07:42 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ზურა პოპიაშვილი გოდების კედელთან

სამშობლოში დაბრუნებული ქართველი და მის მიერ შედგენილი „ემიგრანტის ღირსების კოდექსი“

© photo: courtesy of Zura Popiashvili / FB
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
26020

რუბრიკა „დაბრუნებულები“ გაცნობთ ქართველებს, რომლებიც ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ და ცხოვრებასა და საქმიანობას საქართველოში აგრძელებენ.

ზურა პოპიაშვილი ისრაელში ცხოვრობდა, ძირითადი სამუშაოს პარალელურად თანამშრომლობდა იქ არსებულ ცენტრთან სახელწოდებით „ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში“. საქართველოში სამხედრო საქმის სპეციალისტი იყო და ამ სფეროში მუშაობის საკმაო გამოცდილებაც გააჩნია. როგორც ყოფილმა სამხედრო პირმა, უცხოეთში ყოფნის დროს ოფიცრის ღირსების კოდექსზე დაყრდნობით „ქართველი ემიგრანტის ღირსების კოდექსი“ შეიმუშავა.

როგორ აფასებს ემიგრაციაში გატარებულ წლებს და სამშობლოში დაბრუნებულმა რა „აღმოაჩინა“, ამაზე მასალიდან შეიტყობთ...

ზურა პოპიაშვილი
ზურა პოპიაშვილი

- ბატონო ზურაბ, რა არის ის, რის გამოც ქართველი სამშობლოსგან მოშორებით დიდხანს ვერ ძლებს?

- სხვისი არ ვიცი და მე ძალიან დიდი ნოსტალგია მქონდა. ეს გრძნობა იმდენად ძლიერი იყო ჩემში, რომ მისი გადატანა გამიჭირდა. ამიტომ დიდი სიხარულით ჩავერთე ისრაელში “ქართული ხელოვნების ცენტრის“ საქმიანობაში. მისი დამფუძნებელი მარინა გელაშვილი გახლავთ, დირექტორი კი ზურაბ ბერიაშვილია. ისინიც ჩემსავით სამშობლოს მონატრებული ადამიანები არიან. ერთად უამრავი ქართული პროექტი განვახორციელეთ. წელიწად-ნახევარში სამი კონცერტი გავმართეთ, ვაწყობდით ექსკურსიებს ბიბლიურ ადგილებში, გემზე, გაშლილ ზღვაში ღონისძიება ჩავატარეთ. განსაკუთრებით მწვავედ განიცდიან უცხოეთში მყოფი ქართველები მათი შვილების ბედს, ყველას აქვს სურვილი, რომ პატარებმა არ გაწყვიტონ მშობლიურ ფესვებთან კავშირი, ამიტომ სიხარულით ჩავერთე ისრაელში არსებულ საკვირაო (საშაბათო) სკოლის დაფუძნებასა და საქმიანობაში. ეს საკვირაო სკოლა პატარა ქართველების სულიერი სავანეა...

თელ-ავივში არსებულ საქართველოს საელჩოში
თელ-ავივში არსებულ საქართველოს საელჩოში

- სამშობლოში დაბრუნებულს რა ცვლილება მოგხვდათ თვალში?

- ვერ გეტყვით, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მომხვდა თვალში, რაც დამამშვიდებდა. პრობლემებზე არ მინდა წუწუნი დავიწყო, თანაც, ახალს ვერაფერს ვიტყვი... მომავალში თუ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ბაღი და სკვერი მოეწყობა, ეს კარგია, მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება მაინც ის იქნება, თუ სამუშაო ადგილები შეიქმნება, ქართველები თავის ქვეყანაში დასაქმდებიან და უცხოეთში მხოლოდ სამოგზაუროდ ივლიან...

- თქვენ სამხედრო საქმის სპეციალისტი ხართ...

- დიახ, სამხედრო საქმის სპეციალისტი ვარ და ამ სფეროში მაღალი თანამდებობა მეკავა. ვფიქრობ, ჯერ კიდევ შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში, მაგრამ სახელმწიფო ჩვენში არსებული საჭირო რესურსების გამოყენებაზე ნაკლებად ზრუნავს...

ზურა პოპიაშვილი
ზურა პოპიაშვილი

- ისრაელში ცხოვრების შემდეგ რა პარალელის გავლება შეგიძლიათ ქართულ სინამდვილესთან?

- საქართველოს რაც სტკივა, პირველ რიგში, კანონის უზენაესობაა. ისრაელში ყველა მოქალაქე ვალდებულია, რომ დაიცვას თავისი ქვეყანა, ანუ ჯარში იმსახუროს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამხედრო სფეროში მიღებული გამოცდილება. ისრაელს კონსტიტუცია არ აქვს და ამ საკითხს კანონი არეგულირებს. იქ გოგონებიც ხალისით მიდიან ვადიან სამხედრო სამსახურში იმ შეგნებით, რომ სამშობლოს იცავენ. ჩვენთან ბიჭები იმალებიან და სამხედრო სამსახურს სხვადასხვა მეთოდებით არიდებენ თავს. ამას გარდა მტკივა ის გარემოებაც, რომ დღეს არც ერთ პარტიას არ აქვს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა, მათ დღის წესრიგში მხოლოდ ლოკალური საკითხებია...

