06:20 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
ანა შანიძე

გამარტივებული ორსულობა: როგორ შევინარჩუნოთ ენერგია და სასურველი ფორმა იოგას დახმარებით

photo: courtesy of Ana Shanidze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
59410

საზოგადოებაში ორსულობასთან დაკავშირებული უამრავი მითი არსებობს, რაც საზიანოა ორსულისთვის. ბევრი ამბობს, რომ ორსული სულ უნდა იწვეს, მიირთვას რაც მოუნდება, რამდენიც მოუნდება და რა დროსაც მოუნდება. სინამდვილეში კი სულ სხვაგვარადაა. ორსულობისას ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება, რეჟიმი, ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში.

ანა შანიძე სულ ერთი კვირაა რაც დედა გახდა. ორსულობის პერიოდი საკმაოდ აქტიურად გაატარა. მუშაობდა მთელი ცხრა თვე, ცხოვრობდა ჯანსაღი ცხოვრების წესით, ბევრს სეირნობდა ბუნებაში, იკვებებოდა ჯანსაღად და დადიოდა იოგაზე. დღეს საქართველოში ძალიან ცოტა ორსულია დაკავებული იოგას ვარჯიშით. ალბათ დამეთანხმებით, ძალიან სასიამოვნო სანახავია, როცა ცხრა თვის ორსული საოცრად ჰარმონიულად ასრულებს საკმაოდ რთულ ვარჯიშებს.

ანა ჩვენ მკითხველს მოუყვება, რა გავლენა მოახდინა მის ორსულობაზე იოგამ და როგორ გაატარა ორსულობის ცხრა თვე მისი დახმარებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იოგა კარგი საშუალებაა ძილის გასაუმჯობესებლად, სტრესის და შფოთვის შესამცირებლად, მშობიარობისთვის საჭირო კუნთების ამტანიანობის გასაზრდელად, ამავე დროს ამცირებს წელის ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას, თავის ტკივილს და სუნთქვის უკმარისობას.

ანა შანიძე
photo: courtesy of Ana Shanidze
ანა შანიძე

- პირველ რიგში გილოცავთ პატარის დაბადებას. მოგვიყევით, რა განცდაა, როცა დედა ხდები და პატარას პირველად იხუტებ გულში?

- უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის. რაც შეეხება გრძნობებს, რთულია გადმოსცე სიტყვებით, თუ რას გრძნობ იმ მომენტში, როცა პირველად ეხები შენს პატარას და აცნობიერებ, რომ დედა ხარ... როცა ვივიენი მომიყვანეს და პირველად დამაწვინეს, ამ დროს ერთდროულად აფეთქდა ყველა ის ფიქრი, ფერი, განცდა, რაც კი არსებობს დადებითი. ამას თან ახლდა შიშნარევი ფიქრი, თუ როგორ შეძლებ იყო კარგი მისთვის და შეძლო ეს არა ფიქრში თუ ოცნებაში, არამედ რეალურ ცხოვრებაში... ის ხომ უკვე მეხება და ამ დროს ადრენალინის ისეთი მოზღვავება ვიგრძენი, როგორც არასდროს! საოცრებაა, არ ვიცი, სხვა რა შეიძლება რომ ვთქვა.

ანა შანიძე
photo: courtesy of Ana Shanidze
ანა შანიძე

- საკმაოდ აქტიური ორსული იყავით. მოგვიყევით, როგორ გაიარა ამ ცხრა თვემ, როგორი ორსულობა გქონდათ?

- აქტიურობას რაც შეეხება, პირველი სამი თვე ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. მქონდა „მწვავე ტოქსიკოზი“. ეს ვისაც განუცდია, დამერწმუნება, რომ აქტიურობაზე ფიქრიც შეუძლებელია, თუმცა თავს ძალას ვატანდი და ჩემ საბავშვო ფოტოსტუდიაში (Little hipster studio) არც ერთი გადაღება არ ჩამიგდია და ჩემი ცუდად ყოფნა არც პატარა ჰიპსტერებს არ უგრძვნიათ. რაც შეეხება დარჩენილ 6 თვეს, საკმაოდ აქტიურად გავატარე, დავიწყე იოგაზე სიარული, ვმუშაობდი 9 თვემდე, ბევრს ვსეირნობდი და, როგორც შემეძლო, აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. რაც მეტად აქტიური ვიყავი, უფრო უკეთ და ენერგიულად ვგრძნობდი თავს, ამ ყველაფერში კი იოგა წამყვან როლს თამაშობდა.

