21:46 22 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
თამარ ქუთათელაძე მოსწავლეებთან ერთად

ქუთა მასწ, მადლობა ყველაფრისთვის! - მენტორი, რომელიც მოზარდებს აზროვნებას ასწავლის

© photo: courtesy of Tamar Kutateladze / FB
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
133970

ნოდარ დუმბაძე ამბობს“ თუ ადამიანის აღზრდა ხელოვნებაა, მაშინ ადამიანს, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ისე უნდა მოექცე.“ ხუთი ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა.

„ბავშვებო! გელოდებით დიდი სიყვარულით. თქვენ ხართ საუკეთესოები, რაც კი ამ ქვეყნად არსებობს: საინტერესო პიროვნებები, ლაღები, თავისუფლები, აღმომჩენები! მახარებს თქვენთან ურთიერთობის შესაძლებლობა. სკოლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ არის თქვენი არჩევანი, ეს შემოგთავაზათ საზოგადოებამ, რომელსაც თვითონაც აქვს პრობლემები. ნუ დაუჯერებთ სხვებს, ასწავლეთ მათ სწორად აზროვნება. თქვენი ცხოვრების ნაწილია წლები, რომლებსაც სკოლაში ატარებთ - შეიყვარეთ თქვენი ბავშვობა... გელოდებით დიდი სიყვარულით!”

თამარ ქუთათელაძე
თამარ ქუთათელაძე

ეს წერილი თბილისის 128-ე საშუალო სკოლის ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ ქუთათელაძემ დადო სასწავლოს წლის დასაწყისში, საკუთარ „ფეისბუკის“ გვერდზე. ის იმ მცირე პედაგოგთან კატეგორიაშია, რომელსაც მენტორის უმაღლესი პროფესიული სტატუსი მიანიჭეს.

პირველი გაკვეთილი სადამრიგებლო კლასში18 წლის წინ ჩაატარა და იმ დღიდან მოყოლებული მისი მოყვარული მოსწავლეების რაოდენობა დღითი -დღე იზრდება. გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით მას და გაგვეგო რაიმე პროფესიულ საიდუმლოს ხომ არ ფლობდა...

 თამარ ქუთათელაძე
თამარ ქუთათელაძე

- ქალბატონო თამარ, საუბარი მთავარი კითხვით მინდა დავიწყოთ: როგორ უნდა შეაყვარო თავი მოსწავლეს?

- მარტივად გიპასუხებთ: მაღალ მოთხოვნებს უნდა უპასუხო და შეგიყვარებს. ისიც მთავარია, სწორად განსაზღვრო, რა არის მისთვის მაღალი მოთხოვნები. საკუთარი გადასახედიდან შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ მოსწავლეებს ორი უმთავრესი მოთხოვნა აქვთ: ობიექტურობა და ცოდნა, დანარჩენი აქედან გამომდინარეობს. ობიექტურობა თავის თავში უამრავ თვისებას მოიცავს. თუ ბავშვის მიმართ ობიექტური ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ახლობელ პიროვნებად  აღიარებ, სწორედ ისე, როგორც საკუთარ შვილს, არც მეტი და არც ნაკლები. არ აწყენინებ მას სწორედ ისე, როგორც არ გინდა, რომ შენს შვილს აწყენინონ... მოკლედ, თუ მის მიმართ ობიექტური და გულწრფელი ხარ, ე.ი, გიყვარს, ესაა თქვენის კითხვის მთავარი პასუხი. რაც შეეხება ცოდნას, ვინც მუდმივად ვითარდება, მხოლოდ მას შეუძლია, რომ სხვებს ასწავლოს. რაც შეეხება პროფესიულ საიდუმლოს, ის უკვე გაგანდეთ: მე მიყვარს ყველა ბავშვი განურჩევლად, თან ვერ წარმოიდგენთ, ისე ძალიან! არ არსებობს შეცდომა, რომელსაც ბავშვს ვერ ვაპატიებ. ისინი ჩემი ციცინათელები არიან და მინდა გითხრათ, რომ დღემდე მინათებენ.

 თამარ ქუთათელაძე
თამარ ქუთათელაძე

- რომელია თქვენი ცხოვრების გაკვეთილი ან ამბავი, რამაც გამოცდილება შეგძინათ ან გარკვეული დამოკიდებულება ჩამოგიყალიბათ?

- ცხოვრებამ რვა წლის ასაკიდან მთელი სერიოზულობით გამწვრთნა, შეიძლება ითქვას, ზედმეტად მკაცრადაც და ეს ვფიქრობ, ჩემს მშობლებს უკავშირდება... მათმა ტრაგიკულმა დაღუპვამ მეტწილად განაპირობა ჩემი დამოკიდებულება ყველაზე დაუცველი ადამიანების მიმართ და ეს ამბავი უკვე ქვეცნობიერში მაქვს. ამის გამო მუდმივად ვცდილობ მათ დაცვას მოსალოდნელი, სავარაუდო უსიამოვნებებისგან, რომლებიც, სამწუხაროდ, რეალურადაც აქვთ და ექნებათ კიდეც ცხოვრებაში. ჩემი მასწავლებლებისგან კი კარგი გაკვეთილიც მივიღე და ცუდიც და ორივე გამომადგა.

- ჩადენილ შეცდომებზე თუ გიყვებიან ან საიდუმლოს თუ გიმხელენ მოსწავლეები?

- შეცდომებზე საუბარი მათ არ უჭირთ, რადგან ჩვენი ურთიერთობა, როგორც წესი, ჩემი შეცდომების თხრობით იწყება ხოლმე. მაგალითად, როგორ ვიპარავდი ბავშვობაში მეზობლის ბავშვებთან ერთად ბოთლებს მაღაზიიდან და მერე უკანვე ვაბარებდით, რომ გოზინაყი გვეყიდა. მათ ეცინებათ ასეთ ისტორიებზე, მაგრამ სამაგიეროდ საკუთარ შეცდომებზე საუბარი აღარ უჭირთ. რადგან ხვდებიან, რომ მეც მათნაირი ვარ. საიდუმლოს გაზიარებას დამსახურება უნდა, ვცდილობ, რომ მათი ნდობა მოვიპოვო...

თამარ ქუთათელაძე მოსწავლეებთან ერთად
თამარ ქუთათელაძე მოსწავლეებთან ერთად

- თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით განათლებისა და სასკოლო სისტემაში?

- თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ჩემი აზრით, პირველი პრობლემა არის ნიშანი (ქულა), რომლითაც, სწავლის პროცესის მიმართ ბავშვის ემოციური დამოკიდებულება უმეტესად და სამწუხაროდ, იწყება და სრულდება კიდეც.  მოსწავლეები გაცილებით თავისუფლად იქნებოდნენ გაკვეთილზე, ნიშნები რომ არ იწერებოდეს, საბაზო საფეხურის ჩათვლით მაინც. მეორე და უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის მოსწავლეთა რაოდენობა კლასში; მესამე გახლავთ- მასწავლებლის კვალიფიკაციის რეგულაციები, სკოლა უკეთესი იქნება, თუ მასწავლებელი გააცნობიერებს ცოდნის მიღების უწყვეტობის აუცილებლობას. მეოთხე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. შესაცვლელი ბევრია, მაგრამ შესაძლებლობა - მწირი...

- რომელ თანამედროვე ავტორებს შეიყვანდით ქართული ლიტერატურის პროგრამაში?

-მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ზედმეტად გადატვირთულია, ფსიქო-ემოციური განვითარების ხელშესაწყობად უფრო დიდი რაოდენობით ვასწავლიდი შემდეგ მწერლებს: ჯემალ ქარჩხაძეს, ოთარ ჭილაძესა და გოდერძი ჩოხელს.

თამარ ქუთათელაძე
თამარ ქუთათელაძე

- როგორ უნდა შეძლოს მასწავლებელმა, რომ ე.წ. „ოქროს შუალედი“ დაიცვას?

- მე ვფიქრობ, რაიმე შუალედის ძებნა უკვე თავისთავად გაკარგვინებს ოქროს შუალედს. რატომ უნდა  ეძებო ასეთი შუალედი? ის ბუნებრივად უნდა გაჩნდეს, არ უნდა იყო უპირატესი ადამიანის მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში, ბავშვი თავად ტოვებს შენ და მას შორის სივრცეს, რომელიც იმით აივსება, რაც დაიმსახურე -იქნება ეს: სიყვარული, სიძულვილი თუ სულაც, არაფერი... აქედან ყველაზე მძიმე არაფერია, რადგან ამ შემთხვევაში მასწავლებელი, როგორც პიროვნება დაკარგულია...

- რჩევა, რომელიც მოსწავლისგან თავად მიგიღიათ და რჩევა, რომელსაც ყველას გაატანდით დიდ ცხოვრებაში...

- მოსწავლეებს ყოველთვის გულისყურით ვუსმენ, ხშირად გაოცებულიც დავრჩენილვარ მათი რჩევით. ეს რჩევები ხან მეხმარება, ხან -ვერა, ზუსტად ისეთი პროპორციით, როგორც მე მათ ვეხმარები. მთავარია, ეს პროცესი არ გაწყდეს. ასე რომ, მათთვის არაფერი მიმიცია იმაზე მეტი, ვიდრე მიმიღია. ყველას ერთ რჩევას ვაძლევ: ირწმუნონ, რომ ყველაფერი შეუძლიათ ცხოვრებაში, რომ შესაძლებლობები უკიდეგანოა. მთავარია, ნებისმიერ გარემოებაში დარჩნენ ადამიანებად!.. კიდევ, მერაბ მამარდაშვილის სიტყვებს ვუმეორებ ხოლმე, რომ წინააღმდეგობების გადალახვის დროს ადამიანი მეორედ და უკვე ნამდვილად იბადება. ასე ვეხმარებით ერთმანეთს მე და ჩემი ბავშვები, რომლებიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს...

თამარ ქუთათელაძე - სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
თამარ ქუთათელაძე - სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

როგორც ჩანს, მასწავლებლისა და მისი მოსწავლეების სიყვარული ორმხრივია. წერილი, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, თამარ ქუთათელაძის „ფეისბუკ“ გვერდზე ამჯერად მისმა მოსწავლემ დაუდო და ასეთი გზავნილები, ალბათ, ალბათ ყველა ოფიციალურ ჯილდოს ერთად გადაწონის...

„თქვენ ხართ ის ადამიანი ჩემთვის, რომელიც ძალიან მიყვარს… მიყვარხართ არა იმიტომ, რომ ჩემი მასწავლებელი ხართ და ამის ვალდებულება მაქვს, მიყვარხართ იმიტომ, რომ სხვა აზროვნება მასწავლით, ის რაც წიგნებით არ ისწავლება… მასწავლით ადამიანობა და რაც ყველაზე მთავარია, სიყვარული… თქვენ აზრებს, სიტყვებსა და ფასეულობებს ისე მასწავლით, რომ ისინი, რაღაც უხილავი, გზით ხვდებიან ჩემს გულში და იქ სამუდამოდ იმკვიდრებენ ადგილს…

თქვენ ნამდვილი მეგობრობაც მასწავლეთ. მაჩვენეთ, რომ ჩემ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. მასწავლეთ ღიმილი და ის დრო, რომელიც თქვენთან ერთად ვარ საუკეთესოა და ასე იქნება მთელი ცხოვრება. მე მინდა, ყველა ქართულის მასწავლებელი ისეთი იყოს, როგორიც თქვენ! და თუ მართლაც ასეა, მაშინ, ქართულის მასწავლებლებს ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე გქონიათ, რომელიც ბავშვის სულში საქმიანობს და განსაკუთრებით საფრთხილოა, რადგან ყოველ მოძრაობას სულის ამ ნაწილში მერე მთელ მის ცხოვრებაზე აქვს დიდი გავლენა. ქუთა მას, მადლობა ყველაფრისთვის!...“

თამარ ქუთათელაძე მოსწავლეებთან ერთად
თამარ ქუთათელაძე მოსწავლეებთან ერთად

-მასწავლებლის დღეს გილოცავთ!..

 

 

 

მთავარი თემები