- როგორც ვიცი, ემიგრაციასთან კავშირი დღესაც არ გაგიწყვეტიათ...

- საქართველოშიც ენთუზიაზმით გავაგრძელებ იმ საქმიანობას, რასაც ისრაელში ვახორციელებდი – ვინახავდი და ვახარისხებდი არქივს, სადაც ორწლიანი ფოტო- და ვიდეომასალაა დაცული. იმ ცენტრის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველები არ გავიფანტოთ და ერთმანეთს ხმა მივაწვდინოთ. ბევრი საინტერესო პროექტია დაგეგმილი, რომელთაც, ჩემი მხრივ, დაბრუნების შემდეგ აქედანაც შევუწყობ ხელს. ახლა „ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში" გეგმავს გამოვცეთ წიგნი, რომლის ავტორი უკვე შერჩეული გვყავს. ეს გახლავთ ქალბატონი მაია გელიაშვილი, რომელიც ისრაელში ხელოვნების ცენტრის მიერ და ემიგრანტთა დაფინანსებით ორი კვირითაა მიწვეული. ამ წიგნის შექმნის იდეა ქალბატონ მარინა გელაშვილს ეკუთვნის. ჩვენ კი, ემიგრანტები და ყოფილი ემიგრანტები, ვინც კი საქართველოში დავუბრუნდით, ამ იდეას ერთხმად ვუჭერთ მხარს. მიგვაჩნია, რომ ეს წიგნი საჭირო და საინტერესო ამბების ისტორიაა და ჩვენს ოჯახებს ქართველების სულის სიძლიერის შესახებ ამბებს შემოუნახავს, ყველას დაარწმუნებს იმაში, რომ ემიგრაციის უმძიმეს პირობებშიც კი სამშობლოზე, მისი მრავალსაუკუნოვანი ფასრულობებისა და ერთმანეთის გადარჩენაზე ვფიქრობდით.

ზურა პოპიაშვილი ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში წევრებთან ერთად
ზურა პოპიაშვილი "ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში" წევრებთან ერთად

- თქვენ ოფიცრის ღირსების კოდექსიდან ემიგრანტის ღირსების კოდექსი შეიმუშავეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები რა არის იმ კოდექსში?

- აქ ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენიმეს მაინც გაგაცნობთ:

-გახსოვდეს ყველგან და ყოველთვის: შენ მრავალსაუკუნოვანი, დიდი და დიდებული ისტორიის მქონე ერის წარმომადგენელი ხარ, ამიტომ არა გაქვს უღირსი საქციელის უფლება;

-დაიცავი შენი ერის წეს-ჩვეულებები, ტრადიციები, კულტურა და გაიღვიძებს შენში ქართული სული;

-გახსოვდეს ვისი გორისა ხარ! იყავი შენი დიდებული წინაპრების ღირსი;

-როგორც უმაღლესი მცნება, შეითვისე ჭეშმარიტება – ქართველი ადამიანის დიდება არასოდეს იზომებოდა მატერიალური კეთილდღეობით, არამედ მამულისათვის გაწეული გმირობით!

-არასდროს შეურაცხყო სხვათა ნაციონალური და რელიგიური გრძნობები. ყველა ერი ღვთის საჩუქარია, ხოლო ღმერთი არის შემოქმედი მთელი სამყაროსი; ემიგრანტო, შენ საქართველოს იმედი ხარ!

ზურა პოპიაშვილი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში,შოთა რუსთაველის ფრესკასთან
ზურა პოპიაშვილი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში,შოთა რუსთაველის ფრესკასთან

- რაში დაგარწმუნათ უცხოეთში ცხოვრების წლებმა? 

- მარტო მე არა, უცხოეთში ჩასული ყველა ქართველი ემიგრანტი მალევე რწმუნდება ხოლმე იმაში, რომ უფრო დალოცვილი მიწა, ვიდრე საქართველოა, არ არსებობს... უმეტესობას დაბრუნება უნდა, მაგრამ როცა ერთი ემიგრანტის კისერზე ოჯახის ოთხი ან ხუთი დაუსაქმებელი წევრია, როგორ უნდა დაბრუნდნენ?!. თუმცა ოცნებასა და იმედს მაინც არ იშლიან. მშობლიურ ქვეყანაში ცხოვრების ყველაზე დიდი კომფორტი ის ჟანგბადია, რომლის მსგავსსაც ვერსად ჩაისუნთქავ, წყალია, სხვაგან რომ ვერსად შესვამ, ის სითბოა, ადამიანებისგან სხვაგან რომ ვერ იგრძნობ!..

მთავარი თემები