17:45 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
თეა შენგელაია და მისი ტყუპი და ლიანა

ქართველი დები, რომელთა სიმღერითაც ქეთი მელუა მოხიბლულია

© photo: courtesy of Thea Shengelaia
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (40)
41120

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ პოპულარულ ქართველ ტყუპისცალს თეა შენგელაიას გაგაცნობთ.

თეამ თავის ტყუპ დასთან ლიანასთან ერთად გენეტიკური ნიჭი და მიზნისკენ სწრაფვის უნარი თანაბრად გაინაწილა. საქართველოში ინგლისურენოვანი სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. ბოლო ორი წელი ლონდონში ცხოვრობდა. 2016 წლამდე კი მშობლებთან ერთად დუბაიში, სადაც საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებულ სფეროებში სრულად გამოავლინა. მედიცინა, კინოინდუსტრია და მუსიკალური ჟანრი – წარმატებას ყველგან მიაღწია.

როდესაც დასთან ერთად მუსიკის წერა დაიწყო, მუსიკალურ ბენდს თემატური სახელი „მკურნალი ტყუპები“ (Healer Twins) შეურჩია. მიუხედავად ბევრი მსგავსებისა, თეა თვლის, რომ ლიანასგან განსხვავებულია იმით, რომ... თუმცა ამის შესახებ მასალაში შეიტყობთ.

თეას ჩაწერა საქართველოში მოვახერხეთ.

- თეა, ამბობენ, რომ ტყუპი ადამიანები ნიჭს თანაბრად ინაწილებენ და ინტერესთა სფეროსაც სულ ერთნაირს ირჩევენო, რით განსხვავდებით ერთმანეთისგან?

- მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა და საერთო წარმატებისა, მაინც განვსხვავდებით. ჩემი და სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავს, მე არ ვუკრავ. მას ისეთი სმენა აქვს, რომ შეუძლია ნებისმიერ ინსტრუმენტზე ააწყოს მელოდია, მე ასეთი ნიჭი, სამწუხაროდ, არ მაქვს. სამაგიეროდ ძლიერი ვოკალური მონაცემები მაქვს. ამიტომ ერთმანეთს ძალიან ვავსებთ. ინტერესები და გემოვნება ერთნაირი გვაქვს, ხასიათებითაც ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ მაინც... ვფიქრობ, რომ მე უფრო კომუნიკაბელური ვარ, ვიდრე ლიანა...

თეა შენგელაია
თეა შენგელაია

- თქვენი წარმატებების შესახებ ქართველებმა შორიდან, უცხოეთიდან გავიგეთ, ეს საკულტო ფილმ „ვარსკვლავურ ომებში“ თქვენი მონაწილეობის შემდეგ მოხდა...

- ჩვენში რატომღაც ისე ხდება, რომ თუ უცხოეთში შემდგარი ხარ, მერე შეიძლება საკუთარ ქვეყანაშიც მოგაქციონ ყურადღება. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. როდესაც საქართველოში ვცხოვრობდით, მანამდეც გამოვდიოდით კონცერტებზე, აქაც ვმღეროდით, მაგრამ დიდი ყურადღება არავის მოუქცევია ჩვენთვის. მას შემდეგ „დაგვინახეს“, როცა „ვარსკვლავურ ომებში“ გადაგვიღეს, იქ ტყუპ დას ვთამაშობთ. მერე ატყდა ერთი ამბავი... თუმცა ამ ფილმამდე ჩვენ არაბმა რეჟისორებმა შეგვამჩნიეს და ბევრ მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაგვიღეს.

თეა შენგელაია
თეა შენგელაია

- ვიცი, რომ ქეთი მელუასთან მეგობრობთ...

- ქეთი მელუა ლონდონში გავიცანით, მასთან ოჯახის ახლობლებმა დაგვაკავშირეს. ჩვენ მაშინ მაგისტრატურაზე ვსწავლობდით. მან თავის კონცერტზე დაგვპატიჟა და კონცერტის მერე ისევ შევხვდით ერთმანეთს. მოგვიანებით სახლშიც დაგვპატიჟა. მასთან დღემდე ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს.