ანა შანიძე
photo: courtesy of Ana Shanidze
ანა შანიძე

- ცნობილი ფაქტია და ბევრი მედიკოსიც აღნიშნავს, რომ ბევრს ორსულობა „ავადმყოფობა“ ჰგონია, ამიტომ ბევრი ისე აქტიური აღარაა ამ დროს, როგორც მანამდე იყო. რამდენად მნიშვნელოვანია სპორტული აქტივობები ორსულისთვის?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ თავში იპოვო ძალა, გაიაზრო ის ფაქტი, რომ შენ ავად არ ხარ. უბრალოდ შენ ერთ-ერთი საოცარი მოვლენის მონაწილე ხარ და უნდა დატკბე ამ ბედნიერი პერიოდით. თუ ორსულს რაიმე სერიოზული პრობლემა არ აქვს, ვფიქრობ, ყველაზე კარგი, რასაც თავის თავს და პატარას გაუკეთებს, ეს არის აქტიური ორსულობა. ამ დროს ორსულობა ბევრად სასიამოვნოა. ამავე დროს ორსულობისთვის დამახასითებელ უსიამოვნო სიმპტომებსაც აიცილებთ თავიდან.

ანა შანიძე
photo: courtesy of Ana Shanidze
ანა შანიძე

- რამ გადაგაწყვეტინათ დაგეწყოთ ვარჯიში და რა გავლენა მოახდინა ამან თქვენ ორსულობაზე?

- იოგაზე სიარული ყოველთვის მინდოდა, მაგრამ დროს ვერ ვპოულობდი. ორსულობის მეოთხე თვიდან მკაცრად გადავწყვიტე და დავიწყე სიარული. ძალიან დასუსტებული ვიყავი ტოქსიკოზისგან, თან წელიც მაწუხებდა და უენერგიოდ ვიყავი. ერთადერთი ფოტოგადაღებები იყო, რისთვისაც გამოვდიოდი „მყუდრო" სახლიდან, დანარჩენ დროს სახლში ვატარებდი. მოკლედ, გადავწყვიტე, რომ რაღაც უნდა შემეცვალა და მჯეროდა – ამ ყველაფრის დაძლევაში იოგა დამეხმარებოდა. ასეც მოხდა, ენერგია მომემატა, წელის ტკივილი ისე გამიქრა, რომ ერთხელაც აღარ შევუწუხებივარ. ჩემი სხეული შევიგრძენი და ამავე დროს ორსულობის ბედნიერებაც.

ანა შანიძე
photo: courtesy of Ana Shanidze
ანა შანიძე

- რა ინტერვალით ვარჯიშობდით?

- კვირაში სამჯერ დავდიოდი ვარჯიშზე. თუ დრო მქონდა და ბუნებაში ჰაერზე მოხვდებოდი, შანსს არ ვუშვებდი და ვვარჯიშობდი.

- კვების რეჟიმი როგორი გქონდათ ამ დროს?

- კვების რეჟიმიც შესაბამისად ჯანსაღი მქონდა. ვიღებდი ბევრ რძის პროდუქტს, ხორცს თევზს, კვერცხს, პარკოსნებს, ბევრ ბოსტნეულს და ხილს. ვცდილობდი ყველაფერი ისეთი მიმეღო, რაც ნაყოფს დაეხმარებოდა სწორად განვითარებაში.

ანა შანიძე
photo: courtesy of Ana Shanidze
ანა შანიძე

- რამდენი კილოგრამი მოიმატეთ ორსულობის დროს?

- სულ 11 კილოგრამი მქონდა მომატებული.

- როგორ ფიქრობთ, ეს იოგამ განაპირობა?

- იოგამ, ამავე დროს სწორად კვებამ და ჯანსაღმა, აქტიურმა ცხოვრებამ. ამ ყველაფერმა ორსულობის პერიოდი ბევრად გამიმარტივა, წონის მატებაც ნორმაში იყო. თუ დადებითი თვალით შევხედავთ, საწყის ეტაპზე ტოქსიკოზმაც თავისი ქნა.

- რა დროს არ შეიძლება ორსულისთვის ვარჯიში, თქვენ გქონდათ რაიმე შეზღუდვა?

- არსებობს რაღაც შეზღუდვები, რაც ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეობს. თუ არ ვცდები, შეზღუდვები ძირითადად სამ თვემდეა. ჩემ შემთხვევაში არ მქონია შეზღუდვა. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. ზოგს წოლითი რეჟიმი აქვს და ზოგი პირველივე დღიდან ვარჯიშობს, ყველა შემთხვევაში ექიმის კონსულტაციის შემდეგ უნდა მიიღოთ მსგავსი გადაწყვეტილება.

- დღესაც აგრძელებთ ვარჯიშს?

- ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა რაც გამოგვწერეს სამშობიაროდან. თუმცა, როგორც კი ძალებს აღვიდგენ, აუცილებლად გავაგრძელებ ვარჯიშს, ახლა უკვე პატარასთან ერთად.

 

მთავარი თემები