14:13 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
ბიბი კვაჭაძე

„ჩვენ როკენროლს ვუკრავდით და კომუნისტები არ გვევასებოდა” – ბიბი კვაჭის life story

© photo: courtesy of BiBi Kvachi
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (40)
39250

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ, ქართულ სივრცეში ძალიან პოპულარულ გიტარისტს, კომპოზიტორს, ტელე-წამყვანს, პროდიუსერს, ნიჭიერ და კრეატიულ ბიბი კვაჭაძეს შეგახვედრებთ...

მისი პოპულარობის ათვლა 80-იან წლებში დაიწყო. საქართველოში ყველა ცნობდა როგორც რისკიან ხელოვანს, რომელიც ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ ცურავდა. ბიბი 150-ზე მეტი ქართული და 300-ზე მეტი ინგლისურენოვანი სიმღერის ავტორია, დაწერილი აქვს მუსიკა მხატვრული და ანიმაციური ფილმებისთვის. იმ დროისთვის სცენაზე და არანაკლებ პრესტიჟულ „ანდეგრაუნდში“ გამოდიოდა თითქმის ყველა პოპულარულ მუსიკოსსა და ბენდთან ერთად. ერთი პერიოდი ცხოვრობდა ჰოლანდიაში, სადაც ევროპის პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიებსა და ჯგუფებთან თანამშრომლობდა, ურთიერთობდა ცნობილ მუსიკოსებთან.

ამჟამად ცხოვრობს ნიუ-იორკში და ამერიკულ-მუსიკალურ ინდუსტრიაში აქტიურად არის ჩაბმული...

ბიბი კვაჭაძე
ბიბი კვაჭაძე

- ბიბი, ნება მომეცით, მოგმართოთ მხოლოდ სახელით, რადგან ეს უკვე გაკრვეულად ბრენდია. თავიდანვე გკითხავთ, ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, კარგია საქართველოში რომ დაიბადეთ?

- კარგია, საქართველოში რომ დავიბადე, რადგან საქართველოში თავგანწირული სიყვარული შეუძლიათ, ყველას და ყველაფრის - მშობლების, ოჯახის, მეგობრების, ქვეყნის სიყვარული, რაც ჩემშიც ასე ძალიანაა გამჯდარი. თუმცა, საქართველოში, სამწუხაროდ, დღემდე არ მთავრდება პრობლემები, რაც აქაური ცხოვრების თითქმის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა ისიცაა, რომ ეს პრობლემები მოდუნების საშუალებას არ გაძლევს და თან გაძლიერებს. პრობლემებთან ბრძოლა სწორედ აქ ვისწავლე. რომ არა საქართველო, უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის და ამერიკაში წასვლის სურვილი არ გამიჩნდებოდა, რადგან გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ საქართველოში ხელოვანი ადამიანი ბევრ რამეში შეზღუდულია...

ბიბი კვაჭაძე
ბიბი კვაჭაძე

- რომელი მუსიკა „გასდევდა“ ფონად თქვენს ბავშვობას?

- მშობლები სამი-ოთხი წლის ასაკიდან კლასიკურ მუსიკას მასმენინებდნენ, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე. ასეთი თავდავიწყებით არც ერთი მუსიკალური ჟანრი არ მიყვარს. შემდეგ მსუბუქი ჯაზის ფირფიტებზე გადავიდნენ, ამის შემდგომი ეტაპი ქართული ფოლკლორი იყო, რასაც სკოლის გუნდში სიმღერა მოჰყვა. ჩემი მეზობელი რადიოხულიგანი იყო, მას სპეციალური აპარატურა ჰქონდა, რომლითაც სიგნალის ჩამხშობებს „გვერდს უვლიდა” და ულტრამოკლე ტალღებით ევროპულ რადიოარხებს და „ამერიკის ხმას“ იჭერდა. იმ დროს ეს სასტიკად აკრძალული იყო. მას იშვიათი ჩანაწერების კოლექცია ჰქონდა, რომელსაც ხშირად ბაბინებზე იწერდა და მასმენინებდა. მისი წყალობით ათი წლის ასაკში პირველად მოვისმინე ბლუზის უამრავი ჩანაწერი და მივხვდი, რომ ეს მუსიკა ჩემი მდგომარეობის ნაწილი იყო. დღესაც ასეა… ბლუზი ის ჟანრია, რომელშიც როგორც თევზი წყალში, თავს ისე ვგრძნობ, ამიტომ უკვე 11 წლის ასაკში პირველი სიმღერა დავწერე. როდესაც 70-იანი წლების როკი, ჰარდ-როკი აღმოვაჩინე, ფრთები შემესხა, აღვფრთოვანდი, მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ამ ჟანრშიც ვიპოვე...

