07:24 17 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2699
  • 100 RUB4.6206
  • USD2.9608
დავით მოსიაშვილი შვილებთან ერთად

ახმეტელი მარტოხელა მამის განსაკუთრებული მისია და შვილების სიყვარულით შექმნილი სამკაულები

© photo: courtesy of Davit Mosiashvili
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
295810

დავით მოსიაშვილი მარტოხელა მამაა და დედის დახმარებით ორ შვილს ზრდის.

დავითი ბუღალტრად მუშაობს, ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია „მამიკო“. ასევე წერს ბლოგებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების ადვოკატირებისთვის და ამ მიმართულებით არაერთ აქტივობაშია ჩართული. დროდადრო მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებშიც. სულ ახლახან დავითმა შვილებთან, 10 წლის მარიამთან და 6 წლის დემეტრესთან ერთად ხელნაკეთი ბროშების დამზადება დაიწყო.

როგორც დავითმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სურდა ამით ბავშვებში გაეღვივებინა სხვადასხვა შემეცნებითი ინტერესები, რის შედეგადაც აქტიურად იქნებოდნენ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დავით მოსიაშვილი შვილებთან ერთად
დავით მოსიაშვილი შვილებთან ერთად

– დავით მოსიაშვილი, 35 წლის. პროფესიით ეკონომისტ-მენეჯერი ვარ. მყავს ორი შვილი – 10 წლის მარიამი და 6 წლის დემეტრე. ვცხოვრობ ბავშვებთან და დედასთან ერთად ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში. ვმუშაობ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ბუღალტრად. ვარ შშმ პირების საჭიროებებისა და უფლებების დაცვის მიმართულებით მშობელი აქტივისტი. არასამთავრობო ორგანიზაცია „მამიკოს“ და საწარმო „დემას” დამფუძნებელი. ჩემი ჰობია ადამიანების დახმარება, რადგანაც ჰობი არის საქმიანობა, რომელიც სიამოვნებას გგვრის, ჩემთვის კი წარმოუდგენელია, სხვისი გახარებული თვალების ხილვაზე დიდი სიამოვნება რამ შეიძლება მოჰგვაროს ადამიანს.

დავით მოსიაშვილი შვილებთან ერთად
დავით მოსიაშვილი შვილებთან ერთად

- როგორ და რატომ გაჩნდა საწარმო „დემას“ შექმნის იდეა?

- იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივად ვფიქრობ ბავშვების ინტერესი სხვადასხვა მიმართულებით გავაღრმავო, გავუჩინო საქმისადმი ინტერესი და ამავდროულად ეს საქმე იყოს მათი განვითარებისათვის და მომავლისთვის სასარგებლო, ბევრი ფიქრის შემდეგ მივედით იდეამდე, რომ შეგვექმნა ხის ბროშები მაგნიტური სამაგრით. საქმიანობას დასჭირდებოდა ხის დამუშავება, ხატვა, დიზაინი, რომლებიც ბავშვებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. თავიდან თიხაზე ვცადეთ რამდენიმე მოდელი, ჩემ ფეისბუქ-პროფილზე ატვირთვის შემდეგ ფოტოებზე დაგროვილი ლაიქების რაოდენობიდან გამომდინარე მივხვდით, რომ რაღაც გამოვიდოდა. ასე დაიწყო და დაიბადა DEMA-ს პირველი ნაკეთობები. სახელიც მარტივად დემეტრეს და მარიამის სახელების პირველი ასოებისგან შევადგინეთ, ხოლო ლოგოზე ჩემმა მეგობარმა იმუშავა, რომელიც ძალიან მოგვწონს.

DEMA-ს სუვენირები
DEMA-ს სუვენირები

 - რას მოიცავს „დემა“, ძირითადად რა ნივთებს ქმნით?

- ძირითადად ვამზადებთ ხის სამკაულებს, ბროშებს, საყურეებს, ბეჭდებს, რომლებიც დიდი მოწონებით სარგებლობს, რაც მეც და ბავშვებსაც ძალიან გვიხარია.

DEMA-ს სუვენირები
DEMA-ს სუვენირები

- ბავშვები რამდენად არიან ხელნაკეთი ნივთების შექმნაში ჩართული და როგორია თქვენი სამუშაო პროცესი, ვის რა ფუნქციები აკისრია?

- დემეტრე და მარიამი ძალიან აქტიური ბავშვები არიან. ცდილობენ, ასაკიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დამეხმარონ ყველა საქმიანობაში. დემეტრეს დიაგნოზია ცერებრული დამბლა, მას შეუძლია ყველა ფიზიკური აქტივობა სიარულის გარდა, მაგრამ გვჯერა, რომ ამასაც შევძლებთ. თუმცა, „დემას” შექმნის ძირითადი მიზანი მაინც იყო ის, რომ როდესაც დემეტრე გაიზრდება, მას ჰქონდეს თავისი საქმე. ორივე ბროშების შექმნის პროცესში თავიდან ბოლომდეა ჩართული. დემეტრეს მოვალეობა ძირითადად გაფერადებაა, ხოლო მარიამი დიზაინის მოფიქრებითაა დაკავებული და სხვადასხვა გამოფენებზე პრომოს ფუნქციასაც ითავსებს. DEMA-ს შექმნამ ორივეს მოუმატა თავდაჯერებულობა, მოსწონთ, როდესაც ცნობენ და, რაც მთავარია, აქვთ თავიანთი შემოსავალი.

დავით მოსიაშვილის ქალიშვილი მუშაობის პროცესში
დავით მოსიაშვილის ქალიშვილი მუშაობის პროცესში

- როგორია თქვენი სამუშაო გარემო?

- მუშაობის პროცესი მხიარული და ფერადია. აუცილებლად ვცვლით აზრებს, თუ როგორი შეიძლება იყოს ესა თუ ის ნივთი, ისმება უამრავი კითხვა, რომლებზეც ვცდილობ მათთვის მისაღებად და აღსაქმელად შესაფერისი პასუხები გავცე. დემეტრე ყველა ნაკეთობას სახელს არქმევს და მათი მოსმენა განსაკუთრებით სახალისოა.

დავით მოსიაშვილი ვაჟთან ერთად
დავით მოსიაშვილი ვაჟთან ერთად

- როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს ბავშვების მომავალზე, რა უნარებს ჩამოუყალიბებს მათ?

- „დემას” შექმნამ დიდი როლი ითამაშა როგორც დემეტრეს, ასევე მარიამის განვითარებაში. გამოუმუშავდათ გუნდურად მუშაობის უნარი, ჩამოუყალიბდათ შრომის სიყვარული. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი – დემეტრეს ეს დაეხმარა სხვადასხვა უნარებისა და მოტორიკის გაუმჯობესებაში. ასევე მათ ძალიან უხარიათ, როდესაც უცნობები ქუჩაში სიყვარულს გამოხატავენ, თუმცა მე ყოველთვის ვეუბნები, რომ როდესაც ბევრი ადამიანი გცნობს, ეს სასიამოვნოა, თუმცა ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა.

დავით მოსიაშვილი შვილებთან ერთად
დავით მოსიაშვილი შვილებთან ერთად

- როგორც თქვით, დემეტრეს აქვს ცერებრალური დამბლა. როგორ შეიტყვეთ ამის შესახებ, რა სიმპტომები ჰქონდა?

- დემეტრეს პრობლემა მაშინ შევამჩნიეთ, როდესაც ტიპიური განვითარების ბავშვი უნდა ჯდებოდეს, მაგრამ დემეტრე ვერ დაჯდა. შემდეგ მრავალ ექიმთან დაუსრულებელი ვიზიტების შემდეგ, წლისა და შვიდი თვის ასაკში დაგვისვეს დიაგნოზი, ცერებრალური დამბლის ერთ-ერთი ფორმა დიპლეგია, რომელიც გულისხმობს ქვედა კიდურების დაჭიმულობას. გავიარე ყველა ის ეტაპი, რასაც გადის აბსოლუტურად ყველა ამ დიაგნოზის მქონე მშობელი. იყო შოკი, დეპრესია, ინფორმაციის მოძიება, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი მალე შევძელი და გადავედით ბრძოლის ეტაპზე, რომელიც დღემდე გრძელდება. შემდეგ აღმოვაჩინეთ ვოიტა თერაპია, რომლის წყალობითაც ჩვენი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. დემეტრეს დღეისათვის უკვე შეუძლია თავისუფლად საუბარი, ჯდომა, ხოხვა და წამოდგომასაც ცდილობს. იმედი მაქვს და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ შევძლოთ დგომა, რაც მისი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ყოველთვის მადლობას ვამბობ იმისათვის, თუ როგორიც მყავს ის. წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს, რომელიც დაკავშირებულია დიდ ფინანსებთან და მოთმინებასთან.

DEMA-ს სუვენირები
DEMA-ს სუვენირები

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ ბავშვებთან ერთად, როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ჩემი თავისუფალი დრო და ბავშვებთან ყოფნა ერთმანეთისაგან განუყოფელი რამაა. დილა იწყება ბავშვებით, შემდეგ სამსახური, და დღე მთავრდება ბავშვებით. სადაც მივდივარ, აუცილებლად ბავშვები ყველგან დამყავს, თუ მათთვის შესაფერისი გარემოა. ძალიან მოგვწონს ერთად თამაში, ჩვენი მოგონილი თამაშებიც გვაქვს, რაც ძალიან გვახალისებს.

DEMA-ს სუვენირები
DEMA-ს სუვენირები

- ბევრ დროს ატარებთ ბავშვებთან, თავად ზრდით მათ. როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს კარგი მშობელი?

- ბავშვების გაზრდაში დედა მეხმარება, ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ხმამაღლა გადავუხდი მადლობას. სწორედ მისი დიდი დამსახურებაა ჩვენი „წარმატება“. ბავშვი ექოსავითაა, რასაც შევასწავლით და ჩავაგონებთ, იმავეს მივიღებთ მათგან. მშობლის უპირველესი მოვალეობაა შვილს ასწავლოს ადამიანების სიყვარული და მისცეს განათლება, პატივი სცეს მის აზრს. მოუსმინოს და ესაუბროს როგორც თანასწორს. არ ეცადოს შვილში თავისი თავის „კოპირებას“, რაც ხშირ შემთხვევაში გაუგებარია მშობლებისთვის.

DEMA-ს სუვენირები
DEMA-ს სუვენირები

- გაქვთ არასამთავრობო ორგანიზაცა „მამიკო“. როგორ გაგიჩნდათ მისი შექმნის იდეა და რა არის ორგანიზაციის მიზანი?

- „მამიკოს” მარიამის, დემეტრეს და „დემას” შემდეგ მეოთხე შვილს ვეძახი. ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი შშმ ადამიანების საჭიროებებზე და უფლებებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შვილების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის ზრდაზე ზრუნვაა. მისი შექმნის იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, როდესაც ბავშვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე მხოლოდ დედები მიკავშირდებოდნენ. სხვადასხვა აქტივობებზე და შეხვედრებზე აღმოვაჩინე, რომ ხშირად მამაკაცი მხოლოდ მე ვიყავი. ახლა ძალიან მიხარია, ჩემ გარდა თუნდაც ერთ მამას თუ დავინახავ ხოლმე.

დავით მოსიაშვილი ვაჟთან ერთად
დავით მოსიაშვილი ვაჟთან ერთად

- რა აქტივობებს სთავაზობთ საზოგადოებას?

- ამ ეტაპზე საკონსულტაციო ხაისათის და დანახული საჭიროებებოდან გამომდინარე, სპეციალისტებთან ერთად, შეხვედრებს ვაწყობთ, რაც დიდ ინტერესს იწვევს და ძალიან მიხარია. ასევე შევძელი და ორგანიზება გავუწიე რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებას. მიწვევის შემთხვევაში ჩავდივარ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ვმართავ შეხვედრებს ამ მიმართულებით.

დავით მოსიაშვილი ვაჟთან ერთად
დავით მოსიაშვილი ვაჟთან ერთად

- როგორ ფიქრობთ, ეს აქტივობები გამოიღებს შედებს?

- ბევრი დედა მწერს, რომ მათი ქმრები ცდილობენ მომბაძონ ბავშვებთან ურთიერთობაში. ასევე სხვადასხვა შეხვედრებზე მამრობითი სქესის რაოდენობამ გარკვეულწილად იმატა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვფიქრობ, ეს გრძელვადიანი და რთული პროცესია, მაგრამ აუცილებლად მიღწევადი.

DEMA-ს სუვენირები
DEMA-ს სუვენირები

- რამდენად არიან დღეს მამები შვილების აღზრდაში ჩართული, როგორ ფიქრობთ, მშობლებს შორის ფუნქციები თანაბრად არის გადანაწილებული?

- ჩემდა სასიხარულოდ, ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. ხშირად ვხედავ, თუნდაც ქუჩაში, მამებს, რომლებიც შვილებთან ერთად სეირნობენ, ასევე მათთან ერთად სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებზე დადიან. სულ ვაკვირდები ასეთ ფაქტებს და ძალიან მიხარია. თუმცა მამასა და დედას შორის მშობლის ფუნქციის თანაბარზომიერი განაწილების მიმართულებით, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასავლელი. შვილების მიმართ ორივე მშობელი თანაბრად ვალდებული და უფლებამოსილია. ნელ-ნელა მივალთ იქამდე, რომ ეს ყველაფერი არაა სირცხვილი და, პირიქით, ბავშვის განვითარებისათვის სასარგებლო და აუცილებელიცაა

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- მომავალზე როდესაც ვფიქრობ, ეს ფიქრები აუცილებლად ჩემს შვილებს და მათ განვითარებას უკავშირდება. ახლო მომავლის გეგმები დემეტრეს სკოლაში შესვლას უკავშირდება. ამ კუთხით უამრავი საზრუნავია და ძალიან მინდა სწავლის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთოს, რაც მისი მომავალი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე სამომავლო გეგმები „დემას” განვითარება და მასში სხვა ბავშვების ჩართვაა. მუდმივად ვეძებ დონორებს, რომლებიც ამ გეგმის განხორციელებაში დამეხმარებიან. მაქვს პროექტის მონახაზიც. პარალელურ რეჟიმში დემეტრეს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ვზრუნაბ. ერთ წინადადებაში თუ გამოვხატავთ ჩემ სამომავლო გეგმებს, ჩემი მომავალი – ჩემი შვილებია. იმედი მაქვს, შევძლებ განვახორციელო ყველა გეგმა, რომლებიც ცოტათი მაინც შეცვლის არა მხოლოდ ჩემი შვილების, თუნდაც რამდენიმე შშმ ბავშვის ცხოვრებას.

მთავარი თემები