დები შენგელაიები ქეთი მელუასთან სტუმრად
დები შენგელაიები ქეთი მელუასთან სტუმრად

- როგორ მოხდა, რომ მისი ძმა თქვენ ბენდში უკრავდა?

- მისი ძმა, ზურა ჩვენ ბენდში უკრავდა და რამდენჯერმე ერთად გამოვედით. როცა ზურამ კარგად შეასრულა ჩვენი მუსიკა, რომელიც მელოდიურად ჰგავს ქეთის მუსიკას, ქეთიმ გადაწყვიტა, რომ ზურას კონცერტებზე მასთანაც დაეკრა. მანამდე ასეთი რამ არ მომხდარა. ზურამ გვითხრა, არ მაკვრევინებდა მასთან, რადგან ქეთის ჰგონია, რომ უფრო ჰარდ-როკს და მეტალ-როკს ვუკრავო. სხვათა შორის, ქეთის მეუღლესაც აქვს ბენდი, რომელიც ჰარდ-როკის მიმდინარეობისაა. ჩვენი შემთხვევის მერე ქეთის ძმის შესრულებული ძალიან მოეწონა. როცა საქართველოში ჩამოვიდა, დაბადების დღეზე ზურამ ქეთის სიმღერები დაუკრა.

დები შენგელაიები პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე
დები შენგელაიები პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე

- ქეთი მელუამ თქვენთან ერთად ხომ არ დაგეგმა რაიმე ერთობლივი კონცერტი ან გამოსვლა?

- ქეთიმ თავის სახლში საახალწლო წვეულებაზე მიგვიპატიჟა და მაშინ გვითხრა, რომ ჩვენი მუსიკა ძალიან მოსწონს და, შესაძლოა, რაღაც ერთად გავაკეთოთო. მაშინ ეს ითქვა, თუმცა რეალურად ჯერ არაფერი მომხდარა. ახლო მომავალში შეიძლება რაიმე კოლაბორაცია მოხდეს, ამის იმედი გვაქვს და ძალიან გაგვიხარდება. ქეთისთან სახლში ჩვენი ორი სიმღერა შევასრულეთ, თავად ქეთიმაც დაუკრა. ძალიან თბილი წვეულება იყო. ბევრი რამ მოგვიყვა, გიჟდება ისე უყვარს საქართველო, ხშირად იხსენებს, განსაკუთრებით თბილად გაიხსენა გორში ჩასვლა და გორის გუნდთან ერთად სიმღერის ჩაწერა.

- თქვენი სიმღერებისთვის ტექსტებს თავად წერთ ინგლისურად და ქართულენოვანი სიმღერის დაწერის სურვილი არ გაგჩენიათ?

- დიახ, ჩვენ სიმღერებს ინგლისურად ვწერთ. რაც შეეხება ქართულ ტექსტებს, ჩვენი მამა პოეტია და გვინდა, რომ ქართულენოვანი სიმღერები მამის ლექსებზე შევქმნათ.

თეა შენგელაია
თეა შენგელაია

- მედიცინასთან კავშირი გაწყვიტეთ?

- მედიცინასთან კავშირი არასოდეს გამიწყვეტია. ლონდონში დავამთავრე მაგისტრატურა და იმ მსოფლიო კვლევაში ვიღებ მონაწილეობას, რომელიც ტუბერკულოზს ეხება.

თეა შენგელაია
თეა შენგელაია

- ტყუპებს ერთმანეთის გარეშე დიდხანს ყოფნა არ შეუძლიათო...

- ჩვენც ასე ვართ, ძალიან გვიჭირს და ვცდილობთ, რომ წელიწადში ორჯერ მაინც ვნახოთ ერთმანეთი. საბოლოო ჯამში, მაინც ისე ხდება, რომ ან ჩემი და ჩამოდის ჩემთან, ან მე მასთან.

- მომავალში კიდევ რით გაგვაოცებთ?

- ჩვენ არასოდეს ვჩერდებით და სულ ახალ-ახალი პროექტები გვაქვს. თუ ვინმე საინტერესო ადამიანისგან გვაქვს რაიმე შემოთავაზება, სიამოვნებით ვთანხმდებით. ყველა გამოწვევას ვიღებთ, იმიტომ რომ გვიყვარს სიახლეები და ამის გარეშე არ შეგვიძლია...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (40)

მთავარი თემები