07:38 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ტყუპი ძმები ლუკა, ნიკა და საბა ხიდაშელები

„მშობლებსაც ვერეოდით ერთმანეთში, დღესაც ბევრი ვერ გვანსხვავებს“: სამი ტყუპი ძმა აჭარიდან

© photo: courtesy of Nika Khidesheli / FB
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
845040

სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ ას მშობიარობაზე ერთი ტყუპი მოდის. სამი და ოთხი ტყუპის შობის შემთხვევები კი გაცილებით იშვიათია. სამი ტყუპი ყოველ 1 000 მშობიარობაში ერთხელ იბადება.

აჭარელი ტყუპი ძმები ლუკა, ნიკა და საბა ხიდაშელები უკვე 20 წლისები არიან. სამხედრო სამსახური სამივემ ერთად მოიხადა. ამასთან ცეკვავენ აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმში”. რამდენად სასიამოვნო გრძნობაა, როცა ტყუპი ხარ და რა გრძნობები აკავშირებს ძმებს ერთმანეთთან, ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ ერთ-ერთი ტყუპი ნიკა ხიდაშელი ესაუბრა.

- 1999 წლის 13 აპრილს დავიბადეთ. უკვე 20 წლის ვართ. სხვა დედმამიშვილი არ გვყავს. არ ვიცი სიტყვებით როგორ ავხსნა ის გრძნობა, რასაც ტყუპისცალის ყოლა ჰქვია. ამ გრძნობას მხოლოდ ტყუპები თუ მიხვდებიან. დედმამიშვილობა ხომ საოცრებაა, მაგრამ უფრო სხვაა, როცა ტყუპისცალი გყავს. თან ჩვენ სამნი ვართ და სამივე ბიჭები, რაც ძალიან დიდი იშვიათობაა.

ტყუპი ძმები ლუკა, ნიკა და საბა ხიდაშელები
ტყუპი ძმები ლუკა, ნიკა და საბა ხიდაშელები

- როგორი ბავშვები იყავით? ალბათ მშობლებს უჭირდათ სამივესთან ერთდროულად გამკლავება.

- სხვათა შორის, არა, ჭკვიანი და დამჯერი ბავშვები ვიყავით.

- უჭირდათ თქვენი განსხვავება?

- თავიდან მშობლებსაც ვერეოდით ერთმანეთში, მაგრამ მერე შეეჩვივნენ. ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ადრეც და ახლაც მშობლების და ახლო ნათესავების გარდა ვერავინ გვანსხვავებს. ყველა გაოცებულია ჩვენით და სულ იმას ცდილობენ, როგორმე გაგვარჩიონ. სკოლაშიც უჭირდათ ჩვენი გარჩევა და მასწავლებლებს დიდი თავსატეხი ჰქონდათ. ერთხელ ისეც მოხდა, რომ სამივეს გამოცდა ერთმა ჩააბარა.

- რას იხსენებს დედა, რა გრძნობა დაეფლა, როცა გაიგო, რომ სამი ტყუპი ეყოლებოდა?

- დედამ იცოდა, რომ ტყუპი ეყოლებოდა, მაგრამ ერთდროულად სამს არ ელოდა. ეს ჩვენი ოჯახისთვის დიდი მოულოდნელობა, მაგრამ ამავე დროს დიდი სიხარული იყო. ის, რომ დედას ტყუპი ეყოლებოდა, არავის გაკვირვებია, რადგან მამაც ტყუპისცალია. დედა ძალიან ბედნიერია და როცა ამას ეკითხებიან, სულ ამბობს, რომ ეს არის მისთვის და მისი ოჯახისთვის უფლის საჩუქარი და ბედნიერება.

ტყუპი ძმები ლუკა, ნიკა და საბა ხიდაშელები
ტყუპი ძმები ლუკა, ნიკა და საბა ხიდაშელები

- ხშირად ამბობენ, რომ ტყუპებს აქვთ ერთნაირი შეგრძნებები, გრძნობენ ერთმანეთის დარდს და სიხარულს. თქვენ შემთხვევაში როგორაა?

- რაც შეეხება შეგრძნებებს, ამას ყოველდღე განვიცდით და ვგრძნობთ ერთმანეთის მდგომარეობას. როცა ერთს რაიმე აწუხებს, ამას მეორე და მესამეც გრძნობს. თუ რომელიმე ავად ხდება, ვიცით, რომ მაქსიმუმ ორ დღეში მეორეც ავად გახდება, მერე მესამეც. დედა უკვე მიჩვეულია და სულ მზადყოფნაშია. არის სიტუაცია, როცა რაღაცის თქმას ვცდილობ და უცებ ერთ-ერთი ტყუპი ამბობს ზუსტად იმავეს. ამ დროს ყველაზე დიდ სულიერ კავშირს ვგრძნობ და ვივსები სიამაყით. ხასიათი და გემოვნება სამივეს ერთნაირი გვაქვს. ყოველთვის ვცდილობთ ერთნაირად გვეცვას. ბავშვობაშიც ასე იყო.

- რას საქმიანობთ, რით ხართ დღეს დაკავებული?

- ბავშვობიდან ვცეკვავთ. მამა ქორეოგრაფია და ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე. დღეს ჩვენც მამის კვალს მივყვებით. სასიხარულოა, როცა ჩვენი ცეკვით აღფრთოვანებულ ადამიანებს ვხედავთ. გვინდა, რომ სულ ასე იყოს და ყველა ამაყობდეს ჩვენით. ჩვენთვის მთავარი სიხარული, ბედნიერება და სიყვარული ცეკვაა. ცეკვაში ყველაფერს ვდებთ, სულს, გულს, ენერგიას და ზოგადად ყველანაირ რესურსს. ჩვენი დაბადების დღიდან ჩვენზე არაერთი სტატია გამოქვეყნებულა და სიუჟეტი მომზადებულა, რაც ძალიან სასიხარულოა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- გვინდა უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ და უფრო დიდ სცენაზე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.

 

მთავარი თემები