19:10 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
მაია გიგაური

La mia Georgia, ანუ ქართველი, რომელიც 60 000 ემიგრანტს უანგაროდ ასწავლის იტალიურ ენას

photo: courtesy of Maia Gigauri
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (44)
651370

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც იტალიაში მცხოვრებ ქართველებს ეხმარება.

მაია გიგაური – ეს სახელი და გვარი იტალიაში ჩასული ქართველებისთვის კარგადაა ცნობილი. უკვე წლებია, რაც იგი მათ იტალიურ ენას სრულიად უსასყიდლოდ და უანგაროდ ასწავლის. თავის გაკვეთილებს ვირტუალურად ატარებს და ამით განსხვავებულ გარემოში აღმოჩენილ თანამემამულეებს ფასდაუდებელ დახმარებას უწევს.

წარმოიდგინეთ, ყოველი დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ ის კომპიუტერთან ჯდება და, ინტერნეტ-გაკვეთილების გარდა, პირად ჩატში შემოსულ უამრავ საჭირო კითხვას სცემს პასუხს...

მაია გიგაური
მაია გიგაური

ამასთან, კარგად იცის, რომ ქართველი უცხო ენის მხოლოდ საყოფაცხოვრებო დონეზე შესწავლით არ დაკმაყოფილდება, ამიტომ  მის პირად გვერდზე ხშირად ხატოვან-ფილოსოფიურ ფრაზებსა და იდიომებსაც იხილავთ:

- La vita è un miracolo che si ripete ogni giorno. Non dimentichiamoci di ringraziare mai! – რაც ქართულად ნიშნავს: „ცხოვრება სასწაულია, რომელიც ყოველდღე მეორდება. არასოდეს დაგვავიწყდეს მადლობის გადახდა!". თავად მას მადლობის გამო არასოდეს არაფერი გაუკეთებია, თვლის, რომ უცხო ქვეყანაში იღბლიანი აღმოჩნდა, გაუმართლა, რომ კარგ ოჯახში მოხვდა. იტალიაში ჩასული 60 000-ზე მეტი ქართველი თვლის, რომ მაია გიგაურთან ურთიერთობით, პირველ რიგში, მათ გაუმართლა...

მაია გიგაური
მაია გიგაური

- ქალბატონო მაია, როდის და სად დაიწყო ემიგრანტული ცხოვრება?

- ჩემი ემიგრანტული ცხოვრება 2011 წლის 31 აგვისტოს ემილია-რომანიას რეგიონში, მშვიდ და ლამაზ ქალაქ რავენაში დაიწყო. მართალია, ეს ქალაქი მშობლიურივით მიყვარს, მაგრამ... ეს არის ქალაქი, რომელიც „ჩემს ქალაქს მაინც არ ჰგავს“... როცა ემიგრაციაში განვლილ წლებს გადავხედე, როგორც იტალიელები ამბობენ, Sono stata fortunata in italia – იტალიაში იღბლიანი აღმოვჩნდი. აქ მუშაობა მეცხრე დღესვე დავიწყე და ზუსტად ერთი წლის თავზე კანონიც გამოვიდა. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არალეგალად ყოფნა უდიდესი პრობლემაა. უკვე რვა გაზაფხული გავიდა, რაც აქ ვარ. დრო ძალიან სწრაფად გადის, ხან არც კი მგონია, რომ ამდენი წელი გავიდა. ყოველთვის აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი და ჩემთვის არ იყო ადვილი ერთ ადგილზე გაჩერება. თუმცა არც ემიგრაციაში მომიწია უმოქმედოდ ყოფნა.

მაია გიგაური გია კვარაცხელიასთან და მანანა ხიზანეიშვილთან ერთად
მაია გიგაური გია კვარაცხელიასთან და მანანა ხიზანეიშვილთან ერთად

- იტალიაში თქვენ ქართველი ემიგრანტებისთვის ძალიან საჭირო საქმეს აკეთებთ, როგორ დაიწყო ყველაფერი?

- მოგიყვებით... 2016 წლის 5 აგვისტო იყო და „ფეისბუქზე“ მომივიდა დამატება ჯგუფიდან „ემიგრანტები იტალიაში - La mia Georgia“. სიმართლე გითხრათ, სოციალურ ქსელებში აქტიური არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში დავეთანხმე მეგობრობას, რადგან ეს იტალიაში მყოფი ემიგრანტების ჯგუფი იყო. დავიწყე გვერდის დათვალიერება და ვხედავ, რომ კომენტარებში ქართველები ერთმანეთს იტალიურად ესაუბრებიან. მაშინ ერთმა ქალბატონმა თბილისიდან ითხოვა ქართულად დაეწერათ, რომ გაეგო რას წერდნენ ისინი. საუბრის თარგმანი მე დავწერე, შემდეგ მათ ანბანი მთხოვეს. ანბანი ცალკე დავდე. ამის შემდეგ გრამატიკიდან მკითხეს სხვადასხვა საკითხები, რა თქმა უნდა, აქაც ვუპასუხე. ბოლოს ლექსიკონიდან ელემენტარული სიტყვები ამოვიღე და დავდე, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- ამის შემდეგ საკუთარი ინიციატივით დაიწყეთ იტალიური ენის უფასო ინტერნეტ-გაკვეთილები?

- ამ ჯგუფის დამაარსებელმა, ბატონმა გია კვარაცხელიამ, ადამიანმა, რომელმაც შექმნა ეს დიდი ოჯახი და უამრავ ემიგრანტს ეხმარება რთული დღეების დაძლევაში, შემომთავაზა, რომ იტალიური ენის გაკვეთილებისთვის გამეწია ხელმძღვანელობა, რასაც მალე ჩემი ადმინისტრატორობაც მოჰყვა. ცოტა არ იყოს, დავფიქრდი, რადგან ჩემი წარდგენა ხალხის წინაშე იტალიური ენის მასწავლებლად უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ჯერ თავადაც ენის სწავლის პროცესში ვიყავი და თან პროფესიით ეკონომისტი ვარ. მანამდე შეხება არ მქონია პედაგოგიკასთან. ოფიციალურ წარდგენაზე უარი განვაცხადე და ვთქვი, რომ ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, თავისუფალ დროს მასალას დავდები და ასე გავაგრძელებდი ჯგუფთან თანამშრომლობას. თუმცა ჯგუფის წინაშე მაინც მოხდა ჩემი წარდგენა, ამასთან ხაზგასმული იყო, რომ მე პროფესიონალი არ ვიყავი. ასე დაიწყო ჩემი გაკვეთილები ყოველ სამშაბათს და ლექსიკონების გაცნობა ყოველ პარასკევს. პირად მიმოწერაში ბევრ კითხვაზე მიწევდა პასუხის გაცემა, დღემდე ასე გრძელდება...

დედასთან ერთად
დედასთან ერთად

- ვიცი, რომ ამგვარ პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია და ასეთი შეთავაზება ერთადერთია მთელ ინტერნეტ-სივრცეში, თანაც აქვე აღვნიშნოთ, რომ ყველაფერი უანგაროდ ხდება...

- მართლაც ასეა, ეს ჯგუფი პირველი და ერთადერთია ინტერნეტ-სივრცეში, სადაც იტალიური ენის გაკვეთილები დავიწყეთ. ჩვენი მცირერიცხოვანი ემიგრანტული ჯგუფი დღეს 60 000-ზე მეტი წევრისგან შედგება და მას „ემიგრანტების დიდ ოჯახს“ ვეძახით. ამ ჯგუფის მთავარი მიზანია, რომ ქართველებს იტალიაში ადაპტაცია გაუადვილოს. ემიგრანტებს ვაწვდით მათთვის საჭირბოროტო თემებზე ინფორმაციას, ზოგჯერ იუმორისტულ ესეებსაც, აქტიურად მიდის სხვადასხვა თემებზე საუბრები და გარჩევები. მინდა ვახსენო შესანიშნავი ადამიანი, ჩვენი ჯგუფის ადმინისტრატორი მანანა ხიზანეიშვილი, რომელიც ყველანაირი სირთულის მიუხედავად ემიგრანტების გვერდით არის ყოველთვის. გვყავს ორი უსაყვარლესი მოდერატორი – თამარ ქავთარაძე და ფატი ბოკელავაძე. ადმინისტრაციის მეგობრული დამოკიდებულება ამ დიდი ოჯახის წევრების მეგობრობითაც ნათლად  ჩანს – ჯგუფის წევრების უმრავლესობის ვირტუალური მეგობრობა რეალური მეგობრობით შეიცვალა.

მაია გიგაური
მაია გიგაური

- ისიც უნდა ითქვას, რომ თქვენ იტალიაში ძირითად სამუშაოსაც ასრულებთ...

- აქ მე ვცხოვრობ ცოლ-ქმართან, რომლებსაც "ჩემს ბავშვებს" ვეძახი. მათ ჰყავთ ერთი უსაყვარლესი ქალიშვილი, რომელთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და „დას“ მეძახის. მუშაობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ ოჯახის უფროსმა მითხრა: "ჩვენ გვინდა, რომ ეს ოჯახი მიიღო როგორც შენი საკუთარი ოჯახი და არა როგორც სამსახური, რადგან შენ ჩვენთან ერთად უნდა იცხოვრო“. უცხო ოჯახში შესულს ამ სიტყვების მოსმენამ მომცა იმის სტიმული და ძალა, რომ შემართებით შემესრულებინა ჩემზე დაკისრებული მოვალეობა. სანამ იტალიაში ვარ, ჩემ ერთადერთ პრობლემად რჩება ოჯახიდან შორს ყოფნა. ეს არის მონატრება, რომელიც ძნელია ზუსტად ახსნა, გადმოსცე, თუ რას განიცდი. თუმცა, შეძლებისდაგვარად ვცდილობ დადებითი განწყობა შევინარჩუნო და დაბრკოლებებს არ შევუშინდე.

- იტალიური ენის მასწავლებელს იტალიაში უკვე ბევრი იცნობს...

- ჩემმა საქმემ და ამ ჯგუფმა საქართველოდან წამოსულ ჩემ „თეთრ მარგალიტებთან" დამაკავშირა. აქ შევიძინე უამრავი მეგობარი, რომლებთან ერთადაც ისე ვარ, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობ. მათ გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველას ამომწურავი პასუხი გავცე. ჩემთვის იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა შეგიძლია ცოტათი უკეთესი გახადო სხვების ცხოვრება. უფალს ვთხოვ, შემაძლებინოს სიკეთის კეთება. ვისურვებდი, რომ ახალგაზრდებს ჰქონოდეთ საკუთარ ქვეყანაში თავის დამკვიდრებისა და თვითრეალიზაციის საშუალება და მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას მოახმარონ. ძალიან მინდა, რომ ქართველი ქალი აღარასოდეს ყოფილიყოს "ემიგრანტი“.

- ვიცი, რომ იტალიურ მხატვრულ ფრაზებსაც თარგმნით ხოლმე, შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ფრაზების გახსენება?

- როცა დრო მაქვს, იტალიურ ფრაზებს ვთარგმნი ხოლმე. აქვე გეტყვით ჩემ ერთ-ერთ საყვარელ ფრაზას: Dio dammi la forza di non mollare mai! – რაც ქართულად ნიშნავს "ღმერთო, მომეცი ძალა, არასოდეს დავთმო!" მართლაც, ცხოვრება ჩემთვის არის გამოწვევა, სადაც პრობლემებს არ უნდა დავნებდე. ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფერს შეძლებს. ნამდვილად არ მაქვს ბრძოლის დათმობის დრო, რადგან პირველ შვილიშვილს, პირველ ბედნიერებას ველოდები. ბოლოს, მკითხველს მინდა პოზიტიური განწყობა დავუტოვო და ვუთხრა, რომ იმედი არასოდეს დაკარგოს, ყველაფერი კარგად იქნება! La speranza è l'ultima a morire – „იმედი ბოლოს კვდება"...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (44)

მთავარი თემები