწავლიან და თითქოს არც შენ გაძლევენ ძალიან “დიდობის“ უფლებას...

© photo: courtesy of Nino Gabuniaნინო გაბუნია
ქართული ლიტერატურის მასწავლებელი გაჯეტების ეპოქაში და ფრთები, როგორც თავისუფლების მეტაფორა - Sputnik საქართველო
ნინო გაბუნია

- გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე უჩვეულო გაკვეთილი…

- მთელი ცხოვრება გაკვეთილებისგან შედგება. სულ რაღაცას ვსწავლობთ, დავიწყებულს ვიხსენებთ, გახსენებულს ვივიწყებთ, ან ვაბარებთ მერე გამოცდას, ან ვერა. ახლა, რადგან მასწავლებლობაზე ვსაუბრობდი, ზუსტად ეს არის ჩემი ერთ-ერთი დიდი გაკვეთილი. სკოლიდან რომ წამოვედი, დარწმუნებით ვამბობდი, რომ არასოდეს ვიმუშავებდი სკოლაში. ბევრი წლის მერე კი საკუთარი სურვილით დავბრუნდი უკან...

- წარმოიდგინეთ, ცხოვრებაში „შეცდომების გასწორების“ უფლება რომ გქონდეთ…

- ზოგჯერ მართლა ძალიან მინდა, რომ კომპიუტერის ფუნქცია Delete და Undo ჩვენ ცხოვრებასაც ჰქონდეს. ბევრ, ძალიან ბევრ შეცდომას გავასწორებდი, ისეთ შეცდომას, როცა ადამიანს ვატკინე გული. მაგრამ ასევე მაქვს ე.წ. „საჭირო შეცდომების“ ნუსხაც, რომელსაც არასოდეს ვახლებდი ხელს. უშეცდომობა ხომ ყველაზე დიდი შეცდომაა ცხოვრებაში!..

© photo: courtesy of Nino Gabuniaპოეზიის საღამოზე
ქართული ლიტერატურის მასწავლებელი გაჯეტების ეპოქაში და ფრთები, როგორც თავისუფლების მეტაფორა - Sputnik საქართველო
პოეზიის საღამოზე

- თქვენში პოეტი უფრო ადრე გაჩნდა თუ პედაგოგი?

- პოეზია პროფესია არ არის. ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობა და წყობაა. პროფესიას რაც შეეხება, სულ ვეძებ, ვეძებ... არ ვიცი, ვიპოვე თუ არა უკვე ის, რასაც ვეძებ. ახლა სადაც ვარ და რასაც ვაკეთებ, ძალიან მიყვარს და მომწონს, მაგრამ სიცოცხლე თავგადასავალია და ხვალ რას გავაკეთებ, ეს არასოდეს ვიცი. პოეზია მაშინ გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში, როცა საკუთარ თავში ჩემი ფიქრი ვიპოვე. პოეზიის სიყვარული იმაში მშველის, რომ მაშინაც კი ვისუნთქო, როცა თითქოს ჰაერიც კი სუროგატია. ამ ძალიან მშრალ ეპოქაში ადამიანებს ალბათ ყველაზე მეტად გვჭირდება საკუთარი ფიქრისა და ტკივილის, საკუთარი თავის გამოხატვა. ჩემთვის ეს გადარჩენაა...

- ბაქსვუდის სკოლაში, პირველ რიგში, თავისუფლებას აჩვევენ მოსწავლეებს და რა არის თქვენთვის უმაღლესი თავისუფლება?

- ამ თემაზე ბავშვებთან ხშირად ვსაუბრობ. თავისუფლება უპირველესად პასუხისმგებლობაა საკუთარ არჩევანზე. პასუხისმგებლობის გარეშე თავისუფლება კარგავს საკუთარ არსს და თავნებობაში გადადის. თავისუფლებაა ფიქრი, სიტყვა, პოეზიაა. თავისუფლებაა, როცა საკუთარი ღირსებისა და შეხედულების დაცვა შეგიძლია. როცა არ გეშინია იყო პიროვნება, გქონდეს შენი განსხვავებული აზრი, თავისუფლებაა სიყვარული, თავისუფლებაა შემოქმედება. თავისუფლებაა ღმერთი ადამიანში...

© photo: courtesy of Nino Gabuniaნინო გაბუნია
ქართული ლიტერატურის მასწავლებელი გაჯეტების ეპოქაში და ფრთები, როგორც თავისუფლების მეტაფორა - Sputnik საქართველო
ნინო გაბუნია

- მკითხველს თქვენი ერთი ლექსი მინდა შევახსენო:

მე ვიცი, ერთხელ ამტკივდება

ჩემი სიტყვები,

ამ სიჩუმითაც გავწამდები

მშრალით და ხმელით.

და ჩემი სული, დასერილი

სიპი ისრებით,

ერთხელაც ვიცი, წარმიდგება

ყრუ მანიფესტით.

მე ვიცი, ერთხელ

დამეშლება ფიქრის ხაზები,

და მომბეზრდება გამოგონილ

მიზანთა დევნა,

მე ვიცი, ერთხელ გადმომყვება

სიზმრის თვალები,

მომენატრება, ერთხელ, ვიცი,

უბრალოდ ფრენა...

- ქალბატონო ნინო, რაში სჭირდება ადამიანს ფრთები?

- „ფრთები, ფრთები გინდა“ – გალაქტიონის ეს ფრაზა ბავშვობიდან არ მასვენებს და ესეც თითქოს წინა თემის პასუხია. ფრთები ჩემთვის თავისუფლების მეტაფორაა, ამ მატერიალური სამყაროდან და მოცემულობიდან თუნდაც წამით გაქცევის გზაა. ხელოვნების მეტაფორაცაა ჩემთვის ფრთები. პოეზიის, მუსიკის, მხატვრობის... სიმღერის ნიჭი არ მაქვს და სულ ვფიქრობ, ლაღად და ცამდე რომ გაშლიან ხმას, მაშინ ალბათ ირაოთი დაფრინავენ სიმღერით–მეთქი. მუსიკაც ეს არის ჩემთვის – ფრენა... ჩვენ ვხედავთ მხოლოდ სამ განზომილებას, თუმცა ფიზიკოსებმაც კი დაამტკიცეს, რომ განზომილება გაცილებით მეტია. პოეზია კი ერთ-ერთი გზაა ამ სხვა განზომილებაში და იდეათა მაღალ სამყაროში სამოგზაუროდ. ფრთები ადამიანს საკუთარი ადამიანობის გახსენებისთვის სჭირდება. იმის გახსენებისთვის, რომ მის მატერიალურ სხეულში ღვთის ამონასუნთქი სულია შთაბერილი, მის სუნთქვაში შემოქმედის სუნთქვაა გაბნეული...

- თქვენს ერთ ლექსში იმეორებთ ეკლესიასტეს სიტყვებს: „ამაოება ...და ამაო ირგვლივ ყოველი“... რა შეიძლება, რომ ამაოების ზღვარს მიღმა დარჩეს, რას ვერ ერევა იგი?

- ამაოა ყველაფერი სიყვარულის გარდა. რაც კი სიყვარულით და სიყვარულისთვის გაკეთებულა, ის ვერ იქნება ალბათ ამაო. ალბათ–მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ დაბეჯითებით მაინც ვერაფერს ვიტყვი. ასე მგონია, რომ სიყვარულია ის ძალა, პირველწყარო და შემოქმედი ყველაფრისა, რომელიც ამ უსასრულობის დიდ სიმფონიას ქმნის...

ყველა ახალი ამბავი
0