„დიდი უცნაური ხალხი ხართ ქართველები!“ – საზღვარზე გადატანილი ქართული მიწა და ყვავილები

CC0 / Pixabay / ძირს ჩამოცვენილი ყვავილები
ძირს ჩამოცვენილი ყვავილები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოეთში მცხოვრები უკვე არაერთი ქართველი ქალბატონი გაგაცანით. მათ ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრების გზა, განსხვავებული ინტერესები და საქმიანობის სფერო აქვთ. თუმცა ყველა მათგანს უცვლელად აერთიანებს სამშობლოს საოცარი ნოსტალგია...

ანასტასია შიშინაშვილი 13 წელია ცხოვრობს თურქეთში, სადაც ოჯახი შექმნა. საქართველოში უმაღლესი არ დაუმთავრებია, წერის ნიჭი ბავშვობიდან დაჰყვება.

© photo: courtesy of Anastasia Shishilashvili ანასტასია შიშინაშვილი
„დიდი უცნაური ხალხი ხართ ქართველები!“ – საზღვარზე გადატანილი ქართული მიწა და ყვავილები - Sputnik საქართველო
ანასტასია შიშინაშვილი

მის გულწრფელ და საინტერესოდ გადმოცემულ ამბებს სოციალურ ქსელებში ბევრი მკითხველი ჰყავს. ერთ მათგანს ჩვენც გაგაცნობთ:

თურქეთის საბაჟოზე როცა ჩანთებმა კონტროლი გაიარა, პოლიციელმა გამაჩერა და ერთ-ერთ მათგანზე მეუბნება, გახსენიო... გავხსენი ჩანთა უსიტყვოდ...

დაიხარა და ისე ამომხედა, რომ წელში არც გამართულა...

- ეს რა არის?..

- მიწაა, ბატონო, ქართული მიწა...

- და რად გინდა?

- ჩემი წილი საქართველო თან დამაქვს. ეს კი ჩემი საქართველოა. სული და გული, ჰაერი და სუნთქვა, ცა და მიწა... სულ ჩემი მინდა და მაქვს ყველაფერი. აი, ეს მიწაც ჩემია!.. ეს კი ქართული ყვავილების ნერგებია... უცხო მიწაზე ქართული სუნი რომ ვიგრძნო, იმიტომ...

ის წელში გაიმართა, თვალებში ჩამხედა და...

- დიდი უცნაური ხალხი ხართ ქართველები! მიდი, გაიარე, მშვიდობიანი მგზავრობა!..

- ჩვენ ყველგან საქართველოს ვეძებთ. თან დაგვაქვს და თან ვეძებთ.

გავუღიმე, აი, სევდას რომ ვურევ ხოლმე ღიმილში, ისე. მერე ჩანთა გადავკეტე…

© photo: courtesy of Anastasia Shishilashvili ანასტასია შიშინაშვილი
„დიდი უცნაური ხალხი ხართ ქართველები!“ – საზღვარზე გადატანილი ქართული მიწა და ყვავილები - Sputnik საქართველო
ანასტასია შიშინაშვილი

წლები გავიდა ამ ამბიდან. გაიხარეს ჩემმა ქართულმა ყვავილებმა უცხოეთში წაღებულ, გამორწყულ, მაგრამ მაინც ქართულ მიწაზე. აბიბინდნენ, გაიშალნენ… ყოველი დილით ვესალმები მათ ქართულად და ყოველ საღამოს ძილი ნებისას ვუსურვებ. როცა ნოლსტაგია გაუსაძლისად მომეძალება, მივდივარ, ჩამოვჯდები მათთან და ვესაუბრები. არ ვასწავლე მათ უცხო ენა – მხოლოდ ქართული იციან. ასე მგონია, მათაც უჭირთ… უცხო ცა უჭირთ და უცხო ჰაერი.

ხშირად ვგრძნობ, როცა მე მძინავს, ისინი ტირიან თითქოს. დილით სველი მიწა მხვდება. არ სძინავთ ჩემს ყვავილებს. ზოგჯერ წათვლემენ და ოხრავენ... და მეც მტკივა, მეწვის სული და ხშირად იმას ვფიქრობ: მე კი დავბრუნდები საქართველოში, მაგრამ ჩემი ყვავილები? მიწა?.. მათ სამუდამო ტყვეობა მივუსაჯე–მეთქი. თავს დამნაშავედ ვგრძნობ. რამდენიმე ცრემლს ვაპკურებ ამ ფიქრების დროს მათ ფოთლებზე. მლაშეა ჩემი ცრემლები... მერე ვერიდები, რომ სიმლაშემ არ დამიჭკნოს, არ მომიკლას... ხშირად ვფიქრობ, რომ საშინელი ადამიანი ვარ, ჩემი პირადი სიხარულისა თუ ბედნიერებისთვის რა იოლად ვწირავ სხვას, მიწა და ყვავილები...

თუ ოდესმე სამუდამოდ დაბრუნება გადავწყვიტე საქართველოში, მათ აუცილებლად დავაბრუნებ... აღარ მინდა აქ ტყვეობაში მყავდეს ქართული სული. უსათუოდ წავიყვან მათ სახლში…

- ეს ჩანთა გახსენი! – ისევ მეტყვის პოლიციელი საბაჟოზე, ოღონდ, ამჯერად ქართველი და მეც გავხსნი ჩანთას ღიმილით...

- ქართულ მიწას და ქართულ ყვავილებს ვუბრუნებ, ბატონო, საქართველოს!.. – ვეტყვი ამაყი, წელში გამართული და თავაწეული გავივლი ჩემი ჩანთებიანად ქართულ საბაჟოს...

 

ყველა ახალი ამბავი
0