ბიბი კვაჭაძე
ბიბი კვაჭაძე

- გიტარასთან თავიდანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდათ...

- როცა მუსიკალურ შვიდწლედში ფორტეპიანოზე ვსწავლობდი, გადავწყვიტე პარალელურად გიტარაზე დაკვრაც მესწავლა. სანამ მასწავლებელთან ექვსსიმიან გიტარაზე დავიწყებდი სიარულს, ჯერ შვიდსიმიანით დავინტერესდი და ბაბუას ნაჩუქარ, ძველებურ შვიდსიმიან გიტარას მივადექი. ჩემი პირველი გიტარის მასწავლებელი იყო ბიძაჩემი, მამის ძმა შოთა კვაჭაძე, რომელიც არაჩვეულებრივად უკრავდა. სწორედ მან მასწავლა შვიდიანზე დაკვრა. ის ძველ ქართულ სიმღერებს მასწავლიდა, მოგვიანებით კი რუსულ რომანსებსაც. მალე ყველაფერი ავითვისე, ის ბედნიერი იყო, იმედები რომ გავუმართლე. თუმცა, ჩემი სული და გული მაინც როკ-მუსიკაში იყო. რადგან შვიდიანი შევისწავლე, მერე ექვსსიმიანზე გადასვლა გადავწყვიტე და ჩემი თხოვნით მშობლებმა კერძო პედაგოგს მიმაბარეს. ასე დავიწყე გიტარის ფუნდამენტური შესწავლა. ერთ წელიწადში საკმაოდ დავოსტატდი, სკოლასთან არსებულ ბენდშიც ვუკრავდი. მალე მივხვდი, რომ აკუსტიკური ჟღერადობა აღარ მაინტერესებდა და ელექტროგიტარა მეძახდა.

- კომუნისტების დროს იყიდებოდა ელექტროგიტარა?

- ჩემ ბავშვობაში არ იყიდებოდა, ამიტომ ვიღაცისგან ძველისძველი DiMarzio-ს ადაპტერი და ხუთპინიანი პორტი ვიყიდე, ჩემი აკუსტიკური გიტარის კორპუსი გავხვრიტე, ადაპტერი და პორტი ჩავაყენე, სარჩილავით კაბელი გადავაერთე და ელექტროგიტარად ვაქციე. მასწავლებელს ჩემი ნახელავი მოეწონა და გახარებული ვიყავი. მუსიკისადმი ჩემი ინტერესის ამბავი მთელმა ნათესაობამ გაიგო და მეორე ბიძამ, გურამ ლომინაძემ ჩეხეთიდან ჩამოტანილი ახალი აკუსტიკური გიტარა მაჩუქა. ეს ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემ ცხოვრებაში. ეს ის დროა, როცა ქვეყანაში სიმღერების ინგლისურ ენაზე შესრულებას კრძალავდნენ.

- თუმცა თქვენ საბჭოურ კლიშეებს მაინც უმკლავდებოდით...

- ასე იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, იმ დროს საკუთარი სტუდიაც მოვიწყვე, ბაბინებზე დღე და ღამე ვწერდი, საკუთარ ჟღერადობას ვეძებდი, ექსპერიმენტებს ვატარებდი. ფირებს ვჭრიდი, ვაწებებდი, ფირის Loop-ზე ტრიალით Reverb-ის ეფექტის მიღება ვისწავლე და ნელ-ნელა მივედი მრავალარხიანი მუსიკის შექმნასთან. აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა მაგნიტოფონზე შემეძლო რამდენიმე არხის ჩაწერა და არხების ე.წ. პინგ-პონგის მეთოდით გადასროლა და დამიქსვა. ტექნიკურად კარგად ვისწავლე ჩაწერა და კომპოზიციებს უკვე რამდენიმე არხზე ვწერდი. მოკლედ, რომ იტყვიან, ბედნიერების ზენიტში ვიყავი…

ბიბი კვაჭაძე
ბიბი კვაჭაძე

- ვაღიაროთ, რომ იმ დროს მაინც ჰქონდა განუმეორებელი შარმი, ბავშვობა თუ გენატრებათ?

- გულწრფელად გეტყვით – იმ დროს, როდესაც თბილისში ვიზრდებოდი, უფრო მეტი სიყვარული იყო, ამიტომ ის “ძველი დრო” ხშირად მესიზმრება. მენატრება ჩვენი სახლი ნინოშვილის ქუჩაზე, ბავშვობა, სკოლა, უბანი და ის გემრიელი აურა, რაც თბილისს მაშინ ჰქონდა. არა, ძველ დროს ნამდვილად არ მივტირი, ახლანდელი დრო ბევრად მირჩევნია, უბრალოდ, მგონია, რომ ჩემ ბავშვობაში უფრო მეტი სიყვარული იყო…

- იმ დროს ბევრისგან განსხვავებული იყავით და ეს შეუძლებელია,  შეუმჩნეველი დარჩენილიყო...

- როცა გავიზარდე, გავაცნობიერე, რომ ჩემ ირგვლივ თავისუფლად მოაზროვნე ცოტა ადამიანი იყო, რადგან მათი თავისუფლება იდეოლოგიით იზღუდებოდა. ინგლისური სიმღერების ხმამაღლა მოსმენა და, მით უმეტეს, შესრულება არ შეიძლებოდა, მაგრამ როკ-ნ-როლის დაკვრას მაინც ვსწავლობდი. მე-6 კლასში ვიყავი, როცა მე და ჩემმა მეგობრებმა სხვადასხვა სახლების სარდაფებში, ავტოფარეხებში, სახურავებზე დავიწყეთ როკის და მძიმე როკის დაკვრა. ვწერდით სიმღერებს, ლექსებს და სულ ძიებაში ვიყავით. საკუთარი ზურგით ვათრევდით ე.წ. самопал-ს – კუსტარულად აწყობილ აპარატურას, მომთაბარე მუსიკოსები ვიყავით. გრძელ თმებს პიჯაკის აწეული საყელოს ქვეშ ვმალავდით, რომ უბნის მილიციას არ დავენახეთ. ამ ყველაფრის გამო დასავლური მუსიკისადმი ლტოლვა უფრო ძლიერდებოდა და შინაგანი პროტესტიც იზრდებოდა. ჩვენ უკვე მძიმე როკს ვუკრავდით, “ვხერხავდით” და ამიტომ მეზობლები მილიციასთან დაბეზღებას აღარ ერიდებოდნენ. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის გვიჭერდნენ, მილიციის განყოფილებაში მივყავდით. როკ-ნ-როლი კომუნისტურ იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა. არა მარტო როკ-მუსიკას, არამედ ნებისმიერ დასავლური ჟანრის თანამედროვე  მუსიკას ებრძოდნენ და ასეთი მუსიკის შემსრულებლები სამშობლოს მოღალატეებადაც მოიაზრებოდნენ. ასეთი ფრაზაც არსებობდა: Cегодня ты играешь джаз, а завтра родину продашь! სისტემა გვავიწროებდა და ბრეჟნევის ეპოქაში სული მეხუთებოდა!..

ბიბი კვაჭაძე- 1993 წელი, საქართველო
ბიბი კვაჭაძე - 1993 წელი, საქართველო

- სკოლის მერე უცხო ენათა ინსტიტუში ჩააბარეთ და ამან ხომ არ გააადვილა თქვენ რეპერტუარში ინგლისურენოვანი სიმღერების შეტანა?

- ეს ბუნებრივიცაა. როცა უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე, ინსტიტუტთან არსებულ ანსამბლში ამიყვანეს გიტარისტად. სხვა წევრებთან შედარებით ასაკით ბევრად პატარა და გამოუცდელი ვიყავი. რეპეტიციები თითქმის ყოველდღე გვქონდა. ძირითადად ქართველი კომპოზიტორების სიმღერები უნდა შეგვესრულებინა, კონცერტებით ყველგან გამოვდიოდით. მოგვიანებით გადაწყდა, რომ რეპერტუარში რამდენიმე Rock და Funk სიმღერაც შეგვეტანა და ეს ყველას გვახარებდა. ხელს ის ფაქტი გვიწყობდა, რომ ჩვენ უცხო ენების ინსტიტუტის ანსამბლი ვიყავით და უცხო ენაზე სიმღერა ორგანული და ბუნებრივი მოვლენა იყო.

- სახელი ბიბი იმ პერიოდში ხომ არ შეგარქვეს და ვინ იყო „ნათლია“?

- ერთ-ერთ რეპეტიციაზე, შესვენების დროს სცენაზე ავედი, გიტარა ავიღე და ბლუზ-ჰარმონიის დაკვრა დავიწყე, როიალზე შემომიერთდა ბები ჯაიანი (ბატონი თენგიზ ჯაიანი) – ჩვენი ბენდის მუსიკალური ხელმძღვანელი, ბრწყინვალე მუსიკოსი და ადამიანი. მას აჰყვა დრამერი გენა პარასკევოვი, შემდეგ ბასისტი დათო ფარნიძე. ამ ყველაფერს ჩვენი პიანისტი გია ჭილაძე უყურებდა. გემრიელი ბლუზი დავუკარით… როდესაც დავასრულეთ, გია ჭილაძე ჩემთან მოვიდა და შაყირი დაიწყო – მორჩა, ულვაშები უნდა გაგპარსოთ, შავად შეგღებოთ, მსუქანი ისედაც ხარ და სუფთა B.B.King იქნებიო. ყველას გაგვეცინა, ბატონ ბები ჯაიანს ეს იდეა ძალიან მოეწონა – ამიერიდან შენი სასცენო ფსევდონიმი ბიბი იქნებაო. ეს იყო 1980 წელს და იმის მერე ყველა ბიბის მეძახის…

უცხო ენების ანსამბლის მუსიკოსების გარდა გავიცანი მუსიკოსები ზაზა სახამბერიძე და ბიჭიკო ოსიპოვი, რომლებიც Rock’N’Roll-ის ჩემნაირი გიჟები იყვნენ და როკ-მუსიკაზე აფანატებდნენ. ჩვენ ძალიან დავძმაკაცდით და მოგვიანებით განუყრელი მეგობრები და ბენდის წევრები გავხდით.

ბიბი კვაჭაძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და დათო არჩვაძე სტუდიაში
ბიბი კვაჭაძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და დათო არჩვაძე სტუდიაში

- ამის შემდეგ ცნობილმა მუსიკოსებმა კონცერტების გახსნა შემოგთავაზეს...

- დიახ, მათ, ასე ვთქვათ, პუბლიკის „გახურება“ გვთხოვეს. ეს იყო შემოთავაზება, რომელიც ჩვენმა ბენდმა მოგვიანებით მიიღო. ასეთი რამ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა – სანამ პოპულარული არტისტები გამოდიან სცენაზე, კონცერტს დამწყები ჯგუფები ხსნიან. მაშინ 17-18 წლის ვიყავით, ენერგიით სავსე ბიჭები, ამიტომ სიხარულით დავთანხმდით. ვხსნიდით კონცერტებს, ვუკრავდით Upbeat Rock მუსიკას და პუბლიკას “ვახურებდით”. ეს ჩვენი ერთგვარი რეკლამა და დაწინაურება იყო, რადგან პროფესიონალ მუსიკოსებთან მუშაობის გამოცდილებას ვიძენდით. ამის გამო ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა უფროსი თაობის ცნობილ მუსიკოსებთან სოსო კამალოვთან, ვოვა მოგელაძესთან, ვალერი კოჩაროვთან, რომლებიც სულ გვეხმარებოდნენ, გვასწავლიდნენ და ხელს გვიწყობდნენ, განსაკუთრებით სოსო კამალოვი, რომელსაც კონცერტებზე გამოვყავდით, ხან ვაკის პარკის ღია დარბაზში, ხან კინოთეატრებში, ხან უნივერსიტეტის კლუბში და საგამოფენო დარბაზებში. ვოვა მოგელაძე ბლუზის დაკვრას გვასწავლიდა და ვარსკვლავების ასეთი მხარდაჭერა ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა.

- თქვენი „ვარსკვლავური“ ცხოვრება როდის დაიწყო?

- ვარსკვლავი არასდროს ვყოფილვარ... დრო გადიოდა, Fan Base თავისთავად იზრდებოდა, გოგოები გვეპრანჭებოდნენ, პოპულარულები ვხდებოდით, ჩვენთან ურთიერთობის სურვილი ბევრს გაუჩნდა, განსაკუთრებით დამწყებ მუსიკოსებს. უკვე პროფებად ვითვლებოდით. ჩნდებოდა კოლაბორაციები, იწერებოდა სიმღერები, კვირაში რამდენიმე კონცერტს ვატარებდით. უკვე სარდაფებში აღარ ვუკრავდით, უცხო ენების კლუბი ჩვენი სახლი გახდა და ეს სწორედ ლიოვა კამალოვის დამსახურებაა, რომელიც ყველანაირად გვიწყობდა ხელს. მესამე-მეოთხე კურსზე კლუბის გასაღებიც ჩაგვაბარეს და რეპეტიციებს თავად ვგეგმავდით. ჩვენ მუსიკალურად ვიზრდებოდით და ეს მაბედნიერებდა... რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, 80-იანი წლების კომკავშირულ ეპოქაში უამრავი ქართული როკ-ჯგუფი დაარსდა.

- იმ დროის ძალიან ბევრ გამორჩეულ მუსიკოსთან გქონდათ შეხება, ვის გაიხსენებდით?

- უცხო ენების ინსტიტუტის საკონცერტო დარბაზი ზოგადად ნებისმიერი თაობის მუსიკოსების თავშეყრის ადგილად გადაიქცა. რა თქმა უნდა, ბევრს გავიხსენებ: ზაზა ქუთათელაძე, ირაკლი კიკვაძე, ვალერი კოჩაროვი, ზურა კაკაბაძე, დადა დადიანი, მარეკ მონიავა, ზაურ შავგულიძე, ლადო ბურდული, გოგა აბრამოვი, კახა კიკაბიძე, ირაკლი ჩარკვიანი, ქიშო გლუნჩაძე, ირაკლი ხუციშვილი, ზაზა ხუციშვილი, ნუგზარ თუხარელი, ანრი ბასილაია, რომა, სანიკა, ჭილები, სერგი, რენე, მერაბ ელიშკოვი, ზაზა ნარსია, თემურ ხინთიბიძე, ლექსო აროშიძე, გიორგი ჟორდანია, კაკო ვაშალომიძე, დათო სულაქველიძე... ეს ვინც ახლა უცბად გამახსენდა. ისინი ხშირად მოდიოდნენ ხან სარეპეტიციოდ, ხან უბრალოდ ინფორმაციის გასაზიარებლად. მე, ზაზა და ბიჭიკო მუდმივი შემადგენლობა ვიყავით, კლუბის გასაღებიც ჩვენ გვქონდა, ამიტომ ჩვენ სულ ვრეპეტიციობდით და იმ დროისთვის ბევრ გამორჩეულად საინტერესო კონცერტს ვატარებდით. უცხო ენების საკონცერტო დარბაზი მუსიკოსებისთვის სასურველ ადგილად გადაიქცა, რადგან სტაბილური სიტუაცია და სარეპეტიციო აპარატურა ბევრს არ ჰქონდა. უცხო ენების კლუბი ერთგვარი ტრამპლინი და კომფორტის ზონა იყო.

თავიდან ყველაზე ხშირად ჩვენთან დადა მოდიოდა, რეპეტიციებს ესწრებოდა, გვისმენდა. დადა ჩემზე ოთხი წლით უმცროსია, ამიტომ მაშინ პირველ ნაბიჯებს დგამდა მუსიკაში. 24 საათი მუსიკაზე ვსაუბრობდით, აპარატურის აწყობაში გვეხმარებოდა. ყოველთვის პოზიტიური, მომღიმარე, ბრწყინვალე იუმორით, არაჩვეულებრივი ბუნების ადამიანი იყო და ამიტომ მისი დანახვა ყველას ძალიან გვიხაროდა. დადასთან ძალიან დავმეგობრდი, რადგან მასთან ურთიერთობა ადვილია. ის ყველაზე პირდაპირი და გულწრფელი ადამიანია, მე ვიტყოდი, ყველაზე საქმიანიც, რადგან მხოლოდ მუსიკის კეთება აინტერესებდა და სხვებისგან განსხვავებით განდიდების მანიით არ იყო შეპყრობილი. როცა ძალიან დავახლოვდით, მეგობრები დადას და ზაზა სახამბერიძის სახლში თითქმის ყოველდღე ვიკრიბებოდით, მუსიკას ვუსმენდით, ვუკრავდით, სიმღერებს ვარჩევდით, ბევრს ვეწეოდით და ლექსებს ვწერდით. ასე გაგვყავდა ნაცრისფერი კომუნიზმის დრო... მოგვიანებით ჩვენი ჯგუფი დაიშალა, მე სხვა ჯგუფში მიმიწვიეს, ზაზა და ბიჭიკო “ბლიცში” ვალერი კოჩაროვმა მიიწვია. პარალელურად ვალერიმ პიანისტად მიმიწვია “ბლიცში”, ძალიან გამიხარდა, მაგრამ სტუდენტი ვიყავი და გასტროლებზე ფიზიკურად ვერ ვივლიდი. “ბლიცი” თვეობით მოგზაურობდა საბჭოთა კავშირში, კონცერტებს სრული ანშლაგით მართავდა და ეს გამოცდილება ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ სწავლას ვერ მივატოვებდი და ამის გამო უარის თქმა მომიწია. არადა, “ბლიცში” ყოფნა მართლა ძალიან მინდოდა.

- მაშინ უცხოური ყველაფერი დეფიციტი იყო, მათ შორის მუსიკალური ტექნიკა, რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ ამასთან დაკავშირებით?

- ერთი ამბავი გამახსენდა: ჯგუფ “ვაკის პარკის” ლიდერი, ჩვენი მეგობარი, ჩემზე გაცილებით უმცროსი ზაზა ხუციშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ნამდვილი ამერიკული Fender-ი ჰქონდა. მაშინ ეს ძალიან ძვირი სიამოვნება იყო, ამიტომ ზაზასთან ბევრი მუსიკოსი მიდიოდა თხოვნით: “Fender-ზე დამაკვრევინე რა?”, ან “ჩაწერა მაქვს და შენი Fender-ი მათხოვე”. ზაზას უარი არავისთვის უთქვამს და ყველას ეხმარებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა ჩვენი მეგობრობის მთავარი საყრდენი იყო და ასეთი ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია. ასე იწრთობოდა ჩემი თაობის მუსიკა და სწორედ დადამ, ლადომ, ჭილებმა, ქიშომ, ირაკლიმ, კახა კიკაბიძემ, სერგიმ და სხვადასხვა თაობის გამორჩეულმა მუსიკოსმა ქართულ როკ-მუსიკას და პოეზიას სულ სხვა სიცოცხლე აჩუქეს, რადიკალურად ახალი და განსხვავებული, ყველაზე საინტერესო ეპოქა შექმნეს და თაობებს უნიკალური მუსიკალური მასალა დაუტოვეს.

- ბევრი მუსიკოსის მსგავსად, 90-იან წლებში თქვენც წახვედით ემიგრაციაში, სად დაიწყო და როგორ გაგრძელდა თქვენი უცხოური life story?

- როცა 1993 წელს GD EMPIRE-ის ალბომი ჩავწერეთ, გადავიკიდე ჩემი Fender-ი ზურგზე და საცხოვრებლად ჰოლანდიაში გავემგზავრე. ევროპაში ცხოვრებაზე ყოველთვის ვფიქრობდი. სწავლა ჰააგაში დავიწყე, ბევრს ვმოგზაურობდი და ნახევარი ევროპა მოვიარე. ჯერ ამსტერდამში, მერე ჰაარლემში ვცხოვრობდი, აქტიურად ვუკრავდი, ვწერდი და ვთანამშრომლობდი ევროპელ მუსიკოსებთან. ვმუშაობდი როგორც Freelancer-ი, მუდმივი სამსახური არ მქონდა. ჰოლანდიელმა მეგობრებმა საუკეთესო მასპინძლობა გამიწიეს. ჰოლანდიური ენაც მასწავლეს, დამტვრეული ჰოლანდიურით ახლაც ვლაპარაკობ. ზოგადად ეს ქვეყანა და ხალხი ძალიან მიყვარს.

- ბიბი, სიმღერებში ხშირად რომ ახსენებდით, იმ თქვენი ოცნების ქვეყანას თუ მიაგენით?

- იცით, რას გეტყვით? ბევრმა მოგზაურობამ, სხვადასხვა კულტურასთან შეხებამ, ურთიერთობებმა და გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ჩემთვის იდეალური ქვეყანა არ არსებობს... ჰააგაში ცხოვრებისას ყოველდღიურობას რეალურად შევეხე, ძალიან მოსაწყენი და გაცვეთილი აღმოჩნდა საოცნებო “ევროპული სტაბილურობა”, ზედმეტად პენსიონერულიც, რადგან საღამოს შვიდი საათის შემდეგ იქ ყველაფერი იკეტება და ქალაქი კვდება. ამას ვერ შევეგუე, ამიტომ ამსტერდამში და ჰაარლემში დავდიოდი Jam Session-ებზე და აქტიურად ვუკრავდი.

- ჰოლანდიელების საყვარელი ბლუზ-გიტარისტიც გახდით...

- ამბობენ... ისე, მართლა ბევრი მოწვევა მქონდა როგორც სესიურ გიტარისტს. რამდენიმე ბენდში ერთად ვუკრავდი კიდეც, lead გიტარისტებზე დიდი მოთხოვნა იყო და ბედნიერი ვიყავი. გამოვდიოდი Blues და Funk ფესტივალებზე, ვთანამშრომლობდი სიმღერის ავტორებთან როგორც დიდ სტუდიებში, ასევე სახლის სტუდიებში და სარეპეტიციოებში.

- და, მაინც, ვერ შეეგუეთ ევროპას და ისევ უკან დაბრუნდით...

- ახლა აგიხსნით რატომაც: ევროპაში ადამიანებს შორის ძალიან ზედაპირული, შაბლონური ურთიერთობები დავინახე, ეს უნაყოფო საუბრები არ მომწონდა. ამერიკაში ასეთ თავაზიან, მაგრამ გაცვეთილ საუბარს Small Talk-ს ეძახიან, ეს სწორედ ის არის, რაც მე მმიჯნავს უსულგულო, პლასტმასის ადამიანებისგან, რომელთა ადგილიც ჩემ ცხოვრებაში არასდროს ყოფილა. ძალიან ბევრი გამოცდა ჩავაბარე, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დავკარი ფეხი და ისევ თბილისში დავბრუნდი, რადგან ვიგრძენი, რომ საკუთარი შესაძლებლობები ჰოლანდიაშიც ამოვწურე. საქართველოში გამოვფრინდი და დავუბრუნდი მაშინდელ ჩაბნელებულ თბილისს და ისევ ნულიდან დავიწყე ყველაფერი...

- დღეს თქვენ ამერიკელი ხართ, გახდა შეერთებული შტატები თქვენი სამშობლო?

- დიახ, მე ამერიკელი ვარ. ამერიკა ჩემი ქვეყანაა, ამაში აქ ცხოვრების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. აქ ბევრად თავისუფლად ვსუნთქავ და თავისუფლების კოეფიციენტი იმდენად მაღალია, რომ მასთან ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოვა. ნიუ-იორკში, კერძოდ, ბრუკლინში ვცხოვრობ და მუსიკას ვაკეთებ. ნიუ-იორკი ყველაზე ცოცხალი ქალაქია, თავისი განსაკუთრებული წესებით, შარმითა და სილამაზით გამორჩეული. ამ შვიდი წლის განმავლობაში, რაც აქ ვარ, ძალიან რთული გზა გავიარე, ბევრი დაცემით და წამოდგომით. ვერ წარმოიდგენთ რამდენი დაბრკოლება გადავლახე. მეგობრები ყოველთვის მეხმარებოდნენ და მათ გარეშე ამდენს ვერ შევძლებდი. არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ უკან დავიხევდი. ყოველთვის იმედით ვარ. დღეს ვცხოვრობ ბრუკლინში, ვქირაობ ერთ პატარა ოთახს, სადაც ხმის ჩამწერი სტუდია მოვაწყვე – ე.წ. Bedroom Recording Studio. დავამყარე კარგი კონტაქტები მუსიკოსებთან, მაქვს ბევრი კოლაბორაცია, უამრავ პროექტზე ვმუშაობ. გამოვეცი 11 Single-ი, რომელიც მსოფლიოს ყველა online პლატფორმაზე იყიდება და კიდევ უამრავს გამოვუშვებ.

- საქართველოსთან კავშირი არ გაგიწყვეტიათ...

- მარტო საკუთარ თავზე და კარიერაზე არ ვფიქრობ, ვცდილობ ნიჭიერი ქართველი მუსიკოსებიც ჩავრთო ჩემ მიერ შექმნილ ამერიკულ პროექტებში, რომ ქართველი მუსიკოსები მსოფლიოს გავაცნო. ვთანამშრომლობ ყველასთან, მთავარია, ნიჭიერი იყოს. დავუბრუნდი ჩემს ადრეულ კომპოზიციებს და დავიწყე მათი გადამუშავება, გაფართოება და ინტერპრეტაცია. ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ჩემ მუსიკალურ კარიერაში, ამაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და თურმე ოცნებები ხდება, მთავარია, საკუთარ თავთან და საკუთარ მუსიკაში გულწრფელები ვიყოთ, ბევრი ვიმუშავოთ და თან ადამიანებად დავრჩეთ, რათა ერთმანეთს დავეხმაროთ. ეს ცხოვრება მხოლოდ სიყვარულისთვის ღირს...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (40)

მთავარი